მეორე კვირაა, ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სომხეთში განვითარებული მოვლენებია. ამ დღეებში არაერთი კომენტატორი დაფიქრდა იმაზე, შეიძლება თუ არა მსგავსი რამ საქართველოში მოხდეს და ეს მედიასა თუ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ფორმით გამოხატა.
ბევრ ქართველს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ ერთობ ქედმაღლური დამოკიდებულება ახასიათებს. ისინი მიიჩნევენ, რომ გზა, რომელსაც უკრაინა, სომხეთი ან რომელიმე სხვა რესპუბლიკა მიუყვება, ჩვენმა ქვეყანამ გაცილებით ადრე გაიარა. ამგვარად, მათი გამოცდილება ჩვენთვის საინტერესო თითქოს არაა. ეს, ალბათ, საშიში ილუზიაა _ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ტრანსფორმაცია საქართველოში შედარებით ადრე დაიწყო და საკმაოდ სწრაფად (თან მტკივნეულად) განვითარდა, წარსულში დაბრუნებისგან დაზღვეულნი ნამდვილად არ ვართ. ამის ნათელი მაგალითია სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც მოღვაწეობა რადიკალური რეფორმებით დაიწყო, სრულ მარაზმამდე მივიდა, ხოლო დაუნდობლობის თვალსაზრისით, გასული 50-60-იანი წლების ლათინოამერიკულ, ზოგიერთ შემთხვევაში კი აფრიკულ რეჟიმებს დაემსგავსა. ხელისუფლება არა მხოლოდ ჩაიძირა არქაიკაში, არამედ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ჩაითრია. იმის გათვალისწინებით, რა გვემართებოდა მაშინ (და გვემართება დღეს), პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილების იგნორირება საკმაოდ სულელურად გამოიყურება.
ზოგი სომხეთში განვითარებულ პროცესებს “ვარდების რევოლუციას” ადარებს, ზოგი კი ამბობს, რომ მსგავსი რამ საქართველოში 2012-ში მოხდებოდა, თუ სააკაშვილი პრემიერის სავარძელში გადაჯდომას დააპირებდა ისე, როგორც ეს სერჟ სარგსიანმა გააკეთა. გარკვეული პარალელების გავლება მართლაც შეიძლება, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში, ალბათ, არა წარსული, არამედ მომავალია. სომხებს ყელში ამოუვიდათ კორუფცია და ნეპოტიზმი, უმუშევრობა და სიღარიბე. საპროტესტო მუხტი ძალიან ძლიერი იყო _ ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა დასავლელმა პარტნიორებმა ის მართებულად გამოიყენეს, ისევე, როგორც 2014 წელს კიევში.
საქართველოში, ერთი შეხედვით, ანალოგიური ვითარებაა, მაგრამ მასების გაერთიანებას ხელისუფლების წინააღმდეგ ხელს უშლის რამდენიმე გარემოება. ძალიან ძნელია, ჩვენს ქვეყანაში იპოვო გაუსვრელი ოპოზიციონერი, საზოგადოების დიდი ნაწილი არც ერთ პოლიტიკოსს არ ენდობა, შესაბამისად, მათ გარშემო არ ერთიანდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებმა ერევნის საპროტესტო აქციების დროს საკვანძო როლი შეასრულეს, საქართველოში კი მათი ავტორიტეტი ბოლო წლებში შემცირდა, რადგან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორც 2003-ში, ისე 2012-ში ბევრმა სამოქალაქო აქტივისტმა ახალი ხელისუფლების მიმართ კონფორმისტული პოზიცია დაიკავა და, მარტივად რომ ვთქვათ, კარიერის კეთება დაიწყო. არის კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორი _ ცუდი ხელისუფლების ნაცვლად უარესის დაბრუნების, სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის შემცირებული, თუმცა კვლავინდებურად აქტუალური შიში.
ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ბოლოდროინდელი არჩევნები საქართველოში, ყველა მინუსის მიუხედავად, შედარებით პატიოსნად ტარდებოდა და საზოგადოება ნელ–ნელა მიეჩვია იმ აზრს, რომ ანგარიშსწორება ხელისუფლებასთან არჩევნებისთვის უნდა გადადოს.
სომხეთში კი, ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში სხვა დამოკიდებულება დომინირებდა _ “არჩევნებს აზრი არ აქვს”, “მაინც გააყალბებენ” და ა.შ. არის კიდევ ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტორი. ხელისუფლების შეცვლაზე ორიენტირებულ მოძრაობას ჩვეულებრივ მთავარი სამიზნე სჭირდება, რომელიც ძველ მმართველობასთან დაკავშირებულ მთელ ნეგატივს განასახიერებს _ სერჟ სარგსიანი იქნება, ვიქტორ იანუკოვიჩი, ედუარდ შევარდნაძე თუ მიხეილ სააკაშვილი. ბიძინა ივანიშვილი კი ბოლო დრომდე სადღაც კულისებში იმალებოდა _ არც ოფიციალურ პოსტს იკავებდა, არც ტელეეკრანებზე ჩნდებოდა. რა მიზანი უნდა დაესახათ ასეთ ვითარებაში მის ოპონენტებს _ კვირიკაშვილს ან რომელიმე სხვა მარიონეტის გადაყენება? ან რა უნდა მოეთხოვათ ივანიშვილისგან? გადადგომა? რომელი პოსტიდან? ქვეყნიდან წასვლა? როგორ ან რის საფუძველზე? თანაც ქვეყნის დატოვება პოლიტიკაზე გავლენის შენარჩუნებას არ გამორიცხავს (გიულენის მაგალითი). თუმცა, როგორც გაირკვა, ივანიშვილი მალე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს და ამ მხრივ ვითარება შეიცვლება.
ხელისუფლებამ, ასე თუ ისე, მოახერხა ამომრჩევლების დარწმუნება, რომ “ქართული ოცნების” წასვლა ნაციონალების (ძველების თუ ახლების, რა მნიშვნელობა აქვს) დაბრუნების ტოლფასია, რაც საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმისთვის, რომ ამ მითის მსხვრევა დაიწყოს, უნდა გამოჩნდნენ ძლიერი ლიდერები, რომლებიც არც ერთ მხარესთან არ ასოცირდებიან და შეუძლიათ “კონსენსუსის წერტილი” შექმნან, როგორც ეს სომხეთში ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა. მოახერხებს თუ არა ამას ალეკო ელისაშვილი ან რომელიმე სხვა ლიდერი, რომელიც თავს “მესამე გზის” განსახიერებად აცხადებს, და გაერთიანდებიან თუ არა მის გარშემო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, საეჭვოა.
ის, რაც სომხეთში მოხდა კულმინაცია კი არა, ძალიან გრძელი გზის დასაწყისია. კომენტატორები დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, ვინ შეიძლება დაიკავოს ესა თუ ის პოსტი, რას ამბობენ ბრიუსელი, მოსკოვი და ვაშინგტონი, რა ხდება ყარაბაღში და ა.შ., მაგრამ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში, ალბათ, ისაა, რა გზით წავა ერევნის ახალგაზრდობა, რომელმაც გასულ კვირას საკუთარი ძალა იგრძნო _ რა მოთხოვნები გაუჩნდება მას სამი ან ხუთი წლის შემდეგ და ვის შეეძლება მისი ემოციების მართვა.
აშკარაა, რომ სომეხი საზოგადოების ცხოვრებაში ახალი ფაქტორი გაჩნდა. გვყავს თუ არა ჩვენ დღეს ახალგაზრდობა, რომელმაც შეიძლება ხელისუფლებაზე ანალოგიური მასშტაბის ზეწოლა მოახდინოს? ჩვენ ვხედავთ ბევრ კარიერისტ და კონფორმისტ ახალგაზრდას საპარლამენტო უმრავლესობაში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხოლო მეამბოხეები, რომლებიც სისტემის უსამართლობას უარყოფენ, ავანსცენაზე იშვიათად გამოდიან. დროდადრო ცალკეული ჯგუფები კონკრეტულ ფაქტებს აპროტესტებენ, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სტუდენტების ფართო მასების აყოლიებას ვერ ახერხებენ. ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს _ ზოგადი ინერტულობა, ხელისუფლების ღია თუ ფარული კონტროლი უმაღლეს სასწავლებლებზე და, რაც მთავარია, უნდობლობა და ნიჰილიზმი. საუბრები დიად და ნათელ იდეებზე, როგორც წესი, ერთ დასკვნამდე მიდის: ხელისუფლებაში მაინც ისეთივე ნაძირლები მოვლენ, როგორც ადრე.
სომხეთში განვითარებული მოვლენების უკან იდგა არა მხოლოდ ემოციური აღტკინება, არამედ ცივი გათვლა და გავლენიანი ჯგუფების ინტერესები, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილის, უპირველესად კი ახალგაზრდების, იდეალიზმის გარეშე, ერევანში, სავარაუდოდ, არაფერი მოხდებოდა. საქართველოში ეს რეალური პრობლემაა _ იდეალისტები სანთლით საძებნელნი გახდნენ; იშვიათია, ვინმე საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთოს ისე, რომ საკუთარი, სავსებით კონკრეტული (კარიერისტული, მერკანტილური) ინტერესი არ დაინახოს _ 2003, 2007, 2012 წლებში ასე არ იყო. ერთი მხრივ, პრაგმატიზმი და სკეპტიციზმი საზოგადოებას შეცდომებისგან აზღვევს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელს უწყობს კონფორმიზმის გავრცელებას.
სომხეთში ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი თავიდანვე იქცეოდა ისე, თითქოს იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც სარგსიანის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, პაშინიანის მხარდაჭერის ტოლფასი იყო. რაღაც მსგავსი ჩვენ 2003 და 2012 წლებში ვიხილეთ. ასე ჩნდება ნდობის კრედიტი, რომელიც გაფლანგეს სააკაშვილმა და ივანიშვილმა, და ფაშინიანი, სავარაუდოდ, იმავეს გააკეთებს. საპროტესტო გამოსვლების ლიდერი გასულ დღეებში ხშირად იმსახურებდა აპლოდისმენტებს, თუმცა არაერთმა ქართველმა ექსპერტმა ერთობ სევდიანად მიანიშნა, რომ პაშინიანი პოტენციური სააკაშვილია.
სომხურ პოლიტიკაში, ქართულისგან განსხვავებით, გავლენის ცენტრი ბევრია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე დიასპორაში. ავტორიტარული ლიდერიც კი იძულებული იქნება, მათ ინტერესებს გაცილებით დიდი პატივისცემით მოეპყროს, ვიდრე შევარდნაძე, სააკაშვილი ან ივანიშვილი, რომლებიც საქართველოს ტოტალური გაკონტროლებისკენ მიისწრაფვოდნენ (რამდენად გამოსდიოდათ, სხვა საკითხია), მაგრამ პოპულიზმისა და ფართო სახალხო მხარდაჭერის ტალღაზე მოსულმა ფაშინიანმა შეიძლება თამაშის წესების შეცვლა სცადოს, რათა სხვადასხვა ბიზნეს და პოლიტიკური ჯგუფების (თუ კლანების) გავლენა მაქსიმალურად შეზღუდოს. სხვათა შორის, სააკაშვილის მიმდევრები დღემდე მიიჩნევენ, რომ მკაცრი ერთმმართველობა “აუცილებელი ბოროტებაა”, რომლის გარეშე მასშტაბური რეფორმების გატარება შეუძლებელია. საბოლოოდ, ეს “განვითარების დიქტატურის” თეორიამდე დადის, რომელიც 50-60 წლის წინათ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აღმოცენდა.
შესაძლოა, გავლენიანი კლანები გაერთიანდნენ და ფაშინიანი შეაჩერონ, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის ხელისუფლებაზე სრულ კონტროლს დაამყარებს და სააკაშვილივით მოიქცევა. ეს ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ სომხეთს და მთელ რეგიონს დიდი გამოწვევების წინაშე დააყენებს. ისღა დაგვრჩენია, მეზობლებს პროცესების მშვიდობიანი დასრულება ვუსურვოთ და აღვნიშნოთ, რომ ნიადაგი სააკაშვილის მსგავსი პოპულისტი ლიდერების აღმოსაცენებლად ჩნდება იქ, სადაც ხელისუფლებას ქვეყანა სტაგნაციიდან ვერ გამოჰყავს. შესაბამისად, საქართველოში “ახალი სააკაშვილის” (ძველი წარსულში ჩარჩა) გამოჩენის ალბათობა საკმაოდ მაღალია და ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა სომხეთისგან არაფრით განსხვავდება.
ლუკა ნემსაძე