1941 წლის იანვარში სარკინიგზო მიმოსვლის სახალხო კომისარმა ლაზარე კაგანოვიჩმა მიიღო სტალინისთვის გადასაცემი წერილი, რომელსაც ხელს აწერდა სიმფეროპოლის პოლიტგეოგრაფიის მასწავლებელი ვინმე გ. ორლოვი.
წერილის ავტორი იუწყებოდა, რომ:
“იმყოფებოდა კიევში, სადაც მან აღმოაჩინა “სტალინის მტერი” თავადი დავით აბაშიძე, რომელიც მთავარი შემოქმედი იყო თბილისის მართლმადიდებლური სემინარიიდან სტალინის გარიცხვისა. თავადი აბაშიძე, გარდა იმისა, რომ სემინარიაში სოსო ჯუღაშვილს საღმრთო საქმეს ასწავლიდა, ამასთანავე, იყო სემინარიის ინსპექტორი, რომელიც პირადად მეთვალყურეობდა ჯუღაშვილს. გვარშეცვლილი აბაშიძე კიევში განაგრძობდა მოღვაწეობას და მთავრობისა და შინსახკომის მეთვალყურეობას, როგორც ჩანს, სტალინთან ახლობლობის გამო გადაურჩა. გიგზავნით დიმიტრი აბაშიძის ფოტოსურათს წარწერით.
გ. ორლოვი”
(იხ. ფოტო 1) წერილიც და სურათიც ადრესატს გადასცეს.
“სტალინი დიდხანს უყურებდა თავისი მასწავლებლის სურათს, რომელმაც შორეულ წარსულში გადაისროლა, შემდეგ კი ჩვეულებრივი სახით მიაწერა სიტყვები: “ჩემს არქივში.” სტალინი”, _ იგონებს კაგანოვიჩი”.
დიმიტრი აბაშიძე 1944 წელს გარდაიცვალა ქალაქ კიევში, ისე, რომ მას არც გაუგია, მის სურათს ასე გულდაგულ თუ ინახავდა სტალინის პირადი არქივი.
1895 წელს სოსომ თავისი ლექსი მიუტანა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც თვითვე წაუკითხა.
“ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,
კარის–კარ დაწრიალებდა;
ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,
ხმა–ტკბილად აწკრიალებდა;
მის საოცნებო ჰანგებში,
ვითარცა სხივი მზიური,
ისმოდა თვითონ სიმართლე
და სიყვარული ციური.
ბევრს აუძგერა იმა ხმამ
გული, ქვად გადაქცეული;
ბევრს გაუნათლა გონება,
ბნელ–უკუნეთად ქცეული.
მაგრამ დიდების მაგიერ,
სად ჩანგმა გაიწკრიალა,
განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა
შხამით აღსავსე ფიალა…
და უთხრეს: “შესვი, წყეულო,
ეგ არის შენი ხვედრიო!
შენი არ გვინდა სიმართლე,
არც ეგ ციური ხმებიო!”…
(იხ. ფოტო 2)
1907 წელს ჯუღაშვილის ლექსი ქართულ სიტყვაკაზმულ ლიტერატურულ კრებულში “საუკეთესო შედევრად” შევიდა. 1895 წელს სოსელო წერს თავის უპოპულარულეს ლექს “დილას”, რომლის გაზეთ “ივერიის” პირველ გვერდზე გამოქვეყნების აღსანიშნავად თბილისის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიის მეორე კურსის შეგირდებმა გადაიღეს ერთობლივი სურათი, რომელზეც, აგრეთვე, არის ლექსის ავტორი სოსელო.
(იხ. ფოტო 3)
1899 წელს სოსო ჯუღაშვილი სემინარიიდან გარიცხეს მეხუთე კურსის ბოლო გამოცდაზე “ყოველგვარი მიზეზის გარეშე” გამოუცხადებლობისთვის. თუმცა ცნობილია, რომ გარიცხვის მიზეზი იყო დაუმორჩილებლობა, რომელსაც ხშირად გამოხატავდა სემინარიის ადმინისტრაციისა და მისი ჟანდარმულ-დრაკონული წესების მიმართ. გარიცხვის მომენტში, როდესაც სემინარიის შავ ანაფორაში გახვეულმა რექტორმა სერაფიმემ შენიშვნა მისცა სოსოს, როგორ უპატივცმულოდ მესაუბრები და ნუთუ ვერაფერს ამჩნევ შენ წინაშეო, სოსომ უპასუხა: “ვამჩნევ შავ ლაქას იატაკზეო”, _ ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელთა თქმის შემდეგ სოსოს აღარ აუვლია სემინარიის კიბე, იმ დღიდან რევოლუციური საქმიანობის უკიდეგანო ოკეანეში გადაეშვა.
ამბობდნენ და წერდნენ, რომ სანამ საბოლოოდ აკურთხებდნენ მღვდელმსახურად, იოსებ ჯუღაშვილმა ორსიტყვიანი შეტყობინება მიიღო სემინარიაში: “ჩამოდი ათონში”. სწორედ ეს იყო ბოლო გამოცდაზე “ყოველგვარი მიზეზის გარეშე” გაუსვლელობის მიზეზი, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ სოსოს მომავალი, არამედ მსოფლიოს გეოპოლიტიკა.
სტალინმა იცოდა, ვისთანაც მიდიოდა. ის მოკრძალებით წარდგა ათონის ეკლესიის წინამძღოლის, არქიეპისკოპოს იერონიმეს წინაშე. იოსებ ჯუღაშვილმა მოისმინა ლოცვა ქვეყნის გადარჩენისა და იქვე მიიღო ბრძანება: “წადი, იხსენი რუსეთი და იხსენი მართლმადიდებლობა, ღმერთი გფარავდეს!”
1901 წლის 1 სექტემბერი იოსებ ჯუღაშვილის კალმით ბრძოლის დაწყების თარიღია. გამოვიდა სოციალ–დემოკრატების პერიოდული გამოცემა გაზეთი “ბრძოლა” #1, რომლის პირველი გვერდი და მოწინავე სტატია სწორედ სოსოს (სოსელოს) ეკუთვნოდა. სოსო უკვე სოციალ–დემოკრატების თბილისის კომიტეტის წევრია, რომელსაც თავისი პრინციპები და თავისი ხელწერა აქვს: სოსო _ ავლაბრის არალეგალურ სტამბაში, სოსო _ ბათუმში, სოსო _ ქუთაისში, სოსო _ ჭიათურაში, სოსო _ შემოქმედში. (იხ. ფოტო 4)
1902 წლის გაზაფხულზე სტალინი ბათუმში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენისთვის დააპატიმრეს. ეს იყო მისი პირველი პატიმრობა. ბათუმიდან ის ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ მალე დააბრუნეს ბათუმში. (იხ. ფოტო 5)
რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმპერიის შორეულ რაიონებში ხუთი წლით გაამწესა ახალგაზრდა სოსო, რომელმაც პირველად ნახა დაუსრულებელი რუსული იმპერია: როსტოვი, ჩელიაბინსკი, კრასნოიარსკი, ირკუტსკი…
1904 წლის 5 იანვარს ხანგრძლივ და მკაცრ ზამთარს შეებრძოლა რკინის სოსელო და უამრავი სიძნელის გადალახვის შემდეგ მშვიდობით დაუბრუნდა თბილისს. ეს იყო მისი პირველი გადასახლება და პირველი გამოქცევა ციმბირიდან, საიდანაც იწყება რკინის კაცის გაფოლადება.
(იხ. ფოტო 6)
1905 წელს, სოსო ჯუღაშვილის სახელი გასცდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიას და რუსეთის იმპერიის რევოლუციონერთა საძიებელში გაჩნდა სრულიად ახალი სახელი _ კობა. ისტორიამ ჩაიბარა მისი ბავშვობა და ყრმობა. კობა უკვე სახელმოხვეჭილი იატაკქვეშელი მოღვაწეა, რომელიც აწყობს მანიფესტაციებს, შეკრებებს, გამოსვლებს, აქტიურად იღვწის პრესის ფურცლებზე და არის პროკლამაციების დიდოსტატი. მის აგიტატორულ და ორგანიზატორულ ნიჭზე მიგვანიშნებს ფოტო, რომელიც 1905 წელს არის გადაღებული დღევანდელი თბილისის ზღვის ფსკერზე, ხალხმრავალ მიტინგს კობა უძღვებოდა და მგზნებარე სიტყვითაც გამოვიდა. (იხ. ფოტო 7 და 8)
სწორედ ეს ადგილი გაახსენდა სტალინს, მაშინ, როდესაც თბილისისთვის წყლის რეზერვუარი უნდა შეექმნათ და მოერწყათ მზით გარუჯული სამგორის უნაყოფო მიწა.
დიდ პეტრე მამრაძეს (ჩვენი თანამედროვე პეტრე მამრაძის ბაბუას) დავალება მისცა, გაეგრძელებია ინჟინერ გობის დაწყებული საქმე, შეეცვალა პროექტი და მდინარე იორის წყალი მლაშე წყლების ადგილზე შეეჩერებინა თბილისის მიდამოებში, როგორც სხვა დიდი სარწყავი ნაგებობების პროექტები, როგორიც არის: კულაშ–ღანირის, ლაში–მისაქციელის, რიონი–მაშველის, წილკნის, დოეს–გრაკლის, თეზი–ოკამის, აჯამეთის, ტირიფონის, ალაზნის, მუხრანის, ტაშისკარის, სამგორის და სხვ., სტალინური ხუთწლედების შემოქმედებაა. დღევანდელი თბილისის ზღვის ფსკერი სწორედ სტალინის ნატერფალია.
ახლოვდებოდა 1907 წელი. 1905 წლის რევოლუციის დამარცხებამ გატეხა ლენინი და სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, როგორც რევოლუციის მომლოდინე დამფინანსებლები, ისე ქვეყნის პროლეტარიატი, რომელსაც უკვე მაჯა აღარ ესინჯებოდა. უნდა მომხდარიყო დიდი აფეთქება, რათა ახალი ძალა, ახალი სიცოცხლე შექმნილიყო, “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”. ძალას ძალა უნდა დაუპირისპირდეს. ძალისათვის საჭიროა იარაღი, იარაღისათვის კი _ ფული. ფული არის, მაგრამ ის ხმარდება მეფისა და მეფისნაცვლების სასახლეების მშენებლობას და მათ ფუფუნებას.
სტალინი ყველა გამოსვლისას, ყველა პროკლამაციაში თუ საგაზეთო სტატიაში ერთმნიშვნელოვნად ამბობდა, რომ რევოლუციისთვის საჭიროა სამი რამ: პირველი _ შეიარაღება, მეორე _ შეიარაღება და მესამე _ ისევ შეიარაღება. ლენინი კი ემიგრაციიდან უთვლიდა, რომ ამისათვის საჭიროა ფული, ფული და მხოლოდ ფული. თვით რევოლუციის საჭიროებამ მოითხოვა და გაჩნდა კიდეც რევოლუციური სიტყვა ექსპროპრიაცია _ “თუ ნებით არ მომცემ, წაგართმევ”.
1992 წელს, როდესაც მცირე ძალებით ვიცავდით საბჭოთა ქვეყნის ერთიანობას, იმდროინდელმა ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი ისწავლა ძველი ხელისუფლებისგან, ექსპროპრიაციის გარდა, რომლის საფუძველზეც ერთ მშვენიერ დღეს ცენტრალური კომიტეტის შენობა, რომელიც კომუნისტების საწევრო შენატანებით იყო აშენებული, ჯაჭვებითა და ბოქლომებით დაგვხვდა გადაკეტილი. ექსპროპრიაციააო, _ გვითხრეს. ქართველი კომუნისტების პატიოსნების სიმბოლო სერგო რიგვავა კი ციხეში გამოამწყვდიეს. ეს ახალი ამბავია, მე ძველზე უნდა მოგითხროთ.
1907 წლის 13 იანვარს მომხდარმა შეძრა სრულიად ევროპა: კავკასიის ერთ–ერთი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოხდა ძარცვა, რომლის მსგავსიც, არათუ ვინმეს ჩაუდენია, ფიქრადაც კი არავის გაუვლია გონებაში. ნაძარცვმა თანხამ 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რომელიც იმხანად ფანტასტიკური თანხა იყო არა მხოლოდ მძარცველებისთვის, არამედ მაგნატებისთვისაც კი. ვინ ხელმძღვანელობდა ამ უდიდეს და ურთულეს ოპერაციას, რომელმაც შეძრა მსოფლიო? _ გორელი ვაჟკაცი, კობას მეგობარი და რევოლუციურ მოძრაობის რაინდი _ კამო ტერ–პეტროსიანი.
კამომ 5 მილიონი დოლარი ლენინს შვეიცარიაში ჩაუტანა, ისე, რომ უკან დასაბრუნებელი ფულიც არ დაუტოვებია.
დღეს ვიღაც ახვარი კამოს გასაქილიკებლად გაიძახის, _ კამომ “ღამის ოქრო” (განავალი) ჭამაო. როცა თქვენ ნამდვილ ოქროს ჭამთ, ვერ გრძნობთ, რომ ის იმ “ღამის ოქროზე” უფრო მყრალია, რომლის ჭამასაც კამოს აბრალებთ! აბა, შეხედეთ მის ვაჟკაცურ მზერას, მის გარდასულ დღეთა ისტორიას. ენა როგორ გიბრუნდება, შე ნაძირალა ნეხვიჭამიავ?! (იხ. ფოტო 9)
არავის ეგონა, რომ ერევნის მოედანზე ჩატარებული ოპერაცია, რომლის მოთხრობაც ამ საგაზეთო სტატიაში შეუძლებელია, არ იყო კამოს შემოქმედება. ამ ოპერაციის გეგმაც სწორედ ისე იწერებოდა, როგორც სტალინგრადის დაცვის, ბერლინის აღების, ბლოკადიდან ლენინგრადის გათავისუფლების, კურსკ–ორიოლის ბრძოლისა და მოსკოვის დაცვის სტრატეგიული გეგმა. იმპერიის საგამოძიებო თუ სადაზვერვო სამსახურებმა იცოდნენ, ვისი ხელწერითაც განხორციელდა ეს ოპერაცია, ევროპაში საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა, რათა დაედგინათ, ვინ გამოუშვა მოედანზე ქოლგებით ხელში მოცეკვავე ორი ლამაზმანი, ვინ იყვნენ ის მაღალჩინოსანი ჟანდარმერიის მოხელეები, რომლებიც წესრიგს ამყარებდნენ მოედანზე სამთავრობო კარეტის გავლის მომენტრში, ვინ მიუშვა კარეტასთან ისე ახლოს უბრალოდ შემოსილი გლეხუჭა, რომელმაც პირველი ბომბი ესროლა კარეტას და დასაბამი მისცა არნახულ სისხლისღვრას, შემდეგ კი უდიდესი ძარცვის წარმატებით დასრულებას. ამის დამალვა შეუძლებელი იყო და პასუხისმგებლობა კამომ თავის თავზე დაიკისრა.
მაშინ, როდესაც მას ოთხჯერ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ტიპოგრაფიის, იარაღის, ექსპროპრიაციისა და სხვადასხვა უმძიმესი დანაშულისთვის და თვალთან მიტანილი გაწითლებული შამფურის შიშით თვალი არც კი დაუხამხამებია, ეს ხომ ვაჟკაცობაა? თქვი, თუ მართლა ავყია, ბოტროტი, ბოღმა და ჩათლახი არ ხარ.
ცოტნე დადიანმა უფრო დიდი გმირობა რა ჩაიდინა მეგობრობისთვის, ვიდრე კამომ?
აი ასე მოაწესრიგა კამომ ერევნის მოედანი, კორტეჟს უსაფრთხოდ რომ გაევლო. (იხ. ფოტო 10)
რეჟისორის მიერ დადგმულმა სანახაობამ მსოფლიო შეძრა. ლონდონში “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა სტატია: “ბომბების წვიმა _ რევოლუციონერებმა ხალხის მასას ცეცხლი გაუხსნეს, დღეს ქალაქის ცენტრში ხალხით სავსე მოედანზე ათი ჭურვი ისროლეს, ჭურვები აფეთქდა და უამრავი ადამიანი შეიწირა…” გაზეთმა “თაიმსმა” სტატიას “ბომბების აფეთქება თბილისში” უწოდა. ვერაფრით დადგინდა, რამდენი მძარცველი მონაწილეობდა ამ საქმეში. ზოგიერთი მოწმის დაჟინებული მტკიცებით, ძარცვაში 50 კაცი მონაწილეობდა, სხვების მტკიცებით, 70 მძარცველი ისროდა ჭურვებს სახურავიდან, ფანჯრებიდან და მთაწმინდიდანაც კი. არავის დაუნახავს, რომ ფულის ტომრები კამომ წაიღო. “ოხრანკას” მთელი რუსეთის იმპერიიდან მოსდიოდა ჭორები, რომ ოპერაცია თვით სახელმწიფოს მოხელეების მოწყობილია, ზოგიერთი მომხდარში პოლონელებს, ზოგიც სომეხ დაშნაკებს, ზოგიც როსტოველ ანარქისტებს სდებდა ბრალს.
ბანდის ვერც ერთი მონაწილე ვერ დაიჭირეს, საქმე ისევ ევროპაში გაიხსნა, როდესაც ლენინმა და მისმა მეგობრებმა კუპიურების გადაცვლა დაიწყეს.
1907 წლის მაისში, ლონდონში ჩატარდა პარტიის ყრილობა. ყრილობის მუშაობაში არ მონაწილეობდა იოსებ ჯუღაშვილი. ყრილობაზე უმრავლესობით მენშევიკები იყვნენ წარმოდგენილნი. ქართველი მენშევიკების დაჟინებული მოთხოვნით განიხილეს თბილისში, ერევნის მოედანზე, მომხდარი ძარცვის საკითხიც. მიუხედავდ იმისა, რომ მენშევიკებმა ვერანაირი საბუთი ძარცვაში სტალინის მონაწილეობის შესახებ ვერ წარმოადგინეს, გარდა კამოსთან მეგობრობისა, ყრილობაზე ქართველი მენშევიკების უმრავლესობის აქტიურობიდან გამომდინარე, დაადგინეს, რომ სტალინი უნდა გაირიცხოს პარტიის რიგებიდან. მაგრამ ყრილობის დადგენილება ცენტრალურმა კომიტემა არ გაიზიარა, არ მიიღო მხედველობაში და სტალინი კვლავ კავკასიის ლენინად დარჩა.
სტალინის რევოლუციური მოღვაწეობის აკვანი ბათუმში დაირწა. აჭარელ საქრისტიანოსა და სამუსლიმანოს ახსოვდა თავგანწირული კობას რევოლუციური ცხოვრების ყოველი დღე. ბელადის სიყვარული აჭარელი ხალხის მუდმივი თანამგზავრია და მისი სახელი აჭარის ლაჟვარდოვან ცაზე არასოდეს გაფერმკრთალებულა. ქართული პოეზიის მეჩუქურთმე გიორგი ლეონიძე თავის პოემაში “ბორშეულა და ფორთოხალა” ხატოვნად ამბობს: “აჭარელი წყალს არ დალევს, სტალინი რომ არ ახსენოს”.
მინდა, სტალინის 140 წლისთავის საიუბილეო დღეები მივულოცო აჭარელ სტალინისტებს და მათთან ერთად ვიზეიმო მსოფლიო პროლეტარიატის დიდი ბელადის, მსოფლიოს ჩაგრულ ხალხთა მამისა და მასწავლებლის, ძლევამოსილი გოლიათისა და მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარის უმაღლესი მთავარსარდლის საიუბილეო თარიღი. მეორე მსოფლიო ომში ჩაბმული იყო 71 დიდი თუ პატარა სახელმწიფო და იარაღით ხელში იბრძოდა 120 მილიონი ადამიანი. ყველა მებრძოლს გამარჯვების სიმბოლოდ და თავის უმაღლეს მთავარსარდლად საბჭოთა კავშირის მარშალი სტალინი მიაჩნდა. დიდ ბრიტანეთში სტალინის პატივსაცემად ერთ-ერთ ქუჩას სტალინის სახელი ეწოდა, ხოლო არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მარშალ სტალინის პროსპექტი 879-დან 1879 ნომრამდე გააგრძელეს სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ისტორიკოსები, რომლებიც ისტორიას აყალბებენ, მით უფრო დიდი ისტორიის ფალსიფიკატორები არიან, რაც უფრო დიდი „დოქტორისა“ და „აკადემიკოსის“ ტიტულებით არიან დახუნძლული. გრიგოლ ონიანი კი, რომელიც ისტორიას აცოცხლებს, ისე არის დიდი და ნამდვილი ისტორიკოსი, რომ არ სჭირდება „დოქტორისა“ და „აკადემიკოსის“ ზიზილ-პიპილები! გილოცავთ, დიდო ადამიანო, ახალ 2020 წელს და მრავალ ახალ წელს, ამ კეთილშობილური და დიდად საჭირო საქმის გასაგრძელებლად!
ველით თქვენს სტატიებს. მადლობა გაწეული შრომისთვის
დიდება სტალინს. ის იყო ხვთის კაცი, ზეციურიდან კურთხეული