Home რუბრიკები საზოგადოება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი: ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის

წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი: ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის

882

13 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ერთერთი გამორჩეული მეფის ვახტანგ I გორგასლის ხსენების დღეა. ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი _ ვახტანგ I საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. წმიდა მეფემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დღევანდელ დედაქალაქ თბილისს. მისი პოლიტიკური ორიენტაცია იყო მართლმადიდებელ საბერძნეთთან თანასწორუფლებიანი კავშირი, ქვეყნისა და ეკლესიის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.

ვახტანგ გორგასალი იზრდებოდა სპასპეტ საურმაგთან. 7 წლისას გარდაეცვალა მამა _ მირდატ მეფე. მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი, რომლის მამა _ ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართაც მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ამიტომ დაასწრო, თვითონ ეახლა მამას ბარდავში და სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე გახლდათ.

ცხადია, ასეთი სიტუაცია კარგს არაფერს უქადდა საქართველოს, მაგრამ, საბედნიეროდ, მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა კი დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა, შეუპოვრად აღუდგა წინ ბინქარანს, მაგრამ სპარსული პოლიტიკა მცხეთაში მაინც მძლავრობდა.

451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლი, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. შემდეგ კი საქართველოს მიწებს თავს დაესხნენ ბიზანტიელები. მანამდე მათ კლარჯეთიც დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში ლეგიონები გადმოსხა. ისინი ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მივიდნენ.

15 წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი _ მღვდელმთავარი მიქაელი. ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. მან განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო. იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.

ვახტანგ გორგასალს დედოფალმა ბალენდუხტმა ორი შვილი აჩუქა _ ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაჩი დაარქვეს.

მეფე ვახტანგ პირველს გორგასლის მუზარადზე წინიდან გამოსახული იყო მგელი, უკან _ ლომი. სპარსელები ამ მუზარადს სადაც დაინახავდნენ, ატეხდნენ ღრიალს: “დურ აზ გორგასარ!” (“ერიდეთ თავსა მგლისასა!”). ასე გაჩნდა წოდებაგორგასალი”.

ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსის თანამდებობა შემოეღო. პირველ კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად _ სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.

წმიდა მეფემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დღევანდელ დედაქალაქ თბილისს. მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ გზა განაგრძო და არმაზის ხევთან იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა ჯუანშერ სპასპეტი და თაყვანი სცა მას. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვირგვინოსანს. ამ დროს გამოჩნდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, ეპისკოპოსმა მეფეს ცილი დასწამა ქრისტიანობის უარყოფაში, ფეხი მოუქნია და კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს. მეფეს წინა კბილი მოტყდა და სისხლი წამოუვიდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს.

ვახტანგ მეფე დიდი აღმშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული. მან მცხეთაში ძველი, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლე ელენეს _ ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა დაასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა.

უჯარმა

502 წელს ქართლს სპარსეთის ურდო შემოესია. ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გაუშვა. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ კი სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღოდნენ. ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ბრძოლაში ვახტანგ მეფე ისრით დაჭრეს იღლიაში, რომელიც დასტაქრებმა ძლივს ამოიღეს, მაგრამ მეფის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ვახტანგმა გარდაცვალების წინ ახალ ხელმწიფედ დაჩი გამოაცხადა და ქართველ ერს ანდერძი დაუტოვა: ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის.

ვახტანგმა იმეფა 45 წელი და აღესრულა 60 წლისა 502 წელს.

მთელი საქართველო გლოვობდა ქრისტესთვის აღსრულებულ მეფეს, უჯარმიდან მცხეთაში გადაასვენეს, მის მიერ აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს დიდი პატივით და გულზე თავისი ზომის ლოდი დაადეს. ამის შემდეგ არასოდეს შეუწყვეტია საქართველოს ლოცვა წმიდა მეფესთან და ყოველთვის გრძნობს მის მეოხებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here