ცოტა ხნის წინათ უკრაინიდან პანტაპუნტით გამოყარეს სააკაშვილის გუნდის წევრები, რომლებიც, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, სააკაშვილთან ერთად, სიტუაციას ძაბავდნენ ქვეყანაში და ხელისუფლების დამხობით იმუქრებოდნენ. ამას მოჰყვა იტალიელი კინოდოკუმენტალისტების ფილმი, სადაც ქართველი სნაიპერები აღიარებენ, რომ მაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს სააკაშვილის მითითებით ესროდნენ. სწორედ ამ თემებს ეძღვნება Rusvesna.su–ს ვებგვერდზე ზახარ ვინოგრადოვის მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
“ისინი დაუნდობლად, სასტიკად აიყვანეს, ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს გუნდში იყვნენ. ერთი საკუთარ სახლთან დააპატიმრეს, როდესაც მაღაზიაში მიდიოდა. ცოლს ტელეფონით ეს-ემ-ესი გაუგზავნა: “დამაგვიანდება, არ ინერვიულო”. როდესაც ცოლმა ძებნა დაუწყო, შსს-ს განყოფილებამ ვერ უთხრა, რა დაემართა მის ქმარს. მეორე დაკავებისას სკოჩით (წებოვანი ლენტი) გაკოჭეს, მესამეს თავზე ჩამოაცვეს ტომარა, რომელიც მხოლოდ თვითმფრინავში მოხსნეს. რამდენიმე კი ოდესიდან ბორნით პირდაპირ ბათუმში გადაიყვანეს. სკოჩი და ტომრები მათ მაშინ მოაშორეს, როდესაც ბორანი უკვე ზღვაში იყო. უკრაინიდან საქართველოს ყოფილი მოქალაქეების გაძევების საიდუმლო ოპერაცია სახელმწიფო დაცვის სამმართველომ ჩაატარა. ექსტრადიციის ბრძანება კი პოროშენკომ გასცა. ასეთი რამ რუსეთში რომ მომხდარიყო, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, ეუთო და აშშ-ის კონგრესი, სანქციებთან ერთად, მყისვე განაცხადებდნენ პროტესტს სახელმწიფოს მეთაურისა და “დანაშაულებრივი ბრძანებების” შემსრულებელთა მიმართ, კიევს კი არაფერი უთხრეს. მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა არაფრისმთქმელი განცხადება: “უკრაინამ თავიდან უნდა აიცილოს უფლებების უზენაესობის სფეროში მოქმედებები, რომლებიც შეიძლება მოგვეჩვენოს პოლიტიკურად მოტივირებულად”.
თუმცა ამ შემთხვევაში არავის არაფერი მოჩვენებია. აქ საუბარია პოროშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა პოლიტიკურად მოტივირებულ გაძევებაზე.
ინსტრუქტორი, მძღოლი, მცველი და საფულე
ანტიქართული წმენდა უკრაინაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
ხერსონში, ივანოვო-ფრანკოვსკში, კიევში, ოდესაში ავტომატებით შეიარაღებული ძალოვანები დოკუმენტების წარუდგენლად აკავებდნენ ქართველებს, რომლებიც შემდეგ გადაჰყავდათ ბორისპოლის აეროპორტსა და ოდესის პორტში, საიდანაც აძევებდნენ საქართველოში.
“დაახლოებით დილის 11 საათზე ბინაში შემოიჭრა 15 ადამიანი ავტომატებით, შავი ნიღბებით და დაიწყეს ჩემი ცემა ფეხებით”, _ მოუყვა ჟურნალისტმა თამაზ შავიშვილმა თავისი დაკავების შესახებ “სტრანა.უა”-ს, _ თვალებზე სკოჩი ამაკრეს. ხელებზე ბორკილი დამადეს. როდესაც ცემა შეწყვიტეს, ამაყენეს და მითხრეს, _ თავით კედელს მიეყრდენიო. წყალი მოვითხოვე, რადგან პირი სისხლით მქონდა სავსე. მომცეს წყალი და პირსახოცი. ვეკითხებოდი: ვინ ხართ, რა გინდათ-მეთქი, მაგრამ დუმდნენ. შემდეგ ჩქარ-ჩქარა კიბისკენ წამიყვანეს. რომელიღაც მინივენის საბარგულში ჩამაწვინეს. 30 წუთის განმავლობაში მივდიოდით. მე ვფიქრობდი: სად დავარღვიე კანონი? გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინათ უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროსგან მივიღე წერილი, რომ მე აკრედიტებული ჟურნალისტი ვარ და შემიძლია მშვიდად ვიმუშაო უკრაინაში”.
შავიშვილი ამტკიცებს, რომ მისი ექსტრადიციის ოპერაციას ხელმძღვანელობდა ქვეყნის სახელმწიფო დაცვის უფროსი (პრეზიდენტის მთავარი მცველი) ვალერი გელეტეი.
უცნობია, საქართველოს რამდენი ყოფილი მოქალაქე გააძევეს ქვეყნიდან, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექსგუბერნატორის, უახლოეს წარსულში პოროშენკოს ამხანაგის, ამჟამად კი პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” შერისხული ლიდერის _ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან.
ექსტრადირებულთა სიაში არიან ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე ვანო ნადირაძე, მიხეილ სააკაშვილის მძღოლი მიხეილ აბზიანიძე, დაცვის უფროსი გიორგი რუბაშვილი, სააკაშვილის ძმა დავითი და სხვები. ისინი უკრაინაში კანონიერად იმყოფებოდნენ, ჰქონდათ ბინადრობის უფლება. გაძევების შემდეგ კი ზოგიერთს სამშობლოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე პასუხისმგება მოუწევს. ამას გარდა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კიდევ ერთი დარტყმა აგემეს: უკრაინაში შესვლა აუკრძალეს კობა ნაყოფიას, რომელსაც “სააკაშვილის საფულეს” ეძახიან. თვითონ სააკაშვილისთვის ჯერჯერობით ხელი არ უხლიათ, ისევე, როგორც პარტიაში მისი მოადგილისთვის, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძისთვის, თუმცა მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. სააკაშვილი ცდილობს, სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცოს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის არაკანონიერება, მაგრამ პროცესი ყოველთვის გადაიდება ხოლმე.
იტალიური კინო
სწორედ ამ დროს კიევს სიურპრიზი მოუმზადა იტალიამ _ canale 5-მა ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი “უკრაინა. დამალული სიმართლე”. ავტორი, იტალიელი ჟურნალისტი ჯან მიკალესინი, ამტკიცებს, რომ 2014 წლის 20 თებერვალს მაიდანზე იყვნენ ქართველი სნაიპერები, რომლებიც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს ესროდნენ. ფილმში ამ ვერსიიას ადასტურებს სამი ქართველი _ კობა ნერგაძე, ზალოგი კვარაცხელია და ალექსანდრე რევიშვილი, რომლებიც შედიოდნენ ჯგუფში დაქირავებული უცხოელი სნაიპერებისა, რომლებიც უკრაინაში სისხლიან პროვოკაციაში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ.
ქართველების თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ დახვრეტაში მიიღებდნენ მონაწილეობას, ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ მომიტინგეების მხარდასაჭერად გამოიყენებდნენ, მაგრამ ადგილზე ჩასულებს უბრძანეს, რომ ესროლათ როგორც აქტივისტებისთვის, ისე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის.
“დაქირავებულთა ამ ჯგუფში, _ ამბობენ ისინი, _ იყო კიდევ ერთი პირი _ ამერიკელი სნაიპერი ბრაიან კრისტოფერ ბოენჯერი”.
ამით სენსაცია არ ამოწურულა. ფილმში შემდგომ საუბარია იმაზე, რომ დახვრეტების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სააკაშვილი და მისი უახლოესი მხარდამჭერი მამუკა მამულაშვილი. სნაიპერებმა დაასახელეს უკრაინელი კურატორებიც _ პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბიი, “სახალხო ფრონტის” ერთ-ერთი ლიდერი სერგეი პაშინსკი და მაჟორიტარი დეპუტატი ვლადიმერ პარასიუკი.
ქართული კვალი, რომელსაც იტალიელმა დოკუმენტალისტებმა მიაგნეს, ხელს არ აძლევს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის გარემოცვასთან ურთიერთობის გარკვევაში, რადგან ანგრევს სურათს, რომელიც შექმნეს უკრაინის გენპროკურორ იური ლუცენკოს ხელქვეითებმა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მაიდანზე აქტივისტებს კლავდნენ “ბერკუტელები” იანუკოვიჩის ბრძანებით. იტალიელი ჟურნალისტების გამოძიება კი სხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა: მაიდანზე ხალხს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ესროდნენ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით.
სნაიპერები და არამხოლოდ
უკრაინიდან ქართველების უკანონოდ გაძევებისა და დახვრეტის ისტორიის გორგალი, რომლის ძაფიც სააკაშვილამდე და უკრაინელ პოლიტიკოსებამდე მიდის, აჩვენებს იმ სისხლის სამართლებრივ პროცესებს, რომლებიც ქვეყნის ამჟამინდელმა პოლიტიკურმა ელიტამ წამოიწყო.
როცა ამ ელიტას სჭირდებოდა სისხლიანი აქციების ორგანიზებაში ქართველი “სიკვდილის ლეგიონის” მონაწილეობა, სინდისის ქენჯნის გარეშე გამოიყენა. იმხანად რევოლუციის არც ერთი ბელადი არ შეშფოთებულა, რომ ხვრეტდნენ არა, უბრალოდ, მათ მომხრეებს, არამედ თანამემამულეებს. ამის შემდეგ სააკაშვილმა ყოფილ თანაკურსელ პოროშენკოსგან მიიღო მოქალაქეობა და ოდესის გუბერნატორის პოსტი.
ქართველებმა შეაღწიეს სამართალდამცავ სტრუქტურებსა და არმიაში, დაინიშნენ მინისტრებად. ისინი უკრაინაში იმიტომ კი არ ჩავიდნენ, რომ ქვეყანა აეშენებინათ და მშვიდობიანი ცხოვრება აეწყოთ, არამედ იმისთვის, რომ მაიდანზე მოეკლათ მომიტინგეები, ებრძოლათ სამოქალაქო ომში დონბასში, პოლიტიკური არენიდან კი გაეძევებინათ სააკაშვილის მტრები.
უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილში კონკურენტი დაინახა (პოროშენკოზე მეტად იაცენიუკმა, ავაკოვმა და სხვებმა) და სწრაფად მოაშორა ის ბაგას. და ახლა ქართველები, რომლებიც ბინძური მეთოდებით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ჩავიდნენ უკრაინაში, თვითონ აღმოჩნდნენ ფიზიკური ძალის გამოყენების მსხვერპლნი, თუმცა არ დავიწყებიათ ხმაურის ატეხვა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევაზე. რაც შეეხება პოროშენკოს, ის თავის დროზე იძულებული შეიქნა, მიეღო სააკაშვილი თავის გუნდში, არა იმიტომ, რომ მეგობარი იყო, არამედ იმიტომ, რომ 2014-2015 წლებში ის უკრაინაში ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გააგზავნა. სააკაშვილი უკრაინაში ამერიკის პრეზიდენტის ყურები და თვალები იყო.
როგორც კი დემოკრატები დამარცხდნენ არჩევნებში (2016 წლის 8 ნოემბერს), პოროშენკომ მყისვე გაათავისუფლა სააკაშვილი დაკავებული პოსტებიდან.
რაღა დარჩენია უკრაინის მოქალაქეობადაკარგულ სააკაშვილს, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული და რომელმაც უკრაინაში მხარდამჭერები დაკარგა, ხოლო ვაშინგტონში მფარველები? მხოლოდ ის, რომ იყვიროს პოროშენკოს სისხლიან რეჟიმზე, პოროშენკოზე, რომელიც 2014 წელს მის დაუხმარებლად არ ჩამჯდარა პრეზიდენტის სავარძელში!”
P.S. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ უკრაინის პრემიერმინისტრობას გამოჰკრავს ხელს, უკრაინიდან, შესაძლოა, 2017 წლის ბოლომდე გააძევონ, ოღონდ არა საქართველოში, არამედ პოლონეთში.