უახლოეს პერიოდში  პროდუქტებზე ფასების შემცირება გამორიცხულია

    ქვემო ქართლის რეგიონი  გამორჩეულია  იმით, რომ  იქ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს.  ისინი, ძირითადად, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში არიან დასახლებულნი და შრომასთან, მიწათმოქმედებასთან ასოცირდებიან. ჰო, ამ ადამიანებმა ნამდვილად იციან შრომაც და მისი ფასიც. ყველას ემახსოვრება, რომ სწორედ მარნეულიდან და გარდაბნიდან, არა მხოლოდ დედაქალაქი,   თითქმის  მთელი საქართველო მარაგდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით – ბოსტნეულით, მწვანილით, ბაღჩეულით. ახლა კი… ახლა  კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. სამწუხაროდ, ისე მივეჩვიეთ შემოტანილ პროდუქტებს, რომ ისინი, ვინც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, ამ სფეროში მუშაობაზე ნელ-ნელა უარს ამბობენ – მეზობელი ქვეყნებიდან ისე  იაფად შემოდის პროდუქტები, რომ მათი აქ მოყვანა აზრს კარგავს…

    ერთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ: აზერბაიჯანი – 1,412 მლნ დოლარის ღირებულების 5 817 ტონა; თურქეთი – 52,4 ათასი დოლარის ღირებულების 216 ტონა; ნიდერლანდები – 2,4 ათასი დოლარის ღირებულების  0,9 ტონა; ისრაელი – 500 დოლარის ღირებულების (ტონაჟი სიმცირის გამო მითითებული არ არის). თქვენი აზრით, რა არის ეს და რა შემოვიტანეთ ამ  რაოდენობის მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, თანაც ისე მნიშვნელოვანი, რომ 500 კილოგრამიც კი აღწერეს სტატისტიკოსებმა? გაგიკვირდებათ და, საუბარია ხახვზე. ჰო, ჩვეულებრივ ხახვზე, რომელსაც ოჯახების უმრავლესობა ყოველდღიურად მოიხმარს. ახლა ერთი „საიდუმლოც“ უნდა გაგიმხილოთ – მხოლოდ მარნეულსა და გარდაბანში  დაუმუშავებელი (ვიმეორებთ – დაუმუშავებელი) მიწები რომ დავამუშაოთ და ხახვი დავთესოთ, იმდენს მოვიყვანთ, სრულიად  საქართველოს ეყოფა და ექსპორტზეც  საკმაო რაოდენობით  გავიტანთ. ასე იყო ადრე, „ავადსახსენებელი“ კომუნისტების პერიოდში,   კოლმეურნეობები მოსავლის აღებას რომ ვერ აუდიოდნენ,  სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს  დაიხმარდნენ ხოლმე. დავყავდით ბავშვები ხახვის, ჭარხლის, ბოლოკის, ბადრიჯნისა და პომიდვრის მოსავლის ასაღებად, რთველში და გარდა იმისა, რომ ეს იყო პრაქტიკულად მუქთა მუშახელი, რაც სახელმწიფოს ეკონომიკას ეხმარებოდა, ყველა ეჩვეოდა შრომას და ყველამ იცოდა, რომ უშრომლად დოვლათის შექმნა გამორიცხულია. ახლა კი წარმოდგენაც არ გვინდა, რა დღეში ჩავარდება მშობელთა უმრავლესობა, მისი შვილი ხახვის ასღებად რომ წაიყვანონ და ვინმემ  უთხრას, შენი შვილი კარგი ფერმერი გამოვა, სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესი აქვსო. არადა, ყველაზე მეტად მცოდნე აგრონომები გვაკლია.

    კიდევ ერთ საინტერესო სტატისტიკას გავეცნოთ: სამხრეთი კორეა – 3,38 დოლარი; კოსტა-რიკა – 3,25 დოლარი; პუერტო-რიკო – 3,22 დოლარი; აშშ – 2,89 დოლარი; ტაივანი – 2,88 დოლარი და კიდევ 5 ქვეყანა:  ბანგლადეში – 32 ცენტი; პაკისტანი – 36 ცენტი; ინდოეთი – 36 ცენტი; ნეპალი – 37 ცენტი; ეგვიპტე – 38 ცენტი. ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც კარტოფილი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფია. დღევანდელი ფასებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ერთი კგ კარტოფილის ფასი დაახლოებით 0,50-0,53 ცენტია, რაც ძვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ  საკითხავია,  როგორი ხარისხის კარტოფილს მივირთმევთ. ბევრი დიასახლისისგან გსმენიათ, ალბათ, რომ ბოლო პერიოდში კარტოფილს შავი წერტილები და თეთრი ლაქები მოუმრავლდა. პოპულარულ „ჩატჯიპიტის“ რომ ჰკითხოთ, ეს რას ნიშნავსო, გიპასუხებთ, რომ ასეთი კარტოფილი საჭმელად რეკომენდებული არ არის. ჩვენ კი ვიცით, რომ ეს არის დაავადება, რომელიც პესტიციდების გადაჭარბებული მიცემის შედეგად ნიადაგში ჩნდება და შემდეგ ნაყოფში გადადის. ერთხელ  მირთმევა ჯანმრთელობისთვის საშიში  არ არის, მაგრამ ხშირი  გამოყენების შემთხვევაში  ორგანიზმში ილექება  ის ქიმიკატები, რომლებიც  უმძიმეს დაავადებებს  იწვევს. რა თქმა უნდა, კარტოფილის უდიდესი ნაწილიც იმპორტირებულია და, თუ მარნეულსა და გარდაბანს შეუძლია მთელი საქართველო მოამარაგოს ხახვით, სამცხე-ჯავახეთსა და სვანეთს  აქვს პოტენციალი, ქვეყანა ჯანსაღი კარტოფილით უზრუნველყოს, მაგრამ…

    წლების წინათ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ზემო სვანეთში კარტოფილის შეტანა იქნებოდა საჭირო, რადგან არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც 3-4 ტონა კარტოფილი არ მოჰყავდა, ჯანსაღი, გემრიელი კარტოფილი. ახლა კი…  სვანეთში ტურიზმის განვითარებამ ადგილობრივები გააზარმაცა და კარტოფილს ვინ ჩივის, ხარები რომ დაგჭირდეთ თივის მოსატანად, მთელ სვანეთში  ვერ იშოვით. იქაურებმა მცირე ზომის სატვირთოები იყიდეს. არადა, სვანეთში თითო უღელი ხარი ყველა ოჯახს ჰყავდა და ერთმანეთს აჯიბრებდნენ, რომელი უფრო დიდი და ჭკვიანი იყო. ქალაქიდან ჩასული დამსვენებელი ბავშვებიც მოხიბლული იყვნენ ხარების ზომებითა და გამძლეობით, ახლა კი… აღარც ხარია და აღარც მიწაზე მომუშავე ხალხი. ყველა ცდილობს, რამდენიმე ოთახი გაარემონტოს, ტურისტს ღამის გასათევი გაუწყოს და ამით სრულდება ზამთრისთვის სამზადისი, იმ ზამთრისთვის, რომელსაც ადრე ქალაქიდან ჩატანილი ფქვილის ტომრებით, რამდენიმე ტონა კარტოფილითა და ხორცით ხვდებოდნენ.

    რა თქმა უნდა, ძნელია, ადამიანები აიძულო, გინდა თუ არა, მიწა დაამუშავეთო, რადგან ფიზიკურ შრომასთან ერთად შემოსავალიც მწირია. ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, ერთი ტურისტი დღეში იმდენს ტოვებს, ოთხ ტომარა კარტოფილს ეყოფა და ასეთ შემთხვევაში ძნელია სხვა რამეზე  კონცენტრაცია. არადა, მთელი სვანეთი მუზეუმივით არის, ყველა და ყველაფერი აინტერესებთ ტურისტებს, ყველგან მიდიან და შემოსავალიც მეტ-ნაკლებად ყველა ოჯახს აქვს, ამიტომ  აღარც ბავშვები უყურებენ, როგორ მუშაობენ მშობლები მიწაზე, არ და ვერ სწავლობენ  კარტოფილის მოყვანასა თუ ურემში ხარების შებმას და, რაც მეტი დრო გავა, მით  უფრო მიეცემა ეს ყველაფერი დავიწყებას…

    ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების ფონზე საადრეო პროდუქტები  ძალიან ძვირი იქნება და  გეტყვით რატომაც. ირანიდან შემოდიოდა საადრეო ხილი და საზამთრო. სწორედ ირანულმა საზამთრომ გადარია კახელი გლეხები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ირანიდან შემოტანილი იმაზე იაფად იყიდებოდა, ვიდრე აქ მოყვანილი.  შესაბამისად, ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე (სოციალურ მდგომარეობაზე გეტყვით ერთ-ერთ მაღაზიაში ორიოდე დღის წინათ ნანახს: საკმაოდ ღარიბულად ჩაცმულმა მამამ  4-5 წლის შვილს ტარხუნის ლიმონათი უყიდა. ბავშვს ლიმონათი უნდობლად ეჭირა ხელში, მაგრამ, როცა მამამ ფული გადაიხადა და მაღაზიიდან გადიოდნენ,  დაიჯერა, რომ უყიდეს და სიხარულით ბოთლს აკოცა, გულში ჩაიკრა) მუშტარიც მეტი ჰყავდა. ირანის გზა ჩაკეტილია და არავინ იცის, როდის გაიხსნება, როგორ მდგომარეობაში იქნება იქაური ინფრასტრუქტურა და შეძლებს თუ არა ეს ქვეყანა უახლოეს 2-3 წელიწადში, იმავე რაოდენობით აწარმოოს პროდუქტები კი არა, ზოგადად, ნებისმიერი რამ. ვრჩებით თურქეთისა და რუსეთის იმედად. რუსეთში  პანდემიამ იფეთქა და ხორცის გზა ჩაიკეტა, ეს ამ პროდუქტის  გაძვირებას გამოიწვევს. შეგვრჩა თურქეთი პროდუქტებითა და ფასებით, რომელსაც იქ არსებული ინფლაციის გათვალისწინებით მაქსიმალურად გაზრდის და შეეცდება, საქართველოსა და  მის მსგავს ქვეყნებზე ორმაგი და სამმაგი გამოიმუშავოს. სამწუხაროდ, საკვებზე ადამიანები უარს ვერ იტყვიან და იძულებულნი იქნებიან, ძვირია თუ იაფი, იყიდონ.            

    ფასების შემსწავლელი კომისია კი გვპირდება, აპრილის ბოლოს დასკვნასაც გამოვაქვეყნებთ და გარკვეულ პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად შემცირდებაო, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში  ფასების შემცირება გამორიცხულია, რადგან სასურსათო ბაზარზე ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება. პროდუქტების გაძვირებას  ნავთობზე  ფასის მატებაც უწყობს ხელს და, სანამ ირანში საომარი ვითარება იქნება, ნავთობის გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. ეს არის მწარე რეალობა და ახლა, გაზაფხულზე, მაინც შეგვეძლო ხახვი  და კარტოფილი დაგვეთესა, მაგრამ… ზოგადად, ბევრი რამ შეგვეძლო, მაგრამ არც ადრე გავაკეთეთ რამე და არც ახლა ვიწუხებთ თავს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here