რუსმა ჟურნალისტმა გამოჩენილ საბჭოთა პოლიტიკურ მოღვაწე ვიაჩესლავ მოლოტოვს ჰკითხა, _ რატომ არ წერთ მემუარებსო. მოლოტოვმა უპასუხა: “მე ცენტრალურ კომიტეტს სამჯერ მივმართე თხოვნით, დავეშვი საიდუმლო არქივში, რათა მემუარები დამეწერა, მაგრამ ორ წერილზე უარით მიპასუხეს, მესამე წერილს კი საერთოდ არ გასცეს პასუხი. საარქივო მასალების გარეშე მემუარების წერა კი ხანშიშესული ადამიანისათვის არასერიოზული საქმეა”.
ასე დარჩა მსოფლიოს საზოგადოებრიობა ძალზე საინტერესო მემუარების გარეშე, თუ არ ჩავთვლით მწერალ ჩუევის წიგნს “186 შეკითხვა მოლოტოვს”, რომელშიც მოლოტოვის გულისწუხილი საარქივო მასალების გარეშე კითხვებზე პასუხის გაცემის ნაკლზე აშკარად შეიმჩნევა. სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე ანონიმი მწერლის, იმანო მეიმეს, წიგნის მიმართ, რომელშიც ავტორი წერს: “თქვენ გგონიათ, რომ სტალინზე ყველაფერი იცით? მის შემოქმედებას კარგად იცნობთ?… ცდებით. მაშ, მოემზადეთ განსაცვიფრებლად”. “სტალინიზმის ტოლფას გატაცებას არ იცნობს სამყარო, ასეთის წარმოდგენაც შეუძლებელია. კაცობრიობის ამ უპირველეს ეპოქაში ცალკე ეპოქა… იოსებ სტალინი გახლავთ. არნახული და მიმზიდველი ბიოგრაფიით, რომელიც ზეაღსვლის მწვერვალებით, ისტორიული კვალით კაცობრიობის ისტორიაში აღემატება ყველა დროისა და ხალხების ათეულობით უდიდეს პიროვნებას ერთმანეთს მიმატებულს. ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა და ვერ შეთხზავდა ერთობლივად მხატვრული პროზის ათეულობით გენიალური შემოქმედი… ზღაპრული მოვლენა… პიროვნება-ფანტასტიკა, რომელსაც ვერავინ დაიჯერებდა, ფაქტი რომ არა… და ეს ღრმად ქართველი ბიჭი ნანატრი გაზაფხულივით მოაწყდა დიდთოვლობით დაზაფრულ სამყაროს, მოევლინა, როგორც ფავორიტი, ოცნებებით აბორგებულ კაცობრიობას და იქვე იქცა ჯერ პროლეტარების, შემდეგ კი მთელი სამყაროს ერთადერთ იმედად”.
იმანო მეიმე ადამიანური თვალსაზრისით განსაცვიფრებლად გადმოსცემს სტალინის ფენომენს, რა თქმა უნდა, შეუიარაღებელი თვალით და საინტერესოდაც იკითხება, მაგრამ, მოლოტოვის თქმით, საარქივო მასალების გარეშე მემუარების წერა მაინც ტოვებს ბევრ კითხვის ნიშანს.
ჩვენი მკვლევარები სტალინს ორატორობასა და საუბრის მანერას უწუნებენ, მაგრამ დიდი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი თავის გახმაურებულ წიგნში “მოსკოვი 1937 წელი” წერს:
“სტალინი ლაპარაკობს ნელ–ნელა, წყნარი, ოდნავ ყრუ ხმით, მას არ უყვარს დიალოგები, მოკლე ამაღელვებელი კითხვებით, პასუხებით, გადახვევებით. იგი მათ ნელ–ნელა მოფიქრებულ ფრაზებს ამჯობინებს. სტალინი ძალიან გამოკვეთილად ლაპარაკობს, ზოგჯერ ისე, თითქოს კარნახობსო. საუბრის დროს ბოლთასა სცემს, შემდეგ ანაზდეულად უახლოვდება თანამოსაუბრეს და მისკენ თავისი ლამაზი ხელის საჩვენებელ თითს იშვერს, ხსნის, განმარტავს, ანდა აყალიბებს მოფიქრებულ ფრაზებს. იგი ლაპარაკობს შეულამაზებლად და შეუძლია, რთული აზრებიც კი უბრალოდ გამოხატოს. ხანდახან ძალზე უბრალოდ ლაპარაკობს, როგორც ადამიანი, რომელიც შეეგუა აზრების ისეთნაირად ფორმულირებას, რომ ისინი გასაგებია მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე. დროგამოშვებით იგი თავისთვის ყრუდ, ეშმაკურად იცინის, მრავალ დარგში თავს ლაღად გრძნობს და მოუმზადებლად, მეხსიერების დაუძაბავად ყოველთვის ზუსტად წარმოთქვამს თარიღებს, სახელებს, ფაქტებს”. დიდი გერმანელი მწერალი უფრო კარგად ხედავს და ხვდება სტალინის ნაუბარს, ვიდრე ჩვენი ორი იდიოტი ე.წ. მკვლევარი, რომლებზეც წინა წერილებში ვწერდი…
ჩემს წინა პუბლიკაციებში, რომლებიც შემდგომ წიგნებად გამოვიდა, შევეცადე, უფრო ახლოდან შემესწავლა 1931-1941 წლების ეს ავადსახსენებელი ისტორია. აღმოჩნდა, რომ ეს წლები არა მხოლოდ რეპრესიებისა და ადამიანების კედელთან მიყენების წლებია, არამედ ქვეყნის სახელმწიფოდ ქცევის, ინდუსტრიალიზაციის, კოლექტივიზაციისა და აღმშენებლობის წლებიც, რომლებსაც პირობითად “იდუმალების სამყარო” შევარქვი. ჩემი ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში უამრავი მასალა დამიგროვდა დიდი სამამულო ომის შემდგომ პერიოდზე, როგორც “საბჭოეთის ოქროს ხანაზე”.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს იყო მხოლოდ გიგანტური აღმშენებლობის, ატომის, ბუნების გარდაქმნის, მეცნიერებისა და განათლების, კულტურისა და მასობრივი სპორტის განვითარების შვიდწლედი (1945-1952 წწ.). სინამდვილეში კი სტალინისათვის ეს შვიდწლედი ყველაზე მძიმე წლებია, დაწყებული ტურუხანსკით, დამთავრებული 1941 წლის ტრაგედიით. თუ ომის შემდეგ სტალინი მოკავშირე რესპუბლიკებს ავალებდა, გადაეღოთ კომედიის ჟანრის კინოფილმები, რათა ადამიანები გამოეყვანათ ომის, ზარბაზნებისა და ყუმბარების ქუხილის სტრესიდან, თვითონ ახალ-ახალი საფრთხის წინაშე იდგა, უფრო მეტი საფრთხის, ვიდრე ეს 1941 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო, როდესაც მოსკოვის დიდი თეატრი იბომბებოდა.
ჩემო მკითხველო, თქვენ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი იცით? ცდებით.
“მოემზადეთ განსაცვიფრებლად”.
წელთა სიმრავლის გამო მეც ნელ-ნელა ვუახლოვდები იმ დღეს, როდესაც კალამი უნდა დავდო და ხელჯოხი ავიღო. სანამ ძალა და ენერგია მეყოფა, სწორედ ამ შვიდ წელზე მოგითხრობთ, რასაც მოვასწრებ, რასაც ვერ მოვასწრებ, ჩემს ნაწერს წერტილით არ დავასრულებ, მას მრავალწერტილს დავუსვამ, რათა მომავალში სხვამ დაასრულოს ჩემი დაწყებული საქმე.
რის დაწერასაც ახლა ვაპირებ, უფრო მხატვრულად, უფრო შეკუმშულად, უფრო ფილოსოფიურად და ზეამაღლებულად ათეულობით წლის წინათ დაუწერია პოეტ ალუდა არაბულს, რომლისთვისაც სათაურად მიუცია: “სტალინი ანათემა და აპოლოგია”. მინდა, ჩემს ერთგულ მკითხველს გავაცნო ეს ღრმაშინაარსიანი, გულშიჩამწვდომი, მრავალმნიშვნელოვანი და მრავალწახნაგოვანი ბრილიანტები, რომლის ყოველი წახნაგი სხვადასხვა ფერისა და სილამაზის სხივს გადმოსცემს ბუნებაში. მაშ ასე, გულდასმით და დაკვირვებით წაიკითხეთ ეს სიტყვები, “რომლის ავტორობაც ისევე მიეკუთვნება ადამიანს, როგორც ღმერთს” (პასკალი. “აზრები”). დაწერილია 2000 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეს.
სტალინი ანათემა და აპოლოგია
შენ, ისტორიის დიდო ტიტანო,
თითქოს არაფრის გულთან მიმტანო,
თითქოს უგრძნობო, ქვასთან სადარო,
მხოლოდ მეხო და მხოლოდ ავდარო,
მაგრამ რა ცეცხლში იქნებ დამდნარო
ან რა ტკივილით ნაავადარო,
იქნებ სანთელო ვერ დანთებულო,
განუკითხავად მსჯავრდადებულო,
იქნებ რა ჭირთა გულით მზიდავო,
რა ცრემლით თვალებ დანაბინდავო.
და მაინც სალო, წარბშეუხრელო,
ალამო მუდამ ძირს დაუხრელო,
თავად ცხოვრება გაუმართველო,
მაგრამ მსოფლიოს აზრის მმართველო,
თუნდაც ამიტომ მხოლოდ ქართველო.
სხვისთვის მყოფო და სხვისთვის თავმკვდარო,
შენთვის არც სახლო და არც საყდარო,
არც ანთებულო, არც ასანთებო,
ისე დამწვარო სხვისთვის სანთელო,
აქაც, ამითაც მხოლოდ ქართველო.
ნათლად მხედველო, ნათლად მეტყველო,
ყოვლის შემძლევ და გადამწყვეტელო,
არსად გამტყდარო, არსად დახრილო,
არწივის ფრენავ, ვეფხვის ძახილო,
მტკიცე ფარო და ბასრო მახვილო,
შენ მუდამ ბრძენო, მუდამ მაღალო,
შეყუდებულო სვეტად სამყაროს.
ყველა ჭირთა და მტერთა მძლეველო,
მარად მტკიცე და შეურყეველო,
შენ მშვიდი ძილით დაუძინარო,
ლაღი სიცილით გაუცინარო,
შენ მუდამ შორო და ახლობელო,
ნაგვემო, მაგრამ დაუმხრობელო,
მოკლულო და ვერ დამარცხებულო,
დამწვარო და ვერ დანაცრებულო,
მაინც უკვდავო, მაინც დიადო,
მაინც ნათებავ და განთიადო.
თითქოს მოთხრილო, თითქოს ვნებულო,
ნალანძღო, თითქოს შეგინებულო,
მაგრამ ფოლადის მაინც ლახვარო,
მაინც ცეცხლო და არა ნაცარო
და ვერა ცეცხლში შენ ვერ დამწვარო,
შენ ვისთვის ბინდო, ვისთვის ნათელო,
ჩვენო პოეტო, ჩვენო ქართველო.
შენ ქართლის ფესვზე ამონაყარო,
შეყუდებულო სვეტად სამყაროს,
ვისთვის მძვინვარე ცეცხლთა მომდებო
და ვისთვის წყლულზე მალამოს მდებო,
ვითომ უწყალო, ვითომ ტირანო,
მაგრამ ტანჯულთა შემწედ მჩინარო,
ცოდვის მქნელო, თუ მადლის მთესველო,
უგრძნობო, თითქოს დაუკვნესელო,
ქვეყნად არვისგან არ დანდობილო,
_ ხან ქველო, ხან კი თითქოს ცოდვილო,
ხან უსამანო მადლის მოქმედო,
ხან თითქოს კაცო, ხან შემოქმედო,
გაორებულო, ორ ცეცხლში მდგომო,
ხან ყოვლის, ხან კი არაფრის მდომო,
ვისთვის ბნელო და ვისთვის ნათელო,
_ აქაც, ამითაც მუდამ ქართველო.
შენ იმპერიის საჭეთმპყრობელო,
დამპყრობო, თვითონ დაუპყრობელო,
უებრო ნიჭო, არვის ბადალო
და ყველა დროის დიდო სარდალო.
ვისთვის მახვილო ზართა დამცემო,
ვისთვის შემწევ და ვისთვის დამცველო,
ქვეყნად ყველაზე დიდო სახელო,
არსად, არასდროს ქედის დამხრელო,
მგლების ხროვაში მარტოდ მდგომელო,
თითქოს კერპო და მიუდგომელო,
თითქოს უგრძნობო და ულმობელო,
_ თუმცა ყველაზე მეტის მგრძნობელო,
მუდამ მაღალო, მუდამ პირველო
და ჭირთა მთმენო გასაკვირველო.
სხვისთვის ყოველთვის დაუშურველო,
არასდროს თავის თავზე მზრუნველო,
არაფრის მდომო, არას მქონელო,
მუდამ ღარიბთა შორის მდგომელო,
_ ილხინე ივერთ მხარეო–ს მთქმელო,
ჩვენო პოეტო, ჩვენო ქართველო.
შენ მეექვსედი ქვეყნის მფლობელო,
თვით უღარიბეს კაცად მყოფელო,
ვისთვის ბინდო და ვისთვის ლამპარო,
მაგრამ შენ თავად მიუსაფარო,
შენ აუხსნელი ბედის ნაყოფო,
არც ცოცხლად, არც მკვდრად _ შენთვის არ მყოფო
მშობელ ქვეყნიდან _ თითქოს დევნილო,
უსამარეოდ მკვდარო შთენილო,
აღარც შუქო და აღარც წყვდიადო,
მაგრამ უსაზღვროდ მაინც დიადო,
მაინც შენ უცვლი იერს სამყაროს,
შენ ბედისწერის ბასრო ლახვარო,
თითქოს უღმერთოვ, თითქოს არ რჯულო,
მაგრამ ვინ იცის _ იქნებ ტანჯულო.
იქნებ მდუღარედ გულში მტირალო,
იქნებ მსხვერპლო და არა ტირანო.
ცხოვრების გზებზე გაწამებულო,
კაცთა მზაკვრობით გამწარებულო,
თვით უანგაროდ ტანჯვის მზიდველო,
მტკიცედ მყოფო და მოუსყიდველო,
სხვაზე გამტანო და გამბედველო,
მეტის მგრძნობო და მეტის მხედველო,
ვისთვის ჯალათო, ვისთვის მშობელო,
ვისთვის მზევ ნათელ დაუშრობელო.
შენ ერთადერთი იყავ ბელადი,
ქარტეხილებში მდგარი ყელამდი,
დაუმარცხები მუდამ, ყოველთვის,
ჩვენი ქართველი, ჩვენი პოეტი.
კვლავაც ჩაივლის წლები ასობით,
უდღეურ აზრთა უალმასობით,
მხოლოდ შენ შორი და ახლობელი
ხარ ყველა დროში დაუშრობელი.
ალუდა არაბული
ჩემო ლამაზო და ჭკვიანო ქართველო მკითხველო, მაშ, ალუდა არაბული და წინა წერილებში განხილული წიგნის “ცამეტი მითი სტალინის შესახებ” ავტორები ერთნაირი ქართველები არიან? ისინი ერთნაირად უნდა მოიხსენიოს შთამომავლობამ? ლევან ცუცქირიძისა და ალუდა არაბულის შვილიშვილები და შვილთაშვილები ერთ მაგიდას უნდა უსხდნენ და ერთად უნდა შესვან საქართველოს სადღეგრძელო? _ არა, არა და არა! წყეულიც იყოს ფერად ქაღალდებზე საქართველოსა და ქართველი კაცის გამყიდველი, მსოფლიოში ყველაზე დიდი კაცის თვალებზე წითელი საღებავის გადამთხუპვნელი! თქვენ ადვილად შეხვედით ისტორიაში, ოღონდ უკანა კარიდან და გამოსვლაც, ალბათ, უკანა კარიდან მოგიწევთ. ალუდა არაბული კი დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში ისე, როგორც დავით გურამიშვილი, რომელმაც იესოზე უკვდავი ლექსი დაწერა.
ალუდა არაბულის ქმნილება, რომელიც სიტყვაკაზმულ ქართულ პოეზიაში ლექსის კლასიკური ნიმუშია, არ ტოვებს მცირეოდენ ადგილს სტალინის პორტრეტზე, რომელიც დაფარულია ჯადოსნურის ყალმით შექმნილი ფერადი შტრიხებით. რა ხელმა აასხა ერთ მძივად ამდენი მარგალიტი, რომელმა გონებამ გამოძერწა წარმოდგენაში წარმოუდგენელი ძალა, ერთგულება, მოთმინება და გამბედაობა.
სიამოვნებით მინდა, განვმარტო ლექსის ზოგიერთი სტრიქონი, ისე როგორც იგი ჩამესმის, მაგრამ მეშინია, ხელიდან არ გამივარდეს, რამე არ გავუფუჭო, რამე არ ვატკინო, სულის შებერვა მინდა, მაგრამ არ მსურს, მისი სპეტაკი და ანკარა წახნაგი დაიბუროს, დროებით ბინდი გადაიკრას. ლექსის ყველა პწკარში გოლიათს ვხედავ, ყველა სტროფში სტალინგრადის ბრძოლები მაგონდება. ლექსის მთელ კომპოზიციაში სტალინს ვხედავ თავზე დიადემით, გაღიმებული სახით, ის შორიდან მოჩანს მზის სვეტად, რომელიც შეყუდებულა სამყაროს.
73 წელი იარა გოლგოთის გზაზე, ისე, რომ ერთხელაც არ შეუსვენია, 70 წელია, მარხავენ და ლანძღავენ, მაგრამ ერთი ნაპერწკალიც არ მოხვედრია მის წმინდა სხეულს, მის მიერ გაზრდილმა მრევლმა მისივე აშენებული სახელმწიფო საფლავზე ჩამოუნგრიეს _ “ვინ იყვნენ ის ბარბაროსები, რომლებმაც თავიანთი ღმერთი მოკლეს, ანდა ვინ იყო ის ღმერთი, რომელიც მოკვდავებმა მოკლეს”, მაგრამ არა, _ მოკვდავებმა თავიანთი თავი გაინადგურეს უკვდავებასთან ბრძოლით. ღმერთი კი ამ ცივილიზაციიდან მომავალ ცივილიზაციაში გადავა, როგორც ცივილიზაციის მხსნელი მესია. მოკვდავთაგან სტალინის მლანძღველი მოკვდავები მუცელზე იმიტომ ხოხავენ, რომ ისინი ღმერთმა დასაჯა. ალუდა არაბული ასე ამშვიდებს საყვარელ ბელადს:
“თითქოს მოთხრილო, თითქოს ვნებულო,
ნალანძღო, თითქოს შეგინებულო,
მაგრამ ფოლადის მაინც ლახვარო,
მაინც ცეცხლო და არა ნაცარო
და ვერა ცეცხლში შენ ვერ დამწვარო,
შენ, ვისთვის ბინდო, ვისთვის ნათელო,
ჩვენო პოეტო, ჩვენო ქართველო”.
თქვენ, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალნო, ამა ქვეყნის პეპლებო, რატომ ვერ ხვდებით, რომ რომი ზევსის საყდრის ორი სვეტით არის ცნობილი და გლადიატორთა საასპარეზო არენა _ კოლიზეუმით, კავკასია _ კლდეზე მიჯაჭვული ამირანით და არარატი _ ნოეს კიდობნით. იქნებ გამოიღოთ ყურებიდან ბამბა და შეუშვათ თავში ხალხის ვედრება, შეაერთოთ ზევსი და ამირანი, დაძებნოთ არარატზე ნოეს კიდობანი და ცხოვრება ახლიდან დაიწყოთ. თქვენ ჭაობში ხართ, საიდანაც თავს ვერ დააღწევთ უსტალინოდ. შეუშვით თქვენს სულსა და თავში მეტი სტალინი.
“შენ, მეექვსედი ქვეყნის მფლობელო,
თვით უღარიბეს კაცად მყოფელო,
ვისთვის ბინდო და ვისთვის ლამპარო,
მაგრამ შენ თავად მიუსაფარო,
შენ აუხსნელი ბედის ნაყოფო,
არც ცოცხლად, არც მკვდრად _ შენთვის არ მყოფო
მშობელ ქვეყნიდან _ თითქოს დევნილო,
უსამარეოდ მკვდარო შთენილო,
აღარც შუქო და აღარც წყვდიადო,
მაგრამ უსაზღვროდ მაინც დიადო,
მაინც შენ უცვლი იერს სამყაროს,
შენ ბედისწერის ბასრო ლახვარო,
თითქოს უღმერთოვ, თითქოს არ რჯულო,
მაგრამ ვინ იცის _ იქნებ ტანჯულო.
იქნებ მდუღარედ გულში მტირალო,
იქნებ მსხვერპლო და არა ტირანო”.
პოეტი თითქოს მოძღვარია თავის ბელადის, ის გამჭოლი თვალით უყურებს სტალინის პიროვნებას, მის ბუნებას, მის წარსულსა და მომავალს. როგორ შევიდა მის სულიერ ცხოვრებაში პოეტი, რომ შიგნიდან გადმოსცემს იმ ტკივილს, იმ მწუხარებას იმ განმარტოებას, რომელსაც სტალინი მუდამ განიცდიდა. მიუხედავად მისი შინაგანი ბუნების ასე ზუსტად გადმოცემისა, პოეტს სწამს, რომ მას ანათემა არ ელოდება, რომ ის ამაღლდება და კვლავ გაანათებს სამყაროს.
“შენ, მუდამ შორო და ახლობელო,
ნაგვემო მაგრამ დაუმხრობელო,
მოკლულო და ვერ დამარცხებულო,
დამწვარო და ვერ დანაცრებულო,
მაინც უკვდავო, მაინც დიადო
მაინც ნათებავ და განთიადო”.
უზომოდ კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა მკითხველმა წაიკითხა ეს ყოვლისმომცველი და ყოვლისმთქმელი პოეტური მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუში.
ამასთანავე, უნდა გაუწყოთ, რომ გელით ძალიან საინტერესო პუბლიკაციები, რომლებიც გაგრძელდება დიდხანს და მოიცავს სტალინის სიცოცხლის უკანასკნელ წლებს, რომელთა დეტალები უმრავლესობისთვის უცნობია.
ალუდა არაბულის მოკლე ბიოგრაფია
ალუდა არაბული (1938-2003) დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელი დათვისში. დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1955-1957წწ. იყო სოფელ ბაცალიგოს მეცხვარე; 1957-1960წწ. ჭიათურის მარგანეცის ქარხნის მშენებლობაზე მუშაობდა კალატოზად; 1961-1964წწ. _ წულუკიძის ჩაის საბჭოთა მეურნეობის მტვირთავად; 1965-1967წწ. _ დუშეთის რაიონის ხონისჭალის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად; 1967 წლიდან _ ბარისახოს საშუალო სკოლა-ინტერნატში ისტორიის მასწავლებლად; 1966 წელს პირველი ლექსი დაბეჭდა ჟურნალ “ცისკარში” და გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”; 1974 წელს გამომცემლობა “მერანმა” გამოსცა მისი ლექსების პირველი კრებული; ავტორია ორი პოეტური კრებულისა: “ფოთლის გვირგვინოსანი” და “მამულის ხმები”.
გრიგოლ ონიანი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ukomentarod
გაუმარჯოს დიდ სტალინს და ამ ლექსის დამწერს ალუდა არაბულს
ეს ლექსი ისეთივე სასწაულია, როგორი სასწაულიც არის სტალინი და როგორი სასწაულიც სტალინივით დაუცხრომელი გრიგოლ ონიანია!
სასწაულად დიდი და გ ა ნ უ მ ე ო რ ე ბ ლ ი!
სასწაულად დიდი და გ ა ნ უ მ ე ო რ ე ბ ე ლ ი !
მადლობა უფალს თქვენ რომ არსებობთ!!!
ბოროტება ყოველთვის მარცხდება:- ჯვარს აცვეს ქრისტე (იოსები) და აი, მთელი სამყარო მასზედ ლოცულობს, გორელი იოსები ღმერთს უყვარს და მასზეც ილოცებენ!!!