როგორ მართავდა სტალინი უზარმაზარ ქვეყანას
1946 წელს ქალაქ გორში საშინელი მკვლელობა მოხდა _ ბოროტმოქმედებმა ოჯახი (დედა, მამა, ოთხი შვილი და ბებია) ნაჯახით დაჩეხეს. მკვლელობა ძარცვის მიზნით არ იყო ჩადენილი, სახლიდან არაფერი წაუღიათ, თუმცა არც არაფერი იყო წასაღები. სრულიად აუხსნელ ვითარებაში ჩადენილი ბოროტმოქმედება თითქოს სცდებოდა ჩვეულებრივი კრიმინალური დანაშაულის ჩარჩოებს და საერთაშორისო შურისძიების ეჭვს აჩენდა. შემზარავი მკვლელობის ფაქტი დაუყოვნებლივ სტალინს აცნობეს დაშიფრული ტელეგრამით. ტელეგრამაზე გაჩნდა რეზოლუცია “48 საათის განმავლობაში მოხსენდეს პოლიტბიუროს”. დეპეშაზე სტალინის ეს რეზოლუცია სიგნალი იყო, რომ სრულიად განსხვავებულ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.
ოპერატიულ საქმიანობაში ჩაერთო დაზვერვა და კონტრდაზვერვა, შინაგან საქმეთა და გზათა სამინისტროები, პარტიული და სახელმწიფო ორგანოების საჭირო შემადგენლობა, ამას ემატებოდა სტალინის პირადი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის, ვინ იცის, რამდენი უძლიერესი სპეციალისტი. ყოველი წუთი უმკაცრეს კონტროლზე იყო აყვანილი. საფიქრებელი იყო, რომ სტალინი ან თავის ხალხს ამოწმებდა ომის შემდგომი საქმიანობისათვის, ან ტერორიზმის საფრთხესთან იყო დაკავშირებული მისი ასეთი სიმკაცრე ამ დანაშაულზე. მკითხველი დაახლოებით მაინც წარმოიდგენს, რა დაძაბულად იმუშავებდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, 48 საათში შედეგი რომ დამდგარიყო. 7 საათი იყო დარჩენილი იმ 48 საათიდან, რომელიც სტალინმა განსაზღვრა პოლიტბიუროს სხდომამდე, რომელზეც შედეგი უნდა განეხილათ, რომ სოჭში, ზღვის სანაპიროზე, 5 დამსვენებელი დააკავეს. დაკავებულებმა აღიარეს, რომ გორში ჩადენილი დანაშაული მათი ჩადენილი იყო. გორში ჩაყვანილმა დამნაშავეებმა, რომელთაგან არც ერთი არ იყო ქართველი, მიაგნეს სახლს, რომელშიც მკვლელობა ჩაიდინეს და ზუსტად მიუთითეს ადგილები, ოჯახის რომელი წევრი სად მოკლეს. პოლიტბიუროს სხდომაზე ოპერაციაში ჩართულ ყველა ორგანიზაციასა და პირს მადლობა გამოუცხადეს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მისცეს მითითება, გამოწვლილვით ჩაეტარებინათ გამოძიება და შედეგიც შესაბამისი დამდგარიყო.
ძვირფასო მკითხველო, ეს ფაქტი იმიტომ გაგაცანით, რომ წარმოიდგინოთ, რა შეუძლია სახელმწიფოს, თუკი ესა თუ ის საკითხი პრიორიტეტად მიაჩნია, სტალინს კი სახელმწიფოში დიდი თუ პატარა საკითხი პრიორიტეტად მიაჩნდა და პირადად აკონტროლებდა მათ შესრულებას. სწორედ ამის გამო ეწოდა მას ადამიანი-სახელმწიფო და მეფე-მამა. ამას ვწერ იმიტომ, რომ ადამიანი-სახელმწიფოს მკვლელი დღემდე ვერ დაადგინა სახელმწიფომ. ვერ დაადგინდა თუნდაც ახლახან მოკლული ზვიად გამსახურდიას მკვლელი, ზურაბ ჟვანიასა და გურამ შარაძის მკვლელები _ ეს საქართველოს მასშტაბით. ახლა ვნახოთ, რა ვერ დადგინდა და რა ვერ გამოიძია სახელმწიფომ სტალინის სიკვდილის შემდეგ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადამიან-სახელმწიფოსთან ერთად მოკვდა სახელმწიფოც. გვინდა თუ არა, სტალინის შემდგომდროინდელ საზოგადოებრივ განვითარებას მივყავართ იმ დასკვნისკენ, რომ სახელმწიფო ადამიანი ვერ იქნება, ხოლო ადამიანი შეიძლება იყოს სახელმწიფო. კარგი მეფის ხელში უღარიბესმა ხალხებმა იმპერიები შექმნეს, ხოლო უვარგისი მმართველის ხელში უზარმაზარი იმპერიები დაიშალა. და, როდესაც თითქმის ყველა დიდი იმპერია დაიშალა, სტალინმა ზუსტად მაშინ დაიწყო იმპერიის აშენება კავიან რუსეთში და ეს ჩამორჩენილი ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ზესახელმწიფოდ აქცია.
როგორ დაინგრა სტალინური დიდი იმპერია და რა წყალქვეშა დინებები მიმდინარეობდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ?
ხრუშჩოვის პიროვნების განხილვა და მისი პოლიტიკური წონის განსაზღვრა არ არის ჩვენი კვლევის მიზანი, რადგან ის ფსიქიატრებისა თუ ფსიქოლოგების კვლევის ობიექტი უფროა. ხრუშჩოვი თავისი გამოხდომებითა და სიცრუის ტირაჟირებით ადამიანთა ჯგუფს არ განეკუთვნება. იქნებ ის ამით არის “გამორჩეული” და “გენიოსი”?!
ბრეჟნევი _ კეთილი, ცრემლიანი ადამიანი. ის კარგი კაცი იყო, მაგრამ არ იყო ადამიანი-სახელმწიფო. სწორედ ბრეჟნევის პერიოდში მომწიფდა ზემძლავრი სახელმწიფოს ღალატის საფუძველი. მისმა სუსტმა ხასიათმა საშუალება მისცა ათასი ჯურის ავანტიურისტებს ქვეყნისა და პარტიის ერთგულ პირად წარმოეჩინათ თავი, სინამდვილეში კი ძირი გამოეთხარათ ქვეყნის ინტერესებისთვის. სწორედ ასეთი ადამიანის ტიპური მაგალითია იური ანდროპოვი. მისი პირადი და პარტიული ცხოვრება იდუმალების ბურუსით არის მოცული, აგრეთვე, მისი წარმოშობა და ბავშვობაც კი.
თუ სტალინი თავის ყველა ნაბიჯს დოკუმენტურად ასახავდა და არქივში უნახავდა შთამომავლობას, ანდროპოვს პირადი ცხოვრების არც ერთი ეპიზოდი არ ჰქონდა ისეთი, რომელიც მეორე პირის მიერ იქნებოდა დამოწმებული, მისი მემუარები კი კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს საზოგადოებაში.
სტალინს უამრავი მეგობარი ჰყავდა, ანდროპოვს კი, არათუ მეგობრები, თვითონ მეგობრობის გრძნობაც კი არ ჰქონდა. მათ შორის მსგავსება მხოლოდ ის არის, რომ ორივეს მეორე ცოლი ჰყავდა. ორივე ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო.
რა ვიცით და გვახსენდება, როდესაც ანდროპოვზე ვსაუბრობთ?
ჩემი მონათხრობი დაეყრდნობა ანდროპოვის თანამედროვეთა და “თანამებრძოლთა” მოგონებებს, რომლებიც სხვადასხვა წყაროსა და მემუარებში მოვიძიე.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ანდროპოვი ბნელით მოცული პიროვნებაა, რომელსაც არ უყვარდა “დოკუმენტების შედგენა” და საარქივო მასალის შექმნა. ანდროპოველები ხომ დოკუმენტებს “საფერფლეებზე წვავდნენ”.
ანდოპოვი ლუბიანკის (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების ორგანოების შენობა ლუბიანკის მოედანზე მოსკოვში) ისტორიაში პირველი პიროვნებაა, რომელიც პარტიის გენერალური მდივანი გახდა. ის ებრძოდა კორუფციონერებს, ქვეყნიდან აძევებდა დისიდენტებს, შემოიღო სადამსჯელო ფსიქიატრია, ავღანეთში დაიწყო ომი და უზბეკური მაფია კუთხეში მიიმწყვდია. აი სულ ეს არის. საბჭოთა კავშირის ყველაზე იდუმალი მმართველი უმაღლესი ხელისუფლებისკენ თხუთმეტი წლის განმავლობაში მიილტვოდა და მის მწვერვალზე მხოლოდ 15 თვე დაჰყო, სანამ თირკმლების უკმარისობით რეანიმაციის განყოფილებაში არ გარდაიცვალა. უამრავი გაუგებრობისა და თავსატეხის გამო კა–გე–ბეს იმჟამინდელი ხელმძღვანელის ნამდვილი ბიოგრაფია მისმა მემკვიდრე ჩეკისტებმაც კი არ იციან სათანადოდ. ბევრი თვლიდა, რომ ის იყო ებრაელი, რომელიც მშობლების შესახებ მონაცემებს საგულდაგულოდ მალავდა. ბიოგრაფები, რომლებიც ცდილობდნენ, გაეგოთ, თუ ვინ იყო ანდროპოვი, იძულებულები იყვნენ, ყველაზე არასაიმედო წყაროს დაყრდნობოდნენ _ ანდროპოვის მემუარებს.
ანდროპოვი დიდებული კონსპირატორი გახლდათ, არავისთან მეგობრობდა და ჩანაწერებს არ აწარმოებდა. ვერავინ ბედავდა მასზე კომპრომატების მოპოვებას. ანდროპოვის მეტოქეები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდნენ, ერთობ საეჭვო ვითარებაში იწამლებოდნენ ან მოულოდნელად იღუპებოდნენ სწორედ იმ მომენტში, როცა კა-გე-ბეს შეფისთვის ეს განსაკუთრებით მომგებიანი იყო. 1976 წლიდან საბჭოთა კავშირს სიკვდილის ეპიდემია მოედო _ ათობით ადამიანი დაიღუპა უეცრად. პირველი, ვინც მოულოდნელად გარდაიცვალა, იყო თავდაცვის მინისტრი ანდრეი გრეჩკო. იგი ანდროპოვის ოპონენტი იყო. 1956 წლის უნგრეთის ამბოხებისა და 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის რევოლუციის პერიოდიდან იგი ამტკიცებდა რომ ჯარი ვალდებული იყო, ქვეყანა დაეცვა და პოლიტიკაში არ ჩარეულიყო. მარშლის სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა. გრეჩკოს სიკვდილის შემდეგ სამინისტროს სათავეში სამხედრო ოფიცერი და ანდროპოვის მრჩეველი დიმიტრი უსტინოვი ჩაუდგა. შემდეგი მსხვერპლი იყო ცეკას მდივანი სოფლის მეურნეობის დარგში _ ფიოდირ კულაკოვი. 1978 წელს ექსპერტიზის შედეგად დადგენილი სიკვდილის მიზეზები გასაიდუმლოებული იქნა. კულაკოვის ადგილი მიხეილ გორბაჩოვმა დაიკავა. 1980 წლის ოქტომბერში ავტოკატასტროფაში დაიღუპა ბელორუსიის პარტიული ლიდერი, საბჭოთა კავშირის გმირი პეტრე მაშეროვი. მისი კორტეჟი გზაზე მოულოდნელად შეეჯახა სატვირთო მანქანას. ტრაგედია მოხდა ორი კვირით ადრე პლენუმამდე, რომელზეც იგი პოლიტბიუროს წევრად უნდა გამოეცხადებინათ. მაშეროვის ადგილი საბჭოთა კავშირის მომავალმა მესაფლავემ _ გორბაჩოვმა დაიკავა, როდესაც ბელორუსიაში მაშეროვის მემკვიდრე ტიხონ კისელიოვი უდროოდ გარდაიცვალა (1983 წ.), მინსკში კულისებს მიღმა ალაპარაკდნენ, რომ ანდროპოვს ქვეყნის სათავეში თავისი ხალხის მოყვანა სურდა, რათა ხელისუფლებისთვის ძველი გვარდია ჩამოეშორებინა.
მოგვიანებით ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ: საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი ზურაბ პატარიძე, თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იბრაიმოვი, ავიაკატასტროფაში დაიღუპა წყნარი ოკეანის ფლოტის ხელმძღვანელობა, მათ შორის, ადმირალი სპირიდონოვი; მოულოდნელად გარდაიცვალა მსოფლიოს ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნიკოლაი ინოზემცევი, ერთადერთი ეკონომისტი, რომელსაც ბრეჟნევი ენდობოდა; 1982 წლის 19 იანვარს ანდროპოვის პირველმა მოადგილემ, სახელმწიფო უშიშროების გენერალმა სემიონ ცვიგუნმა თავი მოიკლა, კა-გე-ბეში ისიც ბრეჟნევის დანიშნული იყო; 25 იანვარს კი, სამედიცინო გამოკვლევისას, მოულოდნელად გარდაიცვალა მიხეილ სუსლოვი, სსრკ-ის ე.წ.რუხი კარდინალი, რომელიც ცენზურას, კულტურასა და განათლებას ხელმძღვანელობდა. მისი თანამდებობა ანდროპოვმა დაიკავა, სუსლოვის მკურნალი ექიმი კი ერთი თვის შემდეგ ჩამომხრჩვალი იპოვეს. ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თანდათანობით დასუსტებული ბრეჟნევის დისკრედიტაცია. საქმე მისი ქალიშვილის ბრილიანტებისადმი დაუოკებელ სიყვარულს ეხებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი ლეონიდ ილიჩმა დღიურში ჩაწერა, რომ მას უძილობისგან თავის დასაღწევად ანდროპოვმა ყვითელი აბები მისცა. ლიბერალური ტელევიზიების გადაცემებიდან, უკვე სამი ათეული წელია, გვიმტკიცებენ, რომ ეს იყო სრულიად უმნიშვნელო წამალი, რომელსაც ცენტრალური კომიტეტის წევრებისთვის ქვეყნის ლაბორატორიებში აწარმოებდნენ და მოსყიდული ექთნების დახმარებით ისე იფუთებოდა, როგორც საძილე საშუალება. ასე რომ, ზემოთ ჩამოთვლილი სასიკვდილო შემთხვევები ხელისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი იყო, თუმცა იხოცებოდნენ მხოლოდ ბრეჟნევის მომხრეები, რომლებსაც ანდროპოვის ჩეკისტები დარაჯობდნენ. უწყებების ახალარჩეული ლიბერალი ხელმძღვანელები კი ანდროპოვის საიდუმლოებების გამჟღავნებას არ ჩქარობენ…
ალან დალესის გეგმების განხორციელება სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც 1967 წელს, ლუბიანკის სათავეში ჩაუდგა ერთობ ნიჭიერი და პროდასავლელი იური ანდროპოვი. კა-გე-ბეს შეფი, რომელიც 1973 წელს პოლიტბიუროს წევრი გახდა, საბჭოთა კავშირის დაშლის საქმეში ისეთი ფიგურების წინ წაწევას უწყობდა ხელს, როგორებიც იყვნენ შევარდნაძე, ალიევი, გორბაჩოვი, ელცინი. მაგალითად, ჰეიდარ ალიევმა თავის იუბილეზე ინტერვიუში ერთი ამოსუნთქვით მოყვა, როგორ დაჟინებით მოითხოვდა ანდროპოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებაში რუსი ეროვნების კანდიდატის ნაცვლად აზერბაიჯანელი კაცი დაესვათ. ამით აზერბაიჯანელთა დისკრიმაციას წერტილი დაესვა და შემდეგშიც მას სულ უფრო ზემოთ, პოლიტბიუროსაკენ მიაქანებდა.
პარტიულ თანამდებობაზე არც ერთი დანიშვნა არ განხორციელებულა კა-გე-ბეს თანხმობის გარეშე. ანდროპოვის მიერ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ 1969 წელს ჩანერგილმა გორბაჩოვმა ცოტა ხნის წინათ აღიარა: “გარდაქმნის წამოწყებისას იმედი მქონდა, რომ ლიტვა, ლატივია და ესტონეთი საბჭოთა კავშირის ინიციატივის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდნენ”.
ვიქტორ კაზნაჩეევი, რომელიც სტავროპოლის მხარეში გორბაჩოვის შემდეგ მეორე კაცი იყო, თავის უფროსზე წერს: “ის ჯერ კიდევ იმ დროს წარმოუდგენლად მდიდარი იყო. მაშინ, როდესაც მთელი საბჭოთა ელიტა ისვენებდა, მკურნალობდა და პირად კავშირებს ამყარებდა, სტავროპოლმა სახელი გაითქვა, როგორც ფარული ეკონომიკისა და პოლიტიკური ინტრიგების ბუდემ. დაკვირვებულმა გორბაჩოვმა ანდროპოვს ტომსკის ოლქის პარტიული კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე ეგორ ლიგაჩოვი ურჩია. ასე მიიღო ანდროპოვმა შესაძლებლობა, რომ ყველგან თავისი ხალხი ჰყოლოდა, თვითონ კი ბოლომდე ჩრდილში დარჩენილიყო.
ეგორ კუზმიჩის მოღვაწეობა ერთ-ერთმა დასავლელმა პოლიტოლოგმა უმაღლესი ნიშნით შეაფასა. ლეგაჩოვის დავალება საოლქო და სამხარეო პარტიულ ხელმძღვანელობას შორის ანდროპოვის რევოლუციის განხორციელება იყო. 1983 წელს პარტიის მდივნების 20 პროცენტი შეიცვალა, მინისტრთა საბჭოსა და ცეკას აპარატში _ ხელმძღვანელთა 22 პროცენტი. ამ გადაადგილებებმა ანდროპოვის ახალ მიმართულებას გაუხსნა გზა, მაგრამ საბჭოთა ხალხს ეჭვიც არ გასჩენია, როგორ ჩიხში აღმოჩნდებოდა რამდენიმე წელიწადში. მას არც ინტელიგენციის რეპრესიების ახალი ტალღის შესახებ გამოძახილისა ესმოდა. ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ანდროპოვი შერყეული სისტემის გამაგრებას ცდილობდა, თუმცა ზოგჯერ ზედმეტიც მოსდიოდა. მაგალითად, როცა სამსახურის გაცდენისა და დაგვიანებისთვის დასჯის ბრძანებას გასცემდა. მაგრამ მას მაინც აქებდნენ, ბოლოს და ბოლოს, წესრიგს ამყარებდა, თანაც ალკოჰოლური სასმელი გააიაფა. მის პატივსაცემად არაყი “ანდროპოვკაც” გამოუშვეს. ვერავინ ამჩნევდა, რომ სახელისუფლო სტრუქტურებში ეშმაკებივით ხან გორბაჩოვი გამოხტებოდა, ხან _ ელცინი.
“1983 დეკემბრის ბოლოს ანდროპოვმა დამირეკა, _ იხსენებდა ლიგაჩოვი, _ და მთხოვა, სვერდლოვსკში ელცინის სანახავად ჩავსულიყავი. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩემი ყურადღება მიიქცია ადამიანებთან ურთიერთობისკენ სწრაფვის მისმა სურვილმა, ენერგიულობამ და გადაწყვეტილების მიღების უნარმა. შესამჩნევი იყო, რომ ბევრი პატივსცემით ეპყრობოდა. ელცინი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად ყოველგვარი დახმარების გარეშე აირჩიეს. ჩუბაისი, კოხი, გლაზევი, გაიდარი, იაკოვლევი, არბატოვი და სხვა გარდამქმნელები ანდროპოვის ბარტყები არიან. დაახლოებით 1979 წლისთვის ანდროპოვი მივიდა დასკვნამდე, რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზმის მშენებლობის პროექტი კრახს განიცდიდა და, რადგან პრობლემას ეკონომიკაში ხედავდა, მისი გადაჭრა ეკონომიკის რეფორმით წარმოედგინა. მისი მიზანი იყო, საბჭოთა კავშირი გადაექცია უზარმაზარ კორპორაციად, რომელსაც უცხოურ საწარმოებთან ერთობლივად ღიად უნდა ემოქმედა. დღის წესრიგში ეკონომიკის დარგში კვალიფიციური სპეციალისტების საკითხი დადგა. ანდროპოვმა შემოწმებული გზით სიარული არჩია. ვინაიდან ქვეყანას სპეციალისტები არ ჰყავდა და ქვეყნის შიგნით არც მასწავლებლები იყვნენ, საჭირო იყო საზღვარგარეთ სწავლება. პარადოქსი სწორედ ის იყო, რომ ისტორიაში პირველად ხდებოდა, რომ სახელმწიფოს მომავალ ლიდერებს განათლება საზღვარგარეთ უნდა მიეღოთ. ეს კი ლენინის ნაკვალევზე სიარულს ნიშნავდა, რომელმაც 1910 წელს საფრანგეთის ქალაქ ლონჟიუმოში მომავალი კომუნისტური ელიტისთვის პარტიული სკოლა შექმნა. ამ გზით გაიდარის გუნდმა ხუთი ვიცეპრემიერი, რვა მინისტრი და რვა მინისტრის მოადგილე მისცა რუსეთს. ჩუბაისის ლენინგრადულმა წრემ კი _ სამი ვიცპრემიერი, ორი მინისტრი და ხუთი მინისტრის მოადგილე. ანდროპოვი ისე ფრთხილად თამაშობდა ორმაგ თამაშს, რომ მის სიცოცხლეში ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა, თუმცა სხვა რესპუბლიკებში რუსები მიხვდნენ, რომ საქმე ცუდად იყო. მალე ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოვიდა და მოიტანა თავის ცნობილი ფრაზაც: “პროცესი დაიწყო”.
ანდოპოვმა უშიშროების ორგანოებს ცენტრისგან მეტი თავისუფლება მიანიჭა და ალიევის წარმატების შემდეგ სხვა რესპუბლიკებსაც ნება დართო, ადგილობრივი კა-გე-ბედან ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყოლოდათ. ამის შემდეგ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყველგან კლანური ბრძოლა დაიწყო. ამერიკაში სტაჟირებისთვის ადგილობრივი ლიდერების შვილები მიემგზავრებოდნენ. სწორედ მათი დახმარებით გაიოლდა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი. არკადი ვოლსკის ნაამბობის მიხედვით, რომელიც ელცინის პერიოდში რუსეთის მეწარმეთა კავშირს ხელმძღვანელობდა, 1980 წლების დასაწყისში ანდროპოვის ახალგაზრდა მიმდევრები სერიოზულად ამუშავებდნენ იდეას იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირი ნაციონალური რესპუბლიკების ნაცვლად 41 მულტიკულტურულ შტატად დაეყოთ. ანდროპოვის მთავარი მიღწვა, რომელსაც ლიბერალებიც არ უკარგავენ, კორუფციასთან ბრძოლა იყო. ეს ბრძოლა უზბეკეთიდან დაიწყო, პასუხისმგებლობით სავსე რესპუბლიკაში, სადაც სსრკ-ის ორმოცდაორი ერის წარმომადგენელი ცხოვრობდა. რუსი ეროვნების ხალხის რაოდენობა, რომელმაც გიგანტური ევრაზიული სივრცის შეკვრას შეუწყო ხელი და მისი, როგორც კოლონიების, შთანთქმის საშუალება არავის მისცა, 1939-დან 1979 წლამდე საბჭოთა კავშირის მასშტაბით 37 პროცენტით გაიზარდა, უზბეკეთში კი _ 120 პროცენტით. უამრავ საქმეში საკმაოდ დიდი წვლილი მებრძოლ შარაფ რაშიდოვს მიუძღვის, რომელიც სამარყანდის კლანიდან იყო გამოსული. მან თითქმის საუკუნის მეოთხედში (1959 წლიდან მოყოლებული) ხელისუფლების გარშემო სხვა უზბეკი წარმომადგენლების შემოკრება შეძლო და უფლება არ მისცა, სადავეები ხელში მხოლოდ ერთ ადამიანს ჩაეგდო. 1966 წელს, მიწისძრვამდე, უზბეკეთი აზიის ლიდერი იყო, რაც დასავლეთის სპეცსამსახურებსაც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი. მათ მშვენივრად ესმოდათ, რომ უზბეკეთის სიმშვიდის დარღვევა დიდი რეაქციის გამოწვევას ნიშნავდა, რაც მათ საბჭოთა კავშირის დანაწევრების შესაძლებლობას მისცემდა. რაშიდოვის დისკრედიტაციის გარეშე კი ეს შეუძლებელი იყო. ანდროპოვის კა-გე-ბე რაშიდოვის ფეხქვეშ მიწას 1967 წლიდან ქექავდა. რაშიდოვის დადანაშაულების საფუძველი 1974 წელს იპოვეს, სახელმწიფოსთვის ბამბის ჩაბარებისას ერთ მილიონზე მეტი მაფიის ჯიბეში ილექებოდა. ბრეჟნევი კი რაშიდოვის მიმართ წარმოქმნილ ნებისმიერ წინააღმდეგობას აგვარებდა, ვინაიდან კარგად ესმოდა ამ რეგიონში სიმშვიდის ფასი. უზბეკეთის რესპუბლიკას საქართველოსა და სომხეთთან შედარებით მცირე ინვესტიცია სჭირდებოდა, სამაგიეროდ ქვეყანას მეტ მოგებას აძლევდა. ბამბა _ თეთრი ოქრო, რომელსაც სახელმწიფო კაპიკებად იძენდა და 34 ქვეყანაში დოლარზე ყიდდა, საბჭოთა კავშირის ტექსტილის ინდუსტრიას სრულიად უზრუნველყოფდა. ამასთანავე, უზბეკეთის რესპუბლიკა ოქროს მოპოვების მხრივ ქვეყანაში მეორე ადგილს იკავებდა. იქ მოქმედი ყველაზე მსხვილი საწარმო წელიწადში ორმოცდაათ ტონა ოქროს მოიპოვებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, აგრეთვე, ქვანახშირი, სპილენძი, ნავთობი და აბრეშუმი, რომლებსაც ეს რესპუბლიკა აწარმოებდა. რა თქმა უნდა, კორუფცია არსებობდა, სამაგიეროდ არანაირი სეპარატიზმი არ იყო. ნამდვილი კორუფციული ჭაობი საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმოიქმნა, რომლებიც საბჭოთა კავშირის მთავარ სამოძრაო ცენტრებს წარმოადგენდა. სამოცდაათიანი წლების დასასრულს ანდროპოვის გუნდს ბრეჟნევის დისკრედიტაცია და უზბეკეთში კავკასიური გავლენის გაფართოება უნდა განეხორციელებინა. იმხანად უზბეკეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ბევრი სომეხი ეროვნების ადამიანი მოღვაწეობდა, თუმცა სომხური დიასპორა ადგილობრივებთან შედარებით ძალიან მცირერიცხოვანი იყო. გეგმის მიხედვით, ქართველი და სომეხი ეროვნების წარმომადგენლებისთვის საშუალება უნდა მიეცათ, ჯერ რესპუბლიკა, შემდეგ მთელი შუა აზია ფეხქვეშ გაეთელათ. ეს თუ ვერ მოხერხდებოდა, ხალხში დაპირისპირების გამოწვევა მაინც უნდა ეცადათ. 1983 წლის 31 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაიცვალა უზბეკეთის სსრ-ის კომპარტიის პირველი მდივანი რაშიდოვი; 1984 წლის 9 თებერვალს კი ანდროპოვიც მოკვდა, მაგრამ გენერალურმა მდივანმა საბჭოთა კავშირის დასაშლელად საფუძვლის შექმნა მაინც მოასწრო. მისი სიკვდილისთანავე შუა აზიაში, სადაც უკვე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდობის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირს აკრიტიკებდა, კლანური ბრძოლები გაჩაღდა. ეს ყველაფერი იმ რუს ადამიანებზე აისახა, რომლებიც თანამდებობას იკავებდენ. გორბაჩოვის პერიოდში რესპუბლიკაზე შეტევა გაძლიერდა. გლობალისტებს, რაშიდოვის სიკვდილი კი არა, ინტერნაციონალიზმის მარცხი სჭირდებოდათ. 22 ათასი ადამიანი (უზბეკები, რუსები, ბერძნები, ტაჯიკები, თურქმენები, თათრები), სომხების გარდა, თანამდებობიდან დაითხოვეს. ასობით პირი ციხეში აღმოჩნდა. ეველაფერი წარმოუდგენლად ვითარდებოდა, მაგრამ, როგორც კი დაკითხულები მექრთამეობაზე ალაპარაკდნენ, საქმემ რღვევა ზედა ეშელონებიდან დაიწყო.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება იქნება)