2018 წლის 25 ივლისს საქართველოს უხუცესმა გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკამ” გამოცემის მეასე წლის საიუბილეო თარიღი სპეციალური ნომრის გამოცემით აღნიშნა.
ეს იყო და ეს.
ქვეყნის ისტორიის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ხელისუფლებაში არავის გახსენებია: არსად, არანაირად არ აღუნიშნავს, მისალოცი წერილითაც არ მიუმართავს რედაქციისთვის. გეგონება, 100-წლოვანი გაზეთებით იყოს დახუნძლული ბეჭდური სიტყვა საქართველოსი.
სასიამოვნო გამონაკლისი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გაგზავნილი მისალოცი ადრესი.
გაატარეს!
უარესსაც ვიტყოდი, თუმცა იმაზე უარესი რა უნდა იყოს, როცა სახელმწიფოს მეთაურნი, რომლებიც დემოკრატიის მზეს ფიცულობენ, სიტყვის თავისუფლებაზე პირჯვარს ისახავენ და ენ–დი–აის დასკვნები გულის ფიცარზე აწერიათ, ქართულ გაზეთებს არ კითხულობენ.
სააკაშვილივით.
თვითკმარნი ხელისუფალნი თავიანთი ოპოზიციითურთ.
და ასეთ მანაღვლე რეალობაში მყოფი გაზეთის მთავარი რედაქტორი, დახვეწილი ინტელიგენტი სპარტაკ ქობულია იძულებულია, საიუბილეო ნომრის გამხსნელ წერილში ხელი გაიწვდინოს გაზეთის გადასარჩენად და საზოგადოებას შემწეობა სთხოვოს: “საქართველოს რესპუბლიკა” მუდამ ღირსი იყო საზოგადოებისგან (ხელისუფლებისგან) მეტი ყურადღებისა. გაზეთის მცირე ტირაჟი და მიზერული ფასი მხოლოდ სტამბის ხარჯებს ვერ ფარავს”. რედაქციის ჟურნალისტები და თანამშრომლები, ფაქტობრივად, საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ.
მხოლოდ ენთუზიაზმზე.
უსახსრობის გამო გაზეთის დახურვის საშიშროება გარდაუვალ პერსპექტივად ისახება, რაც მორიგ სირცხვილად ჩაიწერება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაში.
საიუბილეო ნომრის პირველ გვერდზე თეთრით შავზე დაბეჭდილია: “დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, ნებისმიერი ოდენობის თანხა ჩაგვირიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: #GE19TB76015360!20100009 (შპს “ახალი საუკუნე”)”.
ღირსების რეტროსპექტივა
საიუბილეო ნომერში გამოქვეყნებული წერილები, რომლებიც რეტროსპექტივის პრინციპით არის შერჩეული კიდევ ერთხელ და უდავოდ ადასტურებს ქართული საგაზეთო პუბლიცისტიკის უმაღლეს დონეს, მრავალფეროვნებას, დახვეწილობას, აქტუალურობას და ორლესური მახვილის ეფექტს, რაიც მას ახასიათებდა ყველა სახელმწიფოებრივი ფორმაციის დროს განვლილი საუკუნის ჟამთა ცვლის მანძილზე.
ბედისა და უბედობის მატიანე იყო და რჩება, ისევე _ როგორც ეროვნული პრობლემის მარადიული მცველი და მოდარაჯე: “…ეროვნული პრობლემა, ალბათ, ყველაზე რთული, ბოლომდე ჩაუწვდენელი და ბოლომდე ამოუხსნელი პრობლემაა, რამდენადაც ესეც ბუნების საიდუმლოებაა და მისი ამოხსნის მსურველისგან… საკუთარ სულში შეღწევაა საჭირო, საკუთარი თავის შეცნობა, რის შემდეგაც გაცილებით უკეთესნი და, რაც მთავარია, გაცილებით მეტის შემძლენი ვხდებით: უკეთესნი _ თუნდაც იმ თვალსაზრისით, ერთნაირად რომ თანავუგრძნობთ უკვე როგორც ლომის, ისევე პეპლის ტანჯვას; ხოლო მეტის შემძლენი _ რამდენადაც არ არსებობს ცოდნაზე უკეთესი იარაღი ნებისმიერი ბრძოლის გადასახდელად”, _ ამბობს ოთარ ჭილაძე ამ გაზეთში ჯერ კიდევ 1987 წელს გამოქვეყნებულ და საიუბილეო ნომერში გამეორებულ ფილოსოფიურ-ესთეტიკურ ესსეში “სიცოცხლისათვის”.
სწორედ “საკუთარ სულში შეღწევის” გზით ეროვნული იდენტურობისა და ქვეყნის გმირული ისტორიის დაცვის მაგალითად წარმოგვიდგება სპარტაკ ქობულიას ვაჟკაცური ღირსებით დატვირთული წერილი “როცა სიკეთეს ბოროტების დამარცხება უძნელდება”. ექვსი წლის წინათ დაწერილი და გამოქვეყნებული ეს სტატია ყოფილი ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ თქმული მართალი სიტყვაა. გახსენება იმისა, რომ ნაციონალების აღვირახსნილობის ჟამს იავარქმნილი ეროვნული სიმბოლოების აღდგენა დღეს ხელისუფლებაში მყოფი თაობის ღირსების საქმეა და ვალი.
ნაცების ვანდალიზმის ყველა კვალი უნდა გაქრეს საქართველოს წმინდა მიწიდან. უნდა აღდგეს ვახტანგ ონიანის ეროვნული ღირსებით შემკული მონუმენტური ქანდაკება ამირანისა და მერაბ ბერძენიშვილის “დავით აღმაშენებელმა” შესაფერისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს დედაქალაქის ცენტრში.
ბატონი სპარტაკი გვაიმედებს, რომ ეს საქმე აღსრულდება და “ქართველთა უდიდესი მოქანდაკის, ყველა ეპოქის ბეჭდაუდებელი ქართველი რაინდის მერაბ ბერძენიშვილის (ის თავის პუბლიცისტურ შედევრებს მხოლოდ “საქართველოს რესპუბლიკაში” ბეჭდავდა), საფლავში ჩაყოლილი ოცნება აღსრულდება…
სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ქუთაისის დიდების მემორიალის აღდგენაზეც!
ეს იქნება იმის დასტური, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება ნაციონალების ძალადობას სიკეთით უპირისპირდება და ხალხის ხმას ჯეროვან პატივს მიაგებს”.
უნიკუმების გაზეთი
ავტორებზე ვამბობ, ჟურნალისტებზე, ჭეშმარიტ პუბლიცისტებზე, რომლებიც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ქართული ჟურნალისტიკის ელიტაა, მეტიც _ ეროვნული საგანძურია.
სპარტაკ ქობულიაზე უკვე ვთქვი.
ახლა _ სხვებზე.
უპირველესად _ გურამ გოგიაშვილზე, რომელიც ჩვენი ამქრის უხუცესი და მრავალმხრივ გამოჩრეული აქსაკალია. უბადლო მცოდნე ქართულის, ბრწყინვალე ლიტერატორი და მთარგმნელი, რომლის ნაღვაწი არაერთხელ აღნიშნულა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიებით.
“წაიკითხე ჩემი ნააზრევი, მკითხველო, უკეთუ ჩემთა სიტყვათა შიგან კმაყოფილებას პოულობ.
რამეთუ საეჭვოა, რომ ოდესმე კიდევ დაიბადოს ამქვეყნად ვინმე ჩემი მსგავსი”, _ ლეონარდო და ვინჩის ეს სიტყვები წამძღვარებული აქვს აღორძინების ტიტანის გამონათქვამებისა და აფორიზმების კრებულს, რომელიც გურამ გოგიაშვილმა თარგმნა (“ქართულად გადმოაენა”) და “საქართველოს რესპუბლიკის” საიუბილეო ნომერში გამოაქვეყნა.
წაიკითხეთ და ეზიარეთ საოცრებას, სიბრძნესა და გონიერებას, რაიც ასე აუცილებელია განათლებადაცლილი და ცრულიბერალური პრინციპებით გაპრიმიტივებული და გაბითურებული ჩვენი საზოგადოებრივი აზრის გამოსაფხიზლებლად.
არც ჩვენს ხელისუფლებას აწყენს:
“იცი, რატომ არცრას არა ვწერ წყალქვეშ იმდენხანს გაძლების ჩემს ხერხზე, რამდენ ხანსაც უჭმელი გავძლებდი! არა, ამას სახალხოდ არ განვაცხადებ იმის გამო, რომ ბოროტი ბუნება აქვთ ადამის შვილთ, რომელთაც ამ ხერხის სხვათა დასახოცად გამოყენება ძალუძთ…”
შიმშილით ხალხის დახოცვის ხერხზე ლაპარაკობს, და გამგები გაიგებს, რატომ ამოვარჩიე აქ და ვინჩის ბრძნულ დარიგებათა შორის მაინცდამაინც ეს ერთადერთი.
“საქართველოს რესპუბლიკა” არასოდეს იკეტებოდა ქვეყნის საზღვრებში და ყოველთვის ცდილობდა მსოფლიო კულტურის შედევრები გაეცნო ქართველი მკითხველებისთვის. პუბლიკაცია “ასე ამბობდა ლეონარდო და ვინჩი” ამის კერძო მაგალითია. ერთ-ერთი მრავალთა შორის.
მივყვები გვერდების თანმიმდევრობას და მივადგები ალეკო ასლანიშვილის ნაშრომს “დიდი ბრალდება კართოფილისა და ქაშაყის თაობაზე, ანუ რა დანაშაულებისთვის დახვრიტეს ლ.პ. ბერია?” სწორედ რომ ნაშრომს, რომელიც საქართველოს (და საბჭოთა კავშირის) ისტორიაში ურთულესსა და მასშტაბურ პარტიულ-პოლიტიკურ ინტრიგას ე.წ. მეგრელთა საქმეს შეეხება. ბატონი ალეკო, როგორც ერთადერთი თუ არა, პირველი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ამ პრობლემასთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული საარქივო მასალების შესწავლა და გამოსცა კიდეც უაღრესად საინტერესო, ანალიტიკითა და დაკვირვებებით გამორჩეული წიგნი. დაიმკვიდრა მკვლევარი ჟურნალისტის სახელი. სხვა წიგნიც აქვს გამოცემული ქართული ჟურნალისტიკის პრობლემებზე და თავადაც თვალსაჩინო პუბლიცისტია, მრავალპლანიანი და პრინციპული.
კოლეგების თანადგომა
საიუბილეო ნომერი თავიანთი წერილებით დაამშვენეს ქართული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელმა არჩილ გოგელიამ (“ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, აზრისა კი არა”); თეიმურაზ ქორიძემ (“შექსპირის მოტივები ქართულ კანონშემოქმედებაში”); ოთარ ტურაბელიძემ (“ჰესები ქართველმა ხალხმა უნდა აშენოს”); ვაჟა დანელიამ (“ათენის ათინათი”); თენგიზ გაჩეჩილაძემ (“საქართველოს რესპუბლიკაში” სპორტიც 100 წლისაა”); ეგლუჯა ბერიშვილმა (“არასოდეს ჩამორჩენილა ცხოვრების ფერხულს”); იოსებ ჭუმბურიძემ (“არ ესმით, თუ არ უნდათ?”).
“…მკითხველები ხშირად თავად ვაქვეყნებთ ხოლმე ჩვენს საყვარელ გაზეთში ჩვენს საკუთარ მოსაზრებებს, რაც გაზეთს ნამდვილ სახალხო გამოცემად ხდის. სწორედ მკითხველისა და გაზეთის ორგანულ კავშირში აისახება ამ მიმზიდველი მედიუმის საჭიროება ხალხისთვის, უფრო სწორად, მისი გარდაუვალობა ქვეყნის სწორად განვითარების საქმეში. “საქარველოს რესპუბლიკა” დღეს იუბილარია. მან ნიჭითა და სიმართლით იარა თავისი დასაბამიდან ამ ღირსშესანიშნავ თარიღამდე. იარა და კიდევ ივლის! დიდხანს და ღირსეულად”, _ ასე მიესალმა იუბილარს წლების განმავლობაში აშშ-ში “განათხოვრებული” და იქიდან “ემის” პრემიით დაბრუნებული ქართველი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე.
საინტერესო წერილები გამოაქვეყნეს: თამარ შაიშმელაშვილმა _ “დედამიწა ჩვენი სულების გარშემო ბრუნავს”, 2010 წლის 3 ივნისის პუბლიკაცია გოდერძი ჩოხელზე, რომელსაც ლამაზი ლექსით აგვირგვინებს:
მაშინ ამაღლდა ზეცად
თეთრი ღრუბლების მირქმით,
დედამ გაუთბო შუბლი
ჩუმმეამბორე ნისლით.
სევდად უნთია სული
ჟამგადამფრენი მერცხლის!
ჰა, დედამიწავ, შვილი _
გულს დაცემული ცრემლი!
გელა ქოქიაშვილმა _ “მართლაც რა ძალაა ჰამლეტ გონაშვილის ტკბილ ხმაში”: “ჰამლეტ გონაშვილის სიმღერის მოსმენის შემდეგ თქვენ უფრო ჰუმანური, კაცთმოყვარე, კეთილშობილი, მიმტევებელი, სულიერად მდიდარი და ამაღლებული შეიქნებით. ასეთი ზეციური და მაგიური ძალა აქვს დალოცვილ ქართულ სიმღერას… მის “ურმულსა” და “ოროველას” კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ, როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას”.
P.S. ასეთად დავინახე იუბილარი რედაქციის მიერ წარმოდგენილი რეტროსპექტივა, რომელსაც დააკლდა ჩვენი აწ გარდაცვლილი კოლეგისა და მეგობრის, რუსლან რუსიას, გამობრწყინება.
რუსლანი ის კაცი იყო, რომელმაც ურთულეს ოთხმოცდაათიანებში, როცა პირველად დადგა გაზეთის ყოფნა–არყოფნის საკითხი, მკვეთრად დაეცა გამოცემის ტირაჟი, როცა “საქართველოს რესპუბლიკა” გასახვევ ქაღალდზე იბეჭდებოდა და არარეგულარულად გამოდიოდა, იკისრა პასუხისმგებლობა, გარისკა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად ცეცხლმოდებული ჩრდილოეთ კავკასიიდან საგაზეთო ქაღალდი ჩამოიტანა.
იმ ქაოსიდან!
დღეს კვლავ დადგა საკითხი გაზეთის გადარჩენის.
მეორდება ისტორია.
“მეგონა სიცოცხლეს ვსწავლობ–მეთქი, თურმე კვდომას ვსწავლობდი”, _ ბრძანებდა ლეონარდო და ვინჩი.
არმაზ სანებლიძე
ცნობისთვის:
ერთი კვირის თავზე, ანუ 2018 წლის 31 ივლისისთვის “საქართველოს რესპუბლიკის” საბანკო ანგარიშზე ჩარიცხეს:
აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ _ 100 ლარი,
გურამ ახრახაძემ _ 200 ლარი,
გურამ საღარაძემ _ 100 ლარი.
სულ ესაა!







