“ყველა სხეული ინარჩუნებს უძრაობას ან თანაბარ სწორხაზოვან მოძრაობას, სანამ მას სხვა გარეშე ძალა არ აიძულებს, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან”. ნიუტონის პირველ კანონს (მას ასევე ეწოდება “ინერციის კანონი”) სკოლაში გვასწავლიდნენ, პედაგოგიკის ისტორიაში “დიდი განმანათლებლის” _ ლომაიას გამოჩენამდე…
2021 წლის 3-9 თებერვლის გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მე-3 ნომერში წავიკითხე აკადემიკოს როინ მეტრეველის წერილი _ “დავითგარეჯა ოდითგანვე საქართველოსი იყო”. ბატონი როინის მეცნიერული კვლევა მეტად მტკივნეულ საკითხზე _ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე _ ისე ღრმად არის გაანალიზებული და ისტორიული წყაროებით გამყარებული, რომ ვერავითარი ბირთვული ქობინი ვერ დაანგრევს. ამ კვლევის გაცნობისას ადამიანი გაოცებას ვერ დამალავს, რამდენი შრომა დაუხარჯავს მეცნიერს ხალხური ზეპირსიტყვიერების მეცნიერულ ხარისხში ასაყვანად.
წერილის დასაწყისში ისააკ ნიუტონის პირველი კანონი შემთხვევით არ მიხსენებია. სწორედ ზემოხსენებულმა კვლევამ მომცა ბიძგი, მოვწყვეტილიყავი ჩემს ასაკს, ახალგაზრდობის წლები გამეხსენებია და მეთქვა ის, რასაც მეცნიერი ლოგიკურად ასკვნის და რაც მე პრაქტიკულად მაქვს განხორციელებული.
აკადემიკოს როინ მეტრეველის სტატიის მეორედ წაკითხვისას წითელი ფანქრით გავხაზე შემდეგი ფრაზა: “მიზეზი დავისა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა”. ბატონი როინი მე-6 საუკუნიდან მოყოლებული ზუსტად აღწერს დავითგარეჯის მრავალჯერ დაცემისა და აღორძინების ეპოქებს: “მღვდელ-მონაზონმა გერმოგენმა 1918 წელს დაბეჭდა გაზეთ “საქართველოს” 2 და 14 იანვრის ნომერში ვრცელი ინფორმაცია “დავითგარეჯის უდაბნოს აკლება”. მამა გერმოგენი იუწყებოდა: აზერბაიჯანელმა მწყემსებმა, რომლებიც ცხვარს ყარაიას ველზე აძოვებდნენ, ზამთრის სადგომებად მოითხოვეს საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით ნაგები და მოხატული დავითგარეჯისა და უდაბნოს სამონასტრო კომპლექსები; თავს დაესხნენ ლავრას, გაძარცვეს მონასტრები, გაანადგურეს ჯვარ–ხატები და გადაწვეს იქაურობა, წერაქვებით დაშალეს ნაგებობები. იმხანად ეს ვანდალიზმი აღკვეთეს. შემდგომ პერიოდში თვით საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაულებრივი აქტი: ყოველგვარი წესის დარღვევით 1922 წლის 28 იანვრიდან ყარაიასა და უდაბნოს დიდი ნაწილი სპეციალური დადგენილებით (როგორც საძოვრები და არა კულტურის ძეგლები!) საბჭოთა აზერბაიჯანს გადასცა. ამ “საძოვრებში” აღმოჩნდა ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები, თამარ მეფისა და ლაშა გიორგის, დემეტრე II თავდადებულისა და ქტიტორთა დიდებული ფრესკებით. ლავრა მომთაბარე მწყემსების თავშესაფარი გახდა.
ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1923 წლის 30 აპრილის დადგენილებით, ელდარის სტეპი აზერბაიჯანის სსრ–ს გადაეცა. ადმინისტრაციულმა საზღვარმა დავითგარეჯისკენ გადაინაცვლა, რომელიც ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოს ისტორიულ მიწა–წყალს წარმოადგენდა.
1925 წლის 17 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ მიწათმოქმედების კომისრების _ ა. გეგეჭკორისა და ი. ბუნიათზადეს შეხვედრა სიღნაღისა და ზაქათალის მაზრების (“უეზდების”) საზღვრების სადავო მონაკვეთების თაობაზე. გადაწყდა, საზღვარი ალაზანზე დარჩენილიყო, ხოლო გარეჯის მიმდებარე საძოვრები “შრომითი გამოყენების პრინციპით” მიემაგრა აზერბაიჯანს, რადგან ისინი თითქოს “ფაქტობრივად, მათ შრომით სარგებლობაში იმყოფებოდა”. ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1925 წლის 6 ოქტომბრის დადგენილებით, დავითგარეჯის მონასტრის კულტურის ძეგლების დაცვა დაევალა საქართველოს სსრ თბილისის მაზრის აღმასკომს. გამოიყო შეიარაღებული მცველების საშტატო ერთეულები. მოხდა რამდენიმე შეტაკება ძეგლის მცველებსა და აზერბაიჯანელ მწყემსებს შორის, რომელთაც ეწადათ, საქონლის ზამთრის სადგომად გამოეყენებინათ სამონასტრო ნაგებობები. 1926 წლის იანვარში ეს კონფლიქტური სიტუაცია განხილულ იქნა “ზაკ კრაიკომის” სხდომაზე, რომელმაც კანონიერად ცნო 1922 წლის ხელშეკრულება “საძოვრების გამოყენების თაობაზე”. 1929 წლის 18 თებერვალს ამიერკავკასიის სსრ ფედერაციის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ახალი დადგენილება “გარეჯის ზამთრის საძოვრების და ელდარ სამუხის ზამთრის საძოვრების შესახებ”. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარმა ჩიჩხიტურის სერსა და იქ მდებარე კოშკზე გაიარა. პრობლემასთან დაკავშირებული ყველა საბუთი რუსულ ენაზეა შედგენილი და გამოქვეყნებულია”.
1972 წელს საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ვასილ მჟავანაძის ნაცვლად საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად ედუარდ შევარდნაძე დაინიშნა. ბუნებრივია, 70 წლის, ომგამოვლილ კაცთან შედარებით, ედუარდ შევარდნაძემ უფრო ენერგიულად მოჰკიდა საქმეს ხელი. მას გამოცდილებაც ჰქონდა, რომ სრული კონტროლი დაემყარებინა რესპუბლიკაში. დანიშვნიდან რამდენიმე თვეში შევარდნაძემ ყიზლარის ზამთრის საძოვრები მოინახულა. როგორც ჩანს, მას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა ყიზლარის ზამთრის საძოვრების შესახებ და ყიზლარიდან დაბრუნებისთანავე ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს ზამთრის საძოვრების პერსპექტივის საკითხები. დაიწყო მოძიება კადრისა, რომელიც შეძლებდა ამ უაღრესად რთულ უბანზე “სახელმწიფო დისციპლინის” დამყარებას. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ჭითანავამ, დარგის მდივანთან, ბატონ ჯუმბერ პატიაშვილთან შეთანხმებით, ყიზლარის ზამთრის საძოვრების მართვის თავმჯდომარედ ცკ-ის ბიუროზე წარმადგინეს მე, თქვენი მონა-მორჩილი. ბიუროზე დამტკიცების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად მომთხოვა, მეორე დღესვე გავმგზავრებულიყავი კოჩუბეიში და იქიდან დავკავშირებოდი მას. პირველი დღეებიდანვე დავაზუსტე ჩვენი საძოვრების საზღვრები 1:10 000-მასშტაბიან რუკაზე. ადგილზე არ გვქონდა არავითარი დოკუმენტი იმისა, რომ ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიაში, ნოღაის ველზე (ყიზლარში) ოდესმე გვეკავა 700 000 ჰა მიწის ფართობი. ამას დამატებული 48 000 ჰა გადასარეკი ტრასა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ ავტონომიურ რესპუბლიკას კვეთდა. როგორ დაიკავა საქართველომ კასპიის ზღვის სანაპირო ზოლზე 700 000 ჰა მიწის ფართობი? გამოკითხვებითა და თაობებიდან თაობაზე გადაცემული ინფორმაციით, ჩვენს მოხევეებს უნდა გაეკაფათ გზა კასპიის ზღვისკენ. გადასარეკი ტრასა, რომელზეც ცხვარს 40-45 დღის განმავლობაში მივერეკებოდით, 700 კმ-ზეა გადაჭიმული და ტრამალებში, შემაღლებულ პატარა ბორცვებზე, დასმულ ჯვრებზე ყველაზე მეტად მოხევეთა გვარები ამოიკითხებოდა, მათ შორის იყო ჩოფიკაშვილი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ბევრია მგზავრობაში გარდაცვლილი, მაგრამ სიკვდილის მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში ჩრდილოკავკასიელების თავდასხმაა ქართველ მწყემსებზე. მოხევეებმა საუკუნეების განმავლობაში გაუძლეს ამ თავდასხმებს და ხანჯლითა და კომბლით 21-ე საუკუნემდე მოიტანეს ნახევარი საქართველოს ტოლი ტერიტორია უცხო ქვეყანაში.
ხევში ცხოვრობდა საქვეყნოდ განთქმული სამეურნეო ხელმძღვანელი და კარგი ოჯახის პატრონი ვანო ჩოფიკაშვილი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაბა ყაზბეგის კოლმეურნეობას, იყო მრავალი ჯილდოს მფლობელი, მან ბევრი რამ იცოდა ყიზლარის ისტორიიდან და ყველაფერს დაწვრილებით მიყვებოდა, მე კი ჩემს დღიურში ვინიშნავდი:
* “ჩემი პაპის პაპა ხევში სახელგანთქმული მეცხვარე ყოფილა და თან ხევისბერიც. სწორედ მას ჰქონია იმხანად დარიალის კარის გასაღები, რომელიც საბაჟო-გამშვები პუნქტის მოვალეობასაც ასრულებდა. მისი შთამომავალი, 1900-იან წლებში რევოლუციურ მოძრაობაში ყოფილა ჩაბმული. ერთ-ერთ ექსის (ექსპროპრიაციის) დროს რევოლუციისათვის ფულის საშოვნად ყაჩაღობისას დაუჭერიათ ვლადიკავკაზში და შორეულ ციმბირში გადაუსახლებიათ. სწორედ ამ გადასახალებაში ორი თვის განმავლობაში სტალინთან ერთად ყოფილა დაბინავებული პატარა ქოხში; სხვაზე რაზე უნდა ესაუბრა მოხევეს, თუ არა ცხვარზე და ცხვრის გადასარეკ ტრასებზე, თავდასხმებზე თუ თავდაცვაზე, ცხვრის დატაცებაზე და ადამიანთა მსხვერპლზე. ორი თვის განმავლობაში მწყემსი-რევოლუციონერისაგან ზუსტად შეუსწავლია სტალინს ჩრდილოკავკასიელთა წეს-ჩვეულებები, მათი თავდასხმებისა და ხაფანგების დაგების ტექნიკური მხარეები”.
* “1921 წელს სტალინი ამიერკავკასიის მიწათმოწყობის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ კომისიის მუშაობის პერიოდში მან ჩემი წინაპარი და მისი თანამესაკნე მოსკოვში ჩაიყვანა, _ მიყვება ვანო ჩოფიკაშვილი. _ სტალინს გამოუკითხავს ჩოფიკაშვილისთვის მეცხვარეობის ამბები ყიზლარის სტეპებში და კიდევ უფრო გაოცებულა იმით, რომ ყაჩაღობა და კაცის კვლა არათუ შემცირებულა, არამედ გაზრდილა კიდეც”.
მიწის დეკრეტის გამოცემის შემდეგ სტალინმა ლენინს ახალი დეკრეტი შეუტანა და საქართველოს ექვს რაიონს (მე-6 რაიონი ახმეტა იყო) საძოვრებად 700 000 ჰა მიწა მიამაგრეს მუდმივ სარგებლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ეს უზარმაზარი მიწის ფართობი საქართველოს კი მიაკუთვნეს, მაგრამ საქართველოს მიწის ფონდს არ ემატებოდა და რესპუბლიკის ბალანსზე არ ირიცხებოდა. საქართველო არანაირ გადასახადს არ უხდიდა სხვა რესპუბლიკებს. ამ დეკრეტის გამოცხადებიდან მალე აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მოითხოვა, საქართველოს ტერიტორიიდან 3 000 ჰა მიწა გამოეყოთ ზამთრის საძოვრებისათვის, რაც ასევე დეკრეტით იქნა დამტკიცებული.
მიუხედავად იმისა, რომ 1921-დან 1940 წლამდე ჩრდილოეთ კავკასიაში 700 000 ჰა მიწას ვფლობდით დეკრეტის ძალით, ადგილზე ჩასულ ცხვარსა და მეცხვარეს არავინ ერჩოდა, მეტად რთული იყო ხან სავარგულებში, ხან კი მოსახლეობის ვიწრო დასახლებებში 4 მილიონამდე ცხვრის გავლა, რასაც თან მიჰყვებოდა 3 000 ცხენი, 5 000-მდე სახედარი, 7 000-მდე ძაღლი, 2 000-მდე მსხვილფეხა საქონელი. ნამგზავრი და მშიერი ცხვარი ყველაფერს სპობს, თუ რამე გზაზე შეხვდება, ამიტომ ტრასაზე ცხვრის გავლა შეუფერხებლად თითქმის შეუძლებელი იყო. გადასარეკ ტრასებზე 500-1000 ჰ. დასასვენებელი მოედნებიც კი იყო მოწყობილი, რომლებზეც ღამით ცხვარი უნდა დაყრილიყო. ეს ყველაფერი დიდ უხერხულობას ქმნიდა. კრემლში მიდიოდა წერილები ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან მოთხოვნით, რომ საქართველოსთვის მოეხსნათ მეცხვარეობიდან მიღებული შემოსავლის ყოველგვარი გეგმა და გაორმაგებულად გაენაწილებინათ იგი 5 ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ოღონდ საქართველოს ცხვარი გაეყვანათ ჩრდილოეთ კავკასიიდან. ყიზლარის ზამთრის საძოვრების გარეშე კი აღმოსავლეთ საქართველოს 5 მთიანი რაიონის _ ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, ლენინგორისა და ჯავის _ არსებობა შეუძლებელი იყო, რადგან კერძო და სახელმწიფო ცხვრის სულადობა, რომელიც ზამთრის საძოვრებზე იზამთრებდა, 2,5 მლ-ს აღემატებოდა. კრემლიდან საქართველოს მთავრობამ მიიღო მითითება, გადასარეკ ტრასაზე (ფართობი 48000 ჰა ) არსებული 176 არტეზიული ჭაბურღილი, ფარდულები, საწყურებლები, საკვებური გეჯები და სხვა საკომუნიკაციო ნაგებობები შეეფასებინათ და თანხა გადაეხადათ საქართველოს ბიუჯეტიდან რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასწრაფოდ შეადგინა ხარჯთაღრიცხვა, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ კავკასიის მოდავე რესპუბლიკების ხელმძღვანელებმაც და 1940 წლის 5 ოქტომბერს სტალინის ხელმოწერით გამოვიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის მიკუთვნებულ ცხვრის გადასარეკ ტრასებზე განლაგებული კომუნიკაციების შეფასების შედეგად დაანგარიშებული თანხა, 200 000 მანეთი, საქართველოს უნდა ჩაერიცხა რუსეთის ფედერაციისთვის და 48 000 ჰა გადასარეკი ტრასა, თავისი კომუნიკაციებით, გახდებოდა საქართველოს საკუთრება…
საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივან ვასილ მჟავანაძესა და რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სოლომენცევს უკვე მიღებული ჰქონდათ გადაწყვეტილება, ხრუშჩოვის დადგენილებიდან გამომდინარე, საქართველოს ცხვრის გადმოყვანისა, ხოლო ცხვრიდან მისაღები ნედლეულის გეგმა დაემატებოდა რუსეთის ფედერაციის გეგმას. სწორედ ამ გეგმის გაცნობამ გააღიზიანა ედუარდ შევარდნაძე და დაიწყო თავგანწირული ბრძოლა ყიზლარისთვის, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
რით იყო გამოწვეული ყოველივე ეს?
1953 წელი საქართველოსთვის, როგორც მაშინ ამბობდნენ, მზის დაბნელების წელი იყო. 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა საქართველოს შვილი, პლანეტის უდიდესი ადამიანი იოსებ სტალინი. 10 მარტს კასპიის ზღვაზე დაიწყო დიდი შტორმი, რომელმაც კატასტროფის წინაშე დააყენა საქართველოს მეცხვარეობა. კასპიის ზღვამ თავის ტალღებში მოიქცია ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე მყოფი 4 მილიონამდე სული ცხვარი, საიდანაც მხოლოდ 800 000-ის გადარჩენა შეძლეს. ათასობით მეცხვარე თავის კომბლების ამარაღა დაბრუნდა სამშობლოში. იმხანად ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე სატელეფონო კავშირი არ იყო და მხოლოდ მორზეს ანბანით შეიძლებოდა გარე სამყაროსთან დაკავშირება.
ვეცნობოდი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან გამოგზავნილ დეპეშებს და ვხვდებოდი, რა უბედურება დაატყდა თავს ქართველ ხალხს 1953 წელს. იმავე წლის მაისში, სტალინის გარდაცვალებიის შემდეგ, პირველად ჩატარდა საჭოთა კავშირის ცკ-ის პლენუმი, რომელზეც ხრუშჩოვმა პირველად დასდო მას ბრალი დამპყრობლურ პოლიტიკაში, რომელიც გამოიხატებოდა უპრეცედენტო შემთხვევით: ერთ საბჭოთა რესპუბლიკას _ საქართველოს, სტალინის სამშობლოს, იმავე ქვეყნის მეორე რესპუბლიკაში, თავისი რესპუბლიკის ტერიტორიის ნახევარზე მეტი აქვს დაპყრობილი და დადგენილებაში ჩაიწერა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, რადგან სტიქიურმა უბედურებამ საქართველოს ცხვარი კასპიის ზღვამ ჩაყლაპა, საქართველოს ჩამოერთვას კუთვნილი 700 000 ჰა ფართობი ჩრდილოეთ კავკასიაში (ყიზლარში). ამ უგუნურ დადგენილებას უამრავი მტკიცებულება დასჭირდა, რომ ვერ იარსებებდა საქართველოს 5 მთიანი რაიონის მოსახლეობა, თუ არ ექნებოდათ ყიზლარის ზამთრის საძოვრები. პოლიტბიუროს პროგრესულად მოაზროვნე ადამინების ძალისხმევით, ჩვენ კვლავ დაგვიტოვეს მიკუთვნებული ტერიტორიიდან 440 000 ჰა საძოვარი, დამატებით 48 000 ჰა ცხვრის გადასარეკი ტრასა, ხოლო 320 000 ჰა საძოვარი ხრუშოვის პირადი დაინტერესებით ჩამოგვერთვა.
დიდი სამამულო ომის პერიოდში სამშობლოს ღალატისათვის 1944 წელს ჩრდილოეთ კავკასიიდან გადაასახლეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელთა სოფლებსა და ქალაქებში ჩაასახლეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საქართველოს მთისა და ბარის რაიონებიდან. საქართველოს საკუთრება გახდა ქლუხორის ახალშექმნილი რაიონი, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავდა და განთქმული იყო, როგორც სახნავი მიწებით, ასევე ულამაზესი საკურორტო ადგილებითა და სამკურნალო წყლებით. საკავშირო მთავრობის დადგენილებით, ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელსაც ყიზლარის საძოვრებისაგან განსხვავებით თავისი სადერმაკაციო ადგილები ჰქონდა მოსაზღვრე რესპუბლიკებთან და აღირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის მიწის ბალანსში.
სტალინის სიკვდილის შემდეგ, მოღალატე ხრუშჩოვის მიერ დაწყებულმა დესტალინიზაციის პერიოდმა და ხრუშჩოვის ქართველთმოძულეობამ მტერი მოყვრად აქცია და კავკასიელი მოსახლეობის ის მოღალატე ნაწილი, რომელიც მშობლიურ კერაზე დააბრუნეს. გავიდა რამდენიმე წელი და უკან დაბრუნებული ხალხის გამცემლური პოლიტიკის გაგრძელების გამო, რუსებმა, რადგან არ ჰქონდათ ხელახალი დასახლების ორგანიზების თავი და გამბედაობა, საჰაერო აპარატებითა თუ შორეული მოქმედების არტილერიით მიწასთან გაასწორეს ჩეჩენ–ინგუშეთი და ზოგიერთი სხვა დასახლება ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს მოხდა 1990-იან წლებში.
გამოჩენილი მწერალი და პუბლიცისტი გერმან სადულაევი, რომელიც შუასაუკუნოებრივ ცხოვრების წესებს გაექცა ჩეჩნეთიდან და სანქტ-პეტერბურგში დაიდო ბინა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: “მე ვამაყობ იმით, რომ ჩემს ქვეყანას, საბჭოთა კავშირს, ხელმძღვანელობდა უდიდესი პოლიტიკური და სამხედრო გენია _ იოსებ სტალინი”. სტალინმა 380 000 ჩეჩენი გაასახლა თავის ქვეყნიდან და 13 წლის შემდეგ თავიანთ მიწას 500 000-მდე ადამიანი დაუბრუნდა. ელცინის რუსეთმა კი ფეხზე დამდგარი ჩეჩნეთი სამხედრო ტექნიკით მიწასთან გაასწორა. ადვილი მისახვედრია ელცინის “დემოკრატობა”, რომელსაც აშშ ახალი რუსეთის მამას უწოდებდა, სტალინს კი დიქტატორად მოიხსენიებდა, რომელიც თურმე ხელს უშლიდა რუს მეომრებს დიდ სამამულო ომში ჰიტლერთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.
1957 წელს, როდესაც ქართველები ჩრდილოეთ კავკასიიდან მოდიოდნენ, წამოსვლამდე სათემო ყრილობები მოიწვიეს და გადაწყვიტეს, გადასახლებიდან დაბრუნებული ნაწამები ხალხისთვის ხელი გაემართათ. მათ სახლებში ყოველდღიურად სახმარი ნივთები და სანოვაგე დატოვეს. ქართველებმა გადასახლებიდან ჩამოსულ ყველა ოჯახს შინ თითო მეწველი ძროხა დაახვედრეს. ქლუხორისა და ახალხევის რაიონებიდან საქართველოში დაბრუნებულ ქართველებს არც ტერიტორიული და არც ქონებრივი პრეტენზიები არავისთან ჰქონიათ.
1974-დან 1979 წლამდე ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე ჩემი მუშაობის პერიოდში ქართველ მეცხვარეთა და მათი მომსახურე პერსონალისთვის აშენდა ქალაქი ივერია 3 000 მცხოვრებზე. ამ დასახლებაში ყველაფერი იყო კულტურის სახლითა და კეთილმოწყობილი საავადმყოფოთი დაწყებული, კავშირგაბმულობის სახლითა და სპორტული მოედნებით დამთავრებული. სტეპში ყველა ფერმაში, რომელთა რაოდენობა 2 000-ს აღემატებოდა, მიყვანილი იყო ელექტროენერგია, ყველა მეცხვარის ბინა უზრუნველყოფილი იყო თხევადი ბუნებრივი აირით.
ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე მოქმედებდა 300 არტეზიული ჭა. სარწყავი სისტემა მოეწყო 4 000 ჰა-ზე, რომელზეც, მრავალწლიანი ბალახების გარდა, გაშენდა მანამდე უნახავი სიმინდის კულტურაც. სტეპში მოქმედებდა გრანულირებული საკვების ქარხანა. ყოველივე ამას ემატებოდა 48 000 ჰა მიწის ფართობი, რომელიც ეკავა გადასარეკ ტრასას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის პირად საკუთრებას წარმოადგენდა (საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს 1940 წლის 5 ოქტომბრის 2000 დადგენილებით, რომელსაც ხელს სტალინი აწერდა). 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქართველ კაცს ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე კომბლით ხელში არ გაუვლია. როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, არც ვინმეს მოუკითხავს ის საკუთრება, რომელიც კავკასიის მთების იქით დარჩა.
ეს ყველაფერი იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ ჩვენს მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანს სურს, დაეპატრონოს მე-6 საუკუნიდან საქართველოს კუთვნილ მიწებსა და საკულტო ნაგებობეს. ზოგიერთ ვაიქართველს და, კერძოდ, მელაშვილს ჰგონია, რომ, თუ მან სამშობლოს უღალატა და როგორმე თეთრი შავად წარმოაჩინა, ამით გამარჯვებული დარჩება. მელაშვილს თავისი თავისუფლება უფრო მეტად უღირს, ვიდრე თავისი ქვეყნის სიმართლე. ეს იმ მგელკაცას შთამომავალი არ არის, რომელიც ერეკლე მეფისა და სამშობლოს მცველი იყო.
კრწანისის ბრძოლის წინ ერეკლეს საწოლთან ფხიზლად მყოფი მცველი მგელიკა მეფეს მოახსენებს:
_ დიდო მეფეო, წუხელ ძალზე შფოთიანი ძილი და ღამე გქონდათ და, თუ ასე გაგრძელდება, როგორღა უნდა იქნიო, მეფევ ბატონო, თქვენი უძლეველი ხმალი?!
ერეკლე მეფე ჩაფიქრდა და ოხვრით აღმოთქვა:
_ მგელიკა, წუხელ ყველა ჩემი ერთგული მეომარი მე მებრძოდა და მათი თავდასხმისაგან თავს ვიცავდი. ალბათ, ამიტომ მქონდა შფოთიანი ძილი.
გაფითრებულმა მგელიკამ ჰკითხა:
_ მეფეო, მეც ხომ არ მომკარ სადმე თვალი?
ერეკლეს ჯერ არ უნდოდა ეთქვა, მაგრამ ბოლოს მაინც უთხრა:
_ მათ შორის შენც იყავ, მგელიკა.
_ მე სიზმრად ნანახიც არ მინდა მეფის ნაღალატევი სიცოცხლე, _ თქვა მგელიკამ, ხანჯალი სწრაფად ამოიღო ქარქაშიდან და გული განიგმირა…
* * *
“რად არ მეშლება ეს სხეული ესრედ მაგარი,
რად არ დადნება და ცის ნამად რად არ იქცევა,
ან შემოქმედი თავის მოკვლას ნეტავ რად მიშლის?
ო, ღმერთო ჩემო, ყველა საქმე ამ წუთისოფლის
როგორ ფუჭია, უნაყოფო, დაობებული”.
შექსპირი
გრიგოლ ონიანი
პატივცემულო გრიგოლ, თქვენ არა უბრალოდ ისტორიკოსი, არამედ ჟამთააღმწერიც ბრძანდებით. ჟამთააღმწერი კი იმით აღემატება ისტორიკოსს (ნამდვილ ისტორიკოსს, თორემ ისტორიის ფალსიფიკატორი ისტორიკოსიც არ არის), რომ ჟამთააღმწერი საკუთარი თვალით ნანახს აღწერს, ისტორიკოსი კი ჟამთააღმწერის მიერ აღწერილს ეყრდნობა. ის კი, ვინც არ ეყრდნობა, ან მუცლიდან იღებს ზღაპრებს ან ავადმყოფი გონებიდან. დიდი ილიას ცნობით, „რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო“. და თქვენც ილიასებრ შესავლით იწყებთ წერილს. მეც შესავლით დავიწყებ ჩემს გამოხმაურებას: დიდ რუს მწერალს ლევ ტოლსტოის ებრაელების სიძულვილით დასნეულებული ექიმი ჰყოლია („რა ჰაქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი…“), რომელსაც წარამარა ებრაელების ლანძღაზე გადაჰქონდა სიტყვა. ტოლსტოიმ ითმინა, ითმინა და შენიშვნა მისცა ექიმს: „თქვენ ბევრი უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, რომ ებრაელების სიძულვილისაგან განთავისუფლდეთო“. ბატონ როინსაც ტოლსტოის პერიფრაზი მოუხდება: მან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რომ სტალინის სიძულვილისაგან განთავისუფლდეს. თორემ სად დავითგარეჯი და – სად “მიზეზი დავისა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა”?! თქვენც აღგინიშნავთ და მეც გავიმეორებ: ყარაიას საძოვარი დროებით გადაეცა აზერბაიჯანს 20-იან წლებში, ყიზლარის ათჯერ მეტი საძოვრის სანაცვლოდ!