ილიას თვალსაზრისი კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის მახასიათებლების, არსის, ფუნქციების, მათი ურთიერთდაპირისპირების შესახებ უაღრესად თანამედროვეა და “შინაური მიმოხილვის” დაწერიდან (1881 წლის მაისი) დღემდე აქტუალობა არ დაუკარგავს. ილია ჭავჭავაძე ამ პატარა წერილში საუბრობს პოლიტიკისადმი მიდგომებს შორის ფუნდამენტურ მსგავსება–განსხვავებაზე, იმდროინდელი ევროპისთვის ახალ და აქტუალურ საკითხზე, რომელზეც მაშინ საზოგადოება მწირად ინფორმირებული გახლდათ.
ილიას აზრით, ჭეშმარიტი კონსერვატორობა და ჭეშმარიტი ლიბერალობა თანაარსებობს და ერთმანეთს უპრობლემოდ ავსებს, მაგრამ რას გვთავაზობენ თანამედროვე ლიბერალები და როგორია მათი შემოთავაზებების მიმართ საზოგადოების პროგრესული ნაწილის დამოკიდებულება?
აი ეს არის დღეს საკითხავი. დღეს ეს არის საკითხი, რომელიც თავდაყირა აყენებს ლიბერალიზმის იმგვარ გაგებას, რომელზეც ილია საუბრობს თავის “შინაური მიმოხილვაში”.
ილია სიახლეს მიესალმება, მაგრამ ახლის საჭიროება რომ გაჩნდეს, ამიტომ “ცხოვრება უნდა წინ მიდიოდეს”. ახალაღმოცენებულ აზრსა და იდეას, დიდი ალბათობით, ძველი წყობა გამოუჩნდება ხოლმე ოპონენტად “და ასე მიდის კაცობრიობის ცხოვრება და ამნაირ სვლას დასასრული არ აქვს. თვით კაცობრიობის ისტორიაც სხვა არა არის-რა, გარდა ამნაირად ფეხის გადანაცვლებისა”.
კონსერვატიზმის იდეურ საფუძვლად ილიას მიაჩნდა “ის წყობა, რომელიც ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია “დაუდგენია და დღეს მოქმედებს”; ლიბერალიზმისა კი _ ის, “რასაც დღევანდელი დღე თხოულობს”.
რა თქმა უნდა, სიახლის დანერგვა უმტკივნეულო პროცესი არ არის; არც ძველის, მიჩვეულის, თუნდაც დრომოჭმულის იოლად დათმობაა ადვილი. როგორც დიდი ილია ბრძანებს, “ერთნი ძველის მცველები არიან და მეორენი ახლის მდომელნი, მაგრამ პირველებს ყველაფერი ძველი არ მოსწონთ და მეორეებს ყველა ახალი არ ენატრებათ. ბევრი იმისთანა ახალია, რომლის მოსაპოვებლად ჭეშმარიტი კონსერვატორი სიცოცხლესაც არ დაზოგავს, და ბევრი იმისთანა ძველია, რომლის დღეგრძელობისათვის ჭეშმარიტი ლიბერალი თავის საკუთარ დღეს შეიმოკლებს”.
ილია ზედმიწევნით ზუსტად ახასიათებს კონსერვატიულ იდეოლოგიას: “ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისი გულწრფელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის”. ილია იმასაც არ გამორიცხავს, რომ კონსერვატიული იდეების ერთგული შეიძლება იმისთანა “ძველის” დამცველიც აღმოჩნდეს, რომელიც დღეს გამოუსადეგარია, მაგრამ ის “გულწრფელად” უნდა დარწმუნდეს, რომ ასეთი “ძველის” ნაცვლად ქვეყანას სიკეთეს მოუტანს “ახალი”. რაც შეეხება ჭეშმარიტი ლიბერალური იდეოლოგიის არსებით ნიშანს, “ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარყოფს იმისთანა ძველს “რომელსაც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის”, ლიბერალიზმი მხოლოდ იმისთანა “ძველს” ებრძვის, რომელიც ხელს უშლის შემდგომ პროგრესს და ეძებს იმისთანა ახალს, “რომელიც ძალზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას”.
აღსანიშნავია, რომ კონსერვატიზმთანაც და ლიბერალიზმთანაც ილია აუცილებლად უმატებს “ჭეშმარიტს”, რადგან უკვე ამ პერიოდშიც ის მრავალი სახეცვლილებით არსებობდა. დღეს კი მით უმეტეს _ საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებენ ფსევდოლიბერალები, რომლებიც, უარყოფენ რა ერისთვის ტრადიციულ ფასეულობებს, ისეთი სიახლეების დამკვიდრებისა და დაკანონების მოთხოვნით გამოდიან, რომლებიც ანგრევს, სასიკვდიოდ სწირავს ეროვნულ მენტალიტეტს, გადაგვარებას უქადის ჩვენს მომავალ თაობებს.
დღეს საქართველოში ლიბერალებად მიიჩნევენ თავს გარყვნილების მქადაგებელი ერთი მუჭა ადამიანებიც, ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეებიც, მართლმადიდებლობის მგმობელნიც და ტრადიციული ოჯახის უარმყოფელნიც…
წლეულს, 18-23 ივნისისთვის ლგბტ ჯგუფმა დააანონსა საზეიმო ღონისძიებების მთელი წყება, რომლებიც ბოლოს დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში გრანდიოზულმა მსვლელობამ, ანუ ღირსების მარშად წოდებულმა გეიაღლუმმა უნდა დააგვირგვინოს. მას უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებთან ერთად აქტიურ მონიტორინგს ამერიკის საელჩოც გაუწევს. როგორც დიპლომატიური უწყების საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ჯეფ რენომ განაცხადა, ისინი დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში პროცესების დინამიკას ყურადღებით დააკვირდებიან. ამ ადამიანთა უფლებების დაცულობა ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა და მნიშვნელოვანია, კვირეულმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს: “ივნისამდე დროა, დაველოდოთ. ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს. საზოგადოდ, უფლებების დაცულობა მიუთითებს ქვეყნის განვითარებაზე…”
ასეთი სიახლე არ სჭირდება საქართველოს, ეს არ არის განვითარებისა და წინსვლის გზა, ეს სატანის გზაა!
თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, საქართველოში 95% ეწინააღმდეგება.
ლგბტ პირებსა და ზოგადად მათ ავადმყოფურ მოთხოვნებს ქართველი ხალხი ყოველთვის მწვავედ აპროტესტებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, მსგავსი თემების განხილვისგან თავი შეიკავოს, აზრადაც არ გაივლოს მსგავსი სისულელე, რადგან საქართველო ის ქვეყანა არ არის, ხალხისთვის მიუღებელი კანონის დარღვევის ვინმეს რომ შეეშინდება.
ჩვენი დასავლელი “მეგობრებისგან” გამუდმებით ვისმენთ მოწოდებებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დემოკრატია არის მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად და გეოპოლიტიკური ოჯახის წევრად გვაქცევს ა.შ.
მაგრამ რაში გვჭირდება დასავლეთი, როგორც გეოპოლიტიკური ოჯახი, თუ ის ჩვენი ტრადიციებითა და კულტურული იდენტობით არ მიგვიღებს და თვითონ დაგვიდგენს ცხოვრების ახალ წესებს, ტრადიციებს?! არც უსაფრთხოება, არც პოლიტიკური მხარდაჭერა და მით უფრო, არც უსასრულო დაპირებები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე არ ღირს იმად, რომ ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ტრადიციები და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობები დავკარგოთ.
ასე ფიქრობს დღეს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი თუ საქართველოში მცხოვრები არაქართველი.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ “ძველის მცველი და ახლის უარმყოფელი” ერი.
ილიას მიაჩნდა, რომ ყველა ცივილიზებული, განათლებული ერი ამ ორი იდეოლოგიის შერწყმა-შეხამების პრინციპების გამოყენებით აშენებს თავის სახელმწიფოს; რომ ეს ორი “მიმდინარეობა აზრისა” _ კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეებია. ისინი ერთმანეთთან თანაარსებობენ, ერთმანეთს ავსებენ, ერთი მეორეს წიაღში იბადება, როცა ამის საჭიროება დგება, და შემდეგ ვითარდება და მტკიცდება, როცა ამის პირობები იქმნება. ჩვენც ილიას გზას უნდა გავუყვეთ, რადგან “ყველგან, საცა კი ისტორიის ღირსი ერი თავისითა სცხოვრობს, ორპირი წყობაა აზრისა და ეგ ორნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა”. ყველა ერი, რომელიც ისტორიის ღირსია, ამ “ორნაირ აზრთა წყობის” ძირითად პრინციპებზე უნდა აგებდეს თავის ცხოვრებას _ ე.ი. სახელმწიფოებრიობას _ პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტებს; ილია, ბუნებრივია, აცნობიერებს, რომ იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრის მრავალფეროვნება მხოლოდ ამ ორი იდეოლოგიით არ ამოიწურებოდა, მაგრამ ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი მიაჩნდა იმ იდეურ ღერძად, რომელზეც ცივილიზაციის მაგისტრალი გადიოდა. “კონსერვატორების უკან და ლიბერალების წინ, მარცხნივ და მარჯვნივ, ბევრნაირ სხვადასხვა აზრის ნაკადულებია კიდევ და თუ ჩვენ მარტო ორი წყობა აზრისა მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ _ რომ ცხოვრების მდინარეობის შუა წელი მაგ ორ მხარ–და–მხარ მოარულს წყობას აზრისას უჭირავს”.
ილიას თანამედროვე ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა თავისი ქვეყნის წარსულსა და აწმყოში ღრმად ჩაიხედა და მიხვდა, რომ “ჩვენს ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს”, რომ ქართულმა ლიბერალიზმმა თავისი ძალისხმევა სხვა მიმართულებით უნდა წარმართოს. ილიას მიაჩნდა (და ეს განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა დღესაც), რომ, თუ “მამათა” და “შვილთა” ბრძოლა ზოგადსოციოლოგიური ხასიათის კატეგორიაა და საქართველოშიც მას ვერ ავცდებით, ბრძოლის საგანი, ანუ ბრძოლის ობიექტი “სხვა-რამე” უნდა ყოფილიყო. “ის “სხვა რამე” იყო _ ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისგან. რომ ეგ ფათერაკი მოსალოდნელი იყო და დღესაც თავიდან არ აგვცდენია, _ ყველასთვის ცხადზედ ცხადია”. აქედან სრულიად გასაგები ხდება, რომ ქართული საზოგადოებრივი აზრის, მისი ცნობიერების უმთავრეს პრობლემად ილია ეროვნულ პრობლემას _ დაცემული ვინაობის აღდგენას მიიჩნევს და არა იმ პრობლემებს, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანს, რომლებიც იმ ქვეყნების წინაშე იდგა, რომლებსაც ვინაობა, ე.ი. ეროვნული თვითმყოფადობა, პირველ რიგში, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის უპირველესი პირობა, დაცემული არ ჰქონდათ.
ილიას მიაჩნდა, რომ საქართველოს შვილს იმაზე დიდი, მნიშვნელოვანი, ეროვნულ-პატრიოტული საქმე არ აქვს, ვიდრე ერის “ვინაობის” აღდგენაა; ამას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ადამიანი და ერის ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული: “სკოლაა, ბანკია თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისკენ უნდა მივუბრუნოთ თავი”; ყველა თანამდებობაზე კაცის დანიშვნისა თუ არჩევის ძირითადი კრიტერიუმიც ეს უნდა იყოს _ “მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ”.
რასაც ეს თაობა ვერ გააკეთებს, სხვა თაობები შექმნიან და ეს უნდა იყოს, ილიას აზრით, ქართული კონსერვატიზმის თუ ლიბერალიზმის ძირითადი იდეა, მისი განმსაზღვრელი იდეური მიმართულება მანამდე, “მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში, და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა”.
რუბრიკას უძღვება
დარეჯან ანდრიაძე