Home რუბრიკები საზოგადოება დეკანოზი დავით ისაკაძე: მორწმუნე ადამიანი საკუთარ ხალხს ტერორს არ უწყობს

დეკანოზი დავით ისაკაძე: მორწმუნე ადამიანი საკუთარ ხალხს ტერორს არ უწყობს

1592

GEWORLD.NET:
გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ამჯერად წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე ესაუბრა.
– პირველ რიგში, უწმინდესის კიევში ვიზიტზე მინდა გკითხოთ: რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს სვლა?

– უწმინდესი ძალიან ბრძენი ადამიანია, ეს ნაბიჯი ორ ეკლესიას, ორ ხალხს – ქართველებსა და რუსებს შორის მეგობრული ურთიერთობის მომტანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსებსა და ჩვენს ხალხს შორის დღემდე უამრავი დაპირისპირება ყოფილა, მათთან ურთიერთობის აღდგენა მაინც აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს, ცივი ომი უნდა დასრულდეს. სწორედ ამას ემსახურება პატრიარქის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი. ჩვენი პატრიარქი არა მარტო რუსებთან, სხვა ქვეყნების ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობს, მათ შორის ბელგიის, სერბეთის, ბულგარეთის და ა.შ.
ეს არის ერთი რიგის სივრცე, რომელსაც მართლმადიდებლური სამყარო ჰქვია და რომელთანაც ურთიერთობა აუცილებელია.
– მამაო დავით, არ ვიცი, თქვენთვის რამდენად ცნობილია, მაგრამ კონკორდატის გაუქმებაზე დღეს სასულიერო პირებიც საუბრობენ, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
– კონკორდატი ეს არის ორ დამოუკიდებელ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულება, უმაღლესი დონის შეთანხმება. მისი გაუქმება განსაკუთრებით კატასტროფა იქნება, მაშინ, როცა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე დაიწყო საუბარი. კონკორდატის გაუქმებით ეკლესია ხელისუფლებისაგან მართული გახდება, რაც დაუშვებელია. ვინც კონკორდატის გაუქმების მომხრეა, ის ეკლესიის მტერია, თუნდაც სასულიერო პირი იყოს.
ზუსტად ამ კონსტიტუციური ხელშეკრულების უხეშ დამრღვევად გვევლინება დღეს ხელისუფლება. მას უფლება არ ჰქონდა, ეკლესიასთან მსჯელობისა და შეთანხმების გარეშე, სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსი მიენიჭებინა, მითუმეტეს კანონის მიღებამდე საპატრიარქომ არაერთხელ გააკეთა განცხადება, თუ ეს კანონი ძალაში შევა, დანაშაულად ჩაითვლება ეკლესიისა და ერის წინაშეო. პატრიარქმა პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ურჩია, თუმცა ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილი იქნა. მთელმა საქართველომ იცის, როგორ პირობებში ჩატარდა სინოდის კრება. სწორედ ზეწოლის გამო იყო წმინდა სინოდის განჩინება სუსტი, რომელსაც საზოგადოება ნამდვილად არ ელოდა.
– ზეწოლაში რას გულისხმობთ, ანუ მოარული ხმები იმის შესახებ, რომ სინოდის კრება კუდის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოთახში შევარდნით ჩაშალა რეალობაა?
– ოთახში შევარდნას რამდენად ჰქონდა ადგილი, ჩემთვის ცნობილი არაა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ კუდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კრების დროს საპატრიარქოში იმყოფებოდა და მისი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა წმინდა სინოდის კრება. საპატრიარქოს შენობაში იმყოფებოდნენ ხელისუფლების, მათ შორის, უშიშროების მაღალჩინოსნებიც, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მოვლენებს აკვირდებოდნენ და ყველაფერს აფიქსირებდნენ: იწერდნენ შემოგარენში მოძრავი ყველა მანქანის ნომერს, შიფრავდნენ ყველა შემოსულ და გასულ პიროვნებას, თუ რას წარმოადგენდნენ ისინი, რატომ იმყოფებოდნენ იქ იმ კონკრეტულ მომენტში და ა.შ.
სწორედ ამ პირობებში მიღებული განჩინების ტექსტი აღიქმება სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიაზე ზეწოლად. არადა, ყოვლად დაუშვებელია, წმინდა სინოდს სამღვდელოება, ერის ადამიანი ან მთავრობა დაუპირისპირდეს. მითუმეტეს მაშინ, როცა წმინდა სინოდში ასეთი ღირსეული პატრიარქი და მღვდელმთავრები გვყავს.
ჩვენი ამჟამინდელი მცდელობაა, ეკლესიამ იმ შინაარსის განცხადებები გააკეთოს, რისი საშუალებაც სინოდის კრებას არ მიეცა აღნიშნული ზეწოლის პირობებში. ეკლესიამ უნდა თქვას, რომ იგი საერთოდ არ სცობს ამ კანონს და რომ პარლამენტი ვალდებულია, კანონი გააუქმოს.
–  გასაგებია, რომ საპატრიარქო ამ კანონის წინააღმდეგია, თუმცა კონკრეტული არგუმენტები, რატომ არის წინააღმდეგი, არ გვსმენია…
– უკვე დიდი ხანია, რაც ამ უკანონობასთან გვაქვს შეხება, ვგულისხმობ საქართველოში  სხვადასხვა სალოცავების მშენებლობას. მაგალითად, ქავთარაძის ქუჩაზე უკანონოდ ააშენეს უზარმაზარი კათოლიკური ეკლესია, ბოლნისისა და მარნეულის ტერიტორიაზე კი დღემდე მეჩეთი მეჩეთზე შენდება, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე. ჩვენ – მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მრევლმა –  არაერთხელ მოვითხოვეთ ამ მშენებლობების საბუთების წარმოდგენა, თუმცა, რაც არ ჰქონდათ, რას წარმოგვიდგენდნენ. მიღებული კანონის საფუძველზე კი, ყველა ეს უკანონო მშენებლობა კანონიერად ჩაითვლება. აქამდე რამდენს ბედავდნენ და, ხომ წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი მეჩეთი და კათოლიკური ეკლესია შეემატება საქართველოს, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების იურიდიულ პირად დარეგისტრირების შემდეგ.
ამ კანონის მიღებამდე როგორ კაბალურ პირობებში გვაგდებდნენ მართლმადიდებლებს, ცნობილია და დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, რას მოიმოქმედებენ მომავალში, როცა კანონი მათ სასარგებლოდ მეტყველებს. უნდა ნახოთ, საინგილოში, ბოლნისში, მარნეულში რა აგრესიით გვხვდებიან მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, თითქოს უცხოტომელები ვიყავით საკუთარ მიწაზე. საინგილოში წირვა-ლოცვის ჩატერების უფლებას არ გვაძლევენ, იქაურ ქართველებს პირჯვარი ვერ გადაუწერიათ პრობლემების გარეშე. კათოლიკებმა ვატიკანის ფინანსებით უამრავი ადამიანის გადაბირება, უამრავი ადამინის სულის ყიდვა მოახერხეს, ჩვენ კი  ჩვენს პატარა საქართველოში ვერ შეგვინარჩუნებია მართლმადიდებლობა. ამას იმ ხალხის მისამართით ვამბობ, ვისაც ქვეყანაში გარკვეული დამცავი ბერკეტების შექმნა ევალება, რათა მართლმადიდებლების სულიერი და ფიზიკური ანექსია შეწყდეს საქართველოში.
უკვე სომხებიც არაერთ (650) ეკლესიას გვეცილებიან მართლმადიდებლებს, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
ეკლესიაში მარტო სასულიერო პირები არ მოიაზრებიან, ეკლესია სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობაა, ამიტომ ხმა თითოეულმა მართლმადიდებელმა უნდა აღიმაღლოს ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. ბოროტი გამძვინვარებულია. გავისხსენოთ, რა გააკეთეს სერბეთში, როგორ ჩამოაჭრეს ქვეყანას სერბი ხალხის მართლმადიდებლობის აკვანი და ძირძველი კუთხე – კოსოვო; რა გააკეთეს საბერძნეთში, წმინდა სინოდი იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა, რომ მათ ქვეყანას უცხო ძალები მართავენ. იგივე ანომალიები ხდება საქართველოშიც და არანაკლებ მძაფრ განცხადებებს აკეთებს ჩვენი საპატრიარქო. ვფიქრობ, საპატრიარქო დროულად რეაგირებს ხელისუფლების ყველა უმსგავსო ქმედებაზე.
– ალბათ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდება, სომხეთში მცხოვრებ ქართველებს რომ ეჩმიაძინის წინააღმდეგ შეეტანა სარჩივარი ან იქ მართლმადიდებლური ეკლესიები აეგო…
– რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ თუნდაც კუმურდოს ინციდენტი, როცა  იქ მართლმადიდებლური ტაძრის რესტავრაციის გამო სტუდენტები ჩავიდნენ, სომხებმა მათ ქვებით ჩაქოლვა დაუპირეს. ახალგაზრდებმა ძლივს დააღწიეს თავი მათ აგრესიას.
დღეს კი ვინმე სტეფანიანი და მისი თანამოაზრეები ქსენოფობიასა და არემენოფობიაზე საუბრობენ, ვინ გამოდის დისკრედიტირებული – სომხები თუ ჩვენ, მართლმადიდებლები, თან საკუთარ მიწა-წყალზე?! მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ეს ქმედება ეთნო და რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობას ემსახურება. აქამდე სომხები და  აზერბაიჯანელებიც საქართველოში კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ, მაგრამ წარმოიშვა თუ არა რელიგიური თემა, მაშინვე დაძაბულობა დაიწყო, ესე იგი ქართველი თუ საკუთარ ქვეყანაში ხმას ამოიღებს (რატომ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ინციდენტებიო), ქსენოფობები არიან?! მე რომ ქსენოფობი ვყოფილიყავი, მეყოლებოდა მრევლში იმდენი სომეხი, აზერბაიჯანელი, ამერიკელი და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი?! რა მნიშვნელობა აქვს, რომელ რასას განეკუთვნები, მთავარია, რა იდეოლოგიის მატარებელი ხარ.
– ცნობილია ის ფაქტიც, რომ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სამღვდელოება არაერთსულოვანი იყო, ზოგმა კანონის მიღებასაც კი მოაწერა ხელი…
– სამღვდელოების ნაწილს სწორი პოზიცია ნამდვილად არ გაჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა საპატრიარქოს განცხადება, რომ ეს კანონი ერისა და ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული, ნადვილად იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ზოგიერთი არამყარი მღვდელმთავრის პოზიცია. ამ მღვდელმთავრების ვინაობა არამარტო ჩვენთვისაა ცნობილია, არამედ მრევლისთვისაც, თუმცა ჯერჯერობით მათი ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. იმის დროც დადგება, რომ მათ სახელებს მთელი ერი გაიგებს, მეტიც – პატრიარქმა ერთ-ერთ ბოლო ქადაგებაში აღნიშნა, ვინც ეკლესიას ებრძვის, ის დაისჯებაო.
მართალია, ყველას აქვს ადამიანური სისუტე, მაგრამ სხვა საკითხია, ეკლესიას უპირისპირდებოდე სწავლებით, ცნობიერებით, აზროვნებით და ა.შ. ეს სისუსტე კი არა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, გინდაც სასულიერო პირი გერქვას.
– კულუარული ინფორმაციით, სამღვდელოების ის გჯუფი, რომელიც რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებულ კანონს დაეთანხმა, თქვენ – აღნიშნული «კანონის» მოწინააღმდეგეებს – ერთხმიანი საგალობლების გამო გიპირისპირდებათ, მას შემდეგ რაც თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ…
– ეს არის ფარული დაპირისპირება. სამღვდელოების ეს კონკრეტული ჯგუფი საგალობლის მოტივს ჩვენზე სამაგიეროს გადახდის საბაბად იყენებს. ამით ჩვენი დასჯა სურთ, რადგან მათ მიერ მოწონებული და ხელმოწერილი კანონი ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. მსოფლიოში მისაღებია, როგორც პოლიფონიური, ასევე ერთხმიანი გალობა. ჩვენ არც ერთ მათგანს არ ვეწინააღმდეგებით. ეპისკოპოსები, რომლებიც ერთხმიანი გალობის წინააღმდეგ გამოვლენ, უფლისა და ერის მტრებად ჩაითვლებიან.
– ამ ფონზე რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის, რომ სამღვდელოების ნაწილი შესაძლოა უშიშროებასთანაა შეკრული და მათ აღსარების საიდუმლოს გაცემაც ევალებათ?
– რაც შეეხება კონრეტულად აღსარების საიდუმლოს გაცემას, მე ჯერ მსგავსი ფაქტი არ მსმენია. ვთვლი, რომ ეს თემა ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული, რათა ეკლესიისადმი არსებული ნდობა და სიყვარული საზოგადოებას შეურყიონ.  უნდა აღინიშნოს, რომ სამღვდელოების ნაწილი ნამდვილადაა შემჩნეული ანტიეკლესიურ და უზნეო ქცევაში, თუმცა ჩვენ ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. არსებობს ორი მცნება, რომლის გამოც მოძღვარი უნდა დატოვოს ადამიანმა: პირველი – ანტიეკლესიური, მწვალებლური სწავლება და მეორე – უზნეობა. ამასთან დაკავშირებით სინოდის ბოლო  კრებაზე ზნეობრივი კომისიაც კი შეიქმნა, რომელსაც რამდენიმე ღირსეული ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. თუ რომელიმე სამღვდელო პირი მსგავს ქმედებაში იქნება შემჩნეული, ეს კომისია მის დასჯასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებას გამოიტანს. შეიძლება ზოგიერთი მღვდელმთავარი მართვადი იყოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეკლესია ვერ იქნება გარედან მართული. უფალი ამბობს, ეკლესია იქნება მეორედ მოსვლამდე და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.
– როგორ ფიქრობთ, სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებით ხელისუფლებამ შეგნებულად გამოუცხადა ბრძოლა მართლმადიდებლობას თუ ეს, უბრალოდ, გაუთვლელი, უგუნური სვლა იყო მათი მხრიდან?
– როცა საკითხის შესწავლა სურთ, მას კომპეტენტურ პირებთან არკვევენ ხოლმე, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კანონით მართლმადიდებლურ ეკლესიას ბრძოლა გამოუცხადეს. ამას ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. მე, უბრალოდ, მებრალება ყველა ის ადამიანი, რომლებმაც ამ კანონის მიღებას მოაწერეს ხელი. სხვათა შორის ხელისუფლებაშიც მოიძებნებიან პიროვნებები, რომლებიც მსგავსი გადაწყვეტილებების გამო შეწუხდნენ, თუმცა პილატეც წუხდა, როცა იესო ქრისტეს ასამართლებდნენ, მაგრამ რა? თუკი ხელისუფლება ეკლესიასთან  დაპირისპირებას გააგრძელებს, მათი მხრიდან ეს იქნება ანტიქრისტეს საქმის კეთება. ორ ბატონს ერთად ვერ ემსახურება ადამიანი.
– ანუ ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულებზე პატრიარქის წირვას ესწრებიან, ფარისევლობენ და ზურგს უკან მას მტრობენ?
– არ მინდა პირდაპირ ფარისევლები ვუწოდო მათ, მაგრამ ვიტყოდი, რომ მორწმუნე ადამიანი ეგრე არ იქცევა.
მორწუნე ადამიანად ითვლება ის, ვინც აღსარებას აბარებს, ეზიარება, ლოცულობს და არა ის, ვინც ხუთი წუთით შევარდება ეკლესიაში, არ იცის, სად დადგეს, რა გააკეთოს, სანთელი როგორ დაიჭიროს და ა.შ.
მორწმუნე ადამიანი საკუთარ ხალხს ტერორს არ უწყობს. საშინელ ცოდვაში იმყოფებიან ისინი, რომლებმაც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირი მოძმის სისხლით შეღებეს. ბოლოს და ბოლოს, როდიონოვმა მოიფიქრა გასასვლელის დატოვება. ეს იყო უმძიმესი დანაშაული უფლისა და ერის წინაშე, რის განკარგულებასაც მორწმუნე ადამიანი ვერ გასცემდა. რატომ არ მივიდნენ აღლუმზე პატრიარქი და არც ერთი სასულიერო პირი? იმიტომ, რომ საზეიმოდ ფეხს იმ მიწაზე ვერ დადგამდა, სადაც სისხლი ჯერ კიდევ შეუმშრალი იყო. საპატრიარქომ თავისი პოზიცია ამ ქმედებით გამოხატა. მორწმუნე ადამიანი კი პატრიარქის ამგვარ წყრომას არ დაიმსახურებდა. მკითხველმა ახლა თავად განსაჯოს, ვინ არის ფარისეველი და ვინ – მორწმუნე.
– მინდა ყბადაღებულ თემასაც შევეხოთ, საზოგადოებას სასულიერო პირებზე საჩუქრად გადაცემული ძვირადღირებული ჯიპები აღიზიანებს, მაშინ, როცა მრევლში უამრავი გაჭირვებული ადამიანია…
– როცა ასეთ ძვირადღირებულ და ფუფუნების საგანზეა საუბარი, შეიძლება ეს საჩუქარი არც მიიღო, მაგრამ, როდესაც საქმე ელემენტარულად გადაადგილების საშუალებას ეხება, სახელმწიფო ვალდებულიც კი არის, სასულიერო პირებს ამის საშუალება მისცეს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ადგილებში გვიწევს მრევლთან მისვლა. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს ჯიპები იმიტომ დაარიგა, რომ შემდეგ სასულიერო პირებისთვის ანტიპიარი გაეკეთებინა, მღვდელმთავრები განცხრომაში იმყოფებიანო. არადა, ჩვენ, სასულიერო პირებს, ხელფასებიც კი არ გვაქვს, არც ტარიფებს ვაწესებთ (თუ ვინმე აწესებს, ეს მისი პიროვნული ცოდვაა). ჩვენი ოჯახები შემოწირულობებით ცხოვრობს, თუმცა ჩვენ რას გავცემთ, ამ შემოწირულობის სანაცვლოდ, ეს არავინ იცის. არ ვაკეთებთ იმის აფიშირებას, რომ ზოგიერთ გაჭირვებულ მრევლთან სახლში მისვლისას (წესის ასაგებად, ნათლობისთვის თუ ა.შ.), საფასურის აღების ნაცვლად, იქეთ ვტოვებთ შემოწირულობას. არ ვყვირით იმას, რომ ჩვენი მრევლისთვის – თითოეული მათგანისთვის ღამეებს ვათევთ და ვზრუნავთ შეძლებისდაგვარად, ამიტომაც გვყავს ამხელა მრევლი.
მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებამ ხელფასები კიდეც  რომ დაგვინიშნოს, ჩვენ კატეგორიულად არ მივიღებთ, რადგან სანაცვლოდ მათ დაქვემდებარებაში ყოფნა მოგვიწევს.
მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებას აქეთ აქვს ეკლესიის ვალი, აქეთ აქვს დასაბრუნებელი კომუნისტების მიერ მიტაცებული მიწები,  საეკლესიო ნაგებობები, რომლებსაც დღეს ეს ხელისუფლება განკარგავს, ასევე ბოლშევიკების დროს მიტაცებული სიწმინდეები, სხვადასხვა ღირებულების მქონე ნივთები, პირველ რიგში, დაპატიმრებული ხატები, რომლებიც მუზეუმებში გამოამწყვდიეს.  თუკი ხელისუფლება იტყვის, რომ ეკლესია ამ სიწმინდეებს ვერ დაიცავს და ამის გამო არ აბრუნებს, იგი ვალდებულია, ეკლესიების დაცვა უზრუნველყოს შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიებით. რატომ არ იღებს ხმას საზოგადოება ამ თემებზე?  ვიმეორებ, ეკლესიაში მხოლოდ სასულიერო პირები არ მოიაზრებიან. ანტიქრისტეს მოსვლის არსიც ისაა, რომ ეკლესიას მრევლი ჩამოაშოროს, მართლმადიდებლებს ფიზიკური გენოციდი მოუწყოს. ასე რომ, ერთად დგომა გვმართებს ნებისმიერი პრობლემის დროს. ჩვენ არ ვიცით, როდის იქნება მეორედ მოსვლა და ანტიქრისტეს გამოჩენა, ამას თავისი წინაპირობები აქვს, მაგრამ უკვე ამ პერიოდს რომ ვუახლოვდებით, ფაქტია.
ეკა რობაქიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here