სტალინმა ვერც პოლიტიკით, ვერც დიპლომატიით, ვერც ადამიანური ურთიერთობით ვერ შეაჩერა ჰიტლერის მიერ აგიზგიზებული ხანძარი ევროპაში, სანამ თვითონაც არ დარწმუნდა, რომ ცეცხლს ისევ ცეცხლი ჩააქრობდა. კაცობრიობას კატასტროფა დაემუქრა _ 110-მა მილიონმა ადამიანმა ხელში თოფი აიღო, 80-მდე დიდი თუ პატარა სახელმწიფო ჩაება ომში.
სტალინგრადი. 1942 წლის 27 ნოემბერი. აპარატ “ბოდოსთან” სტალინი დგას და ესაუბრება სტალინგრადში მყოფ გენერალური შტაბის უფროს ალექსანდრე ვასილევსკისა და გენერალ ნიკოლოზ ვატუტინს:
“_ არ დაგიმთავრებიათ ერთი საქმე და იწყებთ მეორეს?! მტერი ალყაშია მოქცეული, რისთვისაც დაკავებული გყავთ სამი არმია, რას უყურებთ? რატომ არ გამოათავისუფლებთ სამ არმიას, რომლებმაც უნდა იბრძოლონ და არა იყარაულონ? დაუყოვნებლივ შეასრულეთ ჩემი ბრძანება, საჭიროა, ლიაპიჩევოსთან შექმნათ ოპერატიული პუნქტი 10-15 კაცის შემადგენლობით, რომელიც გააკონტროლებს ბლოკირებული შენაერთების იზოლაციას. რაც შეიძლება მეტად შეავიწროვეთ რკალი. მიხაილოვმა (ჟუკოვმა _ გრ. ო.) მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშაოს და თავი დაანებოს “სატურნის” გეგმას; რაც შეეხება “სატურნს”, ის განახორციელოს ვატუტინმა და კუზნეცოვმა. მოსკოვი მათ აუცილებლად დაეხმარება. მეორე _ გაკვირვებული ვარ, საიდან მოიტანა ლელიუშენკომ 8 საბრძოლო დივიზია, ან რა გამოთქმაა და მიმართვაა: “ლელიუშენკოს მარჯვენა და ლელიუშენკოს მარცხენა ფრთა”, როდესაც ლელიუშენკოს ჰყავს ერთი პირველი გვარდიული არმია?
ვასილევსკი: _ კარგად მესმის, რომ სტალინგრადის დაჯგუფების განადგურება ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაგრამ ამხანაგმა ბერიამ თქვენი სახელით გამოგვიცხადა, რომ “სატურნს” განაგებს თვითონ. მე მზად ვარ, თქვენი ბრძანების შესასრულებლად.
სტალინი: _ მექანიზებული კორპუსის გამოყენების ყოველგვარი უფლება დაუტოვეთ ვატუტინს მისი თვალსაზრისის მიხედვით.
ვასილევსკი: _ ამხანაგო სტალინ, “ვორონოვი” მთხოვს, წამოვიდეს 2 დღით ლელიუშენკოსთან ერთად, რათა შეთანხმებულად და უფრო სწრაფად შეადგინონ “სატურნის” გეგმა.
სტალინი: _ სად არის დონცოვის (როკოსოვსკის _ გრ. ო.) სამეთაურო პუნქტი?
ვასილევსკი: _ 24-ე არმიის მონაკვეთში.
სტალინი: _ კარგი. გაიყოლოს რამდენიმე სპეციალისტი და “დონცოვსა” და “ივანოვთან” ერთად სასწრაფოდ გადაწყვიტონ ეს საკითხი. ლელიუშენკოს დიდხანს ნუ მოაცდენთ, მან არმია სასწრაფოდ მიაბრუნოს ჩრდილოეთისკენ. ვინ უხელმძღვანელებს პირველ გვარდიულ არმიას?
ვასილევსკი: _ ნება დამრთეთ, ეს საკუთარ თავზე ავიღო.
სტალინი: _ მე გეკითხებით, ვინ იქნება პირველი გვარდიული არმიის სარდალი მარჯვენა ფლანგზე _ ლელიუშენკო, კუზნეცოვი თუ სხვა ვინმე?
ვასილევსკი: _ გთხოვთ, ნება დამრთოთ, მოვალეობა დავაკისრო კუზნეცოვს ვატუტინის უშუალო პასუხისმგებლობით.
ვასილევსკის პასუხიდან სტალინმა ვერაფერი რომ ვერ გაიგო, ბოლოს იკითხა: _ სად იქნება პირველი გვარდიული არმიის შტაბი _ ლელიუშენკოსთან თუ კუზნეცოვთან?
ვასილევსკიმ კვლავ დაბნეულად აუხსნა გვარდიის განლაგებისა და შტაბის ადგილმდებარეობის კოორდინატები, შემდეგ კი დაბნეულობის გამოსწორება იმით სცადა, რომ სტალინს სთხოვა, მისთვის სასწრაფოდ გაეგზავნა 8 საუკეთესო შტაბისტი, კავშირგაბმულობისა და ზურგის მომარაგების სპეციალისტები.
ნერვებმოშლილმა სტალინმა ვეღარ შეინარჩუნა წონასწორობა და ვასილევსკის თითქმის ყვირილით ჰკითხა:
_ ბოლოს და ბოლოს, მითხარით, ვინ იქნება მარჯვენა დაჯგუფების სარდალი _ კუზნეცოვი თუ ლელიუშენკო და სად იქნება მათი ადგილსამყოფელი?
ვასილევსკის აბდაუბდა საუბრიდან სტალინმა კვლავ რომ ვერაფერი გაარკვია, თვითონ დაიწყო ვითარების მოგვარება.
_ ამხანაგო ვასილევსკი, ლელიუშენკო უკვე სარდლობს ფრონტს გერმანელების წინააღმდეგ, მას თავი დაანებე, უკეთესი იქნება, თუ დარჩება თავის ადგილზე მარცხენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი კი გადაიყვანე მარჯვენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი ამით კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება “სატურნის” მომზადებაში.
ვასილევსკი და ვატუტინი:
_ ასეც მოვიქცევით, ამხანაგო სტალინ.
_ ჩაიწერეთ. პირველი _ თქვენი დავალებაა, გააერთიანოთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ძალები და ერთად გაანადგუროთ მოწინააღმდეგე. გთხოვთ, ნუ მიედ-მოედებით სხვა საქმეებს, თქვენ მხოლოდ ეს ერთი საქმე გავალიათ.
მეორე _ მთელი ავიაცია, ნოვიკოვის ავიაციის ჩათვლით, თქვენს განკარგულებაშია. თქვენი ამოცანაა, დაუნდობლად ურტყათ მტერს საბოლოო განადგურებამდე.
მესამე _ თუ საჭირო შეიქნება, შეიძლება გამოგიყოთ სატანკო კორპუსი “დონცოვის” ან “ივანოვის” გასამაგრებლად.
მეოთხე _ თქვენ გევალებათ, ყოველდღიურად ანგარიში ჩააბაროთ “სტავკას” “დონცოვისა” და “კუზნეცოვის” მოქმედებათა შესახებ.
მეხუთე _ ხვალ დილით უნდა მომახსენოთ, საჭიროა თუ არა 62-ე არმიის გადაცემა დონის ფრონტისთვის. ხვალვე მითხარით, სად გავგზავნოთ სატანკო კორპუსი. შეკითხვა ხომ არ გაქვთ, ყველაფერი გასაგებია?
ვასილევსკი: _ ყველაფერი გასაგებია.
სტალინი: _ კეთილი, აპარატთან მოვიდეს ვატუტინი. ამხანაგო ვატუტინ, მიიღეთ დავალება.
პირველი _ უნდა უხელმძღვანელოთ ლელიუშენკოსა და რომანენკოს მოქმედებებს, უნდა მოამზადოთ ოპერაცია “სატურნი”.
მეორე _ ვორონოვი დატოვეთ ფიოდოროვის განკარგულებაში “სატურნის” მოსამზადებლად და, ამასთანავე, ლელიუშენკოს დასახმარებლად.
მესამე _ პირველი შერეული ავიაკორპუსი ფიოდოროვის განკარგულებაში გამოგიგზავნეთ, დღე-დღეზე კი კვლავ მიიღებთ კიდევ ერთ ავიაკორპუსს, რომელშიც იქნება გამანადგურებლების დივიზია მოიერიშეებით.
მეოთხე _ თუ მეხუთე მექანიზებულ კორპუსს მიიღებთ, ეს რომანენკოს განკარგულებაში იქნება თუ არა?
ვატუტინი: _ დღევანდელი მდგომარეობით, მეხუთე მექანიზებული კორპუსის გამოგზავნა რომანენკოსთვის უფრო სამართლიანი იქნება, მაგრამ, თუ მის მიღებამდე მდგომარეობა შეიცვლება და დახმარება დასჭირდება ლელიუშენკოს, ჩვენ მას დავეხმარებით.
სტალინი: _ ვინ გაანაწილებს იმ მექანიზებულ კორპუსს, რომელსაც თქვენ მიიღებთ?
ვატუტინი: _ გვარდიული მექანიზებული კორპუსი დარჩება ლელიუშენკოს მარცხენა ფლანგზე.
სტალინი: _ ორივე მექანიზებული კორპუსი _ მეხუთე და გვარდიულიც, შეიძლება დარჩეს მარცხენა ფლანგზე ლელიუშენკოსთან, თუ რომანენკოს საბრძოლო რაიონში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. “სატურნის” წარმატებისთვის უმოკლეს დროში დამატებით მიიღებთ ერთ მექანიზებულ და ერთ სატანკო კორპუსს. ეს იქნება თქვენი რეზერვი. სასწრაფოდ დასვით კუზნეცოვი ლელიუშენკოს მარჯვენა ფრთაზე პირველ გვარდიულ არმიაში და შეუქმენით ყველა პირობა “სატურნის” ოპერაციაზე სამუშაოდ. ყველაფერი გასაგებია თუ გაქვთ რამე გასარკვევი?
ვატუტინი: _ ჩვენთან, დიდი ხანია, არ გამოჩენილა საარტილერიო დივიზია, არ ვიცი, რა ხდება.
სტალინი: _ საარტილერიო და საზენიტო დივიზიები უკვე დატვირთულია და ისინი მალე იქნებიან თქვენთან.
ვატუტინი: _ გასაგებია. გთხოვთ, მაცნობოთ მათი ნომრები. მე მხოლოდ 3 პოლკი დამრჩა, დანარჩენი გადავეცი 21-ე არმიას. გთხოვთ, თუ ამის საშუალება გექნებათ, დამატებით გამომიგზავნოთ 4 პოლკი.
სტალინი: _ თქვენი მოთხოვნები სასწრაფოდ გამოგზავნეთ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში. გამოვნახავ დროს და, თუ ახლა მხოლოდ 2 პოლკს გიგზავნი, ხვალ თქვენს მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებ. გმადლობთ, ნახვამდის”.
ძვირფასო მკითხველო, ეს საუბარი იმიტომ მოვიყვანე დაწვრილებით, რომ იცოდეთ, რა ზუსტად ესმოდა ომის ყველა წვრილმანი და როგორი გულდასმითა და კითხვების გაუჩენლად აძლევდა დავალებას გენერლებს სტალინი.
არავის სამხედრო ნიჭსა და თავდადებას არ ვამცირებ, მაგრამ, უბრალოდ, სასაცილოა და შეურაცხმყოფელი, როცა ამბობენ, ომი პარტიამ, კოალიციამ, რუსულმა ზამთარმა და ღვთისმშობლის ხატმა მოიგოო. ხატს, რა თქმა უნდა, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ის ხატი, რომელიც მსოფლიოსა და მის კულტურას გადაარჩენდა, ჯერ არ გამოჭედილა. ჯერ არ აღვლენილა ლოცვა მის მიმართ, ვინც მართლმადიდებლურ მსოფლიოს ქრისტეს საფლავი შემოუნახა, ვინც ქრისტეს რჯული შეინარჩუნა, ვინც ქრისტეს 10 მცნება კონსტიტუციად აქცია და ვინც 30 წლის განმავლობაში კრემლში უფლის მოვალეობას ასრულებდა.
* “გენიოსები ნათლად და ზედმიწევნით ხედავენ იმას, რასაც სხვები ბუნდოვნად ხედავენ”.
ერნესტ რენანი
1931 წელს სტალინმა კრემლში მიიღო მსოფლიოში ცნობილი მწერალი და დრამატურგი _ ჯორჯ ბერნარდ შოუ. იგი საბჭოთა კავშირის დედაქალაში მარტო არ ჩამოსულა. მას დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ორი საინტერესო პიროვნება ახლდა: ლედი ნენსი ასტორი და დიდგვაროვანი ლორდი ლოტიანი.
ნენსი ასტორი პირველი ქალი დეპუტატი გახლდათ ინგლისის პარლამენტში. იგი მეტად პრიციპული, თავდაჯერებული პოლემისტი იყო. სტალინთან შეხვედრას სწორედ იმიტომ ესწრაფვოდა, რომ თავისი მტკიცე ლოგიკით სტალინის ყურადღება მიეპყრო. სტალინმა საუბარი დაიწყო ბერნარდ შოუსთან, რომელზეც სტალინმა უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა. ნენსი ასტორმა ქალურ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და სტალინისა და ბერნანდ შოუს ლაპარაკში მოულოდნელად ჩაერთო: _ “ჩვენ სოციალიზმი თქვენზე ადრე ავაშენეთ”. ეს რეპლიკა საუბრის თემასთან ახლოსაც არ იყო.
სტალინმა ირონიული ღიმილით გახედა ნენსი ასტორს და ასევე ირონიულად ჩაეკითხა არამკითხე ნენსის:
_ რომელი სოციალიზმი გაქვთ მხედველობაში?
_ ლეიბორიზმი, _ უპასუხა ნენსი ასტორმა.
_ სოციალიზმის შესახებ ჩვენს თვალსაზრისებს შორის არსებითი განსხვავებაა, _ უთხრა სტალინმა, _ და გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ.
ნენსი ასტორს არ ესიამოვნა თავისი წაფორხილება და სცადა მისი გამოსწორება.
_ კარგი იქნებოდა, _ დამრიგებლური ტონით განუცხადა მან სტალინს, _ რომ მოსკოვში მოგეწვიათ დევიდ ლოიდ ჯორჯი. საუბარია ინგლისის პრემიერმინისტრზე, რომელიც ხელმძღვანელობდა მთავრობას პირველი მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე და მის მომდევნო პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა კაპიტალისტური ქვეყნების ინტერვენციას ახალგაზრდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ.
_ რატომ უნდა მოვიწვიოთ იგი, როცა სწორედ ის ხელმძღვანელობდა ინტერვეციას ჩვენ წინააღმდეგ? _ ჰკითხა სტალინმა.
_ ეს არ არის სწორი, _ თავმომწონედ თქვა ნენსი ასტორმა. _ ეგ იყო ჩერჩილი და არა ლოიდ ჯორჯი. იგი შეცდომაში სწორედ ჩერჩილმა შეიყვანა.
_ ვერ დაგეთანხმებით, _ უპასუხა სტალინმა, _ ყოველ შემთხვევაში მთავრობის ხელმძღვანელი მაშინ ლოიდ ჯორჯი გახლდათ, ჩერჩილი კი მინისტრი იყო. იმის ცოდნაც არ იქნებოდა ურიგო, რომ მთავრობის მოქმედებისთვის პასუხს აგებს არა მინისტრი, არამედ პრემიერმინისტრი. ლოიდ ჯორჯი მემარცხენე იყო, პასუხისმგებლობა მას ეკისრებოდა. ჩვენ კი მოჩვენებით მეგობრებს აშკარა მტრებს ვამჯობინებთ.
ნენსი ასტორი მეორედ ჩაიჭრა კამათში. ეს მისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. ის ლამის მოთმინებდან გამოვიდა, მაგრამ მაინც თავი შეიკავა და თითქოსდა დიალოგის დასასრულისკენ წავიდა.
_ ასე იყოს, _ თქვა შემრიგებლურად, _ ყოველ შემთხვევაში ჩერჩილის საქმე ახლა დამთავრებულია.
_ ვერც მაგ შეფასებაში დაგეთანხმებით, _ უპასუხა სტალინმა. _ მწამს, რომ კრიტიკულ მომენტში, ინგლისელი ხალხი შეიძლება კვლავ მიუბრუნდეს ამ გამოცდილ მეომარ ცხენს…
მართლაც, 1939 წლის 3 სექტემბერს ჩერჩილი საზღვაო მინისტრად დანიშნეს, ხოლო 1940 წლის 10 მაისს _ პრემიერმინისტრად. ეს ყველაფერი სტალინმა 1931 წელს თითქოს სარკიდან არეკლილი დაინახა.
ეს საინტერესო ამბავი ჩერჩილმა შთამომავლობას მოუთხრო, ყველაფერი კი მისთვის თვით სტალინს უამბნია 1942 წლის აგვისტოში კრემლში მასთან პირველი ვიზიტისას.
* “გენიოსების უკვდავების გარანტია მხოლოდ მათი გენიოსობა კი არ არის, არამედ ადამიანთა თაობების ერთგულებაა მათი შე%9