Home რუბრიკები საზოგადოება ვის ეკუთვნის საქართველო, ანუ არის თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი?

ვის ეკუთვნის საქართველო, ანუ არის თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი?

1066

GEWORLD.NET:
«პრეზიდენტი» ლათინური სიტყვაა (პრაესიდენს) და «წინ (თავში) მჯდომს» ნიშნავს. მის მოდელზეა «მოჭრილი» ჩვენში დღეს უკვე ფართოდ გავრცელებული «თავმჯდომარე», რომელიც მნიშვნელობითაც და აგებულებითაც ზუსტად იმეორებს მის ლათინურ «წინაპარს», მაგრამ ცოტათი უკან თუ გავიხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ ხსენებული სიტყვის ჩვენებური ვერსია ბევრად უფრო ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, ვიდრე მისი უცხოური შესატყვისი: დაწყებული «კოლმეურნეობის თავმჯდომარიდან» და დამთავრებული «უზენაესი (უმაღლესი) საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარით».

ლათინური «პრეზიდენტი» კი უცხო ქვეყნების, მეტწილად რესპუბლიკური სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნავდა და სახელმწიფო სტრუქტურებში ჩვენში შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, როგორიც იყო და არის, მაგალითად, «მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი» და ზოგიც სხვა.
უფრო ხშირად იხმარებოდა იგი სპორტის სამყაროში – ამა თუ იმ სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელის ან რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავკაცის აღსანიშნავად.
დღევანდელ საქართველოში სიტყვა «პრეზიდენტი» ლამის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, ხოლო ორ ათეულ წელზე მეტია, რაც იგი ქვეყნის პირველი პირის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურის აღმნიშვნელ ტერმინადაც დამკვიდრდა (მოგეხსენებათ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [1918-21 წწ.] პირველი პირი პრეზიდენტად არ იწოდებოდა).
მე კი გამოვიყენე, «პრეზიდენტის» მნიშვნელობით, გამოთქმა «ქვეყნის პირველი პირი», რომლის პარალელურად და რომელთან ერთადაც ასევე გავრცელდა და დამკვიდრდა შესიტყვება «ქვეყნის პირველი ლედი», რაც, მოგეხსენებათ, პრეზიდენტის მეუღლის აღმნიშვნელი ტერმინია, მაგრამ თვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, რამდენადმე განსხვავებულად ფიქრობს.
კერძოდ, მას მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში – ანუ საქართველოში პრეზიდენტი არ არის პირველი პირი: «მე მინდა დღეს განვახორციელო მორიგი აქტი ასეთი პირდაპირი სახალხო დემოკრატიის და გადავცე რამდენიმე ჩვენს თანამოქალაქეს პირადობის მოწმობა, რომელიც არ შეხვდა პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ის ამ ქვეყანაში არ არის ნომერ პირველი.
ნომერ პირველი არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სტუდენტები, ჩვენი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ჩვენი სოციალურად დაუცველები, ჩვენი ქართველები უცხოეთიდან, ერთი სიტყვით, ის (ცხადია, აქ ჯობდა – «ისინი» და არა – «ის» – ლ.ღ.), ვისაც ეკუთვნის საქართველო».
ღმერთო კი მომკალი! ეს რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა 2011 წლის პირველ აგვისტოს ბათუმის იუსტიციის სახლში პრეზიდენტის გამოსვლისას?! მე «პირველი» არა ვარო, რომ თქვა, ჯერ ვიფიქრე: ალბათ, მოჩვენებითი თავმდაბლობა თუ ალაპარაკებს, თორემ როგორ შეიძლება ქვეყნის «პირველი ლედის» ქმარი, სახელმწიფოს პირველი პირი ქვეყანაში საკუთარ ადგილს ვერ ხედავდეს? თურმე, ნუ იტყვით და, ელექტრონული პირადობის მოწმობა არ შეხვდა ქვეყნის «პრეზიდენტს იმიტომ, რომ ის ამ ქვეყანაში არ არის ნომერი პირველი»?!
კი, მაგრამ პრეზიდენტის სასახლე ხომ შეგხვდა მხოლოდ შენ? საპრეზიდენტო რეზიდენციებიც ხომ მხოლოდ შენია? შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც ხომ შენა ხარ? საპრეზიდენტო თვითმფრინავი, უთვალავი ავტომანქანა და დაცვაც ხომ მხოლოდ შენია? განუსაზღვრელი ძალაუფლება ხომ მხოლოდ შენია? და ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ და ასეთ ვითარებაში მეუბნები – პირველი მე კი არა ვარ, არამედ სოციალურად დაუცველი თამარ ბერიძეა, აგრეთვე, სტუდენტი იაგო შავიშვილი  და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები – ბატონი ვიდადი ახუნდოვი და მოსწავლე ანჟელიკა კოლესნიკოვა ან ჩვენი თანამემამულე ქალბატონი ნინა გნდოლიანი საფრანგეთიდანო?
ჯერ მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თქვენო აღმატებულებავ,  რომ «შენობით» მოგმართეთ. იმედია, მიმიხვდით, რომ ეს უბრალო რიტორიკული ხერხია, თორემ, მერწმუნეთ, ეთიკური ნორმების დარღვევის უფლებას ჩემ თავს ნამდვილად არ მივცემ, მიუხედავად იმისა, რომ «შენობით» დალაპარაკება, ცხადია, ადრესატის პიროვნული ღირსების დაკნინებას სულაც არ ნიშნავს. გახსოვთ, ალბათ, ავთანდილი  რომ ეუბნება მეფე როსტევანს: «შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ»-ო.
თქვენ რამდენიც არ უნდა იძახოთ, მე საქართველოში პირველი პირი არა ვარო, ამას ხუთი წლის ბალღიც არ დაგიჯერებთ, მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ ეს მართლაც ასეა და ისიც კარგად გვახსოვს, რომ ერთმა დიდმა მოძღვარმა საკუთარ მოწაფეებს ერთ მშვენიერ დღეს ფეხებიც კი დაბანა, მაგრამ დავიჯერო, თქვენთვის არ შეუხსენებიათ, რომ ახალი პირადობის მოწმობები, რომლებსაც ჩვენი ჟურნალისტები ყოვლად გაუმართლებლად «აიდი ბარათებს» ეძახიან, მოქალაქეებს ახლიდან კი არ ნომრავს, არამედ ჩვენ დიდი ხანია, უკვე დანომრილები ვართ და ეს ნომრები უცვლელად გადადის ახალ მოწმობებში?
მაშასადამე, თქვენ მიერ პირველებად მონათლული პირები, თანაც ხუთივე ერთდროულად, პირველი ნომრები ვერაფრით ვერ იქნებიან.
ან ის მაინც თუ იცის ვინმემ, ასი ათასობით ღარიბ-ღატაკთა სახელით, რა ნიშნით გამოარჩიეს ერთი სოციალურად დაუცველი ქალბატონი (თამარ ბერიძეს, რა თქმა უნდა, დიდ ბოდიშს ვუხდი, ამ კონტექსტში რომ მიწევს მისი ხსენება, ასევე უკაცრავად ვარ დანარჩენ ოთხ მოქალაქესთან)? ათი ათასობით სტუდენტიდან – ერთი იაგო შავიშვილი? ან ლამის მილიონზე მეტი არაქართველისგან – ერთი ვიდადი ახუნდოვი და სხვები?
ნუთუ თქვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენო აღმატებულებავ, იმდენად ბრიყვები გგონივართ, რომ ამ ყოვლად გაცვეთილ და უნიჭო რიტორიკულ ხრიკს გულწრფელ ღაღადისად ჩამოგართმევთ?
რატომაა გაცვეთილიო, თუ მკითხავთ, დაუზარებლად შეგახსენებთ, რომ იმ კომუნისტურ ეპოქაში, რომელშიც თქვენც გაატარეთ თქვენი არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების ნახევარზე მეტი მაინც და მე, ცხადია, – კიდევ უფრო ბევრი, ყოველი საჯარო პარტიული ღონისძიება ამ სტანდარტით ტარდებოდა. სიტყვით გამომსვლელთა ან დასაჯილდოებელთა შორის აუცილებლად უნდა ყოფილიყო: ერთი სტუდენტი (მეტწილად, ლამაზი გარეგნობის გოგონა, ამაშიც თქვენი გემოვნება არაფრით ჩამოუვარდება კომუნისტებისას), ერთი მეჩაიე, ერთი მწველავი, ერთი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (თუ გვყავდა, ჯობდა – რუსი, თუ არადა – ნებისმიერი სხვა), ერთი პედაგოგი ან მეცნიერი, აუცილებლად ერთიც მწერალი  ან ხელოვანი.
მაგრამ მაშინაც კი, თქვენო აღმატებულებავ, იმ გაქანებულ «მუშათა და გლეხთა კლასებისა და ფენა – ინტელიგენციის» ქვეყანაში არასოდეს არავის არ წამოსცდენია, ესენი არიან პირველებიო, რადგანაც ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, ამ პროპაგანდისტულ «ტრიუკს» ხალხი როგორც მიიღებდა და ზედმეტ ქირქილსა და ნიჰილიზმის გაღვივებას ერიდებოდნენ.
ყველაზე უფრო გამაოგნებელი იყო თქვენი გამოსვლის ამ მონაკვეთის ფინალი, როდესაც ჩამოთვალეთ ჩვენი «ნომერ პირველი» მოქალაქეების ხუთი ქვეჯგუფი, მაგრამ აქაც გაიპარა ცალკეული უზუსტობანი; მაგალითად, თქვენ  ბრძანეთ: «ნომერ პირველი არიან ჩვენი მოქალაქეები (1), ჩვენი სტუდენტები (2), ჩვენი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები (3), ჩვენი სოციალურად დაუცველები (4), ჩვენი ქართველები უცხოეთიდან (5). ერთი სიტყვით ის, ვისაც ეკუთვნის საქართველო».
აქამდე მეგონა, რომ «ნომერი პირველი» არის რიგითობის მაჩვენებელი სიტყვათშეხამება და, ამდენად, ის ერთადერთია, როგორც სიყვარული, რომელიც შეიძლება ათჯერ გეწვიოს, მაგრამ ათივე პირველი ვერასგზით ვერ იქნება. ამიტომ «ნომერ პირველი არიან» – მცდარი შესიტყვებაა, აქ ან ზმნა უნდა იყოს მხოლოობით რიცხვში, ან სიტყვა «პირველი» – მრავლობითში («პირველები არიან»).
ბოლოშიც «ის» ნაცვალსახელიც მრავლობითი რიცხვის ფორმით უნდა გეხმარათ და მაშინ წინადადება მიიღებდა ასეთ სახეს: «ერთი სიტყვით, ისინი (რაკი ხუთი ჯგუფი ჩამოთვალეთ, და არა – «ის», ანუ ერთი – ლ.ღ.), ვისაც ეკუთვნის საქართველო».
თუ კარგად ჩავუკვირდებით, აქაც რამდენადმე უხერხული დაპირისპირება გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტსა და მის მიერვე ჩამოთვლილ ჯგუფებს შორის: მე კი არ შემხვდა ნომერ პირველი მოწმობაო, რადგან მე (პრეზიდენტი) ამ ქვეყანაში არა ვარო პირველიო, არამედ პირველები არიან ესენიო (და ჩამოთვალა), შემდეგ კი დასძინა: «ერთი სიტყვით, ის (ისინი  – ლ.ღ.), ვისაც ეკუთვნის საქართველო»-ო.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ და თქვენო მაღალკეთილშობილებავ, გულწრფელად ვიზიარებ თქვენს საჯარო აღიარებას იმის შესახებ, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, საქართველო თქვენ არ გეკუთვნით, ამაში ცამდე მართალი ხართ, მაგრამ ასეთივე ენთუზიაზმით ვერ გავიზიარებ თქვენს მეორე მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო ეკუთვნის თქვენ მიერ ჩამოთვლილ ჯგუფებს. თორემ რა გამოდის: ეს ჩვენი დედასამშობლო შავიშვილს ეკუთვნის, ბერიძეს ეკუთვნის, ახუნდოვსა და კოლესნიკოვას ეკუთვნით და ღვინჯილიას და სააკაშვილს არ ეკუთვნით?
წარმოიდგინეთ, თქვენო აღმატებულებავ, მე  და თქვენ და კიდევ ახუნდოვი, ასლანიდი, შევჩენკო, სოკოლოვი, ბროევი, მირზოიანი, ხარებოვი, ცისკარიშვილი, მარშანია, ჯეირანიშვილი, გოგიტიძე, მემიშიში, ფარეულიძე და დადეშქელიანი – 16 და-ძმა (შეიძლება მეტიც!) ვყავართ დედას! განა რომელსამე ჩვენგანს აქვს უფლება, თქვას, რომ დედა მას ეკუთვნის? თუ ჩვენ ყველანი ვეკუთვნით დედას? იქნებ ასეთი დამოკიდებულება ჯობდეს, როცა მისი თითოეული მოქალაქე ეკუთვნის საქართველოს და არა – პირიქით?
სამშობლო მარადიული და უკვდავია (თუკი უღირს შვილთა უნიათობით არ შეწყვიტა არსებობა), ხოლო თითოეული ჩვენგანი (მათ შორის, მეცა და თქვენც, ბატონო პრეზიდენტო!) ამქვეყნად ერთი სიცოცხლის ხანგრძლივობითა ვართ მოსულნი და არ შეიძლება ჩვენ გვეკუთვნოდეს ის, ვინაც ჩვენ დაგვბადა, ამაში კი ვგულისხმობ არა თავად უზენაეს განგებას («ვინც დამბადა, შეძლებამაც მანვე მომცა ძლევად მტერთად; ვინ არს ძალი უხილავი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად»), არამედ დედასამშობლოსა და მშობელ ერს, ვისაც ეკუთვნის თითოეული ჩვენგანი, და არა – პირიქით, როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქმა, ბატონო პრეზიდენტო!
მკითხველს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი, თითქოს, გასცდა ენობრივ საკითხებს და სადღაც სხვაგან გადავიჭერით. მინდა აქვე განვმარტო, რომ ენა არის აზრის გამოხატვის უმთავრესი საშუალება, ანუ იარაღი აზროვნებისა და იგი გამსჭვალავს ადამიანის მთელს შინაგან სამყაროს – ცნობიერსაც და ქვეცნობიერსაც. ამიტომ დიახაც არ არის სულერთი, ადამიანი რა ენობრივი საშუალებებით, ხერხებითა და ინტონაციებით, როგორი ქვეტექსტებით გადმოსცემს თავის ნააზრევს, რამდენადაც, ამ პროცესში რელიეფურად იკვეთება თვით ორატორის შინაგანი სამყარო და მისწრაფებანი, მისი ხასიათისა და უნარ-ჩვევათა ნიუანსები.
ასეთ ვითარებაში შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანია, მაგალითად, ისეთი უზუსტობა, როგორიც პრეზიდენტ სააკაშვილს მოუვიდა პირადობის მოწმობებით «დასაჯილდოებელ პირველთა» ჩამოთვლისას, როცა მან ხუთეულის პირველ ნომრად ახსენა – «ჩვენი მოქალაქეები» (1), რასაც მოაყოლა: «ჩვენი სტუდენტები» (2), «ეთნიკური უმცირესობები» (3), «სოციალურად დაუცველები»»(4) და «უცხოელი ქართველები» (5).
ამ უკანასკნელს, როგორც ჩანს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა, თორემ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას როგორღა მიიღებდა, მაგრამ, თუ ეს ასეა, მაშინ პირველ ჯგუფში («ჩვენი მოქალაქეები») შედის დანარჩენი ოთხი, რამდენადაც ყველა მათგანი ისედაც «ჩვენი მოქალაქეა».
ამიტომ შეიძლებოდა აგვერჩია (პირობითად) ერთი სომეხი (ან სხვა ეროვნების) სოციალურად დაუცველი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე სტუდენტი და მთელი ეს ხუთსუბიექტიანი სამოქალაქო რიტუალი დავიდოდა ერთადერთი «აიდი ბარათის» გადაცემის ოფიციალურ ცერემონიამდე.
ბარემ ვისარგებლებ შემთხვევით და ორიოდე სიტყვით აქვე მოგახსენებთ ამ აბრევიატურა ID (აიდი)-ის შესახებაც: არის საშიშროება, რომ თვალსა და ხელს შუა შემოგვეპაროს კიდევ ერთი, ყოვლად უსარგებლო ბარბარიზმი – ID (აიდი). სასურველია, იუსტიციის სახლების ხელმძღვანელობამ (იქნებ, პირადად მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გიორგი ვაშაძემ) გააკონტროლოს ეს პროცესი და მაქსიმალურად შეუშალოს ხელი სიტყვა «აიდის» («აიდი ბარათი») დამკვიდრებას, რაც ჩვენი ისედაც გაპარტახებული ენის ლექსიკურად გამდიდრების მაგალითი სულაც არ არის, უფრო კი – პირიქით!
ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის ერთ ფრაგმენტს: «ჩვენ ყველაფერი გვინდა ხალხისთვის და არაფერი არ გვინდა მთავრობისთვის. მთავრობა არის ხალხისთვის და არა ხალხი მთავრობისთვის და ეს სიმბოლურად დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდება».
როგორ დამტკიცდა «ეს სიმბოლურად», ჩვენ აგერ ახლახან ვნახეთ. «კიდევ ერთხელ» კი იმას ნიშნავს, რომ მსგავსი რამ სხვა დროსაც მომხდარა და დღეს ეს (რაც ადრეც მომხდარა) ხდება «კიდევ ერთხელ».
უკაცრავად კი ვარ პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს არის მტკნარი სიცრუე. იქნებ კეთილს ინებებდა ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი (ამისთვის თვით მისი აღმატებულება რომ არ შევაწუხოთ) და მოიყვანდა თუნდაც ერთადერთ მაგალითს იმისას, როდესაც ხელისუფლებამ რამე დაიკლო ხალხის სასარგებლოდ;
სულ ერთია, ეს იქნება ყოვლად დაუმსახურებლად აღებული გაორმაგებული ხელფასიდან (ვითომ, ნახევარს პრემიას რომ ეძახიან) ლეიკემიით ან სხვა მძიმე სენით დაავადებული რომელიმე ბავშვის სამკურნალოდ გაღებული დახმარება, თუ ანალოგიური სხვა რამ.
განა ჩვენ იმ უბედური ქვეყნის შვილები არ ვართ, «ვის უნდა 20.000?»-ო რომ გავიძახით ეკრანიდან და გაჭირვებით მოგროვილი (ხალხის მიერ შეწირული) თითო ლარით ვცდილობთ ცრემლებად დაღვრილი ახალგაზრდა დედის საცოდაობას მცირეოდენი ნუგეში მაინც ვსცეთ, ამ დროს კი ჩვენი «ძვირფასი» ხელისუფლება უცხოელ კინოვარსკვლავთან სუფრაზე მოსახვედრი ერთი ბილეთისთვის 10-15 ათას დოლარს იხდის?
დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა ბავშვს, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს (აქაურ თუ უცხოეთის რომელსამე კლინიკაში), ვიმეორებ, აბსოლუტურად ყველას გადავარჩენდით და ამით უდიდეს ბედნიერებას მივანიჭებდით არამარტო მათ გულდამდუღრულ მშობლებს, არამედ მთელ ერს, თუკი ერთადერთ, ყოვლად უსარგებლო და მხოლოდ «ნაციონალური მოძრაობის» «გასაპიარებლად» გამიზნულ კონცერტს მოვიკლებდით ან ერთი რომელიმე მილიონებად ღირებული, მაგრამ არცთუ სასწრაფოდ ასაშენებელი და აუცილებელი ნაგებობის აშენებას გადავდებდით რამდენიმე წლით.
პრეზიდენტი კი წარბშეუხრელად გვიცხადებს: «ჩვენ ყველაფერი გვინდა ხალხისთვის და არაფერი არ გვინდა მთავრობისთვის»-ო.
წელიწადზე მეტია, თითქოს ქადაგად ვარ დაცემული და ყოველკვირეულად ლამის ხმის ჩახლეჩამდე გავყვირი იმ დანაშაულებრივ დაუდევრობათა შესახებ, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იჩენს სახელმწიფო ენის მიმართ.
«ხალხზე ზრუნვით» გათანგული მთავრობა კი ისეა ქანცგაწყვეტილი, რომ ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის. ესაა «ხალხზე ზრუნვა»? თუ, თქვენი აზრით, ენის აბუჩად აგდება ერზე (თქვენ რომ «ხალხს» ეძახით) ზრუნვის გამოხატულებაა და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით?
იმისათვის, რომ პირველ აგვისტოს ბათუმის იუსტიციის სახლში პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვას მეტად აღარ მივუბრუნდეთ, ბარემ აქვე კიდევ ერთ მონაკვეთს შემოგთავაზებთ შესაბამისი კომენტარებითურთ.
«ამასწინათ, სხვათაშორის, ერთი ძაან (ჯობდა – «ძალიან»!  – ლ.ღ.) მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერი (უნდა იყოს – ლიდერს, როგორც გაუსწორებიათ კიდეც პრესრელიზში. – ლ.ღ), რომელიც ჩამოვიდა აქ, ვუყვებოდი (შდრ. «ლიდერს… ვუყვებოდი და არა – ლიდერი, როგორც ითქვა – ლ.ღ.), რომ აი, ამ ბათუმის საბაჟო ტერმინალზე განბაჟება ტვირთების ხდება 5-დან 7 წუთში, ნუ, მაქსიმუმ ერთ საათში (ხუთი-შვიდი წუთის საშუალო არითმეტიკულია – 6 წთ. ხოლო «მაქსიმუმ ერთი საათი» ამას აღემატება 10-ჯერ. ცოტა ბევრი ხომ არ არის? – ლ.ღ.) და, თუ ერთ საათზე მეტია, მებაჟე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან.
მას გაეცინა და თქვა, რომ სად იპოვით ასეთ მებაჟეებს, რომლებიც ამ პირობით დაგთანხმდებათ მუშაობაზე (გული მიგრძნობს, ეგ სტუმარი თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ერდოღანი უნდა იყოს, მაგრამ, რაკი პრეზიდენტი არ ასახელებს, ჩვენც თავი დავანებოთ,- ლ.ღ.), ე.ი. იგულისხმებოდა, რომ მებაჟე, თუ თავისი მარცხენა შემოსავალი არა აქვს, რომ სხვა ადამიანი დაამციროს (ეს ადგილი ცოტა გაუგებარია, მაგრამ, ჯანდაბას! – ლ.ღ.), ის არ იმუშავებს.
მე გამეცინა (მანამდე «მას გაეცინა» – ლ.ღ.), მე უთხარი: ჩვენ 7 წელი უყურებდით ასეთ მებაჟეებს, მე თვითონ ერთი ოთხჯერ-ხუთჯერ მარტო სარფის საბაჟოს თანამშრომლები გავუშვი სახლში და მერე გადავწყვიტეთ»…
აქ მე აუცილებლად უნდა გავწყვიტო ციტირება ტექსტისა, რომელიც სტენოგრაფიული სიზუსტით მაქვს ჩაწერილი და ხმამაღლა მოგიწოდოთ: ყურადღება! ყურადღება! ნახეთ, რა გადაწყვიტეს პრეზიდენტმა და მისმა თანამოსანგრეებმა (ვაგრძელებ ციტირებას): «(გადავწყვიტეთ) რომ საბაჟო ტერმინალში უნდა იმუშაონ, ძირითადად, არა მებაჟეებმა (ანუ, მებაჟეები უნდა იყონ ცოტანი – ერთი-ორი, ან უფრო ნაკლები; – ლ.ღ.), არამედ, სამოდელო სააგენტოს გოგოებმა, რომლებიც იქ არიან იმისთვის, რომ გაიღიმონ (აბა, კაცი – კაცს ხომ არ გაუღიმებს, ბოლოსდაბოლოს! – ლ.ღ.). შემოვა, ვთქვათ, სიტყვაზე, გაუპარსავი ტრაილერის მძღოლი («გაუპარსავ ტრაილერზე», აბა, რა მოგახსენოთ, ისედაც ყველაფერი ნათელია, ცხადია, პრეზიდენტის პრესცენტრმა უმალვე იგრძნო ეს უხერხულობა და სიტყვა «გაუპარსავი» პრესრელიზში «მძღოლის» წინ გადასვა. – ლ.ღ.), გადმოკვეთს  საზღვარს (რაო? – ჯერ «შემოვა» და საზღვარს მერე «გადმოკვეთს» – ლ.ღ.), მივა იქ (აბა, სად წავა? – ლ.ღ.), მიესალმონ მას ინგლისურად, თურქულად (თუ ეს «გაუპარსავი ტრაილერის მძღოლი» ბერძენია ან სულაც არაბია, თურქული მისალმება უშველის? – ლ.ღ.), გაუღიმონ, ტვინი დაუბნელონ (აქ ცოტა გრამატიკა აირია, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე ზეპირი მეტყველების დროს. მოგვიანებით ამასაც პრესცენტრი «გაასწორებს» – ლ.ღ.), მაგრამ შვიდ წუთში გაუშვან, რომ სხვა არაფერზე ფიქრის დრო არ დარჩეთ».
«სხვა არაფერზე»-ში რას გულისხმობთ, თქვენო აღმატებულებავ? თქვენ რა იფიქრეთ?
იქნებ სამოდელო სააგენტოს გოგონამ 5 წუთში დაურტყა შტამპი, კიდევ 2 წუთი ხომ რჩება იმისათვის, რომ მძღოლმა ერთი რაინდული ქათინაური უთხრას და სააგენტოს ყოფილმა მოდელმაც Thenk you very much («თენქ იუ ვერი მაჩ»)-ო მიუგოს, ან სულაც Cok tesekkur edirim («ჩოქ თეშექქურ ედერიმ»)-ო უაქცენტოდ მიუთურქულოს?
რატომაა ეს აკრძალული? იქნებ ეს ბიჭი სულაც არ იყო გაუპარსავი (მართლა ტრაილერი ხომ არაა? ბოლოსდაბოლოს ახალგაზრდა კაცია, თანაც უცოლო!), «მერსედესის» ფირმის ტვირთმზიდის კონდიცირებულ კაბინაში იჯდა კენზონაპკურები და ერთი სული ჰქონდა, როდის მოაღწევდა ულამაზესი ტოპმოდელებით გადავსებულ სარფის საბაჟომდე, თქვენ კი მას «გაუპარსავ ტრაილერს» ადარებთ და თანაც მოდელებისთვისაც დაგივალებიათ, რომ ისედაც ალეწილ ახალგაზრდას ჯერ გაუღიმონ, მერე კი «ტვინი დაუბნელონ»!
რატომ, თქვენო აღმატებულებავ, რატომ განეწყვეთ ასე აგრესიულად უცხოელი მძღოლებისადმი? თანაც იმ ქალაქის მისადგომებთან, სადაც ალისა და ნინოს სიყვარულის ისტორიას ასე ამაყად და თავმომწონედ უყვებით ხოლმე თქვენს არანაკლებ მომხიბლავ სტუმარ მანდილოსნებს: მახსოვს ქსენია სობჩაკსა და მის კოლეგას – ქსენია სოკოლოვას როგორი გამჭოლი მზერითა და მრავლისმეტყველი ჟესტიკულაციით მასპინძლობდით იმავე ბათუმში.
იმის წინ რომ ბრძანეთ, «დაცინვა არ არის ჩემ სტილშიო», კი დაგიჯერეთ, მაგრამ ამ «გაუპარსავი ტრაილერების მძღოლებს» ასე ამრეზით რატომ უყურებთ და რატომ გაწირეთ ისინი «ტვინის დასაბნელებლად?»
ღმერთმანი, ვერაფერს მიგიხვდით! არადა, დაბეჯითებით ამტკიცებთ, რომ «ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა, არსად მსოფლიოში ასე არ არის»-ო.
თქვენ რას გერჩით და, ამ სიმართლით იაროს ჩემმა მტერმა და ორგულმა! რაც მე «მთელ მსოფლიოში» საბაჟოებზე ყურებამდე გაღიმებული მებაჟე გოგონები მინახავს, იმდენი საქართველოს განთავისუფლება იმ შავი ჭირისგან – «ნაცმოძრაობა» რომ ჰქვია და მე რომ «სიყვარულით» პოლიტიკურ «წალენჯილეხს» ვეძახი, რაკი წალენჯიხიდან წამოვიდა!
ვაგრძელებ ციტირებას: «ეს არის ტექნოლოგია, ეს არის სახელმწიფოს ნება, რომ იქ არ იყოს კორუფცია, იქ არ იყოს დარჩენილი სივრცე იმისათვის, რომ ასევე ღიპიანმა (რატომ «ასევე»? – აკი მძღოლები არ იყვნენ ღიპიანები, ეს კარგად მახსოვს – ლ.ღ.), გაუპარსავმა და ჭკუაარეულმა მებაჟემ დაამციროს ჩვენი მოქალაქე, ან თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქე. აი, ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა».
სამოდელო სააგენტოს გოგოების ალტერნატივა ნამდვილად შთამბეჭდავია, ოღონდ ერთი რამ ვერ გავიგე: «გაუპარსავი ტრაილერის მძღოლი» რომ ჭკუაარეულია («ტვინი დაუბნელეს»), ეს ჩვენი მებაჟე გოგონების «დამსახურებაა», მაგრამ ჩვენივე ასევე გაუპარსავი და ღიპიანი მებაჟე მამრები რატომღა იყვნენ «ჭკუაარეულები»?
ამათ ხომ არ ჰქონიათ არანაირი შეხება სამოდელო სააგენტოს გოგოებთან: ესენი რომ მოვიდნენ, ისინი წასულები იყვნენ და ჭკუა რამ აურიათ?
ახლა კი დავრწმუნდი, რა ძნელი ყოფილა საბაჟოზე მუშაობა, თქვენო აღმატებულებავ!
მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ საბაჟოებზე და სხვაგანაც ბევრი ლამაზი ან თუნდაც ნაკლებად ლამაზი, მაგრამ სანდომიანი ქალბატონი მუშაობდეს. ეს თვალსაც ახარებს და არც საქმე იზარალებს, თუკი უმარტივეს რამეს გავითვალისწინებთ, რომ პური გამოაცხოს მეპურემ – ანუ საბაჟოზე იმუშაონ არა მოდელებმა, არამედ მოდელებივით მოხდენილმა პროფესიონალმა მებაჟეებმა და კლიენტებისთვის «ტვინის დაბნელება», როგორც სპეცსამსახურის დავალება, არ შეითავსონ ძირითად საქმიანობასთან.
წეღან მოგახსენეთ, პური გამოაცხოს მეპურემ-მეთქი, ეს ანდაზა რომ შევატრიალოთ, თითქოს აზრი არც კი იცვლება, მაგრამ ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით.
აბა, თავად ნახეთ: «მეპურემ გამოაცხოს პური» – თუ პირველი (პური – მეპურემ) იმას ნიშნავს, რომ საქმე აკეთონ სპეციალისტებმა, მეორეში ხაზგასმულია, რომ სპეციალისტმა (მეპურემ) აკეთოს ის საქმე, რაც იცის – ანუ სულ არაა აუცილებელი, მეპურე დაინიშნოს, მაგალითად, მინისტრად, თუკი მას საამისო ცოდნა არ აქვს.
სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობაში უპირატესობა ენიჭებათ სამოდელო სააგენტოს გოგოებს არამარტო საბაჟოებზე, არამედ, მინისტრებადაც კი, სხვა პოსტებზე რომ არაფერი ვთქვათ.
რაც შეეხება ღიპსა და წვერის გაპარსვას, ნამდვილად არადამაჯერებელი, ზერელე არგუმენტებია, რასაც ადვილად აქარწყლებს უღიპო და დაბანილ-გაპარსულ-დავარცხნილი პატრული; ამდენად, ასეთი ზერელე, მოუმზადებელი და ლინგვისტურადაც გაუმართავი საჯარო გამოსვლა ქვეყნის პირველ პირს არ ეკადრება, თუნდაც საქვეყნოდ იძახდეს, პირველი არ ვარო!
ლევან ღვინჯილია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here