ამერიკის შეერთებულ შტატებში ატომური ბომბების რაოდენობის მატების პარალელურად იმატებდა მათ მიერ საბჭოთა კავშირის დასაბომბი ქალაქების რაოდენობაც. 1945 წლის 18 სექტემბრის #1496/2 დირექტივა “ომის პოლიტიკის ფორმულირების საფუძვლები” აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალურ დოკუმენტად იქცა. 1945 წლის 14 დეკემბერს გამოვიდა სამხედრო დაგეგმვის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის დირექტივა #432/D, მასში მითითებული იყო საბჭოთა კავშირის 20 ძირითადი მაგისტრალი, რომლებზეც ატომური ბომბებით 196 დარტყმა უნდა განეხორციელებინათ.
1946 წლის ივლისში გაჩნდა გეგმა “პინჩერი”, რომელიც საბჭოთა კავშირის 20 ქალაქისთვის 50 ატომური ბომბით დარტყმას და საბჭოთა ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების შეჭრას ითვალისწინებდა (ამ გეგმაში იყო ჩასმული თბილისიც).
1948 წლის 18 აგვისტოს ჩნდება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალი დირექტივა, რომლის საფუძველსაც “რუსეთის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიზნების” პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. ეს მიზნები კი შემდეგში მდგომარეობდა:
* “რაც შეიძლება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მოსკოვის სიძლიერე და ძალაუფლება; გატარდეს ძირფესვიანი ცვლილებები საშინაო პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაში, რომელსაც რუსეთის სათავეში არსებული ხელმძღვანელობა ემხრობა” (სწორედ ეს არის უცხოეთის აგენტურა).
ამ მიზნების მიღწევის საშუალებები კი ამავე დირექტივაში გულახდილობით არის წარმოდგენილი:
*”საბჭოთა კავშირის მიმართ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ომი და საბჭოთა ხელისუფლების ძალისმიერი გზით დამხობა”.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ანგლო-საქსური “გემოვნება” იგრძნობა. რაც ყველაზე თავზარდამცემია, მანამდე, სანამ “გემოვნება” გაუმძაფრდებოდა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მთავრობისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა, რომ ქვეყნის ყველა სამრეწველო საწარმოზე შეუზღუდავი კონტროლის, აგრეთვე, საკუთარი ატომური ბომბების მსოფლიოს ყველა რეგიონში განლაგების უფლება მიენიჭებინათ, რის შემდეგაც საქმე დაიძრა. დაბომბვის გეოგრაფია ყოველ ჯერზე ფართოვდებოდა, დასაბომბი ობიექტების რაოდენობა კი იზრდებოდა.
აქვე ერთ საინტერესო ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება. 1945 წლის ნოემბერში, აშშ-ში საფრანგეთიდან ბრიტანული დაზვერვის მიერ გაიგზავნა საბჭოთა კავშირის უსასტიკესი მტერი, გენერალი ანტონ დენიკინი. იგი აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის წინაშე სულელური გზავნილით წარდგა, როგორ უნდა ებრძოლათ რუსეთთან, თანაც _ “რუსეთთან და არა საბჭოთა კავშირთან”! დენიკინს მთავარ პუნქტად შემდეგი ჰქონდა წარმოდგენილი:
* “სტალინის პიროვნების კულტის წინააღმდეგ ბრძოლა”, რომელშიც წერდა, რომ ყველაფერი სტალინის პიროვნების კულტის განადგურებით უნდა დაწყებულიყო. რადგან “ბოლშევიკური იერარქიის მთავარი საყრდენის (სტალინის ავტორიტეტის) დაცემა მთელ სტრუქტურას დაშლამდე მიიყვანდა. “რუსეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება, პერსონალურ გადაადგილებამდე კი არა, არსებული რეჟიმის ფუნდამენტურ ცვლილებებამდე მიგვიყვანს”, _ წერდა დენიკინი. სხვათა შორის, ბრიტანული დაზვერვის მიერ გატარებული ოპერაცია მეტად საყურადღებოა, რადგან დენიკინის ამერიკაში გამგზავრება ჩერჩილის იქ ყოფნის პერიოდს დაემთხვა.
1948 წელს გაჩნდა მომდევნო გეგმა სახელწოდებით “ჩარიოტირი”, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი “პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრებზე, სამრეწველო ქალაქებსა და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, დასავლეთ ნახევარსფეროსა და ინგლისის ბაზებიდან ატომური ბომბების ჩამოყრით” უნდა დაწყებულიყო. პირველი ოცდაათი დღის განმავლობაში საბჭოთა კავშირის 70 ქალაქში 133 ატომური ბომბის ჩამოგდება იგეგმებოდა, მათგან 8 _ მოსკოვში, 7 _ მაშინდელ ლენინგრადში.
ეს ყველაფერი ცოტა მოეჩვენათ და 1948 წლის 1 სექტემბერს შეიმუშავეს ახალი გეგმა “ფლიტვუდი”, რომელიც, აგრეთვე, მასობრივ ატომურ დაბომბვას ითვალისწინებდა. ამ გეგმის თანახმად, ომი არაუგვიანეს 1949 წლის 1 აპრილს უნდა დაწყებულიყო. მოცემული გეგმის შესაბამისი რუკები 1949 წლის თებერვალში დარიგდა. ცოტა ხნით ადრე კი, 1948 წლის დასასრულს, ამერიკელებმა დამატებით კიდევ ერთი გეგმა _ “სიზლი” შეიმუშავეს.
ამერიკის ხელმძღვანელობამ 1949 წლის დეკემბრის დირექტივის საფუძველზე, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მიერ 1950 წლის 1 იანვარს დამტკიცებული საბჭოთა კავშირზე თავდასხმის ახალი გეგმა “დროპშოტი” (“მყისიერი დარტყმა”) შეიმუშავა. ამ გეგმის თანახმად, საბჭოთა კავშირის 100 ქალაქში პირველი სამი თვის განმავლობაში 300-ზე მეტი ატომური და 20 ათასი ტონა ჩვეულებრივი ბომბის ჩამოგდება იგეგმებოდა.
1949 წლის სექტემბერში გაისმა ავისმომასწავებელი აფეთქების ხმა, რომელიც მსოფლიოს ყველა სეისმოლოგიურმა სადგურმა აღრიცხა. ეს იყო სტალინის უბის რევოლვერიდან პირველი გასროლა, რომელმაც მოკლა ყველაზე ბოროტი ძალის ყველაზე დიდი ამბიცია. ამან რამდენიმე მაღალი კლასის ამერიკელ სამხედროს ფსიქიკა შეურყია და სამხედრო საქმისათვის უვარგისი გახადა. პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა კი თავისი ნაბოდვარის აღსრულება 1957 წლისთვის გადადო, ხოლო იმის განსამტკიცებლად, რომ მისი გეგმა კვლავ ძალაში რჩებოდა, სისულელეს კიდევ მეტი სისულელე დაუმატა და დასაბომბ 100 ქალაქს მეტი დამაჯერებლობისთვის 4 ქალაქიც დაუმატა, მაგრამ რატომღაც ატომური ბომბების რაოდენობა 220-მდე შეამცირა (ესეც დიდი შეღავათია _ გრ. ონიანი), გეგმის ამ ვარიანტს კი “შეიკაუნი” უწოდა. ატომური ბომბით გატაცება ისე დიდი იყო, რომ ამერიკაში დიდი თუ პატარა ატომური ბომბით იმუქრებოდა. 1945 წლის სექტემბერში ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სესიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბირნსმა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს უტიფრად, ოღონდ სულელური გამოხედვით, განუცხადა: “თუ თქვენს პოზიციაზე უარს არ იტყვით, ჯიბიდან ატომურ ბომბს ამოვიღებ და გესვრით”.
ამ გაცოფებით ბირნსმა ჰიტლერსაც კი გადააჭარბა.
ყველაზე საკვირველი არის ის, რომ გაავებულ ანგლო-საქსებს ფრანგებიც მიემატნენ და ეყოთ თავხედობა, რომ საბჭოთა კავშირზე ხელი აღემართათ. ეს უკვე თავზარდამცემი არაკაცობა იყო, რადგან საბჭოთა კავშირის გარეშე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთი ფეხზე ვერ დადგებოდა, ამას ანგლო-საქსები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და ანგარიშში ჩასაგდებ სახელმწიფოთა სიაში საფრანგეთის შეყვანა მხოლოდ სტალინის ერთპიროვნული დამსახურებაა.
წარმოიდგინეთ სტალინის რკინის ნერვები, გამძლეობა და დიპლომატიური თავშეკავება, როცა 1949 წლის აპრილში მას მაგიდაზე დაზვერვამ საფრანგეთის თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და სამხედრო ეკონომიკის უწყების საიდუმლო დოკუმენტები დაუდო სახელწოდებით “სტრატეგიული პრობლემა ომის ფაზა “49”, რომელშიც საბჭოთა კავშირის წინაამდეგ 1949 წელს ომის დაწყების ვარიანტი იყო განხილული.
იმ პერიოდის უკიდურესად რთულ პირობებში (ნახევარი ქვეყანა დანგრეული იყო) სტალინი იძულებული შეიქნა, საბჭოთა კავშირის თავდაცვითი ძალების მასობრივი გაძლიერება დაეწყო. დასავლეთიდან მიღებული შემაშფოთებელი ინფორმაცია ქვეყნის ომის შემდგომი განვითარების სხვაგვარ საშუალებას არ იძლეოდა. ამასთანავე, აგრესორის მიმართ საპასუხო მასობრივი დარტყმებისთვის საბჭოთა ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობაც ემზადებოდა, რაც შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში რუტინული და სრულიად ადეკვატური რეაქციაა.
ასე რომ, მესამე მსოფლიო ომის დაწყება, სტალინმა კი არა, დასავლეთმა დაგეგმა. სტალინი კი არ აპირებდა დასავლეთზე თავდასხმას, არამედ დასავლეთი და ამერიკა ცდილობდნენ საბჭოთა კავშირზე თავდასხმას და მის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენებას. მეტიც, სსრკ–ზე თავდასხმას საფრანგეთიც კი გეგმავდა. “ცივი ომი” სტალინს არ გამოუცხადებია და არც “რკინის ფარდა” დაუშვია. ეს დასავლეთის ნახელავი იყო.
ასეთი იყო ნამდვილი ისტორია. სხვათა შორის, სიმართლეა ისიც, რომ ზემოთ მოყვანილი არც ერთი გეგმა დღემდე არ შეცვლილა. ისინი დღევანდელი რეალიების, პირველ რიგში, სსრკ-ის (რუსეთის) სარაკეტო და ბირთვული მუშტის გათვალისწინებით გადაამუშავეს. სხვათა შორის ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს…
1950-იანი წლების დასაწყისში სტალინმა კორეის ნახევარკუნძულზე ომი გააჩაღაო, _ წამოროშა XX ყრილობაზე სულელმა ხრუშჩოვმა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამ იდიოტურმა მითმა საკმაოდ ფართო გავრცელება ჰპოვა და სტალინის ზეაგრესიული და ექსპანსიური ამბიციების დასამტკიცებლად ეს მითი ვინ აღარ გამოიყენა. არადა, სტალინს ზეაგრესიული და ექსპანსიური ამბიციები არასოდეს გამოუვლენია, მით უმეტეს, კორეის მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს “დემოკრატ” ისტორიკოსებსა და ვაიჟურნალისტებს ვერ შეაგნებინებ. მათ მხოლოდ დასავლეთის თვალსაზრისი აინტერესებთ. ამ “ინტელექტუალური” არსებების წარმოდგენაში ხომ საბოლოო ჭეშმარიტება დასავლეთის მოსაზრებებია, თუმცა ამჯერად პატივისცემით მოვიშველიებ თანამედროვე ამერიკელი მკვლევარის, კეტრინ ვეზერსბის, შესანიშნავ წიგნს “საბჭოთა მიზნები კორეაში, 1945-1950/ ცივი ომი” (1995წ.).
დაწვრილებითი კვლევების შედეგად მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საგულდაგულოდ დახურული დოკუმენტებით, ვეზერსბი შემდეგ კატეგორიულ დასკვნამდე მივიდა: ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისი იმის შესახებ, თითქოს საბჭოთა ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, სტალინი იყო დაინტერესებული სსრკ–ის გავლენის ზონების გაფართოებითა და აშშ–ის შევიწროების მიზნით ჩრდილოეთ კორეაში შეჭრაში, სინამდვილეს არ შეესაბამება.
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას კორეის მომავლის საკითხზე საბჭოთა კავშირი აშშ-თან დიდ დათმობაზე წავიდა. მეტიც, ამის თაობაზე ამერიკის თითქმის ყველა წინადადებას დაეთანხმა.
კ. ვეზერსბი ფაქტებით გვიმტკიცებს, რომ სტალინს სამხრეთ კორეასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. სამხრეთ კორეის კომპარტიას დახმარებაზე უარიც კი განუცხადა. ამერიკელი მკვლევარი დარწმუნებით, დოკუმენტურ მასალასა და ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სტალინი ორი მიზნით შემოიფარგლებოდა. ესენი იყო:
1.კორეაში მოკავშირეთა ძალების ბალანსის შენარჩუნება;
2.ჩრდილოეთ კორეაზე მკაცრი კონტროლის დამყარება, რომელიც მომავალი სახელმწიფოსთვის დიდ როლს შეასრულებდა, მოცემულ რეგიონში სსრკ–ის საზღვრის დაცვას უზრუნველყოფდა.
კ. ვეზერსბი ამტკიცებს, რომ სტალინი კიმ ირ სენის სამხრეთში გალაშქრების გეგმას ჯიუტად აკავებდა, რაც ლოკალური ომის ახალ მსოფლიო ომში გადაზრდის შიშით იყო განპირობებული. კიმ ირ სენს კი, მაო ძედუნის თხოვნით, სამხრეთ კორეაში საომარი მოქმედებების განხორციელებაზე დათანხმდა, რათა, საბოლოო ჯამში, “აღმოსავლეთში რევოლუციური საქმეებისგან თავის შეკავების” ბრალდებას გაქცეოდა. კ. ვეზერსბის მონაცემების მიხედვით, სტალინს სსრკ-ის მონაწილეობა ომში არ სურდა, საომარ მოქმედებებში ამერიკელებისა და ჩრდილოკორეელების ჩარევის შემდეგაც კი. იგი აღნიშნავს, რომ სტალინი ხრუშჩოვის წინადადებაზე ეფექტიანი წინააღმდეგობის გასაწევად რუსი გენერლის გაგზავნის თაობაზეც კი არ დათანხმებულა. საბჭოთა ლიდერი სსრკ-სა და ამერიკას შორის პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდებისკენ საკმაოდ მიზანმიმართლად ისწრაფვოდა. ამასთანავე, მას ჩრდილეთ კორეის დაკარგვაც არ სურდა. 2 ოქტომბერს, როდესაც სტალინს უთხრეს, რომ მაო ძედუნმა კორეაში კიმ ირ სენის დასახმარებლად ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოო, ძალიან გაუხარდა, რომ ჩინელები მას ამ დილემის გადაჭრაში დაეხმარნენ”.
უამრავი დოკუმენტის შესწავლის შემდეგ კ. ვეზერსბიმ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაამტკიცა, რომ კორეის მიმართ სტალინის პოლიტიკა განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩეოდა. კორეის მიმართ სტალინის ზეაგრესიული ექსპანსიონისტური ბრალდებების შესახებ ყველა სულელური მონაჭორის განხილვის შემდეგ ამერიკელი მკვლევარის საბოლოო დასკვნა ასეთია: “სტალინის მიზნები ძალიან შორს დგას ისედაც შეუძლებელი ექსპანსიონიზნისგან, რომელსაც მას დასავლეთის ხელმძღვანელები მიაწერდნენ”.
სხვათა შორის, სტალინის პოლიტიკაზე ანალოგიური დასკვნა გაკეთდა ჩინეთშიც. 1996 წლის ჰონგკონგის საერთაშორისო კონფერენციაზე შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე დამაჯერებლად იქნა დამტკიცებული, რომ, მსოფლიო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე, სტალინმა მაო ძედუნის თხოვნასაც კი, რომელიც ტაივანის შეიარაღებული დაპყრობის დაჩქარებას ეხებოდა, მხარი არ დაუჭირა.
ასეთია ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ “ზეაგრესიული ექსპანსიონისტური მოსაზრებებისა და ამბიციების მქონე სტალინმა 1950 წლის დასაწისში კორეის ნახევარკუნძულზე ომი გააჩაღა”. მოცემულ მომენტში ეს უტყუარი სიმართლე დასაბუთებულად და სიზუსტით სწორედ იმ ქვეყნის მკვლევარის მიერ არის წარმოდგენილი, რომელიც ყველაზე მეტად და ხშირად ადანაშაულებდა სტალინს აგრესიული პლიტიკის გატარებაში.
ზოგიერთი უცხოელი “მკვლევარი” ამტკიცებს, რომ მოკავშირეთა ერთ-ერთ კონფერენციაზე (ზუსტად არავინ იცის, რომელზე _ გრ. ონიანი) სტალინმა ინსულტი მიიღო, რამაც ძალიან შეასუსტა მისი შრომისუნარიანობა. ქართველმა ისტორიკოსებმაც მხარი აუბეს უცხოელ ყალბისმთქმელებს და ამტკიცებენ, რომ ომის შემდგომ სტალინი იშვიათად ჩნდებოდა კრემლის კაბინეტში, აგრეთვე, კრემლის ბინაზე, ის, ძირითადად, კუნცევოს ან ზღვისპირა აგარაკზე ისვენებდა.
რა ცილისმწამებლური და მიამიტურია აღნიშნული ბრალდებები და გამოკვლევები მას შემდეგ, რაც არქივები გაიხსნა და გამოჩნდა სტალინის ტიტანური შრომის შედეგი მსოფლიო კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
ჩემს მომავალ წერილებში თანმიმდევრულად იქნება განხილული ომისშემდგომი წლების საფრთხეები, რომლებიც ემუქრებოდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ პლანეტის არსებობასაც კი.
ჩემს გამოკვლევებში დიდი დრო და ენერგია მოვახმარე ჩემთვის ყველაზე ახლობელ, მაგრამ უცნობ თემას _ სვანეთის 1921-1924 წლების აჯანყებას.
მასალების გაცნობამ სრულიად ახალ სამყაროში გადამიყვანა, თვალწინ გადამიშალა ოციანი წლების სვანების ყოფისა და ცხოვრების უცნობი დეტალები. როდესაც ფაქტები ქრონოლოგიურად დავალაგე და თემის წერას შევუდექი, ნელ-ნელა მიყალიბდებოდა აზრი, რომ კარგ საქმეს არ ვაკეთებდი და შეიძლებოდა ამას ძალზე ცუდი შედეგი მოჰყოლოდა. ერთ დღესაც ცნობილ სვანებს დავუკავშირდი და ჩემთან მოსვლა ვთხოვე. მცირე მოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავედი და ჩვენი დიდი წინაპრების საქმიანობის საარქივო მასალების ფოტოპირები გავაცანი; ისიც ვუთხარი, რომ უკვე დაწყებული მქონდა მასალის მომზადება გამოსაქვეყნებლად. ჩემი ახლობლები გაფართოებული თვალებით მიმზერდნენ და არ სჯეროდათ, რომ ამას გამოვაქვეყნებდი, მაგრამ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ მასალების გამომზეურებას ვაპირებდი, შეიცხადეს და დამუქრებით მითხრეს: “ამის გახმაურება სვანეთს კვლავ ისე არევს, როგორც მაშინ, 1920-იან წლებში და ამის პასუხისმგებლობა შენ და შენს ოჯახს დაგეკისრებათო!” მეც დავრწმუნდი, რომ ჩემი ახლობლები სიმართლეს მეუბნებოდნენ და კვლევა შელამაზებულად გამოვაქვეყნე.
ეს გადახვევა იმიტომ გავაკეთე, რომ ნათლად დავანახვო მკითხველს ის საფრთხე, რომელიც არქივების სრულად გაშიშვლებამ და ლეგალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს. ახლა ვხვდები, რამდენი რამ გაუთვალისწინებია სტალინს, როდესაც ზოგიერთი დოკუმენტისთვის წაუწერია “სამუდამოდ საიდუმლოდ”.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება იქნება)
შენს კალამს,შენს კაცობას , შენს შეუდრეკელობას გაუმარჯოს, ძმაო გრიშა! მიყვარხარ და მეამაყები!