ბერნარდ შოუს სიტყვები რომ გცოდნოდათ, მარკშაიდერო, იმ სისულელეს ხომ არ წამოროშავდით, რომლისთვისაც სრულიად საქართველო დაგცინით?!
საფრანგეთში ახლახან ვიზიტად მყოფმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტად დანიშნულმა სალომე ზურაბიშვილმა რადიოსადგურ RTL-ის ჟურნალისტის შეკითხვებზე შემდეგი პასუხები გასცა:
1.სტალინს ქართული ძირი არ ჰქონდა.
2.ცუდად იცოდა რუსული ენა.
3.ართული აქცენტით ლაპარაკობდა.
4.იყო იმპერიის ხელმძღვანელი.
5.არ ლაპარაკობდა ქართულად.
6.საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა.
საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით და საქართველოს მოქალაქე რამდენიმე მოთხოვნას
უნდა აკმაყოფილებდეს: იცოდეს სახელმწიფო ენა (ქართული) და ნაწილობრივ იცნობდეს
იმ ქვეყნის ისტორიას, იმ ქვეყნისა,
რომლის მოქალაქეც უნდა გახდეს.
საქართველოს “უგვირგვინო” მეფემ “გარეკილ პირველმა” უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანა “გაკრასკული სინდიოფალა”. მას უცხოეთში პოპულარიზაცია უნდა გაეწია დამოუკიდებელი საქართველოს უძველესი კულტურისა და ტრადიციებისთვის, რომლებითაც დღემდე ამაყობს ქართველი ხალხი. გაირკვა, რომ ჩამოყვანილმა დედაკაცმა, არათუ ტრადიციები და კულტურა არ იცის ჩვენი ქვეყნისა, არამედ არც ენა იცის და მხოლოდ მარკშაიდერის ტერმინებით ლაპარაკობს, მაგალითად, როგორიცაა “გათხარო”, “გამოთხარო” და ა.შ. “გარეკილ პირველმა” მარკშაიდერი თავის ადგილზე დააბრუნა, მაგრამ მან არ მოისვენა და მაღაროთა მფლობელ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც იგი ქვეყნის მთავარ მარკშაიდერად დანიშნა.
მარკშაიდერმა, რომელიც ქვემოდან უყურებს ადამიანებს, იცის, ვის რამხელა ფესვი აქვს და მისთვის აშკარაა, რომ სტალინს ქართულ მიწაში ფესვი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომაც ფრანგულ რადიოსადგურში მან ყოველგვარი ეჭვის გარეშე განაცხადა: სტალინს საქართველოში ფესვი არ გააჩნიაო.
მე დაინტერესებული ვარ სტალინის ფესვებით, ამიტომ მარკშაიდერის ქვევიდან შემოხედვის სისტემის გადამოწმება ზევიდან დახედვითა და დაკვირვებით გადავწყვიტე.
უფრო მცოდნე და ჭკვიანი კაცისთვის ვისთვის უნდა მიმეკითხა და მივაკითხე დიდ ივანე ჯავახიშვილს. უამრავი რამ წავიკითხე სტალინის ფესვებზე და იქვე წავაწყდი ბატონ ივანეს ხელნაწერს, რომელსაც აქვე გაგაცნობთ:
ვფიქრობ, უკვდავი ივანეს ღვთიური ხელით დაწერილი უფრო სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს, ვიდრე მარკშაიდერ სალომე ზურაბიშვილის ფრანგული რადიოს ეთერში ნათქვამი სიტყვები. სტალინის მეგობარმა პეტა კაპანაძემ ერთხელ კრემლში სტუმრობისას სტალინს სადილის დროს უთხრა: ქართველი მენშევიკები ამტკიცებენ, ოსური წარმომავლობა გაქვს და ამით უნდათ შენთვის სამაგიეროს გადახდაო. სტალინმა ჩაიცინა და თქვა:
“ნეტავ, ასეთი რა დავუშავე ქართველ მენშევიკებს, რომ ეროვნებასაც მიცვლიან?!”
ისე, ჩვენი მარკშაიდერი პრეზიდენტი ხომ შვილია იმ მენშევიკებისა, რომლებიც ასეთ სიცრუესა და სისულელეს ავრცელებდნენ?
1904 წელს სტალინი ეკამათებოდა სოციალ-ფედერალისტებს, ამ კამათში მოწინააღმდეგეები ბეჭებზე ჰყავდა გაკრული, ბოლოს კი დაცინვით მიმართა:
“გავყვეთ მათ, სად მიგვიყვანენ. ნათქვამია, “მტყუანს სიმტყუვნის კარამდე მიჰყევიო” (“სტალინი”, ტომი პირველი, გვ. 37), ამიტომ მეც მოგყვებით, მარკშაიდერო პრეზიდენტო.
1946 წლის 7 ოქტომბერს სტალინმა სოჭში ფილმ “გიორგი სააკაძის” მთავარი როლების შემსრულებლები მიიწვია, მათთან ერთად, სტალინის თხოვნით, კანდიდ ჩარკვიანს გორიდან უნდა წაეყვანა სტალინის სიყრმის მეგობრები: პეტა კაპანაძე, მოჭიდავე სოსო ცერაძე და მიხეილ ტიტვინიძე. სტალინი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საპატიო სტუმრებს. ამ შეხვედრის ზოგიერთი მომენტი, სტალინის სიკვდილის შემდეგ, გაგანია ხრუშჩოვის პერიოდში აღწერა და წიგნად გამოსცა ჩვენმა სასიქადულო მსახიობმა აკაკი ვასაძემ. მომყავს რამდენიმე ფრაგმენტი მისი წიგნიდან “სტალინის აგარაკზე”.
“გაჩაღდა ლხინი, _ იგონებს აკაკი ვასაძე, _ სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა, სიმღერას კი _ სიმღერა. წამოვიწყე კახური სიმღერა “ზამთარია ზამთარი”, პირველი ტაქტის შემდეგ სტალინმა შემაჩერა: “გურულო, სწორად არ მღერი” და თვითონ წამოიწყო სიმღერა. არაჩვეულებრივი ხმით, არაჩვეულებრივად ასრულებდა ამ რთულ სიმღერას, რომლის ეს ვარიანტი მეც არ ვიცოდი. როდესაც სიმღერა დავასრულეთ, გაკვირვებულმა ვთქვი: საიდან იცით ეს უძველესი ვარიანტი ამ კახური სიმღერისა? სტალინმა მიპასუხა: “რა გიკვირს, გურულო, მე ხომ ძირად ძირი კახელი ვარ ქიზიყიდან, სოფელ ჯუგაანიდან”.
თამადამ საქართველოს სადღეგრძელოდ ასწია სასმისი (ა. ვასაძე თამადის გვარს არ ასახელებს. _ გრ. ონიანი), დალოცა ჩვენი მამულის მადლი და ბარაქა, მისი განსაკუთრებულად დღეგრძელობის უფლებამოსილება იმით დაადასტურა, რომ საქართველომ კაცობრიობას სტალინი მისცა.
“მოიცა, მოიცა! _ ბოლო სიტყვაზე შეაჩერა სტალინმა თამადა, _ მაშ, ის ქვეყნები, რომლებსაც კაცობრიობისთვის სტალინი არ მიუციათ, დღეგრძელობის ღირსი აღარაა? მერედა, მარტო მე რომ განსაკუთრებულად მახსენებთ საქართველოს შვილად, დავით აღმაშენებელს რაღას ეუბნებით ან სხვები რად დაივიწყე? გაუმარჯოს საქართველოს ხალხს და მის ბუნებას, მის წარსულსა და მის მომავალს, მის ბარაქას და სილამაზეს, მართლაც, ამ ძალზე უცნაურ მხარეს დედამიწის ზურგზე, განა აუცილებლად სხვებზე უკეთესს ან უფრო ლამაზს, არა, თავისთავად კარგსა და თავისებურად განუმეორებელს”, _ თქვა და ვერცხლის სირჩა გამოცალა.
_ გურულო, ერთი “ხელხვავი” წამოიწყე!
_ ახლავე, მაგრამ მოძახილს ვინ მეტყვის? _ შევეკითხე გაოცებულმა და შეწუხებულმა, რადგან აკაკი ხორავა და მით უმეტეს სხვები ვერ გამომადგებოდნენ.
_ შენ დაიწყე და, მოძახილის ნუ გეშინია, _ ჩაიღიმა სტალინმა.
მეც წამოვიწყე ისე, როგორც ეს სიმღერა სიმონიშვილისგან მქონდა ნასწავალი. გავათავე თუ არა პირველი მუხლი, სტალინმა შემაჩერა და მითხრა:
_ არ არის მაგ სწორი… მე მგონი, პირველი მუხლი ასე უნდა იწყებოდეს, _ და თვითონ წამოიწყო. როდესაც პირველი მუხლის უკანასკნელი ორი ტაქტი კრინით ჩაათავა, დროულად გამახსენდა, ვინც ასრულებდა გურულ “ხელხვავს” ამგვარად და წამოვიძახე:
_ ეგ ხომ ჩავლეიშვილის ვარიანტია და თქვენ საიდან… საიდან გქონდათ ამის დრო, “ხელხვავი” და “ხასანბეგურა” შეგესწავლათ?!
_ ციხეში, გურულო, ციხეში! ცხრაას ხუთში ქუთაისის ციხეში ვიჯექი. ბლომად იყვნენ იმერლები, მეგრელები და გურულებიც. დრო, ღვთის მოცემული, საკმაოდ გვქონდა და ციხეში რას არ ისწავლის, რას არ გაიგონებს კაცი, თორემ სიმღერა რაა…
სტალინი ბატკნის აქნას შეუდგა, უცბად წარმოთქვა:
_ ისე არავინ მომწონს ჩვენს კინოში მსახიობთაგან, როგორც ეს კაცი და, აი, კიდევ ესა _ ხელი ჯერ აკაკი ხორავასკენ გაიშვირა, ხოლო შემდეგ სპარტაკ ბაღაშვილისკენ. ისე მოულოდნელად და უბრალოდ განაცხადა ეს, რომ სავსებით გასაგები იყო ჩემთვის აკაკის დაბნევა და ისიც, რომ თვალზე ცრემლი მოადგა და ყელში ცრემლმობჯენილმა ძლივს მოახერხა ორიოდე სიტყვის თქმა სამადლობელოდ, სამაგიეროდ სპარტაკმა, ცოტა პათეტიკურად, მაგრამ გულწრფელად და ლამაზად მიმართა:
_ ჩვენ რა, ბატონო იოსებ, ჩვენი ქვეყნის ფესვი თქვენა ბრძანდებით, ჩვენ კი კენწეროები ვართ და იმიტომ ვყელყელაობთ და მაღლა-მაღლა ვჩანვართ.
ეტყობა, სპარტაკ ბაღაშვილმა უფრო კარგად დაინახა სტალინის ფესვები, ვიდრე მარკშაიდერმა პრეზიდენტმა.
ირლანდიელმა ლიტერატორმა და საზოგადო მოღვაწემ, დრამატურგმა და რომანისტმა, 1925 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში _ ჯორჯ ბერნარდ შოუმ 1931 წელს საბჭოთა კავშირის მონახულებისა და სტალინთან 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
“მე ვტოვებ იმედის სახელმწიფოს და ვბრუნდები დასავლეთის ქვეყნებში _ ქვეყნებში უიმედობისა და სასოწარკვეთის… ჩემთვის, მოხუცებული ადამიანისთვის, დიდი ნუგეშია იმის ცოდნა, რომ მსოფლიო ცივილიზაციას დაღუპვა აღარ ემუქრება… აქ, რუსეთში, ყოფნისას, დავრწმუნდი, რომ ახალ კომუნისტურ სისტემას ძალა შესწევს, კაცობრიობა გამოიყვანოს თანამედროვე კრიზისიდან და იხსნას იგი სრული ანარქიისა და განადგურებისგან”, _ ასე ემშვიდობებოდა სახელგანთქმული დრამატურგი საბჭოთა ქვეყანას. მომდევნო დღეს, ბერლინში ჩასვლისთანავე, ჟურნალისტებთან ინტერვიუში მან თქვა: “სტალინი მეტად სასიამოვნო ადამიანი და მუშათა კლასის ნამდვილი წინამძღოლია… სტალინი გიგანტია, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოების სხვა ლიდერები მასთან შედარებით პიგმეები არიან”. 1941 წლის ივნისში, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან (1939 წლის სექტემბერი) თითქმის ორ წელიწადში, ფაშისტური გერმანიის მხრიდან საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ბერნარდ შოუ იტყვის: “…ახლა, როცა სტალინი ჩვენს მხარესაა, ომს აუცილებლად მოვიგებთ”.
ეს სიტყვები რომ გცოდნოდათ, მარკშაიდერო, იმ სისულელეს ხომ არ წამოროშავდით, რომლისთვისაც სრულიად საქართველო დაგცინით?! ბერნარდ შოუს თავი რომ დავანებოთ, თქვენი წინამორბედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აი, როგორ აფასებს სტალინს: “ვერ გეტყვით, რომ სტალინის პიროვნება რამენაირად გადავაფასე, მაგრამ შემიძლია, დროის გასვლის პარალელურად გითხრათ, რომ ერთ საუკუნეში, დავუშვათ, როდესაც ის ოჯახები, რომლებსაც რეჟიმმა მიაყენა ტკივილი, დაივიწყებენ ამ ტკივილს, არ იქნებიან ცოცხალი, არ ეყოლებათ ბაბუები, ბებიები, რომლებმაც იტვირთეს ამ რეჟიმის ტვირთი, სტალინი იქნება აღქმული, როგორც ერთ–ერთი ძალიან დიდი მხედართმთავარი და ეს იქნება ის, რასაც დაწერენ სტალინზე, იმიტომ, რომ ის რეალურად იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპერიის ხელმძღვანელი და, აგრეთვე, მხედართმთავარი, რომელმაც მოიგო მეორე მსოფლიო ომი. ეს ორი მსოფლიო ომი კი იყო ევროპის უდიდესი ტკივილი და უდიდესი კატასტროფა, რომლის შედეგადაც კაცობრიობა მივიდა იმ დასკვნებამდე, როგორ უნდა იცხოვროს ერთობლივად ევროპამ. სტალინს ამ გამარჯვებაში ლომის წილი აქვს, შესაბამისად, სტალინს მომავალში აღიქვამენ, როგორც ძალიან დიდ პოლიტიკოსსა და ძალიან დიდ მხედართმთავარს”.
მარკშაიდერო, გახსოვდეთ: “თუ წარსულს შურდულით ქვას ესვრი, მომავალი ზარბაზნებს დაგიშენს!”
მაგრამ მიმდევრებიც რომ გყავდათ _ პირველი პრეზიდენტი, აწ განსვენებული ზვიად გამსახურდია: “პრაქტიკულად, მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი და ვიბრძვი სტალინიზმის წინააღმდეგ… სტალინის გაიდეალების ხანა წარსულს ჩაბარდა. შესაძლოა, ორი-სამი წლის წინათ მსგავსი დამოკიდებულების გამოვლინებას ჯერ კიდევ ჰქონდა ადგილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ ძალიან დიდი სამუშაოები გავწიეთ ამ მიმართულებით და გავაუქმეთ საზოგადოება “სტალინი”, ფაქტობრივად, მე გავაუქმე წინასაარჩევნო კამპანიის დროს და მივაღწიე იმას, რომ საერთოდ ავკრძალეთ ეს საზოგადოება, ავუკრძალეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან მათ არჩევნებში მონაწილეობა სურდათ. ამის შემდეგ ამ საშიშროებამ უკვე ჩაიარა”.
პირველ პრეზიდენტს გვერდს დაუმშვენებდა “სწორუპოვარი პოლიტიკოსი და მოაზროვნე”, საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ექსმინისტრი, აწ. გარდაცვლილი ნიკოლოზ რურუა.
“სტალინი იყო პოლიტიკური დამნაშავე, რომელიც 1921 წელს საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ არმიას შემოუძღვა. სტალინი იყო ადამიანი, ვინც ჩვენი მოკავშირე ერების ნაწილი გაანადგურა. რეპრესიებს ემსხვერპლა ქართველი ერის ელიტა. მისი დანაშაულის გასაცნობიერებლად რამდენიმე გვარის დასახელებაც კმარა _ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ კონკურსში საუკეთესო პროექტი გაიმარჯვებს და აღიმართება გმირთა ხსოვნის მემორიალი, რომელიც ამ მოედანზე სამუდამოდ დარჩება; ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პოლიტიკური აბსურდი, რასაც გორის მთავარ მოედანზე სტალინის ძეგლის არსებობა ქმნიდა”, _ განაცხადა რურუამ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
რურუასთან, აბა, რას მოვა უინსტონ ჩერჩილი _ ბრიტანელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, “დიდი სამეულის” ერთ-ერთი წევრი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი 1940-1945 და 1951-1955 წლებში, ნობელის პრემიის 1953 წლის ლაურეატი ლიტერატურის დარგში:
* “მე მივედი კრემლში და პირველად შევხვდი დიდ რევოლუციონერსა და ბელადს, ბრძენ მოღვაწესა და მეომარს.…მხნედ და იმედიანად დავაბიჯებ ქვეყანაზე იმ ადამიანთან მეგობრობით გაამაყებული, რომლის დიდებამაც არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მსოფლიოს გადაუარა”.
1959 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების 80 წლისთავზე, ინგლისის პარლამენტის თემთა პალატაში წარმოთქმული სიტყვიდან:
“ბატონებო! თუ გვინდა, ვიყოთ და დავრჩეთ თავისუფალი სამყაროს სათავეში, ჩვენი ვალია, ვიცოდეთ და ჯეროვნად შევაფასოთ ჩვენი მტრები, განსაკუთრებით გამოჩენილი პიროვნებები. დღეს ასეთად მინდა დავასახელო გენერალისიმუსი სტალინი. რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას მძიმე განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი და ურყევი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო ყველაზე გამოჩენილი ადამიანი, რომელიც შეეფერებოდა ჩვენი ცვალებადი და მკაცრი დროის იმ პერიოდს, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. სტალინი იყო არაჩვეულებრივად ენერგიული და ერუდირებული, უდრეკი ნებისყოფის, სასტიკი, ულმობელი ადამიანი, როგორც საქმეში, ისე საუბრისას, რომელსაც მეც კი აქ, ბრიტანეთის პარლამენტში, აღზრდილი, ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას.
…სტალინს, უწინარესად, იუმორისა და სარკაზმის, აგრეთვე, ნათქვამის ზუსტად აღქმის განსაცვიფრებელი ნიჭი ჰქონდა. თავის სტატიებსა და გამოსვლებს მხოლოდ თვითონ წერდა და მათში ყოველთვის იგრძნობოდა შემსრულებლის ძალა, რომელიც სტალინში ისე დიდი იყო, რომ ყველა ხალხისა და ეპოქის ქვეყნის ხელმძღვანელთა შორის განუმეორებლად წარმოჩნდებოდა. სტალინი ჩვენზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. ადამიანებზე მის გავლენას ანალოგი არ ჰქონდა. როცა იალტის საკონფერენციო დარბაზში შემოდიოდა, ჩვენ, თითქოს გვიბრძანესო, ვდგებოდით და, რა გასაოცრადაც უნდა მოგეჩვენოთ, რატომღაც ხელები შარვლის ნაკერების გასწვრივ გვქონდა გაჭიმული. ის იყო ყველაზე რთული, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უბადლო ოსტატი, ყველაზე კრიტიკულ და საზეიმო მომენტებში თანაბრად თავდაჭერილი, არასოდეს ჰყვებოდა ემოციებს და არ ეძლეოდა ილუზიებს, იგი უჩვეულო და რთული პიროვნება იყო. მან შექმნა და დაიქვემდებარა ვეებერთელა იმპერია. ის იყო კაცი, რომელიც თავის მტრებს თავისივე მტრის ხელით ანადგურებდა, და გვაიძულებდა ჩვენ, ვისაც დაუფარავად გვიწოდებდა იმპერიალისტებს, გვებრძოლა იმპერიალისტების წინააღმდეგ. სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია. რაც უნდა თქვან მასზე, ასეთ ადამიანებს ისტორია და ხალხი არ ივიწყებს!”
* ფრანკლინ დელანო რუზველტი _ აშშ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, “დიდი სამეულის” ერთ-ერთი წევრი, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი 1933–1945 წლებში:
“მასთან მუშობა დიდი სიამოვნებაა. ის აყალიბებს საკითხს, რომლის განხილვაც სურს, და ამ საკითხიდან არც აქეთ და არც იქით არ იხრება… მომავლისა და აწმყოს საკითხების განსახილველად, სურვილი მაქვს, შევხვდე თანამედროვეობის დიდ ადამიანს _ სტალინს, რაც აქამდე ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს”.
* შარლ დე გოლი _ ფრანგი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ფუძემდებელი და პირველი პრეზიდენტი 1959_1969 წლებში:
“…სტალინს კოლოსალური ავტორიტეტი ჰქონდა, და არა მხოლოდ რუსეთში. შეეძლო მტრების “მოთვინიერება”, მისთვის უცხო იყო პანიკა დამარცხებისას, და ნეტარება გამარჯვებისას. გამარჯვებები კი მას დამარცხებებზე გაცილებით მეტი ჰქონდა. სტალინური რუსეთი მონარქიასთან ერთად დაღუპული რუსეთი არ არის, მაგრამ სტალინური სახელმწიფო სტალინის ღირსეულ მემკვიდრეთა გარეშე განწირულია”.
* ავერელ ჰარიმანი _ ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბიზნესმენი და დიპლომატი, აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში 1943_1946 წლებში:
“ისინი, ვინც სტალინს პირადად არ იცნობდნენ, მასში მხოლოდ ტირანს ხედავენ. მე კი მეორე მხარეც მინახავს _ მისი გონება, დეტალების ფანტასტიკური აღქმის ნიჭი, მისი გამჭრიახობა და განსაცვიფრებელი ადამიანური ყურადღება, რომლის გამოჩენის უნარიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ომის წლებში, ჩემი აზრით, ის უკეთ იყო ინფორმირებული, ვიდრე რუზველტი და საქმის ვითარებას უფრო რეალისტურად უყურებდა, ვიდრე ჩერჩილი. გარკვეული თვალსაზრისით, ომის ლიდერებს შორის ის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის სტალინი ყველაზე უფრო შეუცნობელი და წინააღმდეგობრივი ხასიათის პიროვნებად რჩება მათ შორის, ვინც კი ოდესმე მცნობია, და მასზე საბოლოო სიტყვა ისტორიის სამსჯავროს უნდა დავუტოვოთ”.
* კორდელ ჰალი _ ამერიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1933-1944 წლებში. ნობელის პრემიის 1945 წლის ლაურეატი მშვიდობის დარგში:
“სტალინი გასაოცარი პიროვნებაა. იგი დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი ნიჭითა და გონებით, აგრეთვე, პრაქტიკული საკითხების არსთა წვდომის იშვიათი უნარით. რუზველტსა და ჩერჩილთან ერთად იგი იმ ლიდერთაგანია, რომელსაც მხრებზე აწევს პასუხისმგებლობა, რომლის მსგავსიც, სავარაუდოდ, არც ერთ ადამიანს არ დაეკისრება მომდევნო ხუთი საუკუნის განმავლობაში”.
* ჰენრი კისინჯერი _ ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წლებში, ნობელის პრემიის 1973 წლის ლაურეატი მშვიდობის დარგში:
“სტალინი, როგორც დემოკრატიული ქვეყნების არც ერთი სხვა ლიდერი, მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და სწორედ იმ ურყევი რწმენით, რომ იგი იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა; მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ეროვნულ ინტერესებს. ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადი ინტერესების ტვირთით. სტალინის სიტყვებში გამოსჭვივის აზრისა და მოქმედების მიზანსწრაფული სიმტკიცე, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის ურყევი ერგულების შედეგია. სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი, გულმშვიდი, აღუშფოთებელი სტრატეგი იყო. მან რუსეთი XX საუკუნის ზესახელმწიფოდ აქცია, ისე, როგორც რიშელიემ საფრანგეთი XVII საუკუნეში”.
* ენტონ იდენი _ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1955-1957 წწ.:
“სტალინმა თავდაპირველად ჩემზე შთაბეჭდილება თავისი ნიჭიერებით მოახდინა და მასზე აზრი არ შემიცვლია. მას ჰქონდა კარგი, ბუნებრივი ქართული წარმომავლობის მანევრები, ვიცი, რომ იყო შეუბრალებელი, მაგრამ პატივს ვცემ მის გონებას და სიმპათიითაც კი ვარ განწყობილი მის მიმართ, რაც ბოლომდე ვერ ამიხსნია. ეს, ალბათ, სტალინის პრაგმატიზმის შედეგი იყო. ჩქარა გავიწყდებოდა, რომ პარტიულ ლიდერთან ლაპარაკობდი. მე მისი სახით ყოველთვის საინტერესო, მოღუშულ და მკაცრ მოსაუბრეს ვხედავდი, ხშირად ასეთ განწყობაზე ყოფნას განსახილველი საკითხები ავალდებულებდა. სტალინი ღრმად იყო ჩახედული ყველა საკითხში, რომლებთანაც შეხება ჰქონდა. წინდახედულობითა და ოპერატიულობით გამოირჩეოდა, ყოველივე ამის უკან ძალა იდგა”.
ქალბატონო მარკშაიდერო! თუ ენტონ იდენმა გაიგო სტალინის ქართული წარმომავლობის შესახებ, ისე როგორ დაგიბინდეს გონება მენშევიკმა წინაპრებმა, რომ ვერაფერი შეიტყვეთ სტალინის წარმომავლობაზე?!
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება იქნება)
“ვიცი, რომ იყო შეუბრალებელი, მაგრამ პატივს ვცემ მის გონებას და სიმპათიითაც კი ვარ განწყობილი მის მიმართ, რაც ბოლომდე ვერ ამიხსნია”…
enton idenieni