Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ ეპოქის ბედნიერება და ბედისწერა

სტალინი _ ეპოქის ბედნიერება და ბედისწერა

სტალინი და ბერია

არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს

ლუკას სახარება. 8.17

მსოფლიოში ყველგან და ყველა ეპოქაში სიმართლე ლეგენდით იწყება და გარკვეული დროის შემდეგ სიმართლით მთავრდება, თანამედროვეთა სიმართლე კი მითად იქცევა. ასე მონაცვლეობს მითი და სინამდვილე. ჩვენი თაობა ორი ეპოქისა და ორი სახელმწიფო ფორმაციის გზათა გასაყარზე გაიზარდა. შევესწარით სიმართლის მითად გამოცხადებას და მითის სიმართლედ გადაქცევას.

“სტალინმა სამხედრო სტრატეგიული რუკა არ იცოდა და ფრონტს გლობუსით ხელმძღვანელობდა” _ ეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისის “სიმართლეა”, რომელიც 1956 წლის თებერვალში თქვა კომპარტიის მე-20 ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვმა, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ეს სტალინის სადისკრედიტაციოდ შეთხზული მითი იყო. ასე გარდაიქმნა სიმართლე მითად, ხოლო თავის დროზე აღიარებული მითი _ სიმართლედ.

ბევრჯერ მიცდია, ხელში აღებული კალამი ლავრენტი ბერიაზე შეთხზული მითების საწინააღმდეგოდ მიმემართა, მაგრამ მხოლოდ გაგონილი მითების წინააღმდეგ ბრძოლა “ქარის წისქვილებთან ბრძოლაა”, ნამდვილ დოკუმენტებამდე მიღწევა კი ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ თანამდეროვე მკვლევარს ბევრ რამეზე მიუწვდება ხელი, დღევანდელ პირობებში, გამოცდილი ისტორიკოსების გადმოცემით, ფართო საზოგადოებას იმ რეალობაში არ ახედებენ, სადაც ჭეშმარიტება დევს.

საარქივო მასალების წმენდა ჯერ ხრუშჩოვმა ჩაატარა “გულმოდგინედ”, შემდეგ _ გორბაჩოვმა. და “რაც მიწისძვრას გადურჩა, წარღვნამ დააზიანა”. ის ნაწილი კი, რომელსაც ჯერ კაცის ხელი არ შეხებია და არქივის მთლიანი მოცულობის 30% უკავია, ზესაიდუმლოდ ინახება კრემლის საცავებში და არავინ ფიქრობს მის გახსნას _ ამას ამბობს სტალინის ფენომენზე მომუშავე საზღვარგარეთელი თუ ადგილობრივი მკვლევრების უზარმაზარი არმია.

სტალინის ფენომენის მკვლევართაგან, ჩემი აზრით, ყველაზე სანდონი არიან სტალინზე აზრშეცვლილი მკვლევარისტორიკოსები, რომლებიც პირველები დაუშვეს საარქივო მასალებთან, რათა სტალინზე უარყოფითი წერილები დაეწერათ. ეს მკვლევარისტორიკოსები მასალების შესწავლისას შეეჯახნენ რეალობას, რომლის გადაკეთებაც მათთვის წარმოუდგენელი იყო. ეს ხალხი მალე დაითხოვეს არქივიდან, მათ მიერ აღმოჩენილი მასალების დიდი ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი კი შეცვალეს იმავე ნომრით, ოღონდ ყალბი მასალებით, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. ამ მკვლევართაგან გამოვყოფ ცნობილ ამერიკელ ისტორიკოსს, პროფესორ გროვერ ფეერს; მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრ ალექსანდრე ზინოვიევს; ყოფილ ანტისტალინელს, პროფესორ იური ჟუკოვს _ სტალინზე არც ისე შეყვარებულ მკვლევარისტორიკოსს, დღეს კი სტალინის ფენომენის მიუკერძოებლად მკვლევარს.

ერთ-ერთ ინტერვიუში იური ჟუკოვი ამბობს:

“მე-19 ყრილობის დასკვნით პლენუმზე არჩეული იქნა ქვეყნისა და პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები, პლენუმის სტენოგრამიული ანგარიში და პლენუმის წევრთა მოხსენებები კი არც ერთი პიროვნებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ის ჩანაწერები, რომლებიც პლენუმზე მოხალისეებმა გააკეთეს, ეკუთვნის საიდუმლო სამსახურების იმ განყოფილებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სიმართლის დასამალავად სხვადასხვა ხერხით ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, მათ მიეკუთვნება მწერალ კონსტანტინე სიმონოვის ჩანაწერები პლენუმის შესახებ, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ამ პლენუმზე და დარწმუნებით იცის თუ არა რამ პლენუმის მიმდინარეობის შესახებ, იური ჟუკოვი ამბობს:

“_ არათუ ვიცი, ამ პლენუმის სტენოგრამიული ანგარიში ხელში მეჭირა, მაგრამ ეს ანგარიში ისეთ საიდუმლო საცავში ინახება, სადაც არათუ დოკუმენტის ფოტოასლის აღება, ფანქრის შეტანაც კი არ შეიძლება. ჩემი იქ შესვლა სხვადასხვა გარემოებით იყო გამოწვეული.

ხომ წაიკითხეთ? _ ეკითხება ჟურნალისტი. იური ჟუკოვი უდასტურებს, რომ წაიკითხა ის, რაც არავის წაუკითხავს. პლენუმის გადაწყვეტილებაში ჩაწერილია, რომ სტალინის წინადადებით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ პლენუმმა აირჩია ლავრენტი ბერია, ხოლო ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად _ გიორგი მალენკოვი (ყრილობაზე გაუქმდა გენერალური მდივნის პოსტი, აგრეთვე, პოლიტბიურო და ის პრეზიდიუმად გადაკეთდა).

აქ ვამთავრებ ჟუკოვის ინტერვიუდან ამონარიდს, რადგან ამ ინტერვიუდან მხოლოდ ის მაინტერესებდა, რაც მოგახსენეთ, და რატომ მაინტერესებდა, ამასაც აქვე გაგაცნობთ: ლავრენტი ბერიას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ სამომავლო დანიშვნა იმ შემთხვევაში შეიძლება  დასაშვები ყოფილიყო, თუ ამას სტალინი კონსპირაციის მიზნით ჩათვლიდა საჭიროდ, რადგან ყრილობამ და პლენუმმაც ისე ემოციურად აღნიშნეს სტალინისადმი მხარდაჭერა, რომ ყრილობის დარბაზის არქიტექტურულ ნაწილს ჩამონგრევის საფრთხე შეექმნა.

სრულიად მსოფლიოში ლაფში გადაგდებული ეროვნული დროშის აღმართვის მოწოდებამ და ყრილობის სხვა ფუნდამენტურმა სამომავლო გადაწყვეტილებებმა კაპიტალისტურ სამყაროს დემონური შიშში მოჰგვარა, დაიმსხვრა მითი სტალინის ჯანმრთელობის გაუარესებასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებაზე. სტალინი კვლავაც მშვიდობისა და დემოკრატიის ბურჯად მოევლინა მსოფლიოს და მხსნელად _ მსოფლიოს პროლეტარიატს. გარდაქმნის მძიმე ტალღამ, პარტიის როლის შესუსტებამ, პოლიტბიუროსა და პარტიის გენერალური მდივნის პოსტის გაუქმებამ, აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერებამ და ახალგაზრდა კადრებით ძველის შეცვლის უკვე თვალსაჩინო მაგალითებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძლევამოსილი ქვეყნის ასაკგადაცილებულ სამთავრობო ელიტას. ამოქმედდა პრინციპიჯერ თავო და თავო, მერე _ ცოლო და შვილო”; მეორე პლანზე გადაიწია ზესახელმწიფოს ინტერესების დაცვამ. ქვეყნის ხელისუფლებამ ფარულ ხელთან ერთად გადაწყვიტა, მოეკლა ღმერთი. ვინ იყვნენ ის ბარბაროსები, რომლებმაც თავიანთი ღმერთი მოკლეს, ან ვინ იყო ის ღმერთი, რომელიც ნახევრად მკვდარმა მოკვდავებმა მოკლეს?

“ეპოქალურმა კატასტროფამ, რომელიც “დედამიწის ღერძის” (ი. ნონეშვილი) გადატეხის ტოლფასი იყო, მთლიანად შეცვალა სამყარო და მშრომელი კაცის მზე ჩაესვენა მსოფლიოში”.

ქართული პოეზიის დედოფალი ანა კალანდაძე 1953 წლის მარტის იმ საშინელ დღეებში წერდა:

ზანგის გულმაც დაიკვნესა:

ერთი მადლი კიდევ ქენი,

ჯერ ნუ წახვალ, ხალხის მამავ,

მონობიდან დაგვიხსენი”.

არათუ ზანგის ბიჭი ვერ გადაურჩა მონობას, დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული ზემძლავრი სახელმწიფო ბნელსა და უკუნეთში მოექცა.

სტალინის დაკრძალვიდან 15 დღის შემდეგ ლენინ-სტალინის საქმის “დიდმა” გამგრძელებლებმა 1953 წლის 21 მარტს მიიღეს მინისტრთა საბჭოს დადგენილება, რომელმაც მსოფლიოს მომავალ მერვე საოცრებას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

სტალინის დედა კეკე, ლავრენტი ბერია, პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და სტალინი
სტალინის დედა კეკე, ლავრენტი ბერია, პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და სტალინი

რას ეხებოდა მთავრობის გადაწყვეტილება?

  1. ტრანსპოლარული მაგისტრალის მშენებლობის შეწყვეტას.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხელახალი საომარი მოქმედებების საფრთხის ზრდის პირობებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ, რათა  დანარჩენი ცენტრალური რეგიონები ქვეყანასთან დაეკავშირებინათ. მშენებლობა 1947 წელს დაიწყო, იქ 80 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. მათგან დაახლოებით მესამედს სპეცკონტიგენტი შეადგენდა, დანარჩენი ნებაყოფლობითი დაქირავებული მუშახელი იყო. სამუშაოები საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობდა, თუმცა  ხუთ წელიწადში გზის მშენებლობა თითქმის დასრულდა. დამყარდა სატელეგრაფო კავშირი ქვეყნის ჩრდილოეთ ტერიტორიებსა და მოსკოვს შორის. მატარებლები რკინიგზაზე, თუმცა მცირე მანძილზე, მაგრამ უკვე მოძრაობდნენ, რადგან გზა ჯერ კიდევ არ იყო ექსპლუატაციაში გადაცემული. სტალინის სიკვდილის შემდეგ გზის დაკონსერვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ეს პროცესი ძვირი აღმოჩნდა და ამიტომ ის, უბრალოდ, უპატრონოდ მიატოვეს. მოგვიანებით კი, 1970-იან წლებში,  კომპლექსური მშენებლობის დასაწყებად ამ ტერიტორიაზე მუშახელის ვერტმფრენებით გადაყვანა უწევდათ, შემდეგ უკვე _ ასაფრენი ბილიკების დაგება და სამშენებლო მასალის საწარმოებლად, კომბინატების ასაწყობად დეტალების  თვითმფრინავებით გადატანა. სახელმწიფოს ეს ყველაფერი ათობით მილიარდი უჯდებოდა. ტრანსპოლარულ მაგისტრალს რომ ემოქმედა, ეს ყველაფერი შედარებით იაფი დაჯდებოდა. დღეს უამრავი გეგმა არსებობს ციმბირის ამ  ნაწილში რკინიგზის მშენებლობისთვის, მაგრამ ჯერ ცნობილი არ არის, როდის მოხდება მათი რეალიზება და, საერთოდ, მოხდება თუ არა.

  1. სახალინზე გადასასვლელი გვირაბის მშენებლობის შეწყვეტას.

სახალინზე გადასასვლელი გვირაბი აუცილებელი იყო საჭიროების დროს, მაგალითად, საომარი მოქმედებებისას კუნძულზე  სამხედრო დაჯგუფებების გადასაადგილებლად. არსებული საბორნე გადასასვლელი მნიშვნელოვანი  რაოდენობის დაჯგუფების  სწრაფი  გადაადგილების საშუალებას არ იძლეოდა. ტევადი სატვირთო თვითმფრინავები მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა. ხიდისა და გვირაბის მშენებლობა სახალხო მეურნეობის კომპლექსში კუნძულის ჩართვას უზრუნველყოფდა. ხიდის მშენებლობა გვირაბის მშენებლობასთან ურთიერთკავშირში იყო და სწორედ ამიტომ  1952 წლის გაზაფხულზე  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ხუთას ორმოცი კილომეტრის სიგრძის სარკინიგზო მაგისტრალისა  და 10-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა  იგეგმებოდა. რამდენიმე თვეში ტერიტორიაზე   მშენებლობისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობა იქნა შეტანილი. 1953 წლის 21 მარტს კი მშენებლობა შეჩერდა. გვირაბის მშენებლობა ხელს არ აძლევდა მათ, ვის ინტერესებშიც არ შედიოდა შორეულ აღმოსავლეთში სსრკის გაძლიერება.

  1. .. ბუნების ტრანსფორმაციის გეგმის შეჩერებას.

1948 წელს სსრკ-ის მინისტრთა საბჭომ  მიიღო დადგენილება სტეპებსა და ნახევრადსტეპებიან  რეგიონებში  მოსავლიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად,  ქარსაცავი ზოლების გაშენების, სარწყავი არხებისა და წყალსაცავების  მშენებლობის შესახებ. გაზეთებში ამ გეგმას მაშინვე სტალინის  “ბუნების ტრანსფორმაციის”  გეგმა უწოდეს. წარმოდგენილი კომპლექსური პროგრამა, სულ მცირე, 15 წლით,  120 მილიონი ჰექტრის ოდენობის ტერიტორიების სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართვას უზრუნველყოფდა. ამ პროექტის ფარგლებში დაირგო ასიათასობით ხე, შედეგად შეიქმნა 5000 კილომეტრის სიგრძის დამცავი ზოლი. ასეთ ზოლებს მინდვრები გვალვებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მშრალი ქარებისგან უნდა დაეცვა. გეგმის შესაბამისად, მინდვრები  ახალი წესით მუშავდებოდა. სრულყოფილ სახეს იღებდა  სახნავ-სათეს მიწებზე მინერალებისა და ორგანული სასუქების შეტანა-გამოყენება; მიმდინარობდა ადგილობრივი ბუნებრივი პირობების მიმართ გამძლე, რჩეული  მარცვლეულის დათესვა. იზრდებოდა  სოფლის მეურნეობაში კაპიტალდაბანდება. კოლმეურნეებისთვის ახალი ტექნიკის გადაცემამ სტალინის გეგმის რეალიზება პირველ წელსვე უზრუნველყო. მარცვლეულის  მოსავალი 30 პროცენტით გაიზარდა, ბოსტნეულის _ 70 პროცენტამდე, ბალახის _ 200 პროცენტამდე, ამის წყალობით შეიქმნა მეცხოველეობის კვების მყარი ბაზა. სტალინის გეგმის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი სამანქანო და სატრაქტორო ბაზების არსებობამ ითამაშა. სოფლის მეურნეობის ასეთი ტემპით მატების შედეგად, სსრკ-ს 1960 წლისთვის ქვეყნის მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება და ექსპორტის გაზრდა შეეძლო, მაგრამ… 1953 წელს გეგმის განხორციელება შეწყდა. უფრო მეტიც, დაიწყო გაშენებული ტყის მასივის გაჩეხვა. ყველა ტექნიკა, რომელიც გეგმის განხორციელებისას იყო ამოქმედებული _ ავტომობილები, ტრაქტორები და კომბაინები, ხრუშჩოვის მავნებლური და განწირული  პროექტის განსახორციელებლად იქნა გადაყვანილი. მალევე, მისი ინიციატივით, სამანქანო-სატრაქტორო სადგურები  დაიხურა.

  1. ფასების ყოველწლიური შემცირებისა და კერძო მეწარმეობის შეწყვეტას.

სტალინის მმართველობის პერიოდში ყოველი სახის პროდუქციისთვის საკონტროლო ციფრები დგინდებოდა. ამან ქვეყანას სამამულო ომში დანგრეული ეკონომიკის აღდგენის საშუალება მისცა. 1947 წლიდან კი ინფრასტრუქტურის  განვითარებისთვის მთავარი  ამოცანა ფასების ყოველწლიური შემცირება იყო. სტალინის სიკვდილის შემდეგ საწარმოებს წარმოებული პროდუქციის ღირებულების მიხედვით უწევდათ ანგარიშის ჩაბარება, შედეგად  ფასების შემცირების შესაძლებლობა დავიწყებას მიეცა. სტალინის პერიოდში კი ქვეყანას ფასების შემცირების საშუალება ჰქონდა. გარდა ამისა, ხრუშჩოვის მმართველობის წლებში გაუქმდა სხვადასხვა პროდუქციის დამამზადებელი მცირე საწარმოები, რომლებშიც 6 მილიონამდე ადამიანი იყო დასაქმებული. 140 ათასამდე საწარმო კი დაიხურა, ამან ქვეყანაში  პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია.

  1. აბორტის აკრძალვის გაუქმებას.

1936 წელს სტალინის ინიციატივით ცენტრალური კომიტეტის მიერ მიღებული იქნა აბორტების აკრძალვის სპეციალური დადგენილება, რომელიც მრავალშვილიანი მშობიარეებისთვის სახელმწიფო  დახმარებას, აგრეთვე, სამშობიარო სახლებისა და  საბავშვო ბაღების გაფართოებას ეხებოდა. ამ კომპლექსური გეგმის წყალობით, უკვე  1953 წელს მოსახლეობამ ომამდელ რაოდენობას მიაღწია. კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ საბჭოთა კავშირში 1955 წლის 23 ნოემბრამდე არსებობდა, შემდეგ კი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციები ისევ აღდგა.

  1. საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის აკრძალვის გეგმის შეწყვეტას.

1952 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირის ინიციატივით, მოსკოვში ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც 49 ქვეყანა მონაწილეობდა. მონაწილე ქვეყნები დოლარის გარეშე სავაჭრო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. მოსკოვის ფორუმის მსვლელობისას 40-ზე მეტ სავაჭრო სამეცნიერო-ტექნიკურ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელთა მიხედვით საბჭოთა კავშირის სავაჭრო ზონა შედარებით ფართო მასშტაბებს იძენდა. 1953 წლის თებერვალში, სტალინის სიკვდილამდე  რამდენიმე დღით ადრე, ფილიპინების დედაქალაქში სსრკ-ის ინიციატივით ჩატარდა თათბირი, რომელიც სამანეთო სავაჭრო ზონის შექმნას ეხებოდა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა კავშირი მზად იყო, საერთაშორისო სამანეთო ბაზარი შეექმნა და არა დოლარის. სტალინის სიკვდილის შემდეგ ეს ეკონომიკურად სტრატეგიული პროექტი ისტორიიდან, უბრალოდ, ამოშალეს.

საბჭოთა კავშირისა და საზოგადოების სამომავლო განვითარების თეორიული საფუძვლების ძიებით სტალინი ყოველთვის იყო დაინტერესებული. 1952 წლის ოქტომბერში გაჩნდა სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი განხრა: ფილოსიფია და ისტორია, ეკონომიკა და სამართალი, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებები.

სტალნმა მაშინ თქვა: თეორიის გარეშე სიკვდილისთვის ვართ განწირულები. შედარებით ადრე, 1951 წელს, სტალინმა აგიტაციისა და პროპაგანდის სამმართველოს უფროს შეპელევს უთხრა: ვფიქრობთ, საჭიროა,  საკმაოდ მსხვილი ეკონომიკური ღონისძიება ჩავატაროთ და ჩვენი ეკონომიკა შევცვალოთ, რაც   ნამდვილად მეცნიერულ საფუძველზე უნდა მოხდეს. ასეთი მდგომარეობა გვაქვს. საჭირო კადრებს ან მოვამზადებთ, ან  დავიღუპებით. დღეს  საკითხი ასე დგას. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი მეცნიერული თეორიის განხორციელებაზე საუბარი შეწყდა. ქვეყნის განვითარების ახალი გზების ძიების ნაცვლად მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლების  დოგმატური გამეორება დაიწყო, შედეგად ქვეყანა სერიოზულ პრობლემებამდე მივიდა.

  1. ზნეობრივი სასამართლოს გაუქმებას.

ზნეობრივი  სასამართლო  1947 მარტში ცეკას პოლიტბიუროს დადგენილების შედეგად შემოიღეს. ამ დადგენილების თანახმად, ცენტრალური სამინისტროების უწყებებში იქმნებოდა განსაკუთრებული ორგანოები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, ანტიპატრიოტულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები განეხილათ. თუ ეს ქმედებები სისხლისსამართლებრივ დასჯას არ დაექვემდებარებოდა, აღნიშნული  დადგენილება მოითხოვდა, ზნეობრივი სასამართლოები ჯანდაცვის, ფინანსთა და ვაჭრობის  სამინისტროებში  ჩატარებულიყო. მხოლოდ 1947 წელს  ასეთი 82 სასამართლო ჩატარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სასამართლოები ქვეყნის რიგით მოქალაქეებს არ შეეხებოდა. საუბარი იყო მხოლოდ სამინისტროებისა და ცენტრალური უწყებების თანამშრომლებზე. 1947-დან 1953 წლამდე ზნეობრივი სასამართლოები რეგულარულად ტარდებოდა, მაგრამ სტალინის სიკვდილის შემდეგ დავიწყებას მიეცა. როგორც ჩანს, მსგავსი რამის განხორციელება არც თანამედროვე  ხელისუფლებას წარმოუდგენია.

მკითხველთა განსასჯელად უნდა წამოვწიო ორი საკითხი:

* თუ იური ჟუკოვის მტკიცებით, მე-19- ყრილობის შემდგომ პლენუმზე სტალინის წინადადებით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად იქნა არჩეული ლავრენტი ბერია და ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად _ გიორგი მალენკოვი, რატომ უნდა ყოფილიყვნენ ისინი .. საუკუნის ტერორისტული აქტის მონაწილენი?

უამრავი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში სტალინს ბერიასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. უფრო მეტიც, როდესაც სტალინმა პოლიტრბიუროზე დააყენა საკითხი ბირთვული იარაღის შექმნის საქმეში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის ბერიასთვის მიენიჭებინათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ბერიამ კატეგორიული უარი განაცხადა მის მიღებაზე, ასევე არ ისურვა, მიეღო პირველი ხარისხის სტალინური პრემია.

სხვადასხვა ისტორიკოსის ინფორმაციით, სტალინმა სცადა, რაღაც სახით მაინც აღენიშნა ბერიას დამსახურება, რისთვისაც წამოაყენა წინადადება, შემოეტანათ პოლიტბიუროზე დასამტკიცებლად საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების საკითხი და ამ წოდების პირველი მფლობელი ლავრენტი ბერია ყოფილიყო, რაზეც ბერია დათანხმდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის საპატიო მოქალაქის მაღალი წოდების მინიჭების პირველი და უკანასკნელი ფაქტი.

რით იყო გამოწვეული ბერიას გაჯიუტება ჯილდოების მიღებაზე, ჯერჯერობით გამომზეურებულ არც ერთ წყაროში მითითებული არ არის. ვეჭვობ, აღნიშნული ფაქტი ხომ არ მიუთიუთებს სტალინსა და ბერიას შორის უთანხმოებაზე, რომელშიც სტალინი, როგორც ჩანს, თავს არც ისე მართლად მიიჩნევდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბერია რაღაცით იყო დაკავშირებული სტალინის სიცოცხლის ხელყოფასთან.

ლავრენტი ბერიამ სტალინის სიკვდილის შემდეგ, როგორც ირკვევა, მხოლოდ 103 დღეს იცოცხლა, რის შემდეგაც მოხდა მისი ლიკვიდაცია მის საცხოვრებელ ბინაში, რაც პირველად ბერიას შვილის, სერგო ბერიას, მემუარულ ჩანაწერებშია მოხსენიებული. მაგრამ გაძლიერებული ანტისტალინური პროპაგანდის ზეგავლენით, სერგო ბერიას მტკიცებულება მამის ლიკვიდაციაზე მხოლოდ მის პირად მოსაზრებად მიიჩნიეს და სინამდვილეც საზოგადოებამ მითად ჩათვალა ხელისუფლების მხარდაჭერით. გავიდა ხანი და ეს მითი სიმართლედ იქცა. ის, რომ მავზოლეუმის ტრიბუნაზე ბერიამ მოლოტოვს თითქოს უთხრა, აქ რომ დგახართ თქვენს მეგობრებთან ერთად, ეს ჩემი დამსახურებააო, პროვოკატორი ხრუშჩოვის მონაჭორია, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა ხალხის მასებში გაავრცელეს…

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here