Home რუბრიკები პოლიტიკა ხათუნა საგინაშვილი: ნათლად ჩანს, როგორ მართავენ საქართველოს მოკასინიანი, ჩექმიანი, ფულიანი კაცები

ხათუნა საგინაშვილი: ნათლად ჩანს, როგორ მართავენ საქართველოს მოკასინიანი, ჩექმიანი, ფულიანი კაცები

541
ხათუნა საგინაშვილი: ნათლად ჩანს, როგორ მართავენ საქართველოს მოკასინიანი, ჩექმიანი, ფულიანი კაცები

საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი, გასულ კვირაში თურქეთის რესპუბლიკას ეწვია ოფიციალური ვიზიტით. მასპინძელი მხარე პომპეზურად დახვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელმაც, თავის მხრივ, პატივისცემისა და მადლობის ნიშნად თურქეთის ეროვნული გმირის, მუსტაფა ქემალ ათათურქის, ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო. ამასობაში საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა ფრაქცია სახელწოდებითშარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”, რომელსაც სათავეში ჩაუდგასტრატეგია აღმაშენებელისთავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

გასული კვირის ეს ორი “მოვლენა”, შესაძლოა, აღსანიშნავი არც ყოფილიყო, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლიდით საზოგადოების აღშფოთებას _ ათათურქის ხსოვნას პატივს მიაგებს საქართველოს მთავრობის მეთაური, სტალინის ძეგლი კი ნაგავსაყრელზეა სტალინის სამშობლოში… ყველა არჩევნებზე ზვიად გამსახურდიას სახელსა და იდეებს იშველიებენ პარტიები, რათა ამომრჩევლის გული მოიგონ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი “ღმერთად” ჰყავთ, მარო მაყაშვილის საფლავს ეამბორებიან, მთაწმინდის პანთეონში დიდი პატივით დაკრძალეს მენშევიკი გენერალი გიორგი კვინიტაძე, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კი ევროკავშირელი შარლ მიშელის სახელობის ფრაქცია დაარეგისტრირეს…

რას დაემსგავსადამოუკიდებელი საქართველო”? ნამდვილად დამოუკიდებელია თუ არა ჩვენი ქვეყანა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი გვესაუბრება:

_ რატომ გიკვირთ, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შარლ მიშელის სახელობის ფრაქცია შეიქმნა? ან ის რატომ გიკვირთ, ათათურქის საფლავს რომ მიაგო პატივი ჩვენმა ხელისუფალმა, როდესაც სტალინის ძეგლი გადაგდებულია სანაგვეზე?! ვისაუბროთ იმაზე, რატომ ვართ ასეთი “განუვითარებლები”, გაჭირვებულები, უპატრონოები და თავში ნათქვამსაც გაეცემა პასუხი. ვისაუბროთ იმაზე, თუ სად არის “ძაღლის თავი” დამარხული.

საქართველოს დამოუკიდებლობა სუროგატულია, მართალს ბრძანებთ, როდესაც ამბობთ, რომ სტალინის ძეგლი აღარ გვაქვს და ათათურქის ხსოვნას მივაგებთ პატივს. ეს ყველაფერი იქიდან მომდინარეობს, რომ დამოუკიდებელი არ ვართ.

ორი სიტყვით შევეხები ე.წ. ნინოწმინდის პანსიონის საქმეს, რადგან ის პირდაპირ კავშირშია თქვენს შეკითხვასთან.

მინდა, გითხრათ, რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ნინოწმინდის პანსიონის გარშემო ატეხილ ხმაურს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, ცდილობდნენ, ეკლესიას არ დაპირისპირებოდნენ, არჩევნები კარს მოადგათ და ამიტომ, მაგრამ, როგორც კი ჩამოვიდნენ ამერიკელი სენატორები, ჩამწკრივდა .. მეხუთე კოლონა ოპოზიციაარასამთავრობოებიანად და მივიდნენ მათთან საჩივლელად მეუფე სპირიდონის წინააღმდეგ. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი და ჩაერთო ამ პროცესში სახელისუფლო გუნდიც, უცბად ატყდა აჟიოტაჟი, დაიწყო ცილისწამებები, ბავშვები გამოაცალეს ეკლესიას, დაანგრიეს სულიერების კერა. მოკლედ, მეუფე დაასმინეს სენატორებთან და უსწრაფესად მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომაც.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ერთი ფურცელი ნათელყობს, რა მდგომარეობაში ვართ _ ნათლად ჩანს, როგორ მართავს საქართველოს მოკასინიანი, ჩექმიანი, ფულიანი კაცები. საქართველოს, თავისი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა კი არა, ყოფითი, ელემენტარული პრობლემის მოსაგვარებლად არ შეუძლია კანონის დაწერა უცხო ქვეყანასთან შეთანხმების გარეშე.

საქართველო განვითარებადი ქვეყნების სიაშიც რომ არ არის და განუვითარებლები ვართ, ამაზე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობაც მეტყველებს. საქართველო პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანაა, რომელიც ერთ დროს მდიდარი იყო, ქვეყანა, რომელსაც უნიკალური გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს, აქვს ბუნებრივი წიაღისეული, მინერალური და მტკნარი წყლები და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი სიმდიდრე არ ეკუთვნის ერს, არ არის ჩვენი ხალხის კეთილდღეობის სამსახურში ჩაყენებული და ხელისუფლებებს განსაზღვრული არ აქვს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები, უკიდურეს სიღარიბეში ვართ.

_ რატომ მოხდა ასე, რატომ ვერ ვსაზღვრავთ პრიორიტეტებს, რა გვიშლის ხელს?

_ დამოუკიდებლობა ვერ მოვიპოვეთ, სხვის ჭკუაზე დავდივართ. ჩვენ, ქართველებს, განგვისაზღვრეს განვითარების პრიორიტეტად ისეთი მგრძნობიარე, არასტაბილური ბიზნესი, როგორიც არის ტურიზმი. სწორედ ტურიზმის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებამ დააქცია მართლმადიდებელი ელინური სამყარო, არადა, ტურიზმის განვითარების მხრივ საქართველო ახლოსაც კი ვერასოდეს ვერ მივა საბერძნეთთან. არ შეიძლებოდა, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის ბედი ტურიზმზე ჩამოკიდებულიყო და არ გვეშრომა ცალკეული დარგების განვითარებისთვის. არ ვეცადეთ, აზრადაც არ მოუვიდა ხელისუფლებას, რომ ქვეყნის სიმდიდრეები ხალხის კეთილდღეობისთვის მოეხმარებინა. ჩვენმა გაჭირვებამ და არასწორმა პოლიტიკამ პანდემიის პერიოდში იჩინა ნათლად თავი. ჩვენ რყევებს ვერ გავუძელით და ყოველი ასეთი რყევა დაგვაზარალებს.

_ რა არის ჩვენი ასეთი უბედურების მიზეზი?

_ მსგავს შეკითხვაზე სულ მექნება ერთი პასუხი: ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ვიმართებით უცხოეთიდან, საზღვარგარეთიდან გვისაზღვრავენ პრიორიტეტებს. ეროვნული რესურსები არ არის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული. ქართველ ადამიანს მიზნად დაუსახეს, წავიდეს უცხოეთში და იქ იმუშაოს, ოღონდ სახელმწიფომ ისიც კი ვერ უზრუნველყო, რომ ბედისგან დაჩაგრული ქართველი უცხოეთში ლეგიტიმურად წასულიყო, დასაქმებულიყო. ის, რაც გამოცხადდა, რომ გერმანია ვითომ მიიღებდა ქართველებს, ფეიკი აღმოჩნდა.

ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს პრიორიტეტები განუსაზღვრეს, ხელს არ აძლევთ ჩვენი განვითარება, ახალი კონკურენტი არ სჭირდებათ, მათ ისედაც პრობლემები აქვთ ბაზრებზე და რისთვის სჭირდებათ, საქართველო კონკურენტუნარიანი იყოს?! საქართველო უნდა იყოს მომსახურების ქვეყანა, ასე გადაწყვიტეს. ამერიკელი ეკონომისტი ჯონ პერკინსი თავის ნაშრომში “ეკონომიკური მკვლელის აღსარება” წერს: “არსებობს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ცალკეულ ქვეყნებში მუშაობენ ზენაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე და განვითარებად ქვეყნებს უსაზღვრავენ პრიორიტეტებს. პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ მსოფლიო ბანკი და ე.წ. დონორი ორგანიზაციები ამ ქვეყნებს ვალად აძლევენ სესხებს”. სესხით, რომელსაც ე.წ. დონორები გვაძლევენ, უფლება არ გვაქვს, განვავითაროთ ეკონომიკა, მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, რომ შევღებოთ ფასადები.

ჩვენ ახლა გაკოტრების პირას ვართ, საქართველო გადახდისუუნაროა და შესაძლოა, ბანკროტადაც გამოგვაცხადონ. ჯონ პერკინსი ამბობს, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება და ვიღაცეების ცხელ თავებში იხარშება. ის, რაც “ეკონომიკური მკვლელის აღსარებაში” წერია, სააკაშვილმა ზედმიწევნით შეასრულა, რასაც ისევ ზედმიწევნით და ზუსტად განაგრძობს ამჟამინდელი ხალისუფლებაც.

ყოველივე ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ შარლ მიშელის ფრაქციები გვაქვს და მუსტაფა ქემალ ათათურქს მივაგებთ პატივს?!

_ რა არის გამოსავალი, რა მოვიმოქმედოთ?

_ თითოეული მოქალაქის პოზიციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ იმას, რაც ხდება. ძვრები უნდა დაიწყოს, სასიკეთო ძვრები. ეროვნული სულისკვეთების ძალები უნდა მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, მორწმუნენი, ეკლესიის პატივისმცემელნი, თავდადებულნი. სურვილი მაქვს და მინდა ასე ვხედავდე… მგონია, რომ მოდიან ახალი ადამიანები, მოდის ახალი ძალა, პერსონების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც მეიმედებიან, სიკეთეს მოგვიტანენ. თვალს ვადევნებ, მაინტერესებს, ვინ დადგება ქვეყნის სადარაჯოზე და როგორი გუნდი შეიკვრება. პოლიტიკური მოღვაწის შეფასებისას გადამწყვეტია, იყოს უკომპრომისო, პრინციპული და შეეძლოს თავგანწირვა. პოლიტიკოსი არ უნდა იყოს უცხოურ გრანტებზე გაყიდული, ფულისთვის ყველაფერზე წამსვლელი.

ქართველები სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების მემკვიდრეები ვართ, ეს პატარა ქვეყანა ამ საუკუნემდე სწორედ თავდადებამ მოიყვანა. ეს პათეტიკა არ არის, ეს რეალობაა.

მართლაც უიმედო, კრიტიკულ ზღვარზე ვართ, ჩვენი ქვეყანა კარგავს ტერიტორიებს და არა მხოლოდ განაპირას, საზღვრისპირას, არამედ, აგერ, შუაგულ იმერეთში, რიონის ხეობაში 100 ჰექტარი მიწა გააჩუქეს. ხალხს ჰგონია, რომ იჯარით არის გაცემული, მაგრამ ასე არ არის, ნახევარი სამუდამო მფლობელობაშია გადაცემულითურქი ძმებისთვის”. მსოფლიოში არ არსებობს ანალოგი მიწის 99 წლით გადაცემისა, ყველგან 49-წლიანი იჯარაა

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა _ საქართველო დაპატარავდება, იტყვიან, რომ ლამის აღარ არსებობს, მაგრამ უფლის ძალით აღდგება. ბუნებრივია, ეს თავისთავად არ მოხდება, ყველა ქართველმა თითო აგური უნდა დავდოთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რაც პოლიტიკურ პროცესებში უნდა გადაიზარდოს.

დიდი წნეხის ქვეშ არიან ჩვენი ახალგაზრდები, ნათლად ჩანს სოციალურ ქსელებში, რომ მათ ტვინი გამოურეცხეს. მათ გადარჩენა სჭირდებათ. ის უნდა მოხდეს, რაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მოხდა _ ეროვნულმა ძალებმა უნდა მოიყვანონ გონს. აუცილებელია, მეინსტრიმული მედია ჩანაცვლდეს პროპაგანდისტული მასმედიით, ყველა საშუალებით უნდა მოხდეს პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების აღორძინება.

საქართველოში კომპლექსური ცვლილებებია განსახორციელებელი და იმედი მაქვს, უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება. ოპტიმიზმს არ ვკარგავ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და მივიღებთ იმ საქართველოს, რომელზეც ვოცნებობთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. გაჭირვების მიუხედავად ჩვენ არ უნდა დავექვემდებაროთ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილობას. ეს გადაგვარებული მთავრობა თავისი ნებით არაფერს არ შეცვლის.
    ერთი პირი უნდა შევკრათ ქართველებმა. ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ. ვისაც რაიმე სპეციალური ცოდნა გაგვაჩნია, ის, რითაც შესაძლებელია საქმიანობა, უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს თუ ლექციების, თუ სახალხო თავყრილობების მეშვეობით უანგაროდ. რაც შეიძლება მეტი მამულიშვილი უნდა აღიჭურვოს ინტელექტუალურად. უნდა ვეცადოთ, გავაძლიეროთ ერთმანეთი მრავალმხრივ. ეს საშუალებას მოგვცემს, ეფექტურად შევებრძოლოთ უკანონობას.
    ეს იქნება სამშობლოს ერთგულება. ღმერთი შეგვეწევა სიკეთის ქმნაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here