Home სხვადასხვა დაიჯესტი 2015 წლის კოშმარი მეორდება

2015 წლის კოშმარი მეორდება

ევროპა ახალი მიგრაციული კრიზისის მოლოდინში

157
მატეო სალვინი და ჯორჯია მელონი

ევროპა კვლავ დგას მიგრაციული კრიზისის ზღურბლზე და ეს, როცა ახლა იწყება ზაფხული, რომელზეც ტრადიციულად მოდის აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან არალეგალური იმიგრაციის პიკი.

ამჟამად საყოველთაო ყურადღება გადატანილია სეუტაზე, ესპანურ ანკლავზე ჩრდილოეთ აფრიკაში, საითაც დაიძრა ათასობით მიგრანტი მაროკოდან. კადრმა, რომელზეც ასახულია, როგორ ამოჰყავს ზღვიდან ჩვილი ესპანეთის ნაციონალური გვარდიის მებრძოლს, მსოფლიოს მედიასაშუალებები მოიარა. მიგრაციული კრიზისი სეუტასა და მელილიაში (მეორე ესპანური პორტი აფრიკაში) გარკვეულწილად ესპანეთსა და მაროკოს შორის ურთიერთობის დაძაბვის შედეგია. ბევრი ექსპერტის აზრით, რაბატმა გადაწყვიტა, შური იძიოს მადრიდზე ფრონტ პოლისარიოს (რომელიც უკვე მრავალი წელი იბრძვის დასავლეთ საჰარის დამოუკიდებლობისთვის მაროკოსგან) დახმარებისთვის. შურისძიება გამოიხატა მაროკოელი პოლიციელების უმოქმედობაში, რომლებმაც თვალი დახუჭეს სეუტასკენ მიმავალი მიგრანტების ნაკადებზე.

როგორც ჟურნალი The Economist-ი წერს, ასე აქცია მიგრაცია იარაღად მაროკოს მეფე მუჰამედ VI-მ. აფრიკიდან ლტოლვილების ნაკადების მკვეთრი მომატება შეინიშნება არამხოლოდ ესპანეთის ანკლავებში. ტუნისიდან პატარა ნავებით გადაჰყავთ ლიბიელი ლტოლვილები იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე. გასულ კვირაში მზიანი ამინდის მხოლოდ 12 საათის განმავლობაში გადაიყვანეს 1200 ადამიანი. დარის მიუხედავად, მაინც მოხდა რამდენიე უბედური შემთხვევა:

მარიო დრაგი
მარიო დრაგი

კინაღამ დაიღრჩო 73 ბანგლადეშელი, რომლებიც საოცნებო კუნძულამდე მიღწევას ცდილობდნენ. რამდენმა ვერ მიაღწია კუნძულამდე, არავინ იცის. იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მაისის პირველ სამ კვირაში ქვეყნის სანაპიროს 4290-მა მიგრანტმა მიაღწია. შარშან ამ პერიოდში კი მიგრანტების რაოდენობა 1654 იყო.

გაძლიერდა მიგრანტების ნაკადი ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთში. იანვრიდან დღემდე ლა-მანშის სრუტე 3 ათასზე მეტმა ადამიანმა გადალახა, შარშან ანალოგიურ პერიოდში _ 1400-მა. რამდენიმე დღის წინათ ბელგიის სანაპირო დაცვამ ჩაძირვას გადაარჩინა პატარა გემი, რომელსაც ლა-მანშის სრუტით 49 მიგრანტი, ძირითადად, ვიეტნამელები გადაჰყავდა. ეს არის მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც გახმაურდა. ზემომოყვანილი ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, მიგრაციული კრიზისის საკითხი მალე კვლავ დაბრუნდება ევროპის დღის წესრიგში.

თუმცა, ციფრები ისეთი კატასტროფული არ არის, როგორიც იყო 2015 წელს, როდესაც ევროპას მიგრანტთა უზარმაზარი ტალღა მიაწყდა. 2020 წელთან შედარებით მაჩვენებლების გაზრდა კი განპირობებულია იმით, რომ აზიისა და აფრიკის მოსახლეობამ შარშან თავი აარიდა პანდემიით შეპყრობილ ევროპაში შესვლას. ამას გარდა, საზოგადოებრიობის ყურადღების გადატანამ მიგრაციის პრობლემებიდან კოვიდ-19-ის პანდემიაზე შესამჩნევად დასცა ზოგიერთი იმ პარტიის რეიტინგი, რომლებიც მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვდნენ მიგრანტების წინააღმდეგ (დასავლურ მედიაში ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ულტრამემარჯვენეებს უწოდებენ), მიუხედავად იმისა, რომ ზოგს საკმაოდ ლიბერალური ეკონომიკური პროგრამა აქვს შემუშავებული). ახლა კი, როდესაც მიგრაციის პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დადგა, ბევრი გამოცემა განგაშს ტეხს ამ პოლიტიკური ძალების პოპულარობის მკვეთრად მომატების გამო. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ახალი კრიზისის წინა ხაზზე არიან _ იტალიასა და ესპანეთს.

2015 წლის კოშმარი მეორდება

თითქმის ყველა ანალიტიკოსი მიდის იმ აზრამდე, რომ სეუტას კრიზისი, რომელიც, რამდენიმე დღეა, ესპანური მედიის ყურადღების ცენტრშია, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ანტიისლამურ პარტია VOX-ს (“ხმა”). ეს პარტია მანამდეც აშინებდა ანკლავის მცხოვრებთ ღარიბი აფრიკელი მიგრანტების შესევით. შედეგად საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა. მოიპოვა ხმების 35% ქალაქში, სადაც მოსახლეობის 40% მუსლიმია. უცნაური იქნება, პარტია Vox-მა ახლაც არ ისარგებლოს კრიზისით და გაზარდოს თავისი პოპულარობა სეუტაში.

მეინსტრიმული პარტიების შეშფოთებას იწვევს საარჩევნო ვითარება იტალიაში. იქ 2015 წლის შემდეგ, გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ლიდერია პარტია “ლიგა” მატეო სალვინის მეთაურობით. შს მინისტრის პოსტზე ყოფნისას უკანონო მიგრაციასთან დაუნდობელი ბრძოლით სალვინიმ თავისი პარტია პოპულარობის პიკზე აიყვანა _ 2019 წელს “ლიგის” მაჩვენებელი 40%-ს უახლოვდებოდა, რაც მთავრობის ჩამოყალიბების იმედს იძლეოდა. ამ გათვლებიდან გამომდინარე, სალვინიმ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მიზნით, ხელი შეუწყო კრიზისის პროვოცირებას მთავრობაში, მაგრამ ოპონენტებმა დაამარცხეს. მათ გამაოგნებელი კოალიციური კომბინაცია გაითამაშეს, ოღონდ “ლიგას” არ მოეპოვებინა იტალიის პარლამენტის ძირითადი ძალის სტატუსი.

2020 წლიდან კი დაიწყო ამ პოლიტიკური ძალის რეიტინგის დაცემა. მომხრეებმა პარტიას არ მიუტევეს მარიო დრაგის ტექნოკრატიული მთავრობის მხარდაჭერა. ლიბერალებს თითქოს შვებით უნდა ამოესუნთქათ, მაგრამ “ლიგის” რეიტინგს, რომელიც გამოკითხვებში ჯერ კიდევ ინარჩუნებს წამყვან პოზიციას, სწრაფად უახლოვდება უფრო მემარჯვენე და უფრო ანტიმიგრაციული პარტია “იტალიის ძმები”.

ის ამომრჩევლები, რომლებიც უარს ამბობენ სალვინის მხარდაჭერაზე, ახლა ერთბაშად გადადიან “იტალიის ძმების” მხარეს, რომელიც, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უკვე იკავებს მეორე ადგილს “ლიგის” შემდეგ. ჯერ კიდევ სამი წლის წინათ “იტალიის ძმებს” ამომრჩეველთა ხმების 3-4% თუ ჰქონდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 20%-ს უახლოვდება.

არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ამ ორ ძალას სილვიო ბერლუსკონის პარტია “წინ, იტალიის” მხარდაჭერით თავისუფლად შეეძლება მთავრობის ჩამოყალიბება. და, თუ “ლიგის” შედარებით ზომიერი ევროსკეპტიკოსები თავის ტკივილს წარმოადგენენ ევროპის ლიბერალური მეინსტრიმისთვის, გაცილებით მემარჯვენე “იტალიის ძმები” კატასტროფა შეიძლება აღმოჩნდნენ. ისინი არ მალავენ, რომ მემკვიდრეები არიან იტალიის ულტრამემარჯვენე სოციალური მოძრაობისა, რომელიც 1946 წელს შექმნეს ბენიტო მუსოლინის ყოფილმა მომხრეებმა.

ამ მემკვიდრეობაზე მიუთითებს პარტიის ლოგოტიპი, რომელიც მოიცავს იტალიის სოციალური მოძრაობის ყოფილ სიმბოლოსაც. პარტია “იტალიის ძმების” პოპულარობის მატებას ხელს უწყობს პარტიის ხელმძღვანელ ჯორჯია მელონის (“იტალიის და” _ ეს მეტსახელი შეარქვა მას მასმედიამ) ქარიზმა _ ამ ქალბატონმა გასულ წელს ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსების სარეიტინგო სიაში გადაუსწრო პარტია “ლიგის” ლიდერ სალვინის და მეორე ადგილი დაიკავა იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგის შემდეგ. ეჭვი არავის ეპარება, რომ მიგრაციული კრიზისის გამწვავების შემთხვევაში “ლიგა” და “იტალიის ძმები” დამატებით ხმებს მიიღებენ და კიდევ უფრო გაზრდიან თავიანთ რეიტინგებს. ერთი მხრივ, ლიბერალებისთვის ნერვიულობა ჯერ ნაადრევია _ იტალიაში საპარლამენტო არჩევნები 2023 წელს უნდა გაიმართოს, მაგრამ შეშფოთება იზრდება ხმების სულ უფრო ფართოდ გავრცელებასთან ერთად, რომ მარიო დრაგი თავის კანდიდატურის დაყენებას აპირებს პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავა სერჯიო მატარელა. ეს კი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს უკვე მომავალი წლის დასაწყისში და, თუ ეს სცენარი განხორციელდება, ევროპაში ლიბერალების სამშინელი სიზმარი რეალობად იქცევა.

ბევრი რომ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ზაფხული რთული გამოცდა იქნება ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკისთვის. წლის პირველი თვეების ტენდენციები აჩვენებს, რომ მიგრანტებს, რომლებიც ევროპისკენ მიილტვიან, კოვიდის საფრთხე ვეღარ აკავებთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 2015 წლის კოშმარი შეიძლება განმეორდეს. და ულტრამემარჯვენე, ანტიმიგრანტი, ანტიისლამისტი და ევროსკეპტიკოსი პარტიების პოპულარობა მკვეთრად მოიმატებს. ძალიან საეჭვოა, რომ ამ პროცესისთვის მზად იყოს ბრიუსელი.

ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here