Home რუბრიკები ისტორია “ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

1168
ანა დრანსე

 XVIII საუკუნეში აშკარა განადგურებით დაემუქრა კახეთის მოსახლეობას. ლეკები უდიდეს საფრთხეს უქმნიდნენ გარეშე მტრების მიერ ისედაც აწიოკებულ ქვეყანას. შამილის მარბიელი რაზმის მსხვერპლი აღმოჩნდა თავადის _ დავით ჭავჭავაძის ოჯახი, რომელმაც დაღესტანში ტყვეობის უმძიმესი თვეები გამოიარა. ეს საშინელი ამბავია მოთხრობილი ანა დრანსეს წიგნშიშამილის ტყვე ქალები”.

ფოხალის კოშკი

მალე ფოხალის კოშკის შეღმართებს შევუდექით. ბილიკი, რომელსაც მივუყვებოდით, თავისი უთავბოლო მისახვევ-მოსახვევით არაფრით ჩამოუვარდებოდა არიადნას ძაფს. აღმართმა ხუთ საათს შეგვიყოლია. ახლა მხოლოდ კნეინა მოდიოდა ცხენზე მჯდარი. მართალია, ივანემ მეც შემომთავაზა, ცხენზე დავმჯდარიყავი, მაგრამ ჩვენი გზა ისეთ სახიფათო ადგილებზე გადიოდა, ფეხით სიარული ვარჩიე.

როცა საკმაოდ მაღლა ავაღწიეთ, დავინახეთ ფოხალის კოშკი. იგი აღმართულია ფრიალო კლდეზე, თავბრუდამხვევი უფსკრულის პირას. თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა კამეჩების, ხარებისა და ცხენების ნახირი, დატვირთული მდიდრული ნადავლით. შამილის კარვები მიმობნეული იყო კოშკის ძირას. ამ ადგილებში ვხედავდით მწყემსებს, რომლებიც ყვიროდნენ და კლდიდან კლდეზე თხებივით დახტოდნენ, არაფრით რომ არ ჩამოუვარდებოდნენ მათ სამკვირცხლეში. ისინი გვაცქერდებოდნენ გაუმაძღარი ცნობისმოყვარეობით: ჩვენმა გამოჩენამ ეს მივარდნილი ადგილი გამოაცოცხლა.

რაც უფრო მაღლა მივიწევდით, მით უფრო მდიდარი ხდებოდა მცენარეული საფარი. ნისლი თანდათანობით სქელდებოდა და მთათა წვეროკინები იფარებოდა მასიური ღრუბლებით, რომელთა ალაგ-ალაგ გაცრეცილ, თხელ მარმაშში მკრთალად მოჩანდა სხვა მთათა თოვლიანი სიმაღლეები. გზა იმდენად ძნელი სავალი იყო, იძულებული ვიყავით, ხშირად შეგვესვენა. უკანასკნელი შესვენებისას მინდოდა რითიმე მადლობა გადამეხადა ივანესათვის იმ სამსახურის გამო, რაც მე და კნეინას გაგვიწია. გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ მქონდა შერჩენილი საყურეები, რომლებიც ჰაჯი-ქერიმის ხარბი მზერისაგან დაფარული იყო სწორედ იმ ჩვრით, რომელიც მან თავზე მოსახვევად მესროლა. საყურეები სიამოვნებით მივეცი ივანეს. იგი კმაყოფილი დარჩა საჩუქრით და, რამდენადაც შეეძლო, განაგრძობდა ჩვენზე მზრუნველობას.

კოშკს მიახლოებულებმა დავინახეთ ათი ათას კაცზე მეტი. ისინი იდგნენ ორ წყებად. ჩვენ მათ შორის უნდა გაგვევლო. მთელი ეს ხალხი თითქმის შიშველტიტველი იყო. ჩვენ მათი განსაკუთრებული გაოცებისა და ცნობისმოყვარეობის საგნად გადავიქეცით: საკუთარი სახლის კედლებს მიღმა უჩადროდ გამოსული ქალები არასოდეს ენახათ, და ახლა ირგვლივ ირეოდნენ, რათა ჩვენი სახეები დაენახათ. ყველაფერი, რაც კი აქ გზადაგზა გვხვდებოდა, გვაოცებდა თავისი ველურობით. აქაიქ შამფურის მაგივრად გრძელ მარგილებზე ხარები წამოეგოთ და კოცონებზე წვავდნენ, იქვე სისხლიანი ტყავები გამოჰყავდათ. როდესაც ცნობისმოყვარენი გზას მეტისმეტად მჭიდროდ გვიღობავდნენ, მაშინ მათ, როგორც ძაღლებს, მათრახის ცემით ერეკებოდნენ.

ამ აღვირახსნილ ურდოთა შორის წყვილ-წყვილად მივდიოდით. მათ რიგებში იმყოფებოდა რამდენიმე ნაიბი. ისინი სხვა მთიელთაგან მედლებით გამოირჩეოდნენ. ჩვენ გველოდებოდა ხაჯი, შამილის მოურავი, მისი ერთ-ერთი უერთგულესი მიურიდი. ძლიერ გამიკვირდა, როცა შევნიშნე, რომ ჩვენს შემხედვარეს თვალები ცრემლით აევსო.

ფოხალის კოშკში გამჭოლ კიბეს შევყავდით. ამ კიბით ავედით. შემდეგ განვვლეთ რამდენიმე მიწისქვეშა სართული და ბოლოს ნახევრადწყვდიადში აღმოვჩნდით. ერთმანეთის გარჩევა მხოლოდ კარგა ხნის გასვლის შემდეგ შევძელით. ჩვენს შორის იმყოფებოდნენ, აგრეთვე, გიორგი ორბელიანი, თამარი, სალომე და ალექსანდრე ჭავჭავაძე. რამდენიმე საათის შემდეგ მობრძანდა კნეინა ჭავჭავაძე, მაგრამ, ღმერთო ჩემო, სულიერად და ფიზიკურად რა განადგურებული გამოიყურებოდა! ქალბატონს განსაკუთრებით უკლავდა გულს საყვარელი ლიდიას გაურკვეველი ხვედრი. საბედნიეროდ, ტყვეობის დასასრულამდე არაფერი ვიცოდით ამ პაწაწინას ბედის შესახებ, და ეს ცოტათი მაინც გვაიმედებდა, რომ ბალღი გადარჩებოდა. ჩვენ შორის იმყოფებოდა პატარა ევა, სწორედ ის უბედური ბავშვი, ვისი დედაც მთიელებმა მკვდრად ჩათვალეს და მიატოვეს. კნეინა ჭავჭავაძემ მას ძუძუ აწოვა და ამას მანამ აკეთებდა, სანამ ამის შესაძლებლობა ჰქონდა.

ცოტ-ცოტაობით ერთად მოვიყარეთ თავი, რაც ჩვენთვის, ჭეშმარიტად, სასიხარულო იყო. ჩვენი ჯგუფიდან გამუდმებით აღავლენდნენ ღვთის სამხვეწრო ლოცვას. მალე ამ მიწისქვეშეთში ჰაჯი-ქერიმი შემოვიდა და კნეინა ჭავჭავაძეს მიმართა:

_ გინდა, შამილთან მიგიყვანო?

_ მე მას არ ვეახლები, თვითონვე შეუძლია აქ მობრძანდეს.

_ მაგრამ მას სურს, თავისთან მოგელაპარაკოს.

_ ნუ წახვალთ, კნეინა, ეს კაცი ტყუის, _ ვთქვი მე.

_ ყოველ შემთხვევაში, თუ მაინცდამაინც წახვალ, _ დაუმატა კნეინა ორბელიანმა, _ თან წაიყოლიე რამდენიმე ქალი.

თავადი ილიკო ორბელიანი

კნეინა ჭავჭავაძე მტკიცე უარზე იდგა და შამილთან წასვლას არ აპირებდა. ამასობაში კნეინა ორბელიანისა და მისი ვაჟიშვილის სანახავად მოვიდნენ ნაიბები. ორბელიანთა გვარი მათთვის კარგად იყო ცნობილი, განსაკუთრებით კნეინას მეუღლის მამაცობის შემდგომ. რამდენიმე წლის წინათ თავადი ილიკო ორბელიანი შამილის ტყვეობაში იმყოფებოდა (ილიკო ორბელიანის შამილთან ტყვეობის ამბავს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ). როცა ვედენოში მიიყვანეს, იმამმა განკარგულება გასცა, იგი მისთვის წარედგინათ.

_ იმპერატორ ნიკოლოზს წერილი მისწერე, რათა დამიბრუნოს შვილი ჯემალ-ედ-დინი, _ მოსთხოვა შამილმა ტყვეს. თხოვნას თუ შემისრულებენ, იმწამსვე გაგათავისუფლებ.

_ ამას იმპერატორს არაფრის გულისათვის არ ვსთხოვ, _ უპასუხა თავადმა. _ უმჯობესია ამ იმედს გამოემშვიდობო. მე არ შემიძლია მისი განხორციელება.

შამილს არაფერი უპასუხია. გავიდა ექვსი თვე. თავადი ურყევად იდგა თავის გადაწყვეტილებაზე. ჩააგდეს ხაროში. ამ სახის ორმოები ითხრება ვიწროდ და მისჯილნი მასში კიბით ჩადიან. სურსათ-სანოვაგის მიწოდება ხდება სამ-ოთხ დღეში ერთხელ. ჰაერი ხაროში იმ ხვრელიდან აღწევს, საიდანაც მისჯილი ჩადის. ეს ორმოში მსხდომთა ნელ და მტანჯველ სიკვდილს იწვევს.

შამილი დაჟინებით სთხოვდა თავადს, მისი წადილი შეესრულებინა, მაგრამ _ ამაოდ. საბოლოოდ იმამს ამბავი მიუტანეს: ტყვე უკიდურესად არის დაუძლურებულიო. მაშინ შამილმა ბრძანა, იგი ორმოდან ამოეყვანათ. სუფთა ჰაერზე ამოყვანილი თავადი ძლივსღა სუნთქავდა. იმამმა ერთ-ერთ უერთგულეს მსახურს დაავალა, ყველაფერი ეღონა თავადის დასაყოლიებლად, მაგრამ ვერც მან მოახერხა რაიმე. ამან შამილი წარმოუდგენლად გააღიზიანა, ბრძანა, თავადი მასთან სასახლეში მიეყვანათ. თვითონ სერალის ერთ-ერთ ოთახში დაიმალა, საიდანაც ტყვის თვალთვალი ადვილად მოსახერხებელი იყო. ამის შემდგომ თავადს მიუახლოვდა ნაიბი შეიარაღებული ხალხის თანხლებით:

_ ილიკო ორბელიანო! _ უთხრა იმან, _ შენ მალე უნდა დატოვო ამქვეყნიური ცხოვრება, მაგრამ შამილი პატივს სცემს შენს მამაცობას და ამიტომაც ნება დაგრთო, აირჩიო სიკვდილის საშუალება. ნება შენია _ როგორი სიკვდილი გირჩევნია?

_ ყველაზე სწრაფი, _ უპასუხა თავადმა.

შეაყენეს ჩახმახები, ზოგიერთმა თოფი კიდეც დაუმიზნა და მხოლოდ ბრძანებასღა ელოდებოდნენ. ამ დროს გამოვიდა შამილი.

_ ილიკო ორბელიანო, _ უთხრა მან და ხელი გაუწოდა, _ უშიშარი ყოფილხარ. ამის გამო არ შემიძლია პატივი არ გცე. ფარულად თვალს ვადევნებდი შენს გამომშვიდობებას სიცოცხლესთან. წარბიც არ შეგიხრია, არც ერთი მოძრაობით სიმხდალე არ გამოგიმჟღავნებია, არ შემდრკალხარ. დღეიდან ჩემს პირობით ტყვედ გთვლი, ვენდობი შენს ვაჟკაცობას.

დაიწყეს მოლაპარაკება თავადის გადასაცვლელად იმ ტყვე მთიელებზე, რომლებსაც შამილი, აგრეთვე, დიდად აფასებდა. თავად ილიკოს ტყვეობა 9 თვეს გაგრძელდა და მისმა გამგზავრებამ გულწრფელად დაამწუხრა ყველა ნაიბი. შამილიც იზიარებდა მათ გრძნობებს, რისი საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ის გახლდათ, რომ კნეინა ორბელიანსა და მის ვაჟს უდიდეს პატივს სცემდა.

ამგვარად, თავადი ილიკოს მარტო სახელის ხსენებაც კი მფარველობას გვიწევდა. გვეწვივნენ შამილის არმიის უმთავრესი სარდლები, გარს შემოერტყნენ კნეინა ორბელიანს.

_ კნეინა! შენი ქმარი კარგი ვაჟკაცია, _ ეუბნებოდა ერთი იმათგანი.

_ კნეინა, სადაა თქვენი შვილი? გვაჩვენე! _ სთხოვდა მეორე და სიამოვნებით სინჯავდნენ მშვენიერ გიორგის. მრავალი მთიელი ცდილობდა, დაერწმუნებინა კნეინა ორბელიანი, რომ მისი ქმარი არ მომკვდარა, რომ იგი თურქებმა ტყვედ იგდეს ხელთ და გარკვეული დროის შემდეგ დააბრუნებდნენ. ეს გაუთავებელი მისვლა-მოსვლა გულს უწყალებდა და მძიმე ტვირთად აწვა კნეინებს. იმ დროს, როცა მათ ესოდენ მწუხარე ფიქრები უფორიაქებდა გულსა და გონებას, იძულებულნი იყვნენ, მოთმინებითა და თავაზით ეპასუხათ დაუსრულებელ შეკითხვებზე, რომლებიც შეეხებოდა თვითონ მათ და მათ ბავშვებს, მე. მიუხედავად ამისა, კნეინა ორბელიანი ყველას ყურადღებითა და თავაზით, მაგრამ ღირსების სრული დაცვით ეპყრობოდა. მან არაერთხელ იკითხა, თუ რის მიღებას მოისურვებდა შამილი მისი ოჯახის საფასურად, მაგრამ ყველაზე მეტად ცდილობდა გაეგო, თუ რა პირობებს წამოაყენებდა შამილი კნეინა ჭავჭავაძისა და მისი ბავშვების გათავისუფლებისთვის. როგორც იქნა, მოვიდა იმამის რწმუნებული და შემდეგი გამოგვიცხადა: იმამის სურვილია, იმპერატორმა ნიკოლოზმა დაუბრუნოს მას შვილი და თავადმა ჭავჭავაძემ გადაუხადოს უშველებელი თანხა _ თავისუფლებას მხოლოდ ამის შემდეგ მივაღწევდით.

დასასრული

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here