Home რუბრიკები პოლიტიკა ქობულიას ლობიო

ქობულიას ლობიო

1233
გიორგი ქობულია

გასულ კვირას მთავრობა, როგორც იქნა, საბოლოოდ დაკომპლექტდა. მიუხედავად იმისა, რომ საკადრო როტაციას ტოტალური ხასიათი არ ჰქონია, ზოგიერთი ცვლილება პრინციპულია და დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემცირდა ზონა, რომელიც ადრე ბიძინა ივანიშვილის უშუალო კონტროლს არ ექვემდებარებოდა და პრემიერმინისტრის პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნებოდა. გამორიცხული არაა, რომ სწორედ ამ “ჩრდილოვან ზონაში” მოხდა “რაღაც”, რამაც აიძულა ბიძინა ივანიშვილი, საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, შემდეგ კი გიორგი კვირიკაშვილი გადაეყენებინა (ის, რომ ეს იყო სწორედ გადაყენება და არა გადადგომა, კონსენსუსს საზოგადოების ლამის 99%-მა მიაღწია).

ბოლო დღეებში პროსახელისუფლო პროპაგანდისტები სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღაშფოთა გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის ალიანსმა, მათმა დამოუკიდებელმა ნაბიჯებმა ანაკლიის პორტის პროექტის თაობაზე და ა.შ. ისინი წერენ, რომ ამ ორი პირის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ხოლო დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ყოველივე ამას “ჭორები” უწოდა, ეს ადამიანები ცდილობენ, სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს ადგილი ჰქონდა რაღაც დიდ შეთქმულებას. ისინი თავს არ იწუხებენ იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ხაზარაძის ბანკის კლიენტები დააფრთხონ. გამორიცხული არაა, რომ ეს სტრესტესტია, რომლის მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს, ხაზარაძეს ცუდად გათვლილი ნაბიჯებისკენ უბიძგოს.

მიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი

საქართველოში ყველა დიდი ფულის პატრონი, 99%-იანი ალბათობით, მოხვდება ივანიშვილის “ეჭვმიტანილთა სიაში” ჯერ გადატანითი, შემდეგ კი, შესაძლოა, პირდაპირი მნიშვნელობით. ზოგადად კი, ოლიგარქიული სისტემა ხელს უწყობს მძიმე კონსპიროლოგიური ეჭვების გაჩენას, თუმცა კვირიკაშვილს (ხაზარაძესთან ერთად ან დამოუკიდებლად) მართლა შეეძლო, გადაელახა რაღაც უხილავი ზღვარი და ივანიშვილმა ეს დაუმორჩილებლობის გამოვლინებად აღიქვა. მას, სავარაუდოდ, არასდროს უთქვამს კვირიკაშვილისთვის: “ეს შეიძლება, ეს კი არაო” (ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ კვირიკაშვილი ამის გამო ხშირად ორჭოფობდა), პრემიერს კი უნდა ეგრძნო, რომ ივანიშვილისკომფორტის ზონაშიშეიჭრა, მაგრამ ამის უნარი არ აღმოაჩნდა. ამჟამად ყოფილი პრემიერი დუმს, როგორც პარტიზანი დაკითხვაზე და მხოლოდ იმას ამბობს, რომსაჯარო აქტივობა დაასრულა”.

მიუხედავად იმისა, რა შეცდომები დაუშვეს კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა, ის, რაც მათ თავს ხდება (სავარაუდო დაჭერასთან დაკავშირებული კამპანიის ჩათვლით) აღიქმება ათასობით ჩინოვნიკის მიერ, როგორც მესიჯი ლოიალურობის დადასტურების აუცილებლობაზე. საკადრო ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკში მოხდა, ძალოვან უწყებებში არაფერი შეცვლილა, აგრეთვე იმ სამინისტროებში, რომელსაც ადრეც ივანიშვილის პირდაპირი ვასალები აკონტროლებენ (ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა). ცალკე განხილვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში მომიტინგეები, არასამთავრობოების ნაწილი, აგრეთვე ნაცები და ევრონაცები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვდნენ. ის არა მხოლოდ დარჩა პოსტზე, არამედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ მთავარი პროკურორი მასთან დაახლოებული შალვა თადუმაძე გახდა; ამასთანავე, სასჯელაღსრულების სამინისტროც “შემოიერთა”. ამით ივანიშვილმა ოპონენტებს თითქოს ესკალაციის გაღრმავება შესთავაზა, თუმცა მათი რეაქცია არც ისე შთამბეჭდავი გამოდგა. “ქართულმა ოცნებამ” დაპირისპირება მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიტანა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს წულუკიანის გადადგომას მხოლოდ ნაციონალები მოითხოვენ, მაშინ, როდესაც პრეტენზიები მინისტრის მიმართ სხვებსაც დაუგროვდათ. ეს “ქართული ოცნების” “კლასიკური” პოლიტტექნოლოგიური შაბლონია _ ნებისმიერი პრობლემის დაკავშირება ნაციონალების ინტრიგებთან.

ივანე მაჭავარიანი
ივანე მაჭავარიანი

ახალი მინისტრების შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. მიხეილ ბატიაშვილის დანიშვნამ მეტწილად დადებითი გამოხმაურებები გამოიწვია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მის დაწინაურებაში, სავარაუდოდ, იმან შეასრულა, რომ მას დიდი უმაღლესი სასწავლებლის “აწყობის” და მართვის გამოცდილება აქვს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს სურს, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი ბოლომდე მიიყვანოს, თუმცა ცხადია, ეს არ იყო ერთადერთი კრიტერიუმი. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ _ ივანე მაჭავარიანს ფართო საზოგადოება შედარებით ცუდად იცნობს. თავის გამოსვლაში ის, ახალი პრემიერმინისტრის მსგავსად, კარგად აღწერდა პრობლემებს, მაგრამ ძალზე ბუნდოვნად საუბრობდა მათი გადაწყვეტის გზებზე.

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, აქ აღწერასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეიქმნა. ციტატა (მაგალითის სახით): “ანაკლიის პროექტზე ბევრი ლაპარაკი იყო. ეს არის მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის საკითხი. არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე იყოს. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი. ანაკლიის პროექტი არის აბსოლუტურად განსახილველი პრიორიტეტი. აქ არის საუბარი ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ მას. ჩემთვისაც პრიორიტეტია, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი და როგორ შეიძლება ჩემთვის პრიორიტეტი არ იყოს. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გადავხედოთ კიდევ ერთხელ. ჩემს გუნდთან საუბარი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ავწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო და შეიძლება განვაახლოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ ამას უფრო ახალი თვალით… როგორ გავხადოთ საქართველო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეს კორიდორი _ ჯერჯერობით პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს, მაგრამ გვექნება”.

მისი ნათქვამიდან ვინც აზრის გამოტანა მოახერხა, ალბათ, პრემია და ფულადი ჯილდო ეკუთვნის, უმრავლესობამ კი ვერაფერი გაიგო და მინისტრობის კანდიდატს დაზუსტება დასჭირდა, რომ იგულისხმა არა ანაკლიის პროექტის, არამედ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, და დერეფნის სტრატეგიის გადახედვა, თუმცა მეორე, “განმარტებითი” ციტატის მოყვანას აშკარად სადისტური ხასიათი ექნება. ზოგადად კი, დამსწრე საზოგადოების კონცენტრირება ანაკლიის პორტზე კვირკაშვილთან დაკავშირებული ეჭვებისა და ვარაუდების გამოძახილს წარმოადგენდა.

ორიოდე სიტყვა, ალბათ, კანდიდატის მეხსიერებაზეც უნდა ითქვას. ,,ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მე შეხვედრილი ვარ სადღაც 2007 წელს. შეიძლება გახსოვთ, იყო ასეთი ინიციატივა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების რაღაც კომისიასავით შეიქმნა და ამ ფარგლებში მახსოვს ჩამოსული ვიყავი. რაღაც კრიზისი იყო, ხომ გახსოვთ. მერე მახსოვს ძაან კარგად მცხეთაში წავედით, სალობიეში და ეს ძაან კარგად დამამახსოვრდა. კარგი იყო რა. წაგვიყვანეს ყველა და კაი ლობიო იყო განსაკუთრებით რა” (სტილი დაცულია), _ განაცხადა გიორგი ქობულიამ. საქმე ისაა, რომ სააკაშვილმა პირველი შეხვედრა უცხოეთში მოღვაწე ქართველ ეკონომისტებთან, რომელსაც ქობულიაც ესწრებოდა, 2009 წლის 31 იანვარს გამართა, მეორე კი 2 თებერვალს. “გვინდა რომ შევქმნათ დიდი საერთაშორისო საბჭო ჩვენი წარმატებული, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისგან კრიზისის საწინააღმდეგოდ”, _ განაცხადა მან. ის ცალსახად გულისხმობდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც 2008 წელს დაიწყო, და არა 2007 წლის ამერიკულ იპოთეკურ კრიზისს და მის თანმდევ 2007-08 წლების ფინანსურ კრიზისს. შესაბამისად, ან 2007-ში ადგილი ჰქონდა სხვა ჯგუფურ შეხვედრას, რაც ნაკლებ სავარაუდოა, ან ქობალიას ეშლება. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომაა, მაგრამ 2007 წლის საქართველო და 2009 წლის ომგამოვლილი საქართველო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, მათ წინაშე სხვადასხვა ეკონომიკური გამოწვევები (მათ შორის მსოფლიო კრიზისის გამო) იდგა. როგორც ჩანს, ქობულიამ ეს ვერ დაიმახსოვრა. კარგია, რომ ლობიო მაინც ახსოვს.

ამ დეტალებს თავი რომ დავანებოთ, მინისტრობის კანდიდატმა პრიორიტეტები მთლიანობაში სწორად მონიშნა _ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ინდუსტრიალიზაცია და ახალი საწარმოების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში და მათი განვითარება _ ყველაზე შთამბეჭდავი ამ კონტექსტში აგროპოლისების შექმნის იდეა იყო, მაგრამ კონკრეტიკის გარეშე ეს, ალბათ, მაინც პოეზია იყო. რა ინდუსტრიალიზაცია? რა მასშტაბის? რა რესურსებით? ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ის ვივარაუდოთ, რომ ლობიო ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, ვინაიდან ის მინისტრს ასე (მწარედ?) დაამახსოვრდა.

ეკონომიკური ბლოკის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე თამამ რეფორმებსაც კი მყისიერი ცვლილებები არ მოაქვს. პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა გადაღლილია, შესაბამისად, ბახტაძის კაბინეტს ძალიან მცირე დრო აქვს იმისთვის, რომ პირველი წარმატებების დემონსტრირება მოახდინოს. აქედან გამომდინარე, ის შეიძლება პიარის მძევალი გახდეს, რაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, პრინციპში, ბუნებრივი მდგომარეობაა. რაოდენ ბანალურადაც უნდა გაიჟღეროს, იძულებულნი ვართ, ვაცადოთ. ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here