Home რუბრიკები საზოგადოება შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულებისას

შრომის უსაფრთხოება

45 წლის ზაზა აბრამიშვილი შუქრუთის მაღაროს გვირაბში ჩამოშლილი ლოდების ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. უბედური შემთხვევა ჭიათურაში 26 მარტს, გამთენიისას, მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის გამო ბოლო 5 წელიწადში 270 ადამიანი დაიღუპა, მათგან 18 _ 2017 წლის პირველ ნახევარში.

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, არაერთი წელია, მოითხოვენ, აღდგეს 2006 წელს გაუქმებული შრომის ინსპექცია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, არა მხოლოდ რეკომენდაციები გასცეს დამსაქმებლებისთვის, არამედ, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიებს დააკისროს კონკრეტული სანქციები. პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც 21 მარტს გამოქვეყნდა. კანონში მითითებულია, რომ შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს სანქციები იმ საწარმოებისა და დამსაქმებლების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედამხედველი ორგანოს მითითებები იქნება სავალდებულო. აღნიშნული კანონი 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, თათული თოდუას, განცხადებით, მიღებული შრომის უსაფრთხოების კანონი კარგია, თუმცა აქვს ხარვეზებიც, რომლებიც რეალობას ერთბაშად ვერ შეცვლის.

“შრომის უსაფრთხოების სფერო კომპლექსური საკითხია და, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ვხედავდით, იმიტომ, რომ სახელმწიფოში არ არსებობდა ორგანო, რომელიც გააკონტროლებდა შრომის უსაფრთხოებას. მუშებისთვის კი ეს არის საკმაოდ რთული საკითხი, რადგან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ცოდნა სჭირდება. ქაღალდზე მშრომელებს ბევრი უფლება აქვთ, სინამდვილეში კი ეს უფლებები უგულებელყოფილია დამსაქმებლის მიერ”, _ განაცხადა თათული თოდუამ.

სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი პირებისთვის სახელმწიფოს სისხლის სამართლებრივი კუთხით მკაცრი პოლიტიკა არ აქვს, რომელიც კომპანიებისა და საწარმოებისთვის მკაცრი შემაკავებელი მექანიზმი იქნებოდა.

“ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოებიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მონაცემები. დაახლოებით 90 საქმე იყო სასამართლოში განხილული. მათი უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა ან პირობითი მსჯავრით. მხოლოდ სამი საქმე იყო, როდესაც პირებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ”, _ განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნის, სოფო ჭარელის, განცხადებით, საკანონმდებლო პროექტის განხილვისას რამდენიმე საკითხი იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, კერძოდ, შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახური ყოფილიყო მაქსიმალურად ეფექტიანი და ბევრ სფეროზე გავრცელებულიყო მისი მოქმედების არეალი.

“საკვების მაკონტროლებელ ორგანოს არ სჭირდება სასამართლოს ნებართვა, რათა შეამოწმოს კვების ობიექტები. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, ვამბობდით, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის სამსახურს, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შეძლებოდა შრომის უსაფრთხოების შემოწმება, რადგან კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ამ ორგანოს სასამართლოს ნებართვის შემდეგ უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა საწარმოს შემოწმება. შემდგომ დაიხვეწა ეს მიდგომა და ახლა ეს სასამართლოს ნებართვის გარეშე შეუძლია. ჯარიმები კი შეიძლება იყოს სხვადასხვა ოდენობის, ეს უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია საწარმოს შემოსავალზე, თუმცა ყველაზე დიდი ოდენობის ჯარიმა 7 000 ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საკითხი არ იქნა გათვალისწინებული, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ეს კანონი პირველ ნაბიჯად, რადგან აქამდე გაწერილი სტანდარტები არ არსებობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედ ზედამხედველობის დეპარტმენტს, რეკომენდაციის გაცემის გარდა, პრაქტიკულად არანაირი უფლება არ ჰქონდა. იმუშავებს თუ არა სანქციები და აისახება თუ არა ეს დღეს შრომის უსაფრთხოებაზე, მომავალში გამოჩნდება”, _ აღნიშნა საიას საპარლამენტო მდივანმა სოფო ჭარელმა.

მოამზადა სოფიო კაკაჩიამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here