Home რუბრიკები პოლიტიკა წმინდა ზ-როხა თანამედროვე პოლიტიკაში

წმინდა ზ-როხა თანამედროვე პოლიტიკაში

421

_ კანფეტკუ ხოჩიშ?

_ ხოჩუ!

_ ნეთუ

ფრუნზიკასა და ბუბას ციხის  დიალოგიდან (/არ დაიდარდო”)

ნეტავი კანფეტის გარდა სხვა არაფერი გვაკლდეს! მაგრამ ჯერ ეს გავარკვიოთ: რატომ ზ-როხა? იმიტომ ხომ არა, რომ საბა-სულხან ორბელიანს ასე უწერია: “ზროხა ზოგადი სახელი არს ყოველთა ზროხათა, ხოლო მამალსა ზროხასა ეწოდების ხარი და დედალსა ფური…”

არც იმიტომ, რომ ეს შინაური ცხოველები ინდუიზმის მიმდევართა რწმენით არიან დაცული და განასახიერებენ სისუფთავეს, სიწმინდეს, სიუხვეს დედამიწასავით. მათი სიცოცხლის ხელყოფა სიკვდილით ისჯება.

ეს წმინდა ცხოველი არიული ტომების მთავარი ტოტემი იყო და დღესაც ასეთად რჩება.

ძროხა წმინდა ცხოველად ითვლება ჯაინიზმში, ზოროასტრიზმში, მას თაყვანს სცემდნენ ძველ ეგვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთში, რომში.

ნეპალსა და ინდოეთში ძროხას იცავს სახელმწიფო.

ძროხის კულტს აღიარებდა მაჰათმა განდი…

ასეა თვალის ერთი გადავლებით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, და ახლა მით უფრო, გვჭირდება კონკრეტიკა. და როგორც კი ამ ვიწროებში შევალთ, გავრცელების არეალი იზრდება. მაგალითად, საქართველოთი. ვასახელებ ორუელის ცხოველების ფერმის ერთ-ერთ ეგზემპლარს _ სახელად გიგის, გვარად უგულავას, რომელიც ქვეყნის ქორფა ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარის მოძოვების ბრალდებით კიდეც ჩასვეს ციხეში, მაგრამ მალევე შეაწყალებინეს პრეზიდენტს _ წმინდაა და არ ეგებისო.

მიხეილ სააკაშვილი კი წმიდათაწმიდაა.

ზ-როხა!

იმიტომ, რომ რიგით ძროხად მოხსენიება პლებსის ხვედრია, ხოლო ნაცების ამბიციურ ლიდერს ამ ჯოგური სახელით შეურაცხყოფ. ხოლო ზ-როხობა ისტორიული რარიტეტის წონას შესძენს, აღიარებული იქნება, როგორც უეჭველი ფაქტი, როგორც საუკუნოვან ქართულ ძეგლზე პატივმოყვარე “ვიზიტორის” მიერ მიწერილი ავტოგრაფი: “აქ ვიყავით მე და ჟორა…”

დადასტურებული თარიღით.

აბა, ძოვის დროს მდელოს ხასხასა სიმწვანეთში დატოვებული, ბუზანკალებით გამხიარულებული ყავისფერი ბიონაზუქების აღწერით “ნევიჟუიზმს” ხომ არ ვიქმ, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე კატეგორიული უარის თქმის “არა და არასოდეს!” გადაფარვას საყოველთაო შერიგების იდეით ცდილობენ.

იაფფასიანი დუალიზმით “ვიღაც-ვიღაცეები” დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატია სუფევს.

ან სწორედ იმ “ვიღაც-ვიღაცეებმა” მოინდომეს, განგვეცხადებინა საყოველთაო შერიგების იდეა. სავაჭრო ქსელიდან ამოღებული, ვადაგადაცილებული და სიტკბოდაკარგული პოლიტიკური მომპასების წითელ-ყვითელი ხმაურიანი ღილები, სიფრიფანა მრგვალ კოლოფებში ჩაყრილი სატყუარები, უფასოდ გაგვევრცელებინა.

სანამ ჩვენ აქ ვარკვევდით, ძროხაა თუ ზ-როხა, ხარია თუ კურო _ “გამოუყვერავი ხარი”, მიშა სააკაშვილს ციხიდან “სვაბოდაზე” გამოიყვანდნენ და ჩვენ, ყველანი, “სამი პრეზიდენტის” შეთანხმებიდან გამომდინარე, ზვარაკად გვაქცევდა ხელისუფლების სათავეში დაბრუნებული ვამპირი დიქტატორი.

ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვნის არსებობაზე ახალს ვერაფერს გეტყვით, სამაგიეროდ, სიხარულით მოგახსენებთ, რომ იმ ტბის ლაქაშებში გააქტიურდნენ ამდენ ხანს მიმალული კუები, რომლებმაც ფეხი გამოყვეს _ მეც ნახირ-ნახირო.

“ნახირ-ნახირო” მარაქაში გარევას უნდა ნიშნავდეს. რადგან ორი მათგანი ყოფილია, ერთი _ არჩევნების მეორე ტურით ხელისუფლებაში გაჭირვებით მისული.

სამივეს ქვეყნის მართვის “მონობა სჭირთ”.

დრო არ აქვს მიშას თურმე, რეგიონის მასშტაბის ლიდერს. ეს, სრულიად კავკასიის ჩე გევარა მშობლიურ საქართველოში რევოლუციური გადატრიალების მოსაწყობად რძის ნაწარმით დატვირთული ტრაილერით ჩამოვიდა. აქეთ _ სასამართლო, იქით _ ჭირისუფლების მიღება; ნიკოლოზ გვარამიას ხელით განკარგულებების გამოცემა და ნიკანდრო მელიას იმედად ყოფნას იმდენი დრო მიაქვს, რომ ვერაფერს ვასწრებო, _ დაიჩივლა სასამართლოს სხდომაზე ლამის ორსაათიანი სიტყვით გამოსულმა ექსპრეზიდენტმა.

ყური არ ათხოვეს.

მაშინ აიღო და ჯერ კიდევ გლდანის ციხის პერსონალურ საკანში, რომელშიც ბადრაგის ორმა თანამშრომელმა “პოდრუჩკით” ისე ციმციმ შეიყვანა, როგორც ნატაშა როსტოვა თავის პირველ მეჯლისზე, ჯერ “კრემლის დიეტის” კურსი ჩაიტარა, შემდეგ _ კოსმონავტების სპეციალური კვების რეჟიმი ვაჟკაცურად გადაიტანა.

ამ გმირობის ავტორს (როგორც დედამისმა გიული ალასანიამ თქვა), საშუალებას არ აძლევენ ახალი გმირობის ჩასადენად.

პატიმრის საკანში ლაზარეთი გაუხსნეს, შემდეგ _ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მრავალპროფილიანი ლაბორატორია მოიწყო.

კომპიუტერული ტომოგრაფი მოითხოვა.

მიუტანეს. დაუდგეს.

სუპერკვალიფიციური მედიკოსების კონსილიუმის დანიშვნა მოინდომა. მიუყვანეს. სახალხო დამცველმა პირადი ერთგული ექიმების დუბლირებული კონსილიუმი სასწრაფოდ დაუნიშნა. ლომჯარიამ და მისმა ადმინისტრაციულმა ჯგუფმა ხელისუფლებას შვეიცარიაში სამკურნალოდ მისი გაგზავნა მოსთხოვა: _ ჩვენი მედიკოსები მათ დონეს ჩამორჩებიანო.

არ გაჭრა.

სააკაშვილმა ბუნების წიაღში უბადრაგოდ სეირნობის სურვილი გამოთქვა შერყეული ფსიქიკის აღსადგენად.

დაეტიე, სადაც ხარო!

მან თანდათან დაიჯერა, რომ დღესაც პრეზიდენტია.

იყავიო.

დასხდებიან სადღაც დუშეთში სამნი, შერიგების შესახებ მარგველაშვილის რაციონალიზატორული წინადადების განსახორციელებლად.

შუა დეკემბერი, შერიგება, შეხმატკბილება.

და _ კმაყოფილი სახეები ისტორიის ვითომ შემცვლელთა.

ან არ დასხდებიან.

ხოლო ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ცოლის, მისი შვილების დედის, მიმართ იკადრა, აფექტური პაციენტის პიროვნული დეგრადაციის თვალსაჩინო მაგალითია. არცთუ ახალი და გაუგონარი: როცა იმიერი ძალების ალოგიკური კონსტრუქცია სრულად იპყრობს ადამიანს.

რაც აღწერილი აქვს ტოლსტოის “კრეიცერის სონატაში”.

დარღვეული ფსიქიკის პიროვნების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად მოგვიწოდებენ საყოველთაო შერიგების აქტის განხორციელების გზით…

თუნდაც ამიტომ ვერ შედგება შერიგება.

არ შედგება.

არც გარიგება. ვერც ფასზე შეთანხმდებიან. თავისუფლება, როგორც ყოველთვის, ძალიან ძვირი ღირს _ სინდისის ფასი ადევს. ნაცებმა “ვერ გაიგეს”, რას ითხოვდა მათგან ხალხი, რადგან არ გააჩნდათ სინდისი _ საქონელი, რომელითაც უნდა ევაჭრათ.

ამიტომ დარჩა მიხეილი ციხეში.

“_ კანფეტკუ ხოჩიშ?

_ ხოჩუ!

_ ნეთუ…”

ეს კადრი ახალ ფილმში არ შევა. არ გადაუღიათ, რადგან არც სცენარისტია ცოცხალი, არც რეჟისორი. ფრუნზიკა დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა.

ნაცები მოუსავლეთის ჰორიზონტს უახლოვდებიან.

* * *

წმინდა ნინო კაბადოკიელმა წარმართთა სალოცავი რომ იხილა, ემცხეთა:

“…იდგა კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭვი ოქროსი, და თავსსა მისსა ჩაბალახი მყარი და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ხელთა მისთა აქუნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვაუკეთუ ვინმე შეეხებინ, თავი თვისი სიკუდილად განწირისდა კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაც და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვერცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნიიგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა (“ქართლის ცხოვრება”, გვ. 88-90).

ლოცვად დადგა წმინდა ნინო და, როცა დაასრულა, “…მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი და მიიღო სეტყუა ლიტრისა სწორი ადგილსა მას ოდენ ზედა, საყოფელსა კერპთასა. და დააწულილნა კერპი იგი და დამუსრნა…” (იქვე, გვ. 91). იესო ქრისტეს ძალით დალეწა.

წინაღობა უცებვე უნდა დაინგრეს, განადგურდეს მყისიერად. ნებისმიერი დაყოვნება, რაგინდ დემოკრატიის დამკვიდრების დროშით ტარდებოდეს, დამღუპველია, რადგან რჩება შხამიან წყაროდ ახალი ნეგატივიზმის წარმოშობისა.

წინაპრების მაგალითი ამას გვასწავლის.

საერთაშორისო კონფერენციების, მინისტერიალების ციკლების ჩატარება რაგინდარა ფორმატით, სამიტებისა და იმედისმომცემი ბრიფინგების მოწყობა, ხალხის კისერზე ყულფის უფრო მეტად მოჭერასავით არის.

დრო აქტორებისთვის არ მუშაობს. ისე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილს, საკანში მჯდარ დამნაშავეს, მისჯილი წლების გატარება ციხის ოთხ კედელში მოუწევს. ხომ იცით, რომ “მიშა! მიშა! მიშას!” ედმონ დანტესი, იგივე გრაფი მონტე-კრისტო იფის ციხეს საკუთარი ვაჟკაცობით, მოხერხებულობითა და რისკით თავს ვერ დააღწევს.

ერთადერთი საშუალება, როგორც ალექსანდრე სერის პოპულარულ ფილმ “იღბლიან ჯენტლმენებში”, ცემენტმზიდ ავტომანქანაზე დადგმულ ცისტერნაში დამალვა და ციხიდან გაპარვაა, მაგრამ არც გლდანის ციხეში, არც გორის ჰოსპიტალში სამშენებლო სამუშაოები არ ტარდება, მაშასადამე, ამ ტექნიკას იქ არ შეუშვებენ.

არ შეშინდე, ბაბაჯან, “კარგი ბიჭები”, რომლებთანაც საქმე დავიჭირე, უკვე მოელაპარაკნენ ბიოტუალეტების გამქირავებელ ფირმებს და მომავალ კვირას ან გლდანის ციხის, ან გორის ჰოსპიტლის შლაგბაუმებს მიაყენებენ ბიომასის გადასაზიდ ცისტერნას, საპყრობილის მთავარი საკანალიზაციო მილის გაუმტარობის მომიზეზებით, და კიევის ისტორიული სახლების სახურავების მწვერვალების დამპყრობ ალპინისტს მოუწევს ორიოდ საათი აყოლებულ ცისტერნაში თავის ამოუყოფლად ჯდომა.

არა უშავს, რადგან მისი კასტის ზოგიერთი წევრი გაცილებით მეტი ყროლია, ხოლო “საკუთარი განავალი არ ყარს…” ბერტოოლდ ბრეხტი! “კავკასიურიიი ცარციიის წრე!”

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here