Home რუბრიკები ისტორია სტალინი, კრიტიკა და თვითკრიტიკა

სტალინი, კრიტიკა და თვითკრიტიკა

ქვეყანა დასაცავებად და დამცავებად არის დაყოფილი

სტალინი, კრიტიკა და თვითკრიტიკა

სანამ მთავარ თემაზე გადავალ, ჩემი თვალსაზრისი უნდა გამოვთქვა დღევანდელ ჟურნალისტიკაზე _ როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით მედიაზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე, ვეცნობი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ზოგჯერ გამომაქვს დასკვნა,ზოგჯერ კი ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

იყო პერიოდი (ძველი), როდესაც ჟურნალისტი გადმოსცემდა ფაქტს, შემოწმებულსა და მართალს, ყოველგვარი კომენტარის გარეშე, დასკვნის გამოტანას კი მკითხველს ანდობდა. დადგა პერიოდი (ახალი), როდესაც პრესითა თუ ტელევიზიით ან ინტერნეტით მოდის შეუმოწმებელი, ყალბი და რაღაცისთვის თუ ვიღაცისთვის გათვლილი ინფორმაცია და ამ ინფორმაციას მოჰყვება ზღვა მასალა შეთხზული, ვითომ წყაროს მოწოდებული, რომელიც მაყურებლის თუ მკითხველის ზომბირებას უწყობს ხელს და არ აძლევს საშუალებას, ერთი წუთით მაინც დაფიქრდეს მიღებულ ინფორმაციაზე.

გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ლილოს მეურნეობის დირექტორად ვმუშაობდი. მეცხოველეობის ფერმის მშენებლობის საპროექტო დავალებაში შევიდა ათვისება ფერმის მიმდებარე ტერიტორიისა, რომელზეც, როგორც შემდეგ გაირკვა, სოფლის ბავშვები, შემთხვევიდან შემთხვევამდე, თურმე ფეხბურთს თამაშობდნენ, თუმცა ფეხბურთის თამაშის კვალი იმ ტერიტორიაზე არ შეინიშნებოდა. სოფლის “ინტრიგანებს” (ასე ვეძახდით მეურნეობის დირექტორები მათ, ვინც საჩივარს დაგვიწერდა) გაზეთ “ლელოსთვის” წერილი მიუწერიათ ამ “საფეხბურთო მოედნის” შესახებ. გაზეთის რედაქციამაც არ დააყოვნა და ამ ამბის ვრცელი რეპორტაჟი გამოაქვეყნა. გაზეთის გამოსვლიდან მესამე დღეს რაიკომის ბიუროს სხდომაზე გამიყვანეს, სასტიკად გამლანძღეს და კატეგორიულად დამავალეს “მოედნის” აღდგენა ან ახალი ადგილის შერჩევა და სოფლისთვის გადაცემა. ცოტა ხანში ცეკას სოფლის მეურნეობის განყოფილებამაც განიხილა ეს საკითხი. გაზეთის რედაქციამ მიაღწია იმას, რომ არარსებული “საფეხბურთო მოედანი” არსებულად გადააქცია და…სოფელს მეტ-ნაკლებად მოხერხებული მოედანი მოვუწყვე. როგორი ცრუ ინფორმაციისა და “ინტრიგანის” სიგნალის საფუძველზეც უნდა ამტყდარიყო ეს ალიაქოთი, რედაქციამ მიზანს მიაღწია და სოფლის ახალგაზრდობას სპორტული ინტერესი ცოტაოდენ მაინც დაუკმაყოფილა. გაზეთი “ლელო” სახელმწიფოს ბეჭდვითი ორგანო იყო, მეც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი გახლდით, რადგან ახალი რძით, ბოსტნეულითა და ხილით ვამარაგებდი თბილისს, მაგრამ პრესის ძალა ისეთი დიდი იყო, რომ მან თავისი გაიტანა. იმხანად ხშირად მახსენდებოდა ნაპოლეონი, რომელსაც შავი ჭირივით სძულდა გაზეთი _ ხალხის აზრს გამოხატავსო.

ამ შემთხვევაში გაზეთ “ლელოს” რეპორტაჟი გრიგოლ ონიანის კრიტიკად კი არ აღიქმებოდა, არამედ სახელმწიფოს თვითონ ჰქონდა შემუშავებული თვითკრიტიკის აუცილებლობა და ეს ფაქტიც თვითკრიტიკის ერთ-ერთი გამოვლენა იყო. მე ხშირად ვყოფილვარ პრესის კრიტიკის ობიექტი, მაგრამ შექებაც ბევრი მიმიღია.

მინდა, გავიხსენო ერთი სატელევიზიო გადაცემა (ახალი დროის), რომელსაც საფუძვლად არც ძველი ინტრიგანის “დანოსი” ედო და არც ახალი “წყაროს” მიერ გამოგონილი ინფორმაცია. ეს გადაცემა იყო შეთქმულება პიროვნების წინააღმდეგ, სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ. იმხანად სახელმწიფოს პატრონი რომ ჰყოლოდა (ან ახლა ჰყავს?), ეს ფაქტი ხალხის სამსჯავროზე უნდა გამოეტანათ, შემდეგ კი დამნაშავე საზოგადოებას უნდა დაესაჯა. საქმე ეხებოდა საქართველოს კულტურის იმჟამინდელ მინისტრს.

ხელისუფლებამ საიდუმლო თათბირი ჩაატარა და ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხისთვის დაიწერა სატანური რიტუალის სცენარი, რომლის რეჟისურაც ტელეარხთან ერთად ერთმა ნაძირალა სატანისტმა განახორციელა. ქვეყანა ირყეოდა შემზარავ სატანურ სცენებზე მონათხრობით _ უნიჭო თეატრალურობითა და ზარ-ზეიმით ამცნობდა მილიონობით ტელემაყურებელს თავის ბინძურ მონაჩმახს გარეწრული პროექტის გარეწარი წამყვანი.

ო, როგორი მართალი ყოფილა მწერალი რობერტ სილვესტრი, როდესაც წერდა: “ჟურნალისტიკა ისეთივე ძველი პროფესიაა, როგორც (მეძაობა), მოკლედ, ის მეორე უძველესი პროფესიაა”.

სტალინი, კრიტიკა და თვითკრიტიკა

არაფერს ვამბობ, ვიღაც სკამის ფეხით რომ გააუპატიურეს, არც იმაზე ვლაპარაკობ, ყავარჯნიანი კაცი რომ დაჰყავდათ უძველესი პროფესიის წარმომადგენლად; არც იმაზე, მილიარდები რომ წაართვეს მოსახლეობას; არც იმაზე, ბეტონის ფილებს რომ აბამდნენ ფეხზე ცოცხალ ადამიანებს და ნავიდან შუა ზღვაში აგდებდნენ, _ “ფსკერზეც ფეხზე იდგესო”. მე იმ სატანურ სცენარზე მისკდება გული _ როგორ უნდა შერჩეს ან იმ ტელეარხს, ან იმ სცენარის ავტორს, ან იმ ჟურნალისტს, რომელიც ამ სისაძაგლეს მილიონობით ტელემაყურებელს უყვებოდა…

სვანეთში სისხლის აღება ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა, სულ რაღაც, 100 წლის წინათ, თუმცა გამონაკლისი შემთხვევა დღესაც ხდება. კომუნისტურმა ხელისუფლებამ სვან ხალხს სიტყვა მისცა, თქვენ თავი დაანებეთ მკვლელის თვითნებურ დასჯას, მას ჩვენ დავსჯით, კაცის მკვლელს დავხვრეტთ, თქვენ კი პასუხისმგებლობა აგცდებათ და სისხლიც აღებული გექნებათო. სახელმწიფომ დაიკისრა იმ მძიმე დანაშაულისგან სვანი კაცის გათავისუფლება, რომელიც ან მეზობლის ტყვიით კვდებოდა, ან ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით. სახელმწიფო, ხელისუფლება თავისი არსით დამსჯელი ორგანოა, რომელმაც უნდა დაიცვას ხალხის ინტერესები _ ეს არის მისი ძირითადი მიზანი და მოვალეობა. დღევანდელი ხელისუფლება კი იცავს თავს და თავის ინტერესებსდა იცავს ვისგან? _ ხალხისგან, რათა არ წაართვას ის, რაც წაჰგლიჯა.

თუ სვან კაცზე ანეკდოტად დადის, ფულის საჭრელი მანქანა გაყიდა, როცა გაუჭირდაო, _ სახელმწიფომ ფულით სავსე ბანკები გაყიდა, როცა გაუჭირდა. ესეც ანეკდოტია? ხომ წერდნენ ამაზე მედიასაშუალებები, მაშ, რატომ არ უნდა ექცეოდეს ყურადღება ხალხს და ხალხის გოდებას? სახელმწიფომ რატომ არ უნდა დაიკისროს რიგ შემთხვევაში ხალხის გასაკეთებელი საქმე, როდესაც მას ხალხი ვერ აკეთებს? ვერ აკეთებს ხელისუფლების შიშით, პოლიციისა და ჯარის შიშით. გამოდის, რომ პოლიციაც და ჯარიც, ხალხს კი არა, იცავს ერთ მუჭა ხელისუფალთ, რომლებიც ხელისუფლებაში მოსყიდვის გზით მოვიდნენ. რატომ აღარ არის თვითკრიტიკა? მედია თავისუფალი სიტყვის გამომხატველად იმიტომ აქციეს, რომ, რაც უნდათ, ის წეროს და იკითხოს, ხალხის ხმამ კი ხელისუფლებამდე არ მიაღწიოს. ჩვენი ოპოზიციური პარტიები ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან არსებული ხელისუფლების მანკიერ მხარეებზე, მაშინ, როდესაც გუშინ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და მსგავსი ოპოზიციური აზრები მათთვის “ბაბუაწვერისთვის” სულის შებერვა იყო. წინა ხელისუფლებას თვითკრიტიკის უქონლობამ თვალი დაუბნელა და უფსკრულში გადასაჩეხად უბიძგა, მაგრამ ამერიკელი ძიების მიერ უფსკრულის თავზე გაბმულმა ბადემ გადაარჩინა ისინიდა ამერიკელმა პატრონებმა კვლავ ძუძუზე ჩამოიკიდეს უკვე საყმაწვილოსენგამოვლილი ჩაფსმული ბიჭები.

დღეს ბეჭდურ მედიაში არიან ფლაგმანი გაზეთები, რომლებიც დაუფარავად ამხელენ ოკეანისგაღმელ მგლებსაც და თერგდაულეველ, ისტორიის პურუჭმელ ავანტიურისტებს, რომლებმაც დოლარებზე გაყიდეს სამშობლოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და შვილებს ელგბტ საზოგადოებისთვის ამზადებენ და არა ქვეყნის ჯარისკაცებად. წამყვანმა გაზეთებმა ნიღაბი უნდა ჩამოჰგლიჯონ ვაიპატრიოტებს, მათ გულზე დაბნეული ყალბი ყვავილები ხალხს უნდა დაანახვონ. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, სიმართლე უნდა ვუთხრათ ხალხს, სიმართლით უნდა ვებრძოლოთ ოპონენტებს. და აი მივედით იქამდე, რომ თხრობა დავიწყო სტალინის ბასრ იარაღზე _ კრიტიკასა და თვითკრიტიკაზე, რომლითაც დაფარული არაფერი რჩებოდა, რაც კი ხელს უშლიდა ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებას. სტალინს შეიძლება სააშკარაოზე არ გამოეტანა და არც გამოუტანია საზღვარგარეთის აგენტურული ქსელის საქმიანობა, მაგრამ ყოველთვის დაუფარავად ლაპარაკობდა პარტიულ თუ სამეურნეო საქმიანობაში დაშვებულ წვრილმან და მსხვილმან შეცდომებზე.

1928 წლის 26 ივნისის გაზეთ “პრავდის” 146-ე ნომერში სტალინმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, ფართოდ ჩაბმულიყო კრიტიკისა და თვითკრიტიკის, ქვეყნისთვის მეტად საჭირო საქმიანობაში. ამ საგაზეთო მასალიდან ზოგიერთ ამონარიდის გაგაცნობთ:

* “ზოგჯერ ამბობენ, თვითკრიტიკა კარგი რამ არის იმ პარტიისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუპყრია ძალაუფლება დადასაკარგავი არაფერი აქვს”, მაგრამ თვითკრიტიკა სახიფათო და საზიანოა იმ პარტიისთვის, რომელმაც ძალაუფლება უკვე დაიპყრო, რომელსაც გარემოცვაში მტრული ძალები ჰყავს და რომლის წინააღმდეგაც მტრებმა შეიძლება გამოიყენონ მისი სუსტი მხარეების მხილებაო. ეს მართალი არ არის. ეს სრულიად არ არის მართალი! პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ ბოლშევიზმმა ძალაუფლება დაიპყრო, სწორედ იმიტომ, რომ ბოლშევიკები შეიძლება გამედიდურდნენ ჩვენი მშენებლობის წარმატებათა გამო, სწორედ იმიტომ, რომ ბოლშევიკებმა შეიძლება ვერ შეამჩნიონ თავიანთი სუსტი მხარეები და ამით საქმე გაუადვილონ თავიანთ მტრებს, სწორედ ამიტომ არის საჭირო თვითკრიტიკა განსაკუთრებით ახლა, განსაკუთრებით ძალაუფლების აღების შემდეგ” (სტალინი).

შენიშვნა:

არსებული ხელისუფლება არა თვითკრიტიკის, არამედ თავდაცვის რეჟიმშია გადასული. როგორი უხეში და თვალში საცემი შეცდომაც უნდა დაუშვას “ქართულმა ოცნებამ”, მისი გამოსწორების გზების ძიებაზე კი არ არის მობილიზებული პარტიული აქტივი, არამედ მისი მიჩქმალვისა და ყალბი სამოსელით შეფუთვით არის დაკავებული, რითაც საქმეს უადვილებს “ნაცმოძრაობას” უფრო აქტიური თავდასხმისთვის.

* “თვითკრიტიკა რომ გავშალოთ, ამისთვის საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, დავძლიოთ პარტიის წინაშე არსებული მთელი რიგი დაბრკოლებებისა. ამას მიეკუთვნება მასების კულტურული ჩამორჩენილობა, პროლეტარული ავანგარდის კულტურული ძალების ნაკლებობა, ჩვენი უძრაობა, ჩვენიკომუნისტური ყოყოჩობადა სხვა, მაგრამ ერთერთ უაღერესად სერიოზულ დაბრკოლებას, თუ ყველაზე სერიოზულ დაბრკოლებას არა, წარმოადგენს ჩვენი აპარატების ბიუროკრატიზმი. საქმე ეხება ბიუროკრატიული ელემენტების არსებობას ჩვენი პარტიული, სახელმწიფოებრივი, პროფესიული, კოოპერაციული და სხვა ორგანიზაციების შემადგენლობაში. საქმე ეხება ბიუროკრატულ ელემენტებს, რომლებიც ცოცხლობენ ჩვენი სუსტი მხარეებითა და შეცდომებით; რომლებსაც, როგორც ცეცხლისა, ისე ეშინიათ მასების კრიტიკის, მასების კონტროლისა და, რომლებიც ხელს გვიშლიან თვითკრიტიკის გაშლაში, ხელს გვიშლიან ჩვენი სუსტი მხარეებისგან, ჩვენი შეცდომებისგან განთავისუფლებაში. ბიუროკრატიზმი ჩვენს ორგანიზაციებში არ შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ საქმის გაჭიანურებად და კანცელარიულ უსულგულობად. ბიუროკრატიზმი არის ჩვენს ორგანიზაციებზე ბურჟუაზიული გავლენის გამოვლინება” (სტალინი).

შენიშვნა:

საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის პირობებში არასოდეს ყოფილა ისე აყვავებული ბიუროკრატიზმი, როგორც წინა ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში, და ეს კიდევ უფრო ძლიერდებაქართული ოცნებისპირობებში. არაფერს ვამბობ მუშასა და გლეხზე, ისინი ხომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არსებობენ. დღეს ერთი საშუალო რანგის სახელმწიფო მოღვაწეს არ შეუძლია მეორე ამავე რანგის მოხელესთან შეღწევა, თუ სათანადო ნებართვა არ აქვს. ასეული კილომეტრის მანძილიდან ჩამოსულ მეწარმეს, თუ რა ჰქვია ლუკმაპურის მაძიებელ კაცს თანამედროვე ენით, არ შეუძლია თუნდაც კვირის განმავლობაში იდგეს ამა თუ იმ სამთავრობო დაწესებულების ეზოში (მას მოსაცდელშიც არავინ შეუშვებს ნებართვის გარეშე), რათა, არათუ ხელმძღვანელთან, რიგით სპეციალისტთან მაინც შეაღწიოს. მას მექანიკურად უპასუხებენ, რომ უფროსი დაკავებულია ან ქვეყანაში არ იმყოფება. მთელი ქვეყანა დასაცავად და დამცველად არის გადაქცეული. ეს მაშინ, როდესაც დაცვა კომუნისტების პერიოდში მხოლოდ ერთ კაცს ეკუთვნოდა _ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს და მასაც ერთი კაცი იცავდა (სტალინის პერიოდში).

* “თვითკრიტიკა საჭიროა არ ხელმძღვანელობის შესასუსტებლად, არამედ მის გასაძლიერებლად; საჭიროა იმისათვის, რომ იგი ქაღალდის საშუალებით ნაკლებავტორიტეტული ხელმძღვანელობიდან გადავაქციოთ ცოცხალ და ნამდვილ ავტორიტეტულ ხელმძღვანელობად” (სტალინი).

შენიშვნა:

ამის ნათელი მაგალითია მეურნეობის დირექტორობისას ჩემს თავს გადახდენილი ორომტრიალი, რომელიც არარსებული “საფეხბურთო მოედნის” შესახებ ცრუ განგაშმა გამოიწვია, როგორც ხელისუფლებაში, ისე საბჭოთა მეურნეობაში.

* “მაგრამ არის სხვაგვარითვითკრიტიკაც”, რომელიც იწვევს პარტიულობის რღვევას, საბჭოთა ხელისუფლებისთვის სახელის გატეხვას, სამეურნეო კადრების გახრწნას, მუშათა კლასის განიარაღებას, გადაგვარების შესახებ ლაყბობას. სწორედ ასეთითვითკრიტიკისკენმოგვიწოდებდა გუშინ ტროცკისტული ოპოზიცია. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ პარტიას საერთო არაფერი აქვს ასეთთვითკრიტიკასთან”. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ პარტია მთელი ძალღონით, ყველა საშუალებით იბრძოლებს ასეთითვითკრიტიკისწინააღმდეგ” (სტალინი).

შენიშვნა:

სწორედ ასეთი კრიტიკის ნათელი მაგალითია “ნაცმოძრაობის” დღევანდელი წუხილი, ნიანგის ცრემლის ღვრა და ყოველწამიერად რაფალიანცის ტრაგედიის შეხსენება საზოგადოებისთვის, როდესაც მათ ასეულობით ადამიანი დაახრჩვეს წყალსა თუ ციხეში, რომელთა საქმეებიც გამოუძიებელი და საზოგადოებისთვის უცნობია. სწორედ ასეთ კრიტიკასა და თვითკრიტიკაზე მიუთითებს სტალინი, როგორც ტროცკისტულზე.

* “არ შეიძლება, აგრეთვე, იმის უარყოფა, რომ თვითკრიტიკის შედეგად ჩვენი პრესა უფრო ცოცხალი და სიცოცხლისუნარიანი გახდა, ხოლო ჩვენი გაზეთების მუშაკთა ისეთი რაზმები, როგორიც არის მუშსოფლკორთა ორგანიზაციები, უკვე იწყებენ გადაქცევას უაღრესად სერიოზულ პოლიტიკურ ძალად. მართალია, ჩვენი პრესა ხანდახან კვლავ ზედაპირზე სრიალებს, ჯერ კიდევ ვერ ისწავლა გადასვლა ცალკეული კრიტიკული შენიშვნებიდან უფრო ღრმა კრიტიკაზე, ხოლო ღრმა კრიტიკიდან _ კრიტიკის შედეგების განზოგადებაზე, იმის გამოვლინებაზე, კრიტიკის შედეგად რა მიღწევებია მოპოვებული ჩვენი მშენებლობის დარგში, მაგრამ არ მგონია, შეიძლებოდეს, დავეჭვდეთ იმაში, რომ ეს საქმე წინ წავა შემდგომი კამპანიის მსვლელობაში. ოღონდ საჭიროა, ამ პლუსებთან ერთად აღინიშნოს ჩვენი კამპანიის მინუსებიც. საქმე ეხება თვითკრიტიკის ლოზუნგის იმ დამახინჯებებს, რომლებსაც ადგილი აქვს უკვე ახლა, კამპანიის დასაწყისში და რომლებიც ქმნის თვითკრიტიკის გაუხამსოების საშიშროებას, თუ ისინი ახლავე არ აღვკვეთეთ.

1) საჭიროა, უწინარეს ყოვლისა, აღვნიშნოთ, რომ პრესის მთელ რიგ ორგანოებში დაისახა ტენდენცია კამპანიის გადაყვანისა ჩვენი სოციალისტური მშენებლობის ნაკლოვანებათა საქმიანი კრიტიკის ნიადაგიდან პირადი ცხოვრების უკიდურესობათა წინააღმდეგ სარეკლამო შეძახილების ნიადაგზე. ეს შეიძლება დაუჯერებლად გვეჩვენოს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ფაქტია” (სტალინი).

შენიშვნა:

სწორედ ეს არის როგორც “ნაცმოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” მხრიდან საქმიდან გაქცევის მცდელობა და ადამიანების ლოგინში ქექვა და ჭუჭყიანი თეთრეულის გამომზეურება.

* “აიღეთ, მაგალითად, გაზეთი “ვლასტ ტრუდა” _ ირკუტსკის საოლქო კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის ორგანო (#128). იქ ნახავთ მთელ გვერდს, აჭრელებულს სარეკლამო “ლოზუნგებით”: “თავშეუკავებულობა სქესობრივ ცხოვრებაში ბურჟუაზიულია”, “ერთ ჭიქას მეორე მოსდევს”, “საკუთარ სახლს საკუთარი ძროხა უყვარს”, “ორფა საწოლის ბანდიტები”, “გასროლა, რომელიც არ მომხდარა” და ა.შ. საკითხავია, რა შეიძლება იყოს საერთო “ბირჟოვკის” შესაფერ ამ “კრიტიკულ” შეძახილებსა და ბოლშევიკურ თვითკრიტიკას შორის, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ჩვენი სოციალისტური მშენებლობის გაუმჯობესება? შესაძლოა, “ამ სარეკლამო შენიშვნების ავტორი კომუნისტია. შესაძლოა, იგი გამსჭვალულია მტრობით საბჭოთა ხელისუფლების “კლასობრივი მტრებისადმი”, მაგრამ, აქ იგი სწორი გზიდან რომ უხვევს, აუხამსებს თვითკრიტიკის ლოზუნგს და ლაპარაკობს არა ჩვენი კლასის წარმომადგენლის ხმით _ ეს უეჭველია.

2) შემდეგ _ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ პრესის ის ორგანოები, რომლებიც მოკლებულნი არ არიან სწორი კრიტიკის უნარს, ისინიც კი ზოგჯერ გადადიან კრიტიკაზე კრიტიკისათვის, კრიტიკას აქცევენ სპორტად, რომლის მიზანია სენსაცია. ავიღოთ, მაგალითად, “კომსომოლსკაია პრავდა”. ყველასათვის ცნობილია “კომსომოლსკაია პრავდის” დამსახურება თვითკრიტიკის გაშლის საქმეში, მაგრამ აიღეთ ამ გაზეთის ბოლო ნომრები და გადასინჯეთ პროფესიულ კავშირთა სრულიად საკავშირო ცენტრალური საბჭოს ხელმძღვანელების “გაკრიტიკება”, მთელი რიგი შეუწყნარებელი კარიკატურები ამ თემაზე. საკითხავია, ვის სჭირდება ასეთი “კრიტიკა” და რის მოცემა შეუძლია მას, გარდა თვითკრიტიკის ლოზუნგის კომპრომეტაციისა? რა თქმა უნდა, თვითკრიტიკისთვის საჭიროა ყველა სახეობის იარაღი, მათ შორის, “მსუბუქი კავალერიაც”, მაგრამ განა აქედან ის გამომდინარეობს, რომ მსუბუქი კავალერია ჭკუამსუბუქი კავალერია უნდა გახდეს?

3) ბოლოს _ საჭიროა, აღვნიშნოთ მთელი რიგი ჩვენი ორგანიზაციების მიდრეკილება, გადააქციონ თვითკრიტიკა სამეურნეო მუშაკების დევნად, მუშათა კლასის თვალში მათთვის სახელის გატეხვად. ფაქტია, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ უკრაინასა და ცენტრალურ რუსეთში დაიწყო პირდაპირი დევნა ჩვენი საუკეთესო სამეურნეო მუშაკებისა, რომელთა დანაშაული არის ის, რომ 100%-ით არ არიან გარანტირებული შეცდომის დაშვებისგან. სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ ადგილობრივი ორგანიზაციების დადგენილებები ამ სამეურნეო მუშაკების პოსტებიდან მოხსნის შესახებ, დადგენილებები, რომლებსაც არავითარი სავალდებულო ძალა არ აქვს, მაგრამ აშკარად ნავარაუდევია იმისათვის, რომ სახელი გაუტეხოს ამ მუშაკებს? სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ, რომ სამეურნერო მუშაკებს აკრიტიკებენ, მაგრამ კრიტიკაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევენ?”

შენიშვნა:

და ეს არის სტალინის მიერ კრიტიკის ჩახშობა? განა ეს არ არის იმ საქმიანობის აშკარა კრიტიკა, რომელიც გამეფებულია დღევანდელ ცხოვრებაში და, კერძოდ, მედიაში? განა ეს არ არის ბრძოლა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისადმი?

* “რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მოვითხოვთ, კრიტიკა სწორი იყოს მთელი 100 %-ით. თუ კრიტიკა ქვემოდან მომდინარეობს, ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ისეთი კრიტიკაც, რომელიც სწორია მხოლოდ 5-10%-ით. ყველაფერი ეს მართალია. მაგრამ განა აქედან ის მომდინარეობს, რომ სამეურნეო მუშაკებს მთელი 100%-ით უნდა მოვთხოვოთ გარანტია არ დაუშვან შეცდომა? განა ქვეყნად არიან შეცდომებისგან 100%-ით დაზღვეული ადამიანები? განა ძნელი გასაგებია, რომ სამეურნეო კადრების გამოსაზრდელად საჭიროა მრავალი წელი, რომ სამეურნეო მუშაკებისადმი დამოკიდებულება ჩვენში უაღრესად სათუთი და მზრუნველი უნდა იყოს? განა ძნელი გასაგებია, რომ თვითკრიტიკა გვესაჭიროება არა სამეურნეო კადრების დევნის, არამედ მათი გაუმჯობესებისა და განმტკიცებისთვის?

გააკრიტიკეთ ჩვენი მშენებლობის ნაკლოვანებანი, მაგრამ ნუ გააუხამსებთ თვითკრიტიკის ლოზუნგს და ნუ გადააქცევთ მას სარეკლამო ვარჯიშის იარაღად თემაზე: “ორფა საწოლის ბანდიტები”, “გასროლა, რომელიც არ მომხდარადა სხვ.

რაც მთავარია: ქვემოდან მასობრივ კრიტიკას ნუ შევცვლით ზემოდან “კრიტიკული” რახარუხით; საშუალება მიეცით მუშათა კლასის მასებს, გამოიჩინონ შემოქმედებითი ინიციატივა ჩვენი ნაკლოვანებების გამოსწორების საქმეში, ჩვენი მშენებლობის გაუმჯობესების საქმეში” (სტალინი).

შენიშვნა:

თანამედროვე ხელისუფალნო, ისწავლეთ სტალინისგან! სტალინიზმი არ არის ფაშიზმი. სტალინიზმი არის კაცობრიობის განვითარების ნათელი გზა, რომელიც მიგვიყვანს აღთქმულ ქვეყნამდე, სადაც იქნება თანასწორობა, ბედნიერება, იმედი მომავლისა, სადაც ვარდსა და ნეხვს მზე ერთნაირად მოეფინება!

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here