Home რუბრიკები პოლიტიკა “საქართველოს მთავრობას, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, პოროშენკოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა უნდა გამოერიცხა”

“საქართველოს მთავრობას, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, პოროშენკოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა უნდა გამოერიცხა”

პეტრე პოროშენკო, გიორგი მარგველაშვილი

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ამაო მცდელობის შემდეგ 75 წლის ფეთჰულა გიულენის ფიგურამ და მისმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ოფიციალურ ანკარასა და თბილისს შორის ურთიერთობებში გარკვეული პრობლემა წარმოქმნა. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ელოდნენ, რომ გიულენის სახელთან დაკავშირებული თურქული სკოლები საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურებოდა. სხვათა შორის, თურქული სკოლების საქართველოში გახსნას თავის დროზე ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, დღეს კი იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული.

სხვადასხვა ვერსიით, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ელიტური კოლეჯი და ერთი უნივერსიტეტი ფუნქციობდა, რომლებიც ისლამისტ მქადაგებელ და მოძრაობა “ჰიზმეტის” ლიდერ ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდება. ეს სასწავლებლებია: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისში 1995 წელს დაარსდა; კოლეჯები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო; 2012-2016 წლებში _ “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ჩაბუქი სწორედ იმ სკოლებში მოღვაწეობდა, რომლებიც გიულენის სახელთან არის დაკავშირებული.

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ა.წ. 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ლტოლვილთა სამინისტროს მიმართეს, სამინისტრომ უარი განაცხადა.

ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა რებეკა ჰარმსმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი ციხეში მოინახულა, შემდეგ კი ჩაბუქის პატიმრობასა და მისი თურქეთში შესაძლო ექსტრადირების საკითხზე სკოლა-ლიცეუმ “სხივში” პრესკონფერენცია გამართა. ჰარმსის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადიციის მოთხოვნაზე.

“ვფიქრობ, არავინ უნდა იდევნებოდეს და გასამართლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში… ვცდილობ, დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ევროკავშირი, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს. საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა სასტიკი უარი უნდა განაცხადონ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირებას უკავშირდება”, _ განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

რებეკა ჰარმსის აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა და მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ საფრთხე ემუქრებოდა, ოჯახთან ერთად 2015 წელს საქართველოში გადმოვიდა.

აფგან მუხთარლიმ საქმიანობა საქართველოშიც განაგრძო. 2016 წლის ოქტომბერში მისი ბინადრობის მოწმობას ვადა გაუვიდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამჟამად სამშობლოშია, ოღონდ საპყრობილეში. მისი მეუღლე, ლეილა, კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას ითხოვს. საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ექსტრადირების დილემის წინაშეა. არადა, ჩვენი ქვეყანაც იყო მსგავს მდგომარეობაში, როდესაც საქართველოდან გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნების ექსტრადიციის ნებართვა არ მოგვცეს და დამნაშავეები შეიფარეს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოდან სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი უამრავი ყოფილი მაღალჩინოსანი გაიქცა: გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, კუდ-ის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე, კუდ-ის უფროსი დათა ახალაია, მე-8 საპყრობილის უფროსი ალექსანდრე მუხაძე, პროკურორი დავით საყვარელიძე, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და ა.შ. ბოლოს კი _ პრეზიდენტი სააკაშვილი... საქართველოდან გაქცეული ძებნილი ქართველების უმრავლესობა უკრაინის ხელისუფლებამ, კერძოდ კი, პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, შეიფარა და მათ ექსტრადიციაზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, უარი თქვა. ასე მოიქცა ბევრი ქვეყანა: საბერძნეთი, თურქეთი, საფრანგეთი… მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც უკრაინა აღმოჩნდა, სადაც გაქცეული ქართველები არათუ შეიფარეს, არამედ მაღალ სახელისუფლო თანამდებობებზე დანიშნეს.

17 ივლისს საქართველოს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი, დამნაშავე ქართველთა მფარველი პეტრე პოროშენკო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხს არ განიხილავენ.

უნდა გადასცეს თუ არა საქართველომ უცხო ქვეყნების დამნაშავე მოქალაქეები იმ ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს? ვინ არის საქართველოსთვის პოროშენკო, რომელმაც საქართველოდან გაქცეული ძებნილი მაღალჩინოსნები შეიფარა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობილი ადამიანები გვესაუბრებიან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი

უკრაინის ხელისუფლება წლების განმავლობაში შეურაცხგვყოფდა, ძაღლადაც არ აგდებდა საქართველოს ხელისუფლებას

ჰამლეტ ჭიპაშვილი, დიპლომატი, პოლიტოლოგი:

_ ევროპარლამენტარები ხშირად მოქმედებენ პირადი სურვილებით. შესაძლოა, რებეკა ჰარმსიც ასე მოიქცა.

უნდა იქონიოს თუ არა გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე ევროპარლამენტარის მოთხოვნამ, ვიღაც თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე და მისი ქვეყნისთვის გადაცემა-არ გადაცემის საკითხზე, გეტყვით, რომ არა. სრულიად მიუღებელია, ვიღაცის თითის ქნევით საქართველოს მოქალაქეობა ვინმეს მიენიჭოს. ჰარმსს ჰგონია, აფრიკის რომელიღაც მიყრუებულ ქვეყანაშია და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. თუმცა, არც საქართველოა, ამ მხრივ აფრიკაზე უკეთესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანელი ქალი, მუსტაფაევა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ვერ გაბედავდა, ჰარმსი კი თურქი მოქალაქის მფარველობის ბრძანებას ვერ გასცემდა.

თურქეთის ხელისუფლება არ აღმაფრთოვანებს, ის მცოცავ ანექსიას აწარმოებს აჭარაში და ეს საშინელებაა, მაგრამ, რაც შეეხება დამნაშავის გადაცემას, ამაში მართალია. ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო თითს არავის უნდა უქნევდეს. ევროკავშირს თურქეთთან ცუდი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ჩვენ მათ დაკრულზე არ უნდა ავცეკვდეთ. ანკარამ და ევროკავშირმა თავიანთ თავს მიხედონ.

_ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო იმყოფება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, მას რამე ჰკითხოს ძებნილად გამოცხადებულებზე, რომლებმაც უკრაინას შეაფარეს თავი.

_ საქართველოს ხელისუფლებას ანალიზის უნარი არ აქვს. პოროშენკოს ხელისუფლება ფაშისტურია _ საბჭოთა კავშირის გმირებს უარყოფს და ფაშისტ ბანდერას გმირად აცხადებს. უკრაინა ფაშისტური ქვეყანაა და ამაზე არ საუბრობს ევროკავშირი, დასავლეთი.

როგორ შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს უკრაინასთან, ქვეყანასთან, რომელმაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ბანდიტი წარმომადგენლები გულში ჩაიხუტა და ისე ჩაიხუტა, რომ ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები უბოძა?! უკრაინის ხელისუფლება წლების განმავლობაში შეურაცხგვყოფდა, ძაღლადაც არ აგდებდა საქართველოს ხელისუფლებას… ჩვენი ქვეყნის მთავრობას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, პოროშენკოსთან ნებიმიერი სახის ურთიერთობა უნდა გამოერიცხა.

ელიზბარ ჯაველიძე

ჩვენმა პრეზიდენტმა, როგორი ლოთი და უგუნურიც თვითონ არის, ზუსტად ისეთი სტუმარი მიიღო

ელიზბარ ჯაველიძე, აკადემიკოსი:

_ საქართველო არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გასცემს ბრძანებას _ ევროკავშირი, ევროპარლამენტი, ამერიკა თუ ვინც გინდა. საქართველომ უნდა იმიქმედოს ისე, როგორც სახელმწიფოს სჭირდება და წაადგება. საკმარისია ამდენი კუდის ქიცინი. სირცხვილია, მონები ვართ თუ ხალხი?! არავითარი ანგარიში არ უნდა გავუწიოთ რიგითი პარლამენტარების მითითებებს. ყველამ ვიცით, რომ ჩაბუქი დამნაშავეა, მისი სახელი გიულენს უკავშირდება, დამნაშავეა მუხთარლიც…

გაიხსენეთ, უცხო ქვეყნის რამდენი უდანაშაულო მოქალაქე გადასცეს საკუთარ ქვეყნებს და ამაზე ევროპარლამენტს ხმა არ ამოუღია, რეაქციაც არ ჰქონია.

_ აფგან მუხთარლის ცოლი ჩვენი ქვეყნის შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

_ ის ქალი თავხედობს, ზღვარს გადადის, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი მეც არ მომწონს, რადგან ბევრ ისეთ საქმეს აკეთებს, ქართველ კაცს რომ არ შეეფერება.

_ უკრაინის პრეზიდენტი გვეწვია და მას დიდი ზარზეიმით დახვდა საქართველოს პრეზიდენტი

_ ჩვენმა პრეზიდენტმა, როგორი ლოთი და უგუნურიც თვითონ არის, ზუსტად ისეთი სტუმარი მიიღო. პოროშენკომ დაანგრია და დააქცია უკრაინა, მეტიც, მან უფლება მისცა ქართველ ბანდიტებს, უკრაინის დანგრევაში მიეღოთ მონაწილეობა. სწორედ მაგ ნაძირალას ბრალია, რომ სააკაშვილი დღეს კიდევ ბოგინობს და აქვს ამბიცია, უკრაინის პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.

პოროშენკოს მიღებით რუსეთს ვაღიზიანებთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here