უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: “ძალაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება” და “სასამართლო ორგანოების მუშაობაში ჩარევა”. ამის შესახებ განაცხადა ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იურისტმა ანდრეი პორტნოვმა.
“ვავიწროებთ წრეს და ველოდებით გენერალური პროკურორის (იური ლუცენკოს _ ნ.კ.) გადადგომას, რათა დავიწყოთ პირველი დაკავებები და დაპატიმრებები”, _ დაწერა პორტნოვმა სოციალურ ქსელში. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს სპეციალისტებს პოროშენკოს მიმართ აღძრული აქვთ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. მას ადანაშაულებენ სახელმწიფოს ღალატში, დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზებაში, გადასახადების დამალვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, სასამართლო ხელისუფლების უზურპაციაში, აგრეთვე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უკანონოდ დანიშვნაში.
გამოძიების ბიურომ სახელმწიფო ღალატის მუხლით გამოძიების დასაწყებად საკმარის საფუძვლად ცნო ის ამბავი, რომ უზენაესი რადის (უკრაინის პარლამენტი) სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ 3 წლის განმავლობაში ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არმიაში მაროდიორობისა და კორუფციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.