Home რუბრიკები საზოგადოება საუკეთესო პერიოდი ადამიანების გასაყვლეფად

საუკეთესო პერიოდი ადამიანების გასაყვლეფად

ის, რასაც ახლა აკეთებენ, გამოძალვაა და, სახელმწიფო თუ არ ჩაერევა, შიმშილობა კარს არის მომდგარი და მძლავრად დაგვიკაკუნებს

1606
საუკეთესო პერიოდი ადამიანების გასაყვლეფად

სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ გავიხსენე, რით იყო გამორჩეული მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობა და რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ის, უბრალოდ, იყო პრემიერი, რომელიც არც ავტორიტეტით სარგებლობდა, არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ, სავარაუდოდ, არც არაფერს აფუჭებდა. მოკლედ, იყო და არა იყო რა _ ასე შეიძლება შეფასდეს ბახტაძის პირველკაცობა, თუმცაროცა ბახტაძის პრემიერობისას ყველასთვის მოულოდნელად პური გაძვირდა, მან ბრიფინგი გამართა, _ ეს როგორ გაბედეს, კონკურენციის სააგენტო ყველაფერს გამოიძიებს და ორ კვირაში დასასჯელი დაისჯება, ფასები კი დარეგულირდებაო. კონკურენციის სააგენტო, სავარაუდოდ, დღემდე იძიებს პურის გაძვირების მიზეზებს და დასჯით კი არავინ დასჯილა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვიღაც კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, მაგრამ კანონი არ მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება ხოლმევინმე”, ვის ინტერესებსაც კანონი არ ემთხვევა (საქართველოში ხდება ასეთი რაღაცები) და, შესაბამისად, არც სრულდება.

ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო _ ეს არის ის ცხრა პროდუქტი, რომლებზეც ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო და გაცხადდა, რომ კარანტინისა თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეს პროდუქტები არ გაძვირდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ეროვნული ვალუტა გაუფასურდა და აღნიშნული პროდუქტების შემოტანა გაძვირდა, სახელმწიფომ იმის ვალდებულებაც აიღო, რომ ნამატს ბიუჯეტიდან დააფინანსებდა _ მოსახლეობა მიიღებდა იმავე ფასში, ხოლო ინფლაციით გამოწვეულ ფასნამატს სახელმწიფო გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ხელისუფლება ხალხზე ფიქრობს და მერე რა, რომ ეს სუბსიდიაც ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან მიდის, მაგრამ, მოლოდინისამებრ, სწორედ ამ პროდუქტებზე გაიქცა ყველაზე მეტად ფასები. მოლოდინისამებრ იმიტომ, რომ ბიზნესი ქართულად სწორედ ასე კეთდება, სწორედ გაჭირვების დროს უნდა დავაჭიროთ მოსახლეობას წიხლი და მაქსიმუმი გამოვწუროთ, თორემ მშვიდობიანობის დროს ვინ რისი მომცემია?! თანაც, როცა მშვიდი ვითარებაა, მოსახლეობას პროტესტის განცდა უჩნდება _ შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, ხმამაღლა გაკრიტიკოს, ახლა კი ქუჩაში გამოსვლა და შეკრება 3 ათასი ლარი დაუჯდება, ანუ საუკეთესო პერიოდია ადამიანების გასაყვლეფად. დაახლოებით ისეა, 9 აპრილის შემდეგ დედაქალაქში ტიტების ფასმა რომ მოიმატა, მაინც იყიდიან ქართველებიო.

წესითა და რიგით, ამ ყველაფერს სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამონახოს ადამიანური რესურსი და ამ ადამიანებმა უნდა იარონ არამხოლოდ სუპერმარკეტებსა და ქსელურ მაღაზიებში, არამედ სოფლებში, უბნის მაღაზიებში, რადგან სოფლებში ქსელური და ბრენდული არაფერია და მოსახლეობაც სწორედ იმის იმედად არის, რაც აქვს. სწორედ რეგიონებში შეიმჩნევა ყველაზე მეტად უკონტროლო სიტუაცია, სწორედ რეგიონებშია ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტები და სწორედ რეგიონებშია ყველაზე მეტი გაჭირვებული ხალხი.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ჩვენ მაღაზიების მეპატრონეთა დასჯას და მათ 50 ათასი ლარით დაჯარიმებას ვითხოვდეთ. არა, ჩვენ ვითხოვთ იმ კანონის აღსრულებას, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო, და მოსახლეობის ინტერესების დაცვას. მაღაზიებს კი არა, პირველ რიგში მათ მიმწოდებლებს, ბითუმად მოვაჭრეებს უნდა მოეკითხოთ ფასების ზრდა და მხოლოდ მერე _ ყველა სხვას.

ცალკე პრობლემა ის არის, რომ ჩამოთვლილი 9 პროდუქტიდან არც ერთი არ არის ცხოველური, ანუ ადამიანებს სახელმწიფო ვერ უფინანსებს ვერც რძის პროდუქტებს (სუბსიდირებულ რძის ფხვნილს არ ვგულისხმობთ), ვერც ხორცეულს და ვერც თევზეულს, ე.ი., ვერ უფინანსებს საარსებო მინიმუმის კალათაში შემავალ აუცილებელ პროდუქტებს. ცხოველურ პროდუქტებზე ფასი უკონტროლოა, ვისაც როგორ მოეპრიანება, ისე ყიდის ხორცს, თევზსა თუ რძის ნაწარმს, მაგრამ ესეც რომ შესაბამისი აქტით დაარეგულიროს ხელისუფლებამ, აზრი? ვინ არის იმის გარანტი, რომ ფასები ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზეც ისევე არ მოიმატებს და ისევე უკონტროლო არ იქნება, როგორც ეს ზემოთ ჩამოთვლილი ცხრა პროდუქტის შემთხვევაშია?

ჩვენ არაფერს ვაწარმოებთ ისეთს, რაზეც შეიძლება იდგეს ეკონომიკა. დიდიდიდი, 2-3 მილიარდი დოლარი და ქართული ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდს დაძლევს. მაგრამ ეჭვი გვაქვს, სხვადასხვა გზით მიღებულ ამ დახმარებას ისევე არ მოახმარენ ეკონომიკას, როგორც აქამდე არ ახმარდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ მინისტრების ჩაფიქრებული სახეები, რა გვეშველება, როცა პანდემია გადაივლისო, კარგად გათვლილი ფანდია და მეტი არაფერი. ეს იმიტომ კეთდება, რომ მარტივად წამოსაწევი, ანუ კვლავ იმავე მოცემულობაში მარტივად დასაბრუნებელი ჩვენი ეკონომიკა შემდეგ დასაყვედრებელი გახდეს, _ ხომ ხედავთ, რამდენი შევძელით, დიდ ქვეყნებს კი უჭირთო. დიდ ქვეყნებს ტრილიონების პრობლემა ექნებათ და არა 2-3 მილიარდის, ამიტომ გაუჭირდებათ. ჰოდა, სწორედ ახლა, კრიზისის პერიოდში სჭირდება მოსახლეობას მხარში ამოდგომა, თორემ საგანგებო მდგომარეობა რომ მოიხსნება და ადამიანები ქუჩაში გამოვლენ, ავად თუ კარგად, პურის ფულს იშოვნიან და ეგებ აღარ აღიქვან ისე მტკივნეულად მომატებული ფასები. თუ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ იციან, ვეტყვით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს კი უხდიან ხელფასს შინ ყოფნის სანაცვლოდ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც კერძო სტრუქტურებში მუშაობდნენ, უხელფასოდ დარჩნენ. ვერ უხდის რესტორანი ოფიციანტებსა და მზარეულებს ფულს იმ მარტივი მიზეზით, რომ არ მუშაობს. პრაქტიკულად, ყველა კვების ობიექტის თანამშრომელი (ოფიციანტები, მზარეულები, ბუღალტრები, დამლაგებლები) _ ყველა, ვინც კი დასაქმებული იყო, ახლა შინ ზის და, თუ დანაზოგი აქვს, იმას ხარჯავს. იგივე ითქმის ბაზრობებზე მომუშავე ადამიანებზე, იგივე ითქმის მათზე, ვინც ამ ბაზრობებზე ფართობს აქირავებდა. ასე რომ, გაჩერებულ ქვეყანაში არსებობა ძალიან ძნელია და ამიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქირურგიული ჩარევა სწორედ ახლაა საჭირო.

სხვაგვარად, იცით, რა გამოდის? იმ ცხრა პროდუქტზე მომატებული ფასების გამო იმპორტიორები ცალკე სახელმწიფოსწველიანდა სუბსიდიას იღებენ, ცალკე _ მომხმარებელს. თანაც, მაღაზიების მფლობელები ისედაც უპირატეს მდგომარეობაში არიან. აგრობაზრების დახურვის შემდეგ მოსახლეობა იძლებულია, სოფლის მეურნეობის პროდუქტები (ძირითადად მწვანილი და კარტოფილი) სწორედ მაღაზიაში იყიდოს არა კონებად, როგორც ამას ბაზარში აკეთებდა, არამედ წონით და გაცილებით ძვირად. ამ რეგულაციამ მიწაზე მომუშავე ადამიანებიც დატოვა შემოსავლის გარეშე. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, მწვანილი მაღაზიებს ჩააბარონ, იმიტომ, რომ არ არიან რეგისტრირებულები, როგორც ინდმეწარმეები ან შპს-ები. მათი საქმე მარტივი იყო: მოიყვანე მწვანილი _ გაყიდე ბაზარში. ახლა კი მაღაზიებში მწვანილის ფასი კატასტროფულია (ნიორზე არაფერს ვამბობთ, შარშან ამ პერიოდში 50 თეთრი ღირდა), გლეხებს კი ეზოებში მწვანილი უფუჭდებათ.

აპრილის ბოლოს საადრეო ხილიც შემოდის და საქმეს ისეთი პირი უჩანს, საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება, წინასწარი მონაცემებით, ორი კვირით გაახანგრძლივებს. აი, ეს ხილიც თუ ბაზრის ნაცვლად მაღაზიების თაროებზე მოხვდება, ვერ იყიდის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა და მხოლოდ ერთეულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წერილის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკა ვახსენეთ და სოფლის მეურნეობა თუ ჩავარდა, მისი წამოწევა ურთულესი იქნება. გლეხს მიწის მიმართ ინტერესი თუ დაეკარგა, ძნელად დაუბრუნებ, ამიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ამ პროცესებში ქირურგიული ჩარევა მართებს და აქცენტი ხელისუფლებამ მოსახლეობაზე უნდა გააკეთოს და არა ათობით ან, გნებავთ, ასობით ბიზნესმენზე. ბიზნესი ქართულად, კი იცით, როგორც კეთდება და ამის შესაძლებლობა ახლა, ამ გაჭირვებისა და განსაცდელის ჟამს, უბრალოდ, არ უნდა მივცეთ არავის.

სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელზე სწორებასაც ვაკეთებთ თუ გვაკეთებინებენ, ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მხრივ, ყველაზე დიდი პრობლემაა. ამის მიუხედავად, ამერიკელმა ბიზნესმენებმა, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე, პროდუქტები გააიაფეს, აქციები წამოიწყეს მოსახლეობისთვის შეღავათის მისაცემად და ეს ყოველგვარი ძალდატანებისა და პრეზიდენტის ბრძანების გარეშე გააკეთეს. ჰო, ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და სწორედ ეს არის პასუხისმგებლობის ის დონე, რომელიც მოგვეთხოვება. ჩვენ კი თითქოს მივეჩვიეთ, რომ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში ხალხს წიხლი უნდა დავაჭიროთ და მაქსიმუმის მაქსიმუმი გამოვძალოთ და გავყვლიფოთ. ის, რასაც ახლა აკეთებენ, გამოძალვაა და, სახელმწიფო თუ არ ჩაერევა, შიმშილობა კარს არის მომდგარი და მძლავრადაც დაგვიკაკუნებს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here