ქართველ მეცნიერთა ისტორიულ წერილს “თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ”, რომელიც წინა ნომერში გაგაცანით, საქართველოში ენით აუწერელი სიხარული მოჰყვა, ხოლო საზღვარგარეთ _ შოკისმომგვრელი შიში. მსოფლიოს პროგრესული ნაწილი და კოლონიური ქვეყნები აღტაცებით შეხვდნენ სტალინის გადაწყვეტილებას თურქეთში შეჭრის შესახებ. საქართველოში ფართოდ გაიშალა პროპაგანდისტური მუშაობა დაკარგული მიწების დაბრუნების პერსპექტივაზე. იწერებოდა ლექსები, პოემები, იდგმებოდა პიესები სხვადასხვა თეატრში და სრულდებოდა სიმღერები თვითმოქმედ კოლექტივებში.
“გზის გასწვრივ დგანან ალვები მწკრივად,
თეთრად გაჰკვრია ზეცას ღრუბლები,
მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ,
ოლქკომის მდივანს ვესაუბრები.
კედელზე რუკა ჰკიდია ოლქის,
მდივანი დასცქერს გადაშლილ ფურცელს,
სახეზე დაჰკრავს იერი კოლხის
და ლაპარაკში ლაზურად უქცევს”.
მოგვიანებით შეიქმნა და დამტკიცდა დოკუმენტი სახელწოდებით “ზოგიერთი მოსაზრება ამიერკავკასიის ფრონტის ოპერაციათა დაგეგმვის შესახებ”. დოკუმენტის თანახმად, საბჭოთა არმია უნდა შესულიყო თურქეთის ტერიტორიის სიღრმეში, ტრაპიზონ-ბაიბურთისა და ყარს-ერზრუმის მიმართულებით.
* პირველ ეტაპზე (10-დღიანი ვადით) საბჭოთა არმიას უნდა გაენადგურებინა თურქეთის არმიის დაჯგუფება ყარსისა და ართვინის რაიონებში და შტურმით აეღო ტრაპიზონი.
* მეორე ეტაპზე (6-დღიანი ვადით) საბჭოთა არმიას უნდა გაენადგურებინა ოლთის-სარიკამიშის დაჯგუფება, გადადიოდა ისპირ-თორთუმის ხაზზე.
* მესამე ეტაპზე (ოპერაციის დაწყებიდან მე-20 დღეს) საბჭოთა არმიას უნდა დაეკავებინა ერზრუმი.
მსოფლიო დიპლომატია აქტიურად ამოქმედდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და სტალინმაც დროსა და გარემოებასთან შესაბამისად ოპერაცია დროებით შეაჩერა.
რატომ არ მიიღო სტალინმა თურქეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გადაწყვეტილება 1944 წელს, რისი სურვილიც, როგორც შემდგომ გამოჩნდა, მოჭარბებული ჰქონდა? საფიქრებელია, რომ მას ამ ნაბიჯის გამამართლებელი მტკიცე არგუმენტები გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის პერიოდში ანტიჰიტლერული კოალიცია ერთობლივად იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ, სტალინმა კარგად იცოდა, რომ ეს იყო დროებითი მოკავშირეობა და დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იდეოლოგიურ საწყისებზე ანტაგონისტური დამოკიდებულების გამო ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის იყვნენ განწირულნი.
ეს ტენდეცია ჯერ კიდევ 1946 წელს გამოიკვეთა უინსტონ ჩერჩილის სიტყვაში აშშ-ის ქალაქ ფულტონში. ისტორიკოსებისათვის ცნობილი ფაქტია, რომ, სანამ 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება დაიდებოდა, იგეგმებოდა გერმანიის მთავრობის წევრ ჰერმან გერინგის ვიზიტი ლონდონში, სადაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ინგლის-გერმანიის ერთობლივი ფრონტით გამოსვლაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. ანალოგიური მისიით ჩაფრინდა ინგლისში 1941 წლის 10 მაისს ჰიტლერის თანაშემწე რუდოლფ ჰესი, რომლის საქმეც გრიფით “საიდუმლო” ამ მოვლენიდან 75 წლის შემდეგაც არ არის გამომზეურებული. ნიურნბერგის პროცესზე 1946 წლის აგვისტოში ჰესი აპირებდა ინგლისში მისი მისიის შესახებ ესაუბრა, მაგრამ ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ინგლისელმა ლოურენსმა უხეშად შეაწყვეტინა სიტყვა და ამის შემდეგ ჰესმა დუმილი ამჯობინა. ჰესის შესახებ 1948 წელს ალენ დალესმა, ომის წლებში შვეიცარიის ქალაქ ბერნში ამერიკის სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ხოლო შემდეგ აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, თქვა: “ბრიტანეთის დაზვერვამ ბერლინში კონტაქტი დაამყარა რუდოლფ ჰესთან და მისი დახმარებით თვით ჰიტლერზე გასასვლელი მოძებნა. ჰესს უთხრეს, რომ, თუ გერმანია ომს გამოუცხადებს საბჭოეთს, ინგლისი შეწყვეტდა საომარ მოქმედებებს”.
ასეც მოხდა. ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოებმა გერმანიას მეორე ფრონტი ომის დაწყებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაუხსნეს, როცა დაინახეს, რომ საბჭოეთი ფაშისტებს ომში მათი ჩაბმის გარეშეც დაამარცხებდა და გამარჯვების სტრატეგიული მონაპოვარი მხოლოდ მის ხელში აღმოჩნდებოდა.
ჰესი 1945 წლამდე ჩერჩილის განკარგულებით საპატიო ტყვის პრივილეგიებით ტაუერის ციხეში იმყოფებოდა, ხოლო, ნიურნბერგის პროცესის გადაწყვეტილებით, სამუდამო პატიმრობის სასჯელით გერმანიაში შპანდაუს ციხეში გამოკეტეს. საინტერესოა, რომ 1987 წელს, როცა ჰესი 93 წლის იყო, ჰუმანურობის მოტივით მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს, მაგრამ იმავე დღეს ციხის ეზოში რკინის მავთულით დამხრჩვალი იპოვეს, მისი ჩანაწერები დაიკარგა ან გაანადგურეს.
1944 წლის ივლისში მარცხით დასრულდა პოლკოვნიკ შტაუნფენბერგის სამხედრო შეთქმულება ჰიტლერის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობდნენ ფელდმარშალი რომელი, საფრანგეთის გუბერნატორი, გენერალი შტიულპნაგელი და სხვები. ისინი კონკრეტულად დასავლეთის ფრონტზე ომის შეწყვეტასა და ინგლის-ამერიკის ჯარებთან ერთად აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა კავშირთან ერთობლივ ბრძოლას აპირებდნენ, რომლის გარანტიებიც დასავლეთიდან რომ არ ჰქონოდათ, მაშინ ამგვარ რისკიან შეთქმულებასაც ვერ გაბედავდნენ, რომელსაც მათი სიცოცხლე შეეწირა.
სხვათა შორის, არსებობს ინფორმაცია, რომ სტალინმა უარი თქვა ჰიტლერის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელებაზე იმის შიშით, რომ მის ადგილზე მოსული გერმანიის ახალი ლიდერი მოახერხებდა დასავლეთის კონსოლიდაციას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ამიტომ ოდიოზური ჰიტლერის არსებობა გერმანიის სრულ განადგურებამდე აუცილებლად მიიჩნია. ასევე ცნობილია, რომ გერმანიის რაიხის მეორე პირი ჰიმლერი ომის დასასრულს სეპარატულ მოლაპარაკებას აწარმოებდა დასავლეთის არმიის ხელმძღვანელებთან ომის შეწყვეტის თაობაზე და გერმანული არმიის საბჭოეთის წინააღმდეგ გამოყენებაზე, რის გამოც ჰიტლერმა ომის ბოლო დღეებში ის მოღალატედ გამოაცხადა და მისი დაპატიმრება მოითხოვა.
რა საიდუმლო საომარ ოპერაციებს გეგმავდა ინგლის–ამერიკა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წლის ივლისში, ეს ამჟამად უკვე ცნობილია საარქივო დოკუმენტებით. ჩაფიქრებული იყო არა მხოლოდ სახმელეთო ოპერაციები, არამედ 196 ატომური ბომბით საბჭოთა კავშირის ქალაქების განადგურება. მხოლოდ საბჭოთა არმიის საპასუხო დარტყმის შიშით ვერ გაბედა დასავლეთმა ასეთი მასშტაბის საკაცობრიო დანაშაულის ჩადენა.
სწორედ ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას ცნობილი წერილის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, 1945 წლის 23 ივლისს, პირველად შეძრა პოტსდამის კონფერენციაზე სტალინის ისტორიულმა გამოსვლამ მსოფლიო საზოგადოებრიობა, რომ რკინის სარდალი გაჩერებას არ აპირებდა. პოტსდამის კონფერენციაზე თურქეთის ტერიტორიული საკითხი წამოიჭრა. 23 ივლისის სხდომაზე იოსებ სტალინმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა:
“გუშინ ჩერჩილი ამტკიცებდა, რუსები თურქებს აშინებენო. გარწმუნებთ, რომ ბულგარეთში მყოფ ჩვენს ჯარებს თურქები არ დაუშინებიათ. იქნებ საზღვრების შესწორების წინადადებამ დააშინა თურქები? მაგრამ საკითხი ეხება იმ საზღვრების აღდგენას, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე არსებობდა. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც მანამდე სომხეთის შემადგენლობაში იყო, და ართვინ–არტაანის რაიონი, რომელიც ასევე ომამდე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. ძველი საზღვრების აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს რომ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება არ მოეთხოვათ. მოკავშირეობა კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თურქეთის საზღვარი, ხოლო თურქეთი ასევე ვალდებულებას იღებს, დაიცვას ჩვენი საზღვარი. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საზღვარი ყარსისა და არტაანის რაიონში არასწორია და ასეც განვუცხადეთ თურქებს. თუ მათ სურთ ჩვენთან მოკავშირეობა, მაშინ საჭიროა, გაასწორონ საზღვრები და, თუ არ უნდათ, მაშინ საკითხი მოკავშირეობაზე გამორიცხულია!”
სტალინის სიტყვები არა მხოლოდ კანონიერი მოთხოვნა იყო, არამედ ულტიმატუმიც მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. ზემომოყვანილი სიტყვა სტალინმა მაშინ წარმოთქვა, როდესაც უკვე იცოდა და ტრუმენმაც, აშშ-ის პრეზიდენტმა 15 ივლისს დაუდასტურა, რომ მათ ატომური ბომბი გამოსცადეს. აშშ-ის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილს ეგონათ, რომ სტალინს ზეძლიერი ბომბით დააშინებდნენ და მუხლებზე დააჩოქებდნენ, მაგრამ კავკასიური ვეფხვი არ ცხრებოდა, რადგან მას შიშის განცდა, დიდი ხანია, დაკარგული ჰქონდა. სტალინმა სამამულო ომში გამარჯვებამდე ერთი წლით ადრე აამოქმედა თავისი დიდი ხნის ოცნების აღსრულების მექანიზმი და გადაწყიტა საქართველოსა და სომხეთისათვის თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება. იფიქრა, რომ თურქეთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ფრონტის ზურგში თურქული ორიენტაციის მოსახლეობის არსებობა მიზანშეუწონელი იყო და 1944 წლის 15 ნოემბერს სწრაფი ოპერაციით ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის რაიონების სოფლებიდან 20 000-მდე ოჯახი შუა აზიაში გადაასახლა, რაც 100 000-მდე ადამიანს შეადგენდა.
მათი ეთნიკური შემადგენლობა კი ასეთი იყო: თურქი _14 493 ოჯახი, ქურთი _ 1 800, აზერბაიჯანელი _ 358, იეზიდი _ 7, თათრები _ 126. აღნიშნული ოჯახებიდან მოსახლეობის არც ერთი წევრი თავს ქართველად არ მიიჩნევდა, ხოლო ვინც თურქული წარმოშობისა არ აღმოჩნდა, მათ მიიღეს კომპენსაცია და თავისუფალი საცხოვრებელი ადგილის შერჩევის უფლება. ერთი შეხედვით, ეს არაჰუმანური აქტია, მაგრამ საომარ პირობებს თავისი კანონები აქვს. მაგალითად, იაპონიასთან ომის დაწყებამდე აშშ–ის მთავრობამ სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მოტივით, თავის ტერიტორიაზე მცხოვრები 250 000 იაპონელი დააპატიმრა და საკონცენტრაციო ბანაკის მსგავს რეზერვაციებში შეყარა…
დასავლეთი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა. ამერიკა აქტიურად ჩაერთო თურქეთის დაცვაში. სტამბულში შევიდა ამერიკული ლინკორი “მისური” სხვა სამხედრო გემების თანხლებით. თურქეთის შესაიარაღებლად ასობით მილიონი დოლარი კრედიტი გამოიყო, ხოლო 1952 წლის 18 თებერვალს, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, თურქეთი ნატოში მიიღეს. თურქეთზე თავდასხმა უკვე მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავდა. სტალინმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად მსოფლიოს ჩაბმა ატომურ ომში. რატომ არ მოაგვარა სტალინმა თურქეთის საკითხი მანამ, სანამ მას ამის საშუალება ჰქონდა და შექმნილი არ იყო ატომური ბომბი და ნატო?
სტალინი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გადიოდა. დღეს ყველასათვის ნათელია (არქივების გახსნის შემდეგ), რომ საბჭოეთზე ჰიტლერის თავდასხმა პროვოცირებული იყო დასალეთის მიერ, რომ ინგლისი, ამერიკა, იაპონია, იტალია და ევროპის პატარა ქვეყნები მხარს უჭერდნენ დიდ ქვეყნებს საბჭოთა კავშირის სრული ლიკვიდაციის საქმეში, რაც ზუსტად იცოდა სტალინმა.
მას შემდეგ, რაც მსოფლიომ სტალინგრადთან დაინახა სტალინის გენია, ფაშისტების 300 000-იანი არმიის რკინის სალტეში მოქცევა და რუსი “სალდათის” მიერ ფელდმარშალ პავლიუსის დატყვევება, დასავლელი ლიდერები საგონებელში ჩავარდნენ და ირწმუნეს სტალინის უძლეველობა, მაგრამ არჩევანი სტალინსა და ჰიტლერს შორის მაინც ჰიტლერის სასარგებლოდ გააკეთეს. სტალინი მოკავშირეების ღალატზე ფიქრობდა და ზავის მოლოდინში იყო თავის მოკავშირეებსა და ჰიტლერს შორის, რასაც კიდევ მოწმობს იალტის კონფერენციაზე მოკავშირეთა (რუზველტისა და ჩერჩილის) დაგვიანება _ ამის მიზეზი სტალინისთვის იმავე დღეს შეიქნა ცნობილი, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერები მალტაში სტალინის გარეშე ჰიტლერთან ზავის დადებაზე მსჯელობდნენ. იალტაში ჩასვლისთანავე სტალინმა ირონიულად ჰკითხა რუზველტს: მალტა იალტაში ხომ არ შეგეშალათო? მოკავშირეებისთვის გასაგები იყო, რომ სტალინმა ყველაფერი იცოდა და უკვე კონტრნაბიჯებიც გათვლილი ჰქონდა. სტალინმა სწორედ იალტაში მოიგო დიდი სამამულო ომი და არა ბერლინში. ხოლო ბერლინი, ჟუკოვმა, როკოსოვსკიმ და კონევმა კი არა, სტალინმა მოიგო იალტის კონფერენციიდან “შორსმსროლელი სტალინური დიპლომატიის საშუალებით”.
რაკი იალტის შემდეგ მეორე ფრონტი ძალაში შევიდა და სტალინს უტყუარი პირობა ჰქონდა მოკავშირეთა მყარი მხარდაჭერისა, ფრთები გაშალა ბოსფორზე გადასაფრენად, მაგრამ ბოსფორს შეიძლება უმძიმესი კატასტროფა მოჰყოლოდა კაცობრიობისთვის, რაც სტალინმა ყველაზე უკეთ იცოდა…
“მის აგარაკზე რომ დავბრუნდით, _ თითქოს წინასწარ ჰქონდაო მოფიქრებული, _ მრგვალი მაგიდისკენ გაგვიძღვა, ამიერკავკასიის რუკა მოიტანა და მაგიდაზე გაშალა (იგონებს აკაკი ვასაძე):
_ აბა, კანდიდ, აგერ ფანქარი და მოხაზე საქართველოს ახლანდელი საზღვრები, _ უთხრა კანდიდ ჩარკვიანს.
კანდიდ ჩარკვიანმა აიღო ფანქარი და რუკაზე აღნიშნულ ჩრდილოეთის საზღვრებს იქით ზოლის გატარება დააპირა, მაგრამ შეყოვნდა და ფანქარი მხოლოდ ჰაერში გაავლო.
_ ნუ გეშიანია, მოხაზე, მოხაზე ფანქრით, რუკას როგორმე კიდევ ვიშოვნი!
და კანდიდმა, ახლა ფანქრით ზუსტად და მკაფიოდ შემოხაზა ომის შემდეგ საქართველოსთვის შემომატებული ჩრდილოეთის ტერიტორია.
_ აი, ეს მესმის. ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა. ესეც პასუხად იმათ, ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, ვინც გვისაყვედურებდა, საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორია შეამცირაო… რამდენი უნდა ებრძოლა ერეკლე მეფეს, ამოდენა ტერიტორია რომ შემოეერთებინა საქართველოსთვის?!
_ უზარმაზარი მხარეა, მაგრამ ქართველები ფეხს ითრევენ იქ დასახლებაზე. ძვირფასი ტყეები, საძოვრები, მშვენიერი ჰავა და წყლებია საკურორტო ადგილების გასაშენებლად; სახნავ–სათესი მიწებიც არის, მაგრამ ქართველი კაცის ხასიათი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ამხანაგო სტალინ, სხვის მიწაზე თვალი არასდროს სჭერია. ცენტრალურ კომიტეტში თითქმის ყოველდღე მოდის ქლუხორში ახალდასახლებულთა წერილები, უკან დაბრუნებას მოითხოვენ, სამშობლოში გვირჩევნიაო. ქისტებისა და ჩეჩნების მიწებიც ცარიელია, მთიულეთიდან, თუშეთიდან, ხევსურეთიდან ერთ კაცსაც არ გამოუთქვამს სურვილი დასახლებაზე. მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო პროცენტი ოსებისა დასახლდა, ისიც თერგის ნაპირთან ახლოს, _ მოკლედ აცნობა კანდიდ ჩარაკვიანმა.
_ სხვისი მიწა რად არის, საბჭოთა კავშირში შემავალი ტერიტორიაა. იმათ კი ვერ შეიშვნეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა, ომის დროს დაგვაღალატეს, გამცემლურად მოიქცნენ, მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში… ჰმ, ფაშისტები ამჯობინეს ჩვენს თავს… გასაგებია, ქისტებისა და ჩეჩნების მიწები ძალზე მწირია, მაგრამ ქლუხორი ხომ განთქმულია თავისი ბუნებით, ტყით, წყლებით, მინდვრებით, _ არ ცხრებოდა სტალინი, _ ქართველი ხალხი მაინც მთის ხალხია და, თუ მან არ აითვისა ეს ადგილები, აბა, რუსს იქ რა აიყვანს, ან უკრაინელს…
_ არა სოსო, _ კანდიდ ჩარკვიანმა სწორად გითხრა ქართველი კაცის ხასიათზე: დავით აღმაშენებლის თუ თამარ მეფის დროს მართლა რომ შეგვეძლო სამხრეთისაკენ თუ ჩრდილოეთისაკენ საზღვრების გაფართოება, მაშინ არ უქნია ეს ჩვენს ხალხს და… სხვისი მიწა რად გვინდა, ნეტავ ჩვენი რაც იყო, ის დაგვაბრუნებინა, _ მიხეილ ტიტვინიძის გულუბრყვილო ნათქვამმა სტალინიც და ჩვენც ბევრი გვაცინა. ჯერ ისევ კანდიდ ჩარკვიანს უთხრა: _ ცოტა ხანს კიდევ მოვიცადოთ, ხომ იცი, ახალ ტანსაცმელს რა გინდა ძვირფასი ქსოვილისა და კარგად შეკერილი იყოს, ძნელად ეგუება კაცი, ვიდრე ტანზე არ მოირგებს… ვნახოთ, ვნახოთ.
მერე მიხეილ ტიტვინიძეს გაუცინა: _ შენს ნათქვამსაც მიგიხვდი, ჩემო ძმაო, რაც შეეხება მეორეს, საბაბს არ გვაძლევს მიმტაცებელი, ჩვენი მიწები რომ დავიბრუნოთ და მხოლოდ საქართველოს კი არა, საბჭოთა კავშირს კანონიერად შემოვუერთოთ, თორემ, საბაბი რომ იყოს, ყარსსა და არდაგანს, ტრაპიზონამდე მთელ მიწებს უკან ჩავიბარებდით… აი, რა ამბავს მოგიყვებით: ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადების პერიოდში კავკასიის ფრონტის ჯარებს ერზრუმი არ ჰქონდათ დატოვებული; საბჭოთა რუსეთის საზავო კომისიის თავმჯდომარედ ტროცკი იყო დანიშნული, ხოლო ამ კომისიის კონსულტანტად ლენინმა მე მიმავლინა, როგორც ეროვნულ საქმეთა კომისარი. ამიერკავკასიის მთავრობებმა ჩვენს მიმართვაზე, თავისი წარმომადგენლები გამოეგზავნათ და მონაწილეობა მიეღოთ საზავო მოლაპარაკებებში, დუმილით გვიპასუხეს. კაცი არ გამოჩნდა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების სასაზღვრო ინტერესები რომ დაეცვა. ამასთანავე, ბრესტის ხელშეკრულება ვერ შედგებოდა, თუ საომარი ურთიერთმდგომარეობა არ გამოიხატებოდა საზღვრების საკითხის შეთანხმებული და სამართლიანი გადაწყვეტით. ამ იურიდიული კაზუსით ჩემს თავზე მივიღე ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესების დაცვა. ამიერკავკასიის ქვეყნების საზღვართა მცოდნემ, თუ არ ვცდები, ქიაზიმ ბეიმ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ისეთი პრეტენზიები წამოაყენა, რომ მათი უარყოფა და დარღვევა არ გამჭირვებია, ყარსი და არდაგანი რა საკითხავია, ბათუმიც თავის საზღვრებში მოიყოლეს. მათი პროექტით, ახალქალაქთან კარძახზე უნდა გასულიყო საზღვარი და ასე შემდეგ. ქიაზიმ ბეიმ გადასინჯვაზეც კი არ ისურვა მოლაპარაკება და დიპლომატიური მსჯელობების შეწყვეტითაც დამემუქრა. მაშინ მე ფრიად მრავალმნიშვნელოვნად განვუცხადე: როგორც გენებოთ, მაგრამ საზღვრებზე საუბრის გაგრძელება იქნებ ერზრუმში მოგვიწიოს-მეთქი და წამოვდექი. ახლა კი იკადრა უკან დახევა. _ მოითმინეთ, მე სულაც არ მინდა თქვენი მომდურება, რუსეთთან მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით ვარ დაინტერესებულიო, და კარგა ხანს ოსმალური ლათაიებით შემიქცია. მე მოკლედ ვუთხარი, დამარცხებული ქვეყნისათვის სამარცხვინო როდია, თუ თავისი ძველი საზღვრების შენარჩუნებას მოინდომებს–მეთქი. თანახმა ვარო, _ დამყვა ქიაზიმ ბეი და მეც დასრულებულად მივიჩნიე ჩემი მისია, მოსკოვში მოვემზადე წასასვლელად. გზაში უეცრად ტიფი შემეყარა. მხოლოდ ორი-სამი კვირის შემდეგ მოვახერხე წამოდგომა. კომისარიატში ძლივს მივლასლასდი, რადგან ლენინი ჩემთან სატელეფონო საუბარს მოითხოვდა. ლენინმა თავისთან გამომიძახა ახალი საზღვრების ხელშეკრულებათა გასაცნობად. მივედი და რას ვხედავ: ქიაზიმ ბეის კომისიის თავმჯდომარისათვის საზღვრების დანაწილების პირველი ვარიანტისათვის მოუწერინებია ხელი… როგორც შემდეგ გაირკვა, ქიაზიმ ბეის ჩემი იქ არყოფნით უსარგებლია და იმ ოსმალო გაქნილ დიპლომატს კარგა ლაზათიანად გაუცურებია ჩვენი თავმჯდომარე ტროცკი. რაღას ვიღონებდი, ლენინსაც უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი ხელშეკრულებებზე როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს მიწების ოსმალოებისთვის დათმობაზე. ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს. ერის ისტორია ხელშეუხებელია. ომის შემდეგ გადავკარი ერთი-ორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალოებს, საზღვრის ამბავი არ დამვიწყებია-მეთქი. საპასუხო ხმას არ იღებენ, მაგრამ ისიც ცხადია, ჩვენი ოკეანისგაღმელი “ძმები” მხარს მათ უჭერენ, თუმცა საჯაროდ არაფერს ამბობენ. საქართველოსა და სომხეთის მიწების დაბრუნება, საბჭოთა კავშირის ინტერესებშიც შედის და ჯერჯერობით არ ვაპირებ არც პოზიციების დათმობას და არც დადუმებას. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც. ერთი კი ცხადია: მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, რუსეთთან შეკავშირების წყალობით, საზღვრების გამტკიცებისა და საშინაო პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების მხრივაც საქართველომ მხოლოდ მოიგო ბევრი რამ. ქართლი, კახეთი, იმერეთი _ ცალკე სამეფოები; გურია, სამეგრელო, მესხეთი, აფხაზეთი, სვანეთი _ სამთავროები _ ყველა კახეთის მეფეებს ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც თავიანთი სათემო წყობილება ჰქონდათ. თვით პატარა სვანეთიც კი სამად იყო დაყოფილი: სადადეშქელიანო _ თავისუფალი სვანეთი და ქვემო _ საგარდუფხანო სვანეთი; სამხრეთ საქართველო და შავიზღვისპირეთი ბათუმ-ქობულეთიანად ხომ ოსმალებს ჰქონდათ მიტაცებული. ახლა ყველა ეს კუთხე და მხარე შეკავშირდა და ერთიან რესპუბლიკად იქცა, საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკად და სწორედ ახლა არის დიდი გონება, ღონე და მონდომება საჭირო, რიგიანად განვითარდეს ქვეყნის ცხოვრება და ამით საბჭოთა კავშირის ძმურ ოჯახში რიგიანი წვლილიც შეიტანოს, როგორც ეკონომიკის, ასევე მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში”.
* წერილში გამოყენებულია ამონარიდები აკაკი ვასაძის, ჯაბა სამუშიას, გრიგოლ აბაშიძისა და გია თვალავაძის მასალებიდან.
გრიგოლ ონიანი
сталинис модзулеебс вурчевди гулдасмит гаецнен земот моквнил фактебс да мере габедон миси (сталинис) даданашаулеба таокларджеттан мимартебаши да ара мхолод…