Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჩვენ არ ვართ ევროკავშირის კოლონია!”

“ჩვენ არ ვართ ევროკავშირის კოლონია!”

ევროკავშირის ავანსცენაზე ახალი ლიდერი გამოჩნდა

174

2021 წლის ივლისიდან სლოვენიის პრემიერი იანეზ იანშა ევროპის წამყვანი პოლიტიკოსების დონეზე გავიდა. მომავალი 6 თვის განმავლობაში მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ეს არც ისე სასიამოვნო ნაცნობობაა ევროგაერთიანების ბევრი ხელმძღვანელი პირისთვის.

იანეზ იანშას აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმბაძველად მიიჩნევენ მისი ლოზუნგის გადმოღებისთვის _ “სლოვენია უპირველეს ყოვლისა”. სოციალური ქსელებით გატაცების გამო იანშას “მარშალი ტვიტო” შეარქვეს, მიგრანტების მიუღებლობისთვის _ “ანტილიბერალური დემოკრატი”.

სლოვენიის პრემიერმინისტრმა, მემარჯვენე კონსერვატორმა, ევროპის საბჭოში თავისი ქვეყნის თავმჯდომარეობა დაიწყო განცხადებით ბლოკის დაშლაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს, თუკი რამდენიმე ქვეყანა განაგრძობსწარმოსახვითი ევროპული ფასეულობების თავსმოხვევასსხვა ქვეყნებისთვის, და იქვე ყველა გააფრთხილა, რომ სლოვენია არ ჩათვალონ “კოლონიად” ან “მეორე კლასის ევროპად”. იანშამ იცის, რასაც ლაპარაკობს: მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის წლებში. დროთა განმავლობაში ის მემარცხენე რადიკალიდან თავგამოდებულ სლოვენიელ ნაციონალისტად იქცა.

ვიქტორ ორბანი და იანეზ იანშა

სლოვენიის ხმა

ევროკავშირის 7 სახელისუფლო ორგანოდან მხოლოდ ერთი _ ევროპის საბჭო (რომელსაც ზოგჯერ უთანაბრებენ ევროპარლამენტის ზედა პალატას) _ ითვალისწინებს გაერთიანების ყველა წევრის თავმჯდომარეობას რიგრიგობით. მხოლოდ ეს მოედანი აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც გაერთიანების კურსისადმი ოპოზიციურად არიან განწყობილნი (მათ შორის არის სლოვენიაც), შესაძლებლობას, თავი წარმოაჩინონ, თუმცა ბრიუსელში ბიუროკრატიული კალენდრის მართვაც იციან. ასე რომ, ევროპის პოლიტიკურ ოლიმპზე იანეზ იანშას გამოჩენისთვის, კარგა ხანია, ემზადებოდნენ. ამ მოვლენას წინ უძღოდა მრავალი კრიტიკული სტატია პრესაში. ამ სტატიების უმრავლესობა ერთმანეთს ჰგავდა: სლოვენიელი ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა, როცა იანშა თავის ქვეყანას ხელმძღვანელობდა 2004-2008 წლებში, ევროკავშირთან სირთულეები არ ჰქონია, მაგრამ შემდეგ დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და 2015-2016 წლებში მასობრივმა მიგრაციამ ახლო აღმოსავლეთიდან ნაციონალიზმის პოზიციებზე გადასვლისკენ უბიძგა. მას შემდეგ იანშა მხარს უჭერს საზღვრებზე კედლების აშენებას, ჩხუბობს ლიბერალ ჟურნალისტებსა და მოსამართლეებთან, მეგობრობს უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან.

იანშა კრიტიკულად არის განწყობილი იმ იდეებისადმი, რომლებსაც ევროკავშირში თავიანთი ფასეულობების ნაწილად მიიჩნევენ. კერძოდ, მისთვის მიუღებელია ლგბტ თემის მხარდაჭერა, ამიტომ არავის გაკვირვებია უთანხმოება, რომელიც მომავალ პარტნიორებს _ იანეზ იანშასა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის პირველივე ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოხდა.

“ევროკავშირი აერთიანებს სხვადასხვა ტრადიციის, სხვადასხვა კულტურის ქვეყნებს… და ეს განსხვავებები უნდა გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ”, _ ქვეტექსტით განაცხადა იანშამ. ეს არ მოეწონა ფონ დერ ლაიენს. “სიტყვის თავისუფლება (კულტურული და რასობრივი) მრავალფეროვნება და თანასწორობა _ აი ფუნდამენტური ევროპული ფასეულობები”, _ თქვა ფრაუ ურსულამ. თვალსაზრისების გაცვლაში ევროპულმა მედიასაშუალებებმა კონფლიქტის ჩანასახი დაინახეს, რაც, როგორც ჩანს, სიმართლეა, რადგან ურსულა ფონ დერ ლაიენის მოადგილის, ფრანს ტიმერმანსის, რეაქცია საკმაოდ მკვეთრი იყო. მან უარი თქვა იანშასთან ფოტოს გადაღებაზე. სლოვენიას ევროპარლამენტში პირველი გამოსვლისას ცივად შეხვდნენ ფრაქციამწვანეებისადა ლიბერალების (Renew Europe) დეპუტატები.

“ვშიშობ, ბატონო იანშა, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არ გვიტოვებს შესაძლებლობას, გენდოთ თქვენ, _ განაცხადა ხალხის რჩეულმა ნიდერლანდებიდან მალიკ აზმანიმ, _ თქვენ მიისწრაფვით, შეხვიდეთ მანკიერ კლუბში ადამიანებისა, რომლებიც არ აფასებენ არც მასმედიის თავისუფლებას, არც მოსამართლეების დამოუკიდებლობას, არც ლგბტ პირების უფლებებს”. ევროპარლამენტში ფრაქცია “მწვანეების” თანათავმჯდომარემ სკა კელერმა კი იანშა, ყოფილი ჟურნალისტი, “სლოვენიური მასმედიის გაშავებაში” დაადანაშაულა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და იანეზ იანშა

აღმოსავლეთევროპული კავშირი?

დასავლეთევროპულ ქვეყნებთან პრობლემების კომპენსაციას იანშა უნგრეთთან დაახლოებით ცდილობს. როგორც ვიქტორ ორბანი, იანშაც კატეგორიული წინაამდეგია პოლიტიკაში ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის, ჩართვის. იანშა სოროსთან პოლემიკაშიც კი ჩაერთო სოციალურ ქსელში.

თავი შორს დაიჭირეთ ევროპისგან. თქვენი ბინძური ფული და .. არაკომერციული ორგანიზაციები კონტინენტზე კონფლიქტების ყველაზე სერიოზული პროვოკატორები არიან. ისინი ანადგურებენ ნდობას ხალხებს შორის და დემოკრატიას. ერთი Brexit უკვე საკმარისია. ევროპა უნდა აღდგეს”, _ დაწერა აღშფოთებულმა იანშამ.

სლოვენია, დიდი ხანია, იმ ერთ-ერთ ქვეყნად ითვლება, რომლის დახმარების იმედიც უნდა ჰქონდეს უნგრეთს, თუ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოისურვებენ საერთო ევროპულ კენჭისყრაზე. ისევე, როგორც ორბანის პარტია ფიდესი, იანშას სლოვენიის დემოკრატიული პარტიაც გამოდის იქიდან, რომ წარმოადგენს პატარა ქვეყანას, რომლის იდენტობასაც მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები საფრთხეს უქმნის, ამიტომ ჯერ კიდევ 2015 წელს ორივე ქვეყანამ შეიმუშავა საერთო მიდგომა მიგრაციის საკითხებისადმი _ კედლების აშენება საზღვრებზე. სლოვენიამ გაასწრო კიდეც მეზობელს, როცა კედლები ააშენა ხორვატიის საზღვარზე, ე.ი., უშუალოდ ევროკავშირის შიგნით, და ამით “დაიცვა” არა ევროპა, არამედ შენგენის ზონა იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც მასში არ შედიან.

“სლოვენია უპირველეს ყოვლისა!”, “ჩვენ გარეშე, სლოვენიელების გარეშე, არანაირი სლოვენია არ იქნება!” _ ამ ლოზუნგებმა, რომლებიც საუკუნის დასაწყისში მარგინალურად ითვლებოდა, 2018 წელს იანშას პარტიას გამარჯვება მოუტანა არჩევნებში. ევროპის საზოგადოებრივ აზრზე ორიენტირებულმა ადგილობრივმა მასმედიამ პრემიერის საწინააღმდეგო კამპანია ააგორა, მაგრამ ხელისუფლება ვერ შეარყია. მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა. მასმედიამ იანშას სოცქსელების ხშირად მოხმარების გამო და იუგოსლავიის ლიდერის, მარშალ იოსიფ ბაროზ ტიტოს, ანალოგიით “მარშალი ტვიტო” შეარქვა. იანშაც ხშირად უქმნიდა დისკომფორტს სლოვენიურ მედიას.

პატარა ქვეყანა და დიდი სახელმწიფო

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ბრიუსელის დაპირისპირების სიბრტყეში 2010 წელს ახალი მოთამაშე გამოჩნდა _ ჩინეთი. ევროკავშირთან კონფლიქტი რეალური პოლიტიკის ენაზე ნიშნავს მზადყოფნას, საქმე გქონდეს ჩინეთთან. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ვიქტორ ორბანი. მისი ქვეყანა აქტიურად ჩაერთო ინიციატივაში “ერთი სარტყელი _ ერთი გზა”, რომლის საკვანძო ელემენტი უნდა იყოს სარკინიგზო მაგისტრალი ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის. ორბანი ჩინური ბანკებიდან სიამოვნებით იღებს სესხებს, რომლებსაც აძლევენ იმ გათვლით, რომ ფული დაიხარჯება ჩინეთთან დაკავშირებულ პროექტებზე. ერთ-ერთი ასეთი პროექტია შანხაის უნივერსიტეტის ფილიალი ბუდაპეშტში.

სლოვენიისთვისაც, რომელიც დაპირისპირებულია ბრიუსელთან, ჩინეთთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩინური ინვესტიციების დიდი ნაწილი ხმარდება ქალაქ კოპერში პორტის განვითარებას, აგრეთვე, სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობასა და ადგილობრივი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციას. ჩინური ინვესტიციების უპირატესობა არის პოლიტიკური პირობების არარსებობა და ადგილობრივი კულტურის პატივისცემა. პოტენციური ნაკლოვანება _ ვალის ზრდა, რომლის გასტუმრებაც პატარა სახელმწიფოს შეიძლება ძალიან გაუჭირდეს. ეს არის ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ბუდაპეშტი და ლუბლიანა აღმოსავლეთით უფრო შორს ვერ მიდიან.

სლოვენია და უნგრეთი ევროკავშირისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას, რომელზეც უარს ვერ იტყვიან მით უმეტეს კრიზისის პერიოდში, ამიტომ იანშაც და ორბანიც ბრიუსელთან ურთიერთობაში კრიტიკულ ზღვარს არ გადავლენ, მათი ამოცანა სხვა რამეა _ სურთ, მათი ნათქვამიც შეისმინონ.

tass.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here