ანდროპოვის ბრძოლა ძალაუფლებისთვის
სტალინის ფენომენის შესწავლის საქმეში იური ანდროპოვის შემოყვანა ბუნებრივია, რადგან სტალინის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში არ დარჩა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად გაჰყვებოდა აღებულ კურსს. გამონაკლისს წარმოადგენდა იური ანდროპოვი, რომელიც ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეში. ის დასახულ მიზნებს აღწევდა ისე, რომ ახლობლებისა და თანამებრძოლებისთვისაც კი არაფერი იყო ცნობილი.
ანდროპოვის პიროვნების შეფასება შეუძლებელია მასზე შეყვარებული თუ მოძულე ადამიანების მიერ შეთხზული მითებით, რადგან, კონსპირაციის თვალსაზრისით, ის ძლიერ პიროვნებად უნდა ჩაითვალოს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩეკისტური ელიტის გასაიდუმლოებული წევრის, მარკუს ვოლფის, ჩანაწერები. 1923 წელს გერმანიაში დაბადებული ვოლფი 1934 წლიდან საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა (ოჯახი ემიგრირებული იყო ყაზახეთში). ის ახალგაზრდობიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურებთან. გახდა უშიშროების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მიაღწია გენერალ-პოლკოვნიკის ჩინს. მარკუს ვოლფი თანამშრომლობდა იური ანდროპოვთან, როგორც თვითონ ანდროპოვი, მარკუს ვოლფის პიროვნებაც საიდუმლოები ბურუსით არის მოცული. ის 2006 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ბერლინში.
სხვა საარქივო დოკუმენტებთან ერთად იური ანდროპოვზე შექმნილი მასალები, ძირითადად, ეყრდნობა მარკუს ვოლფის მოგონებებს:
,,მისი შინაგანი პოზიციის არსი, ყველა გამოვლინებაში, ძალიან საინტერესოა, _ წერს მარკუს ვოლფი. ანდროპოვისთვის მისაბაძი მაგალითი, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, მე-20 საუკუნის დასაწყისის თურქეთის ლიდერი ქემალ ათათურქი იყო. მასში ანდროპოვს უზომო სისასტიკესთან (ყველას, ვინც, მიუხედავად მისი ბრძანებისა, თურქულ ეროვნულ ტანსაცმელს ატარებდა, სიკვდილით სჯიდა. მილიონ-ნახევარი ადამიანის სიკვდილის ფონზე კი სომხების ხოცვა-ჟლეტა უბრალო “პოლიტიკურ” გადაწყვეტილებად ჩანდა) ერთად მოსწონდა, მოღვაწეობის თითქოს წარმოუდგენელი შედეგი _ შუასაუკუნეების, ჩამორჩენილი, ულტრამუსლიმანური თურქეთის გადასვლა ევროპული განვითარების გზაზე. ოსმანთა იმპერიამ, რომელმაც ვერსალის შეთანხმების შედეგად ეგვიპტე, სირია, პალესტინა და ლიბანი დაკარგა, ლენინის, ტროცკისა და ჩიჩერინის სისულელეების წყალობით სომხეთის დიდი ნაწილი მიისაკუთრა, საქართველოს ხარჯზე კი ათეისტურ კომუნისტურ რუსეთში რელიგიური ნიშნით გამორჩეული ერთადერთი ავტონომიური რესპუბლიკა წარმოქმნა (აჭარა გამუსლიმანებული საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო, აჭარელი ხალხი არ არსებობს), ამასთანავე, მოშიმშილე საბჭოთა რუსეთიდან ოქროსა და იარაღის მიწოდების წყალობით თურქეთმა ქურთების აჯანყების ჩახშობა და მიწების შენარჩუნება შეძლო. თურქეთი ნახევრად სამხედრო რეჟიმს ინარჩუნებდა და ათათურქის მიერ დამკვიდრებული მოდერნიზაციის კურსს არ ცვლიდა. საბოლოოდ კი მიაღწია იმას, რომ თურქეთს თითქმის ევროპულ ქვეყნად აღიქვამდნენ. შევიდა ნატოში, ევროკავშირში შესვლის საკითხი დღის წესრიგში დადგა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ძირითადი მოკავშირე გახდა. ათათურქის მაგალითი ისევე მომხიბვლელად გამოიყურებოდა, როგორც მის მიერ გამოყენებული მეთოდები, თუმცა მის ხელში იმ ახალგაზრდა ჯარის ნაწილი იყო, რომელმაც მსოფლიო ომში კატასტროფული მარცხი მტკივნეულად გადაიტანა. საბჭოთა ჯარი “კა-გე-ბესგან” შორს იყო, ამიტომ მაინცდამაინც არ ეშინოდა ანდროპოვს ავღანეთში დამარცხების. მაშინვე დაიწყო ხმების გავრცელება, რომ ამ ომის წინააღმდეგი იყო. მახსოვს, 1983 წელს “კა-გე-ბეს” გამომძიებლები ამაში როგორ მარწმუნებდნენ. სამაგიეროდ, ომიდან დაბრუნებულ “ავღანელებს” შორის მოკავშირეების შეძენის იმედი ჰქონდა, მაგრამ წინდახედული გენერლები ანდროპოვს ჯართან ახლოს არ უშვებდნენ, მას კარგად ესმოდა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკმაყოფილო ოფიცრებს შეეხებოდა, სუსლოვისა და ბრეჟნევის ყურამდე თუ მივიდოდა, მისი გადაყენების მიზეზი გახდებოდა”.
მიუხედავად იმისა, რომ ანდროპოვს ზურგს არ უმაგრებდა ჯარი და პარტია, ის კვლავ ჯიუტად მიიწევდა პარტიული იერარქიულ კიბის უმაღლესი საფეხურის დასაკავებლად. ანდროპოვის მხრიდან რეგულარული თვალთვალის გამო უმაღლესი პარტიული ელიტა შეშინებული იყო, პარტიისა და სამშობლოსთვის თავის გაწირვის მისი მოხერხებული თამაში არავისში ეჭვს არ იწვევდა. თვით ანდროპოვი უბრალო გადახრასაც არ აკეთებდა კომუნისტური და სახელმწიფოებრივი ვალდებულებიდან, რადგან კარგად იცოდა, რომ ოდნავი გადახვევის გამო დაუნდობლად გაწირავდნენ, მისგან რომ გათავისუფლებულიყვნენ.
ხელისუფლების დასაუფლებლად და ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის ანდროპოვის ხელში იყო მის მიერ გამოზრდილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იყო, რომელშიც გაერთიანებული იყო ანდროპოვის ცონტროლს დაქვემდებარებული სამი მიმართულება: პირველი და მთავარი (საშინაო დაზვერვა), მეხუთე (იდეოლოგიური, მაგრამ მთელი ქვეყნის მაკონტროლებელი) და მეშვიდე (საგარეო დაზვერვა), სამმართველოები, რომლებიც უზარმაზარ ძალოვან სტრუქტურად ჰქონდა გადაქცეული. სწორედ ანდროპოვის პერიოდში შეიქმნა “ალფა”. ამ მხრივ, ანდროპოვს ჰქონდა უზარმაზარი ბაზა, რომელიც ყველაფრისთვის მზად იყო. ანდროპოვისთვის მთავარ წინააღმდეგობას მიხეილ სუსლოვი წარმოადგენდა. მართალია, ბრეჟნევის მოტყუებით, ცეკაში “კა-გე-ბეს” ქვეგანყოფილების ჩამოყალიბება შეძლო, მაგრამ უამრავი კომპრომატის მფლობელი ანდროპოვის წინაშე პოლიტბიურო შეუვალობას ინარჩუნებდა, მას მხოლოდ ოთხი მომხრე ჰყავდა. ამასთანავე, ანდროპოვს ჯანმრთელობის მდგომარეობაც აღარ აძლევდა იმის საშუალებას, რომ დიდხანს დალოდებოდა. მართალია, კარდიოლოგმა ევგენი ჩაზოვმა უთხრა, რომ ხუთ წელიწადს კიდევ იცოცხლებდა, გიგანტური პროექტის განსახორციელებლად (ათათურქის მაგალითის მიხედვით), რომელიც გამუდმებით თვალწინ ედგა, ეს დრო საკმარისი მაინც არ იყო.
სუსლოვი ავანტიურისტებს ვერ იტანდა, ანდროპოვი კი ასეთი ადამიანების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა. პოლიტბიუროში არავინ იყო ისეთი, ვისაც ანდროპოვის კომუნისტური იდეალებისა და უანგარობის სერიოზულად სჯეროდა. ყველამ იცოდა, რომ კორუფციასთან მისი ბრძოლა ხელისუფლებისათვის გააფთრებული ბრძოლის ტოლფასი იყო. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ვასილ მჟავანაძის შემცვლელი ედუარდ შევარდნაძე, მართალია, კორუფციას ებრძოდა, მაგრამ თვითონ ჩაფლული იყო ჩაის მაქინაციებში, რისთვისაც, რაშიდოვის მსგავსად, სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიიღო. ცნობილი იყო, რომ ანდროპოვის პროტეჟე ჰეიდარ ალიევის ხელში აზერბაიჯანში ყველა თანამდებობა იყიდებოდა, რომ პოლიტბიუროში ანდროპოვის მთავარი მხარდამჭერი ანდრეი გრომიკო მექრთამე იყო. მომავალმა კოლექციონერმა საბჭოთა საელჩოებიდან თითქმის ყველა ცნობილი ძვირფასი ტილო და ავეჯი გაიტანა. როდესაც ანდროპოვის ყოფილმა მრჩეველმა ბოვინმა მღელვარე საბჭოთა ცხოვრებისგან დასვენება გადაწყვიტა და იმის გარკვევა დაიწყო, შეიძლებოდა თუ არა ლუქსემბურგში ელჩის თანამდებობა მიეღო, მას გასაგებად აუხსნეს, რომ ამისათვის საჭირო თანხას მთელი ცხოვრება ვერ მოაგროვებდა. გასაგებია, რომ გრომიკო ანდროპოვს გამოჭერილი ჰყავდა და იძულებული იყო, ყველაფერში მხარში ამოდგომოდა. კრასნოდართან შედარებით სტავროპოლის მხარეში კორუფცია მძვინვარებდა. კრასნოდარის მხარის პარტიული ხელმძღვანელი მედუნოვი ბრეჟნევის მეგობარი იყო და სწორედ ამ მხარით დაინტერესდა ანდროპოვი.
ბოლო თვეებში ანდროპოვმა ბრეჟნევის ქალიშვილის გამოჭერაც შეძლო. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ეს ყველაფერი წმინდა წყლის პროვოკაცია იყო.
,,სუსლოვის გარდაცვალების შემდეგ ანდროპოვი სუსლოვის კაბინეტში დასვეს, _ წერს მიხეილ გორბაჩოვი, _ მისთვის სამდივნოს მართვის დავალება მაინც არ გაუციათ… ჩერნენკო და ზოგჯერ კირილენკო მოცემული ვითარებით სარგებლობდნენ და სამდივნო სხდომებს ძველებურად ატარებდნენ”.
“ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, _ ვკითხულობთ ვალერი ლეგოსტაევთან, _ რომ 1982 წლის მაისის შემდეგაც, როდესაც ანდროპოვმა პარტიის ცეკაში მეორე მდივნის არაოფიციალური თანამდებობა დაიკავა, ცეკას სამი მთავარი განყოფილების სადავე ძველებურად ჩერნენკოს ხელში რჩებოდა”.
“ასე, _ განაგრძობს გორბაჩოვი, _ 1982 წლის ივნისამდე გრძელდებოდა, როდესაც დიმიტრი უსტინოვის ზემოქმედების შემდეგ საქმეში ბრეჟნევი ჩაერია, ისე, რომ საქმის კურსში არც ჩერნენკო ჩაუყენებია და არც კირილენკო, სამდივნოს ხელმძღვანელობა ანდროპოვს შესთავაზა”.
უსტინოვისა და ანდროპოვის ერთობლივ ზემოქმედებას ბრეჟნევმა ვერ გაუძლო, არც ღია ძალისმიერი დაპირისპირება სურდა და იმედოვნებდა, მალე ყველას თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ ბრეჟნევმა პლენუმამდე ვერ იცოცხლა, ისევე, როგორც სუსლოვმა და ცვიგუნმა.
ანდროპოვმა მოგებული პოზიციის გამოყენება მაშინვე დაიწყო, რათა ბრეჟნევის მომხრეები გაენადგურებინა. როგორც რუდოლფ პიხოია წერს, 20 ივლისს ცეკას უახლოეს სხდომაზე ანდროპოვმა განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში კორუფციაში ბრალდებული 150 ადამიანი დააპატიმრეს. პარტიის კრასნოდარის სამხარეო კომიტეტის მდივანი მედუნოვი მოსკოვში გამოიძახეს.
ბრეჟნევმა მხოლოდ ის შეძლო, რომ მედუნოვი მცირე ხნით მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ერთი წლით ადრე კი ანდროპოვის მიერ უმართავი ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერი, პეტრე მაშეროვი, კა-გე-ბეს თანამშრომლებმა მოკლეს. მის სიკვდილს დაწვრილებით აღწერს ნიკოლაი ზენკოვიჩი წიგნში “თავდასხმა და ინსცენირებები”. ამის შესახებ ბევრი სხვაც წერს. ჩვენ მხოლოდ მკვლელობის მიზეზებსა და ძირითად გარემოებებს გავიმეორებთ.
1970-იანი წლების ბოლოს მაშეროვი, მართალია, შელეპინის “კომკავშირული” გუნდის წევრი არ იყო, მაგრამ მისთვის არაერთხელ დაუჭერია მხარი. რისთვისაც ბელორუსიაში გაგზავნეს, სადაც უკან დაბრუნების ძლიერი სურვილი მოსკოვიდან მიღებულ მითითებებს თანამიმდევრულად და ბრმად ასრულებინებდა. მაშეროვმა პერსონალური თვისებების წყალობით შეძლო ადგილობრივ “კა-გე-ბესთან” ისეთი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა, რომ უკრაინის კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის _ შერბიცკის მსგავსად, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობდა და მხოლოდ ფორმალურად _ ლუბიანკასთან. ანდროპოვს მაშეროვთან მიდგომა არ ჰქონდა, ბელორუსიის ეკონომიკური წარმატებები ისე დიდი იყო, რომ კოსიგინის სიკვდილის შემდეგ მაშეროვი, როგორც ერთ-ერთი ეფექტიანი სამეურნეო ხელმძღვანელი, მისი უდავო მემკვიდრე გახდებოდა.
1980 წლის 4 აგვისტოს ბელორუსიის “კა–გე–ბეს” თავმჯდომარე შეცვალეს. ამ თანამდებობაზე ათი წლის მუშაობის შემდეგ იაკობ ნიკულინის ადგილას მოსკოვიდან ჩამოსული “კა–გე–ბეს” ინსპექციის სამმართველოს უფროსი ბენიამინ ბალუევი დაინიშნა. ასევე შეიცვალა მაშეროვის პირადი დაცვის უფროსი პოლკოვნიკი საზონკინი, რომელიც მოულოდნელად დააწინაურეს და ცენტრალურ აპარატში გადაიყვანეს. ამასთანავე, მაშეროვის დაჯავშნილი “ზილი”, რომელიც ყველანაირ შეჯახებას გაუძლებდა, შესაკეთებლად გაიგზავნა. ახალი მანქანა, რომელიც მაშეროვისთვის გამოიყო, ავარიისგან დაცვის საჭირო მოწყობილობით არ იყო აღჭურვილი. მაშეროვს არ უყვარდა, როცა წინ ექსკორტი მიუძღოდა. 1980 წლის 4 აგვისტოს უზარმაზარი სატვირთო მაშეროვის მანქანას შეეჯახა და პარტიის ბელორუსიის ცეკას პირველი მდივანი დაიღუპა. ეს ყველაფერი მოხდა ორი კვირით ადრე ცეკას პლენუმამდე, რომელზეც მაშეროვი ცეკას მდივანად უნდა აერჩიათ და იმ პერიოდისთვის უკვე ანდროპოვის მიერ მხარდაჭერილი გორბაჩოვი შეევიწროვებინა.
დავუბრუნდეთ 1982 წლის მეორე ნახევარს. იმხანად მოსკოვი ჭორებით იყო სავსე. ამბობდნენ, რომ ნიკოლაი შელოკოვმა, ბრეჟნევის ნებართვით, 1982 წლის 10 სექტემბერს ანდროპოვის დასაპატიმრებლად ჯგუფის გაგზავნა სცადა, მაგრამ ანდროპოვის შედარებით ძლიერ დაცვას წააწყდენენ დაუკან დაიხიეს. როგორც ჩანს, ანდროპოვი თავს თავდაჯერებულად გრძნობდა და სრულიად არ ეჭვობდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებდა. ის ბრეჟნევის მომხრეებს ნელ-ნელა იცილებდა, რათა პარტიული ორგანოები თავისი ხალხით იოლად შეევსო.
ავღანეთში გამგზავრების შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ ეს სამხედრო ავანტიურა ჩაიშალა, ანდროპოვმა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებიც იმ პერიოდიდან მოყოლებული ყველა პოლიტიკური მოვლენას განსაზღვრავდა 1980-იანი წლების დასასრულამდე. ის პრაღაში, ბუდაპეშტსა და ბერლინში ჩუმად ჩაფრინდა და მოლაპარაკებები გამართა იმედით, რომ ყველაფერს გადასცემდნენ ვაშინგტონს, ლონდონსა და პარიზს, რომ საბჭოთა კავშირს მალე ახალი ხელმძღვანელობა ეყოლებოდა, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მომხრე იქნებოდა, მაგრამ ამის შესახებ ინიციატივა დასავლეთიდან უნდა წამოსულიყო.
ანდროპოვი მალე დარწმუნდა, რომ დასავლეთიდან საბჭოთა კავშირს დახმარების ხელს არასოდეს გამოუწვდიდნენ და არც ავღანეთის ავანტიურისგან იხსნიდნენ. ამასთანავე, საბჭოთა კავშირის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. 1981 წელს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირის შეურიგებელი მტერი _ რონალდ რეიგანი მოვიდა. თუმცა მის მოსვლამდე, ჯერ კიდევ ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში (1980 წლის მაისში), ავღანეთში აგრესიის დაწყებისთანავე ამერიკამ ინგლისსა და გერმანიაში ამერიკული რაკეტების, “პერშინგ 2”-ის, განსალაგებლად დაიწყო მზადება. 1981 წლის აპრილში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ კეისი ჩაფრინდა საუდის არაბეთში, სადაც თავის კოლეგა შეიხ ალ-ფეისალომსა და მეფე ალ-საუდს შეხვდა. ცნობილია, რომ საუბარი საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვების მკვეთრ მატებას შეეხებოდა. ნავთობის მოპოვების მკვეთრი მატება მისი ფასის დაცემას გამოიწვევდა და კრედიტების გარეშე დარჩენილი საბჭოთა კავშირი ნავთობის ფულის ნაწილს დაკარგავდა.
როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს და ამ ვითარებაში გადაწყვიტა ანდროპოვმა, გორბაჩოვისთვის მოერგო ნიღაბი, რომელიც ჯერ კიდევ 1958 წელს შელეპინისთვის ჰქონდა განკუთვნილი, იმ იმედით, რომ ახალგაზრდა, ქარიზმული და დემოკრატიის შესახებ მოლაპარაკებების მწარმოებელი საბჭოთა ლიდერი იზოლაციის იმ რკალს გაარღვევდა, რომელიც გარს შემოარტყეს საბჭოთა კავშირს. 1982 წელს, როცა შევარდნაძე მართავდა საქართველოს რესპუბლიკას, სადაც გადასაღებად შეუკვეთეს ფილმი “მონანიება”, გარდაქმნის ეკონომიკურ რეფორმებზე ორიენტირებულმა ანდროპოვმა თანდათანობით დაიწყო მისთვის გამოგზავნილი პროექტების გაცნობა.
დიახ, თანდათანობით, რადგან 1982 წლის ნოემბერი ახლოვდებოდა. იმხანად ანდროპოვს ისეთი რეპუტაცია ჰქონდა, რომ თითქმის ყველამ დაიჯერა ცეკას პლენუმამდე სამი დღით ადრე ბრეჟნევის მოულოდნელი გარდაცვალება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბრეჟნევთან მიღებაზე ბოლოს სწორედ ანდროპოვი შევიდა და ჩაის ჭიქაში რაღაც ჩაუყარა. სხვა ვერსიის თანახმად, ბრეჟნევი განაგრძობდა ანდროპოვისგან “ყვითელი აბების” მიღებას, რომლებიც მას დაძინებაში ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, ანდროპოვმა არ იცოდა, რომ ბრეჟნევი ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ჩანაწერებს აწარმოებდა. გენერალმა ვოლკოგონოვმა მის ბოლო ჩანაწერში აღმოაჩინა, რომ ბრეჟნევმა ანდროპოვისგან “ყვითელი აბები” ისევ მიიღო.
ერთ დროს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონი იური ვლასოვი, რომელიც შემდეგ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო, თავის წიგნში იხსენებს: “ერთი ავადმყოფი მოხუცი მომიყვა: “მეოთხე სამმართველოს აფთიაქში ვმუშაობდი. დროგამოშვებით ჩემთან ერთი ადამიანი მოდიოდა, “კა-გე-ბეს” თანამშრომელი. ძალიან მოკრძალებულად იქცეოდა. ერთ-ერთი ვიყავი, ვინც კრემლის საავადმყოფოსთვის წამლებს ანაწილებდა. ეს ადამიანი რეცეპტებს ათვალიერებდა და მეუბნებოდა: “აი ამ ავადმყოფს ესა და ეს დაუმატეთ” და მაძლევდა პაკეტს, რომელშიც უკვე შეზავებული ფხვნილი ეყარა. ამ ფხვნილის დამატება შემდეგს ითვალისწინებდა: მაგალითად. სისხლძარღვების გაფართოების ნაცვლად წამალი მათ შევიწროვებას იწვევდა. მსგავსი წამლების სხვა ნაწილი კი მოქმედებას ექვსი თვის შემდეგ იწყებდა. ვცდილობდი, ასეთი ავადმყოფებით არ დავინტერესებულიყავი. ის კი ნამდვილად ვიცოდი, რომ კვდებოდნენ. ისიც ვიცოდი, რომ დანარჩენები, რომლებიც უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ, ისევ ავადმყოფობდნენ და მათი მდგომარეობა უარესდებოდა. ან როგორ არ მეცოდინებოდა?! უბრალოდ, ამის შესახებ სიტყვა არავისთან დამცდენია. ვაცნობიერებდი, რაშიც ვმონაწილეობდი და ვიცოდი, რომ სულ მცირე დაუმორჩლებლობაც კი ჩემს დაუყოვნებლივ სიკვდილს ნიშნავდა. როგორი ძლიერიც უნდა ვყოფილიყავი, მათ ნებას ვერსად გავექცეოდი…”
იმ საბედისწერო დილას, როცა დაცვა და ექიმები ჯერ კიდევ ცდილობდნენ, ბრეჟნევი გონს მოეყვანათ, ჩაზოვმა და ანდროპოვმა უკვე იცოდნენ, რომ ექიმების ყოველგვარი ძალისხმევა ამაო იყო. ანდროპოვი მომაკვდავ ბრეჟნევთან ორჯერ მივიდა. პირველად მისგან წამოიღო დაჯავშნილი პორტფელი, რომელსაც ბრეჟნევი არასოდეს იშორებდა; მეორედ გრომიკოსა და უსტინოვთან ერთად მივიდა. სამივე ბრეჟნევის საწოლთან ახლოს იდგა და აგარაკის კომენდანტმა ოლეგ სტორონოვმა, რომელიც ბრეჟნევს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, ყური მოჰკრა ფრაზას: “გენერალური მდივანი ანდროპოვი იქნება”.
როგორც შემდეგ გაირკვა, გრომიკოს მაშინვე უნდოდა, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ყოფილიყო, მაგრამ უსტინოვი შეეწინააღმდეგა. მას სურდა, მთელი ძალაუფლება _ რეალურიც და ფორმალურიც, ანდროპოვისთვის გადაეცა. მოკლედ, მიუხედავდ იმისა, რომ პარტიაში უმაღლესი თანამდებობის პირების 35 პროცენტი შეცვალა, ანდროპოვმა ქვეყანაში სერიზული ცვლილებების განსახორციელებლად სრულყოფილი გუნდის შეკრება მაინც ვერ მოასწრო.
მკვლევართა უმრავლესობას ანდროპოვის ბუნებრივ სიკვდილშიც ეპარება ეჭვი. ამ საკითხზე ეჭვს “კა-გე-ბეს” ოფიცრებიც გამოთქვამდნენ. ისმის კითხვა: ვინ მოკლა ანდროპოვი ან ვის აძლევდა ხელს მისი სიკვდილი? ამ შხამიანი მორიელების გუნდში, რამდენიმეს გარდა, ნებისმიერ მათგანზე შეიძლებოდა ეჭვის მიტანა. ამას, ალბათ, ვერ ჩაიდენდნენ ჩერნენკო, ფედორჩუკი და გორბაჩოვი, რადგან ანდროპოვი მათთვის ჯერ ისევ გზის გაკვალვის პროცესში იყო. თითქმის ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ანდროპოვს არასწორი მკურნალობა ჰქონდა დანიშნული და საეჭვო დიაგნოზი ჰქონდა დასმული…
გრიგოლ ონიანი