ვიდრე ძირითად საკითხზე გადავიდოდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ზოგიერთი ადგილობრივი თუ უცხოელი მუცლითმეზღაპრე ისტორიკოსის გასაგონად უნდა განვმარტო, ვის უნდა უმადლოდეს კაცობრიობა ყავისფერი ჭირის _ ფაშიზმის _ დამარცხებას.
მოვიყვან უტყუარ მასალას _ ეს არის ფაშიზმის დამარცხების ძირითადი მოწმის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ანტიჰიტლერული კოალიციის წევრის _ უინსტონ ჩერჩილის წერილი (დათარიღებულია 1945 წლის 23 თებერვლით) სტალინისადმი:
“მარშალ სტალინს!
წითელი არმია თავის 37-ე წლისთავს ზეიმობს ტრიუმფით, რომელმაც მისი მოკავშირეების უსაზღვრო აღფრთოვანება გამოიწვია და რომელმაც გერმანული მილიტარიზმის ბედი გადაწყვიტა. მომავალი თაობები თავიანთ ვალს წითელი არმიის წინაშე ისევე უსიტყვოდ აღიარებენ, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ _ ამ ბრწყინვალე გამარჯვების ცოცხალი მოწმეები. გთხოვთ, დიდი არმიის დიად ხელმძღვანელს, მიესალმოთ წითელ არმიას ჩემი სახელით საბოლოო გამარჯვების ზღურბლზე” (1941-1945 წლების მიმოწერა. ტომი 1, 1985 წელი, გვ. 391).
იქნებ ეს წერილიც საეჭვოდ ჩათვალონ “ჩვენმა” ლიბერალებმა და კვლავ თქვან, _ ფაშიზმი ამერიკამ და ინგლისმა დაამარცხაო. XX საუკუნე (სხვა საუკუნეებს არ ვეხები) ოთხ ძირითად პერიოდად იყოფა: რევოლუციამდელ, რევოლუციის შემდგომ, დიდი სამამულო ომისა და ომის შემდგომ პერიოდებად. რევოლუციამდელ მსოფლიოს უამრავი მკვლევარი და ჟამთააღმწერელი ჰყავს, მათ რაციონალური მარცვლის გამოტანა შეუძლიათ და, ესიამოვნება თუ არა ვინმეს ეს, ჭეშმარიტება თითქოს დადგენილია, თუმცა შიგადაშიგ თავს იჩენს დაუმსახურებელი ქება-დიდება და კერპთაყვანისმცემლობა. რევოლუციის შემდგომი პერიოდი მსოფლიოში “სოციალისტური შეჯიბრების” პერიოდია. ორპოლუსიანი მსოფლიოს გაჩენამ და ალტერნატიული ფორმაციის შექმნამ მეტოქეობა ჩამოაგდო მსოფლიოს არა მხოლოდ გეოპოლიტიკაში, არამედ ეკონომიკაში, განათლებაში, თავდაცვაში, სპორტში, ხელოვნებაში და, საერთოდ, ადამიანების განვითარების ყველა სფეროში.
1931 წელს გამართულ კომპარტიის მეჩვიდმეტე ყრილობაზე გამოწვევა იყო სტალინის სიტყვები: “ჩვენ კაპიტალისტურ ქვეყნებს ასი წლით ჩამოვრჩებით და, თუ ეს ჩამორჩენა ათ წელიწადში არ დავძლიეთ და ვერ დავეწიეთ, ისინი ჩვენ გაგვსრესენ”.
ამ სიტყვების წარმოთქმიდან შვიდი წლის შემდეგ მოსკოვში ჩასული გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი თავის წიგნში “მოსკოვი 1937 წელი” წერდა:
“მე ვნახე ქარხნები, რომლებშიც ათიათასით მუშა მუშაობდა საუკეთესოდ მოწყობილ საამქროებში. გამაკვირვა მათი ჩაცმულობისა და კვების ორგანიზაციამ. კეთილმოწყობილ მუშათა სასადილოებში, ისე, რომ ზედმეტი არ დახარჯოს, მუშას ორ მანეთად შეუძლია მსუყე სადილი მიირთვას, ეს მაშინ, როდესაც მუშის საშუალო ხელფასი 3 ათას მანეთს აჭარბებს”.
1931-41 წლები _ ეს იყო საბჭოეთის შინაურ თუ გარეშე მტრებთან ხელჩართული ბრძოლისა და პარალელურად თავდაუზოგავი შრომის პერიოდი. ფეთქდებოდა ღუმელები, დიდი საამქროები, რკინიგზის ლიანდაგებიდან ვარდებოდა შემადგენლობები, კატასტროფები ხდებოდა შახტებში, ზღვასა და ჰაერში. დანგრეული სწრაფად დგებოდა მწყობრში და ვითარდებოდა როგორც მძიმე, ისე მსუბუქი ინდუსტრია. სოფლად კი გუგუნებდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იქმნებოდა საზოგადოებრივი დოვლათი.
სახელმწიფომ 10 წელიწადში შეიძინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და არსებობის ყველა ატრიბუტი. გავიდა ათი წელი და საბჭოეთის მიწაზე ჩვენს გასასრესად შემოიჭრა სიკვდილის მანქანა _ ფაშიზმი. მსოფლიოში დიქტატურა მძვინვარებდა: იაპონია ზღვაზე ბატონობას ცდილობდა, რასაც ვერ თმობდა “ზღვის ლომი” დიდი ბრიტანეთი. იტალიაში ჩაისახა ვირუსი ფაშიზმისა დუჩეს სახით. ესპანეთი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა ხალხის დასათრგუნავად და ტერიტორიების მოსაპოვებლად, ჰიტლერი წალეკვით ემუქრებოდა მსოფლიოს, ველურ რუსეთს კი მოხერხებულად ხედნიდა სამხრეთელი მომთვინიერებელი.
მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიო ხალხებს ასწავლა შრომა, მომჭირნეობა, მოთმენა და გაერთიანება. 61 დიდი თუ პატარა ქვეყანა ჩაება ომში. ხელში თოფი აიღო 110 მილიონმა ადამიანმა. მხოლოდ საბჭოთა კავშირში 717 დიდი ქალაქი დაანგრია ომმა. მთელი ევროპა ნანგრევებად იქცა. ომი დამთავრდა. დაიწყო მეოთხე ეტაპი _ ომის შემდგომი პერიოდი. ქვეყანას, მასთან ერთად მსოფლიო ხალხებს, ეგონათ, გაგრძელდებოდა ხალხთა მეგობრობა და სიღარიბესაც ისე დაძლევდნენ, როგორც საბჭოეთმა სძლია ფაშიზმს. გამარჯვების ტრიუმფატორი, რომელიც ერთადერთი შემორჩა მსოფლიოს, ამაყად იდგა მავზოლეუმის ტრიბუნაზე და გასცქეროდა მსოფლიო სივრცეებს, მის ფეხებთან კი ემხობოდა გერმანული ფაშიზმის დროშები და შტანდარტები.
უძველესი გამონათქვამი _ “ყველა გზა რომში მიდის” _ შეიცვალა გამოთქმით “ყველა გზა მოსკოვში მიდის”. სტალინის დიპლომატია და გეოპოლიტიკა შიშის ზარს სცემდა არა მხოლოდ მტრებს, არამედ მოკავშირეებსაც. ევროპას მშვიდობა უნდოდა, ამიტომ ჩამოხსნა უნაგირი “მეომარ ცხენს” და უინსტონ ჩერჩილი პრემიერობიდან გადააყენა. ფრანკლინ რუზველტი კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. პლანეტა მისი რეალური პატრონის, სტალინის, ხელში დარჩა.
1941 წლის 7 ნოემბრის ლეგენდარული აღლუმის შემდეგ სტალინის უტეხი ნება მსოფლიოში საარაკო ამბად იქცა. ჰიტლერის ელვისებური ომის მითი რუსეთის წინააღმდეგ საპნის ბუშტივით გასკდა მოსკოვთან. მსოფლიო ზეიმობდა ჰიტლერის პირველ დაჩოქებას საბჭოეთის დედაქალაქთან. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ცენტრალური ამერიკის აბორიგენი ინდიელების 27 ტომობრივი გაერთიანების კონფერენციამ გადაწყვიტა, აერჩია ტომთა ბელადი. ტომების წარმომადგენლებმა, რომლებიც დასახელებულნი იყვნენ ტომთა ბელადის კანდიდატად, ერთხმად განაცხადეს უარი არჩევაზე და ყველა კანდიდატმა შეთანხმებულად გამოაცხადა სრულიად ახალი კანდიდატი. ტომთა საპატიო ბელადად აირჩიეს უბადლო მხედართმთავარი სტალინი. არჩევნების შედეგი ამერიკა–რუსეთის სამხედრო დახმარების საზოგადოების თავმჯდომარე ედუარდ კარტერმა ამერიკაში საბჭოთა კავშირის ელჩ კონსტანტინე უმანსკის აცნობა და მას ინდიელი ხალხის სახელით სტალინისთვის გადასცა ძვირფასი ქსოვილითა და ბრილიანტებით შემკული წინამძღოლის ქუდი.
ამერიკის აბორიგენი ხალხის ძვირფასი საჩუქარი საბჭოთა მხარეს 1942 წლის თებერვალში გადასცეს ქალაქ ნიუ-იორკში ინდიელთა ტრადიციული რიტუალის თანხლებით. “ნიუ-იორკ თაიმსმა” გამოაქვეყნა წერილი აღნიშნულ მოვლენაზე, რომელიც სენსაციად იქცა და მიიპყრო მსოფლიოს პრესის ყურადღება. მსოფლიოს აინტერესებდა სტალინის რეაქცია ამ მოვლენაზე, მაგრამ დუმდა, როგორც პრესა, ისე კრემლი.
სტალინის თანაგრძნობა ინდიელი ხალხის მიმართ მხოლოდ 1944 წელს გამომჟღავნდა, როდესაც ინდიელი ხალხის ბელადის ტიტულის სიგელთან ერთად უძვირფასესი თავსამკაული სტალინის სამდივნომ ოფიციალურად გადასცა რევოლუციის მუზეუმს, რომელშიც ამჟამადაც არის გამოფენილი.
1946 წლის 6 მარტს ბრიტანეთის მანტიამოსხმული “ბებერი ლომი”, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ აწვა მხრებზე, გარდა იმისა, რომ ჩერჩილი იყო, საუნივერსიტეტო ქალაქ ფულტონში უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე წარდგა, ზარი ავის მომსაწავებლად დაარისხა და მოუწოდა მსოფლიოს წითელი ფაშიზმის წინააღმდეგ. ამან რკინის ფარდა ჩამოუშვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. და დაიწყო ცივი ომი, რომელიც ჯერაც არ დამთავრებულა. 1945 წლის ივლისის პოტსდამის კონფერენციიდან მიმავალი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტოლ იდენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ერთმანეთს შესჩიოდნენ, რომ ჯიბეში არაფერი ედოთ. გარდა იმისა, რომ ძირითადი საკითხები პოტსდამის კონფერენციაზე შეათანხმეს და დეკლარაციას ხელი მოაწერეს, წინ მაინც ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი.
1946 წლის 11 სექტემბერს დაიწყო ლონდონის კონფერენცია. მოსკოვში კარგად ესმოდათ, რომ განადგურებას გადარჩენილი ევროპა და მოკავშირეები სულ სხვა ტონით დაიწყებდნენ საუბარს ამ უმნიშვნელოვანეს კონფერენციაზე, სადაც იურიდიულად უნდა გაფორმებულიყო ის, რაც პოტსდამის კონფერენციის დეკლარაციიდან მომდინარეობდა. მით უმეტეს, რომ ატომური ბომბი უმაგრებდათ ზურგს, თუმცა სტალინი სულაც არ აპირებდა, ყური ეგდო მათი პრეტენზიებისთვის, რადგან წინასწარვე განიმტკიცა პოზიციები იალტისა და პოტსდამის ისტორიული გადაწყვეტილებებით მსოფლიოს ახალი განაწილებისა და სფეროების გაყოფის თაობაზე.
სტალინის წინასწარმეტყველურმა აზრმა კონფერენციის პირველივე დღეს იჩინა თავი, როდესაც პირველი სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა რუმინეთსა და ბულგარეთში პროსაბჭოური რეჟიმის აღიარებაზე. ამერიკამ და ინგლისმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუმინეთისა და ბულგარეთის ანტისაბჭოურ ოპოზიციას, უარი განაცხადეს მათთან მოლაპარაკებასა და ხელშეკრულების გაფორმებაზე, სანამ აღნიშნულ ქვეყნებში არ ჩატარდებოდა დემოკრატიული არჩევნები. მოსკოვში მყოფ სტალინს კონფლიქტის შესახებ იმავე დღეს მოახსენა მოლოტოვმა, რასაც მოჰყვა დეპეშა მოლოტოვის სახელზე. ტელეგრამაში სტალინის მიერ ნაბრძანები იყო, მოლოტოვი მტკიცედ მიჰყოლოდა დასახულ მიმართულებას.
“რუმინელები თავს კარგად გრძნობენ, _ წერდა სტალინი, _ მტკიცედ დადგებიან და, ყველა მონაცემის მიხედით, მოკავშირეთა მაქინაციები ჩაიშლება. აუცილებელია, შენც მტკიცე პოზიცია დაიჭირო და რუმინეთის საკითხში მოკავშირეებს არაფერი დაუთმო”. სტალინმა არა მხოლოდ მოუხაზა მოლოტოვს ქცევის საერთო მიმართულება, არამედ აღნიშნა, რომ მას თავდაცვითი პოზიცია ეკავა მოკავშირეებთან საუბარში და კონკრეტული შეტევითი ხასიათის არგუმენტაციაც მიაწოდა: “საჭირო იყო, პირდაპირ გეთქვა, რომ ამერიკისა და ინგლისის წარმომადგენლები რუმინეთში მხარს უჭერდნენ ანტისაბჭოთა ელემენტებს რადესკუსა და მისი მეგობრების სახით, რაც შეუთავსებელია ჩვენს მოკავშირულ ურთიერთობებთან… თუკი მოკავშირეები შეურიგებლობას გამოიჩენენ რუმინეთის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ, იქნებ საჭირო შეიქნეს, ვაგრძნობინოთ ბირნსსა და ბევინს, რომ სსრკ–ის მთავრობას გაუჭირდება, დათანხმდეს იტალიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. ამასთანავე, შეიძლება ისეთი არგუმენტების გამოყენება, როგორიც არის მათი უმადური განწყობა იტალიის კოლონიების შესახებ ჩვენ მიერ წამოყენებულ წინადადებაზე, აგრეთვე, სსრკ-ის სასარგებლოდ იტალიის მიერ გადასახდელი რეპარაციების რაოდენობის საკითხის გადაუწყვეტელობა. მოკავშირეებმა, შესაძლოა, ჩვენ გარეშე დადონ სამშვიდობო ხელშეკრულება იტალიასთან, მაგრამ მერე რა? მაშინ ჩვენ საშუალება მოგვეცემა, მოკავშირეთა გარეშე დავდოთ სამშვიდობო ხელშეკრულება ჩვენს სატელიტებთან. თუკი საქმის ამგვარი შემობრუნება იქამდე მიგვიყვანს, რომ მინისტრთა საბჭოს მოცემული სესია მთავარი საკითხების ირგვლივ ერთობლივი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდეს, არც ამას უნდა შევუშინდეთ”.
სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მას აქვს თავისი სტრატეგია და იბრძვის მის განსახორციელებლად. კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ისეთ ფაქტებს, როცა საკმაოდ დიდ სახელმწიფოებსაც კი თავიანთ მომავალზე მწირი ინფორმაცია აქვთ. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს, საფრანგეთის, მაგალითი:
1944 წლის 14 ნოემბერს ჩერჩილმა სტალინს გაუგზავნა საიდუმლო წერილი, რომელშიც იგი საბჭოთა ბელადს აცნობებდა საფრანგეთში მოგზაურობის შედეგებს. წერილი ვრცელია და ყოვლისმომცველი, მაგრამ მე დამაინტერესა წერილის მეორე საკითხმა.
აი, ისიც:
“საუბრის შემდეგ მე და ენტონი იდენმა ორი საათი ვისაუბრეთ შარლ დე გოლთან. მან დაგვისვა რიგი შეკითხვებისა, რომლებმაც დამანახვეს, რაოდენ ცოტა იციან ფრანგებმა იმის შესახებ, რაც გადაწყვეტილიაან რაც ხდება მათ ქვეყანაში”.
ძვირფასო მკითხველო, პატარა ერისა და ქვეყნის ხელისუფლებამ თუ მოქალაქემ ძალიან ცოტა რამ იცის თავის მომავლის შესახებ, რადგან მათი ბედი “იქ” წყდება, მაღლა.
ჩვენი გაუთავებელი “პოლიტმეტრები”, “რეაქციები” თუ სხვა პოლიტიკური გადაცემები სრულიად შეუსაბამოა რეალობასთან. მთავრობასა თუ პარლამენტში ცხარე კამათის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ერთი კალმის მოსმით არის გადაწყვეტილი მეორეხარისხოვანი სახელმწიფო მოხელეების მიერ იქ, სადაც “ჯერ არს”. ამიტომ თავი დავანებოთ ამბიციებს და ნორმალურად ვიცხოვროთ _ ადამიანური ურთიერთობები გვქონდეს ერთმანეთთან. რამდენი დეპუტატი შევა, შევლენ თუ არა პარლამენტში ნაციონალები, ეს ჩვენი არც ასარჩევია და არც გასარჩევი. ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს ისე გადაწყდება, როგორც ზევით იყო ნათქვამი საფრანგეთის მაგალითზე, მაგრამ ერთი განსხვავებით. იმხანად, რომელ დროზეც მე ვსაუბრობ, კიდევ არსებობდა ხალხის ნების ასრულების სურვილი, მაგრამ ეს სურვილი დღეს მსოფლიოში ნულზეა დასული. რადგან ყაჩაღები, რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და ხელისუფლებაში მოვიდნენ, არ თმობენ ნაყაჩაღარს. მოქმედი ბანდიტები ანადგურებენ მომავალ ბანდიტებს, რათა ხვალ ბანდიტური გზით არ მოვიდნენ ხელისუფლებაში.
ბანდიტი დღეს არ იყენებს ცეცხლსასროლ ან ცივ იარაღს, მას ნაყაჩაღარი ფული აქვს და ფულით აკეთებს იმას, რაც წინათ ხელნაკეთი ბომბებითა და ბერდენკა თოფებით კეთდებოდა. ძველი გამოთქმა “ნებისმიერ ციხესიმაგრეს აიღებს ოქროთი დატვირთული ვირიო”, გასული საუკუნის პირველ ნახევარში უაზრობად იქცა, რადგან ოქრო სამშობლოს სიყვარულმა შეცვალა, რომლისგანაც დღეს ნასახიც აღარ არის დარჩენილი. დღეს ქრისტე მამონამ შეცვალა. ხალხთა თავისუფლების დროშა ტალახში გადააგდეს. დაცულია ბოროტმოქმედ უმცირესობათა ინტერესები და უგულებელყოფილია მშრომელი ხალხის კანონიერი და ღვთისგან მინიჭებული უფლებები.
20 სექტემბერს მოლოტოვთან საუბარში აშშ-ის 49-ე სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბირნსმა მოულოდნელად წამოაყენა იდეა მოკავშირეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გერმანიის 20-25-წლიანი დემილიტარიზაციის შესახებ. ხსენებული ხელშეკრულებით გერმანიის განიარაღებასთან ერთად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოკავშირეების მიერ მისი სამხედრო ოკუპაციის თანდათანობით მოხსნა. წინადადება მიმართული იყო “გერმანული მუქარის” აღორძინების თაობაზე საბჭოთა კავშირის შიშის საპასუხოდ. მოლოტოვმა მსწრაფლ გამოიჩინა ინტერესი ამ წინადადების მიმართ, ხოლო სტალინისთვის გაგზავნილ ანგარიშში კიდევ უფრო კონკრეტულად გამოთქვა თავისი მოსაზრება: “ვფიქრობ, მხარი უნდა დავუჭიროთ ბირნსის წინადადებას ოთხი სახელმწიფოს ხელშეკრულების შესახებ, გერმანიის მხრიდან ახალი აგრესიის თავიდან აცილების მიზნით. თუმცა, გარეგნულად დიდი დაინტერესება არ უნდა გამოვამჟღავნოთ, რა თქმა უნდა, ეს მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები მეტ-ნაკლებ დათმობაზე წავლენ ბალკანეთის ქვეყნების საკითხში”. სახალხო კომისარი წინადადებას იძლეოდა, განეგრძოთ ბირნსთან ამ საკითხზე მოლაპარაკება.
და _ ისევ შეცდომა!
დასაწყისისთვის სტალინმა შეაჩერა მოლოტოვის შემდგომი საუბრები ამ თემაზე (საბაბით, “დღე-დღეზე ელოდეთ პასუხს”), მეორე დღეს კი თვალი აუხილა თავის მიმნდობ მოადგილეს ამერიკელების “ტროას ცხენის” ჭეშმარიტ შიგთავსზე.
“ბირნსის წინადადება, _ წერდა სტალინი, _ ოთხ მიზანს ისახავს: პირველი _ გადაიტანოს ჩვენი ყურადღება შორეული აღმოსავლეთიდან, სადაც ამერიკა ისე იქცევა, თითქოს ხვალ იაპონიის მეგობარი იქნება, და ამით შექმნას შთაბეჭდილება, რომ შორეულ აღმოსავლეთში ყველაფერი რიგზეა; მეორე _ მიიღოს სსრკ-ისგან ფორმალური თანხმობა იმაზე, რომ ევროპის საქმეებში აშშ-მა ისეთივე როლი შეასრულოს, როგორც სსრკ-მა, რათა შემდგომში, ინგლისთან გაერთიანებულმა, საკუთარ ხელში აიღოს ევროპის ბედი; მესამე _ გააუფასუროს სსრკ-ის მიერ ევროპის სახელმწიფოებთან კავშირის შესახებ დადებული პაქტები; მეოთხე _ უშინაარსო გახადოს სსრკ-ის ყველა მომავალი პაქტი რუმინეთთან, ფინეთთან და ა.შ. კავშირების თაობაზე”.
სტალინი შეჩვეული იყო ყველაზე უარესი ვერსიის ვარაუდს. მას ჰქონდა იშვიათი უნარი, კეთილი ინიციატივის უკან დაენახა ნეგატიური შესაძლო მოტივები. სტალინის აზრით, აშშ მალე უნდა წასულიყო ევროპიდან და აშკარად არ აპირებდა, თანაბრად ეთამაშა ამერიკელებთან (ან ვინმე სხვასთან) ერთად ევროპის ჰეგემონის როლი. ევროპის გულში საბჭოთა გეოპოლიტიკური უპირატესობის შენარჩუნების ამგვარი გეგმის არსებობა იმითაც დასტურდება, რომ სტალინს აშკარად არ სურდა გერმანიის დემილიტარიზაციის (ანუ გერმანული სამხედრო მუქარის ლიკვიდაციის) ნაცვლად ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.
“ამერიკის წინადადება საკონსულტაციო კომიტეტის ორგანიზების შესახებ მიზნად ისახავს, გაურკვეველი დროით გადაიდოს საკონტროლო საბჭოს შექმნის საკითხი და ამგვარად, საშუალება მისცეს ამერიკელ გენერალ დუგლას მაკარტურს, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს იაპონიასთან დაკავშირებული როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საკითხები… მიგვაჩნია, რომ ბოლო უნდა მოეღოს მაკარტურის შეუზღუდავ უფლებებს და ოთხი სახელმწიფოს ერთპიროვნული უმაღლესი მთავარსარდლის ინსტიტუტს, რომელიც, როგორც ცნობილია, იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება, და არც კი გვატყობინებს გაცემული განკარგულებების შესახებ”.
26 სექტემბერს ბირნსმა, რომელიც შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას ცდილობდა, წინადადება შემოიტანა, საბჭოში სამშვიდობო მოლაპარაკებების განხილვის პროცედურის შესახებ რუსული პოზიციის მიღების სანაცვლოდ მოელაპარაკათ საბჭოს ხუთი წევრის მონაწილეობით სამშვიდობო კონფერენციის მოწვევის თაობაზე. მას მხედველობაში ჰქონდა ამ მოლაპარაკებების ისეთ კონფერენციაზე გადატანა, სადაც დასავლეთს უფრო მეტი ხმები ექნებოდა. ამგვარ გამოსავალს სტალინმა მხარი არ დაუჭირა. “როგორც ჩანს, _ წერდა იგი მოლოტოვს, _ ამერიკელები ლონდონის საბჭოდან ხელცარიელი წასვლას არ მოინდომებენ. შეეცდებიან, საბჭოს გადაწყვეტილება მიაღებინონ. მოკავშირეები ზემოქმდებას ცდილობენ, რათა შენი ნებისყოფა გატეხონ და დათმობა გაიძულონ. ცხადია, რომ შენ ქედუხრელობა უნდა გამოიჩინო. მეორე მხრივ, შესაძლოა, საბჭოს გადაწყვეტილებების მიღწევის მიზნით, ამერიკელები შეეცადონ ზოგიერთ დათმობაზე წასვლას, რათა შენი მხრიდან საპასუხო სერიოზული დათმობები გამოიწვიონ პრინციპით: დათმობა დათმობის საპასუხოდ.
ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც სრული შეუვალობა უნდა გამოამჟღავნო.
ისიც შესაძლებელია, რომ საბჭოს სხდომა უშედეგოდ დამთავრდეს, მოკლედ _ ჩაიშალოს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც არაფერი გვაქვს სადარდებელი. კონფერენციის ჩაშლა ბირნსის ჩავარდნა იქნება, რის გამოც ჩვენ თავი არ უნდა ავიტკივოთ”.
გრიგოლ ონიანი