Home რუბრიკები ისტორია სარდიონ ნადარაია: მე შევხვედრივარ სტალინს

სარდიონ ნადარაია: მე შევხვედრივარ სტალინს

ძველი ჩეკისტის ჩანაწერები, რომლებიც 88 წლის შემდეგ პირველად გამოგვაქვს მზის სინათლეზე

სტალინი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები

დღეს გთავაზობთ ჩეკისტების პირველი თაობის წარმომადგენლის _ სარდიონ ნადარაიას მოგონებების ფრაგმენტს, რომელიც 1931 წელს აფხაზეთში იოსებ სტალინის ჩამოსვლის პერიპეტიებს ეხება. სარდიონ ნადარაია ამ პერიოდში ავტონომიურ რესპუბლიკაში მუშაობდა და იქ განვითარებული მოვლენების მონაწილე და თვითმხილველი იყო. ამ საინტერესო კაცის მოკლე ბიოგრაფია და მემუარები რედაქციას გადმოსცა ცნობილმა სამართალმცოდნემ, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა წევრმა, იუსტიციის გენერალმა ვახტანგ გვარამიამ.

სარდიონ ნადარაია დაიბადა 1903 წელს სენაკის მაზრის სოფელ სეფიეთში, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში.

მამა _ ნიკოლოზი სოფლის პირობაზე მდიდარ გლეხად ითვლებოდა, დედა _ ტასო წივწივაძე დიასახლისი იყო.

სარდიონის მამა უარყოფითად შეხვდა საქართველოს გასაბჭოებას. როდესაც 1921 წლის გაზაფხულზე მხარზე შაშხანაგადაკიდებული სარდიონი ქუდზე წითელი ბაფთით ჩავიდა სეფიეთში, მამამისმა, როგორც ბოლშევიკი, გააგდო სახლიდან.

სარდიონის ძმა სევერიანე მენშევიკური პარტიის აქტიური წევრი იყო. საქართველოს გასაბჭოებისთანავე მენშევიკებთან ერთად გადაწყვიტა უცხოეთში გაქცევა და თავისი განზრახვა გაანდო სარდიონს.

სამტრედიის რაიონის საგანგებო კომისიამ სარდიონის თხოვნით რამდენიმე დღით დააკავა სევერიანე. ის 1945 წელს კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, მადლობელი იყო ძმის, რომელმაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოში დატოვა.

საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან სარდიონ ნადარაია მუშაობას იწყებს უშიშროების ორგანოებში. დაუახლოვდა ლავრენტი ბერიას.

სარდიონ ნადარაია
სარდიონ ნადარაია

1937-38 წლებში შინსახკომის შინაგანი ციხის უფროსი იყო.

ახლობლების გადმოცემით, 1938 წლის დამლევს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარის რანგში საქართველოში ჩამოსული ლავრენტი ბერია მასპინძლებმა სათევზაოდ წაიყვანეს. ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟისას ბერია ნადარაიასთან მივიდა. სარდიონმა სთხოვა, უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინა იგი მარტო. ბერიამ გაკვირვებულმა ჰკითხა: “კი მაგრამ, შენ?!”, ნადარაიამ უპასუხა: “ბერია ერთია, ჩემისთანა კი _ ბევრი”.

იმავე წელს სარდიონი გადაიყვანეს მოსკოვში, სსრკ შინსახკომისა ცენტრალურ აპარატში, ლავრენტი ბერიას უშუალო დაქვემდებარებაში.

მას, როგორც ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ პირს, უფლება ჰქონდა, შეიარაღებული შესულიყო ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის, კრემლში.

გადმოცემით, 1953 წლის 26 ივნისს ნადარაიამ გაიგო, რომ მთავრობის სხდომაზე მზადდებოდა ბერიას დაპატიმრება. ამ უკანასკნელის გასაფრთხილებლად ნადარაია სასწრაფოდ წავიდა კრემლში. შენობაში შესულს შეხვდა ბერიას პირველი მოადგილე, გენერალი სეროვი. “დააგვიანე, სარდიონ, “ხაზეინი” აიყვანეს”, _ უთხრა და პირადი იარაღი ჩამოართვა. ნადარაია იმავე დღეს დააპატიმრეს. გაასამართლეს 1955 წელს რუხაძესთან, რაფავასა და სხვებთან ერთად და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

გათავისუფლდა 1963 წელს. გარდაიცვალა მოსკოვში 1982 წელს. საქართველოში უკანასკნელად 1965 წელს ჩამოვიდა.

დარჩა ორი შვილი: რევაზი _ დაბადებული 1931 წელს და ნიკო _ დაბადებული 1939 წელს.

მისი მეუღლე ანიკო ბერძენიშვილი გარდაიცვალა 1987 წელს.

სწორედ ამ სამწუხარო შემთხვევასთან არის დაკავშირებული სარდიონ ნადარაიას ჩანაწერების საქართველოში ჩამოტანა.

ვახტანგ გვარამია იხსენებს, რომ მაშინ მას, როგორც თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ორი დღით გათავისუფლება სთხოვა თანამშრომელმა ოთარ ნადარაიამ მოსკოვში ბიცოლას დაკრძალვაზე დასასწრებად. საუბარში გაირკვა, რომ ქალბატონი ანიკო სარდიონ ნადარაიას ცოლი იყო.

ვახტანგ გვარამიამ იცოდა, როგორი საინტერესო პიროვნება იყო სარდიონ ნადარაია და სთხოვა კოლეგას, თუ შესაძლებლობა ექნებოდა, ჩამოეტანა საქართველოში მისი ბიძის ჩანაწერები. ოთარ ნადარაიამ ჩამოიტანა. მას შემდეგ ეს ყურადსაღები ხელნაწერი ვახტანგ გვარამიასთან ინახებოდა. და დღეს, 88 წლის შემდეგ პირველად გამოგვაქვს მზის სინათლეზე.

ორჯონიკიძე, მიქოიანი, სტალინი და აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნესტორ ლაკობა, სოხუმი, 1927 წელი
ორჯონიკიძე, მიქოიანი, სტალინი და აფხაზეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნესტორ ლაკობა, სოხუმი, 1927 წელი

* * *

“1931 წლის აპრილში საქართველოს სადირექტივო ორგანოების გადაწყვეტილებით სამუშაოდ გადამიყვანეს აფხაზეთის ასსრ-ში სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკური სამმართველოს გაგრის განყოფილების გამგედ. დამევალა წესრიგის დამყარება გაგრის რაიონში, განსაკუთრებით, ქალაქ გაგრაში, სადაც მოსკოვიდან დასასვენებლად ჩამოვიდოდნენ საკავშირო საბჭოთა და პარტიული ორგანოების პასუხისმგებელი მუშაკები.

იმ პერიოდში სოფლის მეურნეობის სოციალურ საწყისებზე გადასვლასთან დაკავშირებით აფხაზეთში კლასობრივი ბრძოლა ერთგვარად გამწვავდა, რაც გამოწვეული იყო ადგილობრივი საბჭოთა და პარტიული ორგანოების მიერ ამ პროცესთან დაკავშირებული ღონისძიებების დამახინჯებით რეალიზებით.

თბილისიდან გამომგზავრების წინ გამაფრთხილეს, რომ გაგრაში დასასვენებლად შეიძლება ჩამოვიდესო იოსებ სტალინი. ლავრენტი ბერიამ მირჩია, სტალინთან შეხვედრის დროს მისთვის მიმემართა მხოლოდ ასე: “ამხანაგო კობა”.

იმ დროს გაგრაში არავითარი საპასპორტო რეჟიმი არ მოქმედებდა, რაიონში და ქალაქში საბჭოთა კავშირის ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი კუთხიდან შეეძლო დარჩენა, რა დროითაც მოისურვებდა.

ცნობილია, რომ ქალაქ გაგრასა და გაგრის რაიონს თავი შეაფარა თეთრი ემიგრანტებისა და კულაკური ელემენტების დიდმა რაოდენობამ. მათგან ამ კუთხის, განსაკუთრებით კი, ქალაქ გაგრის გაწმენდა ჩვენ გვევალებოდა. ამასთანავე, მოსახლეობისთვის უნდა ჩამოგვერთვა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. ამ საქმეს ინციდენტების გარეშე გავართვით თავი ადგილობრივი პარტიული და საბჭოთა ორგანოების დახმარებითა და მონაწილეობით.

1931 წლის აგვისტოს ბოლოს მირეკავენ სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკური სამმართველოს სოჭის განყოფილებიდან და ჩასვლას მთხოვენ.

ჩასვლისთანავე დასახელებული ორგანოს უფროსი მეუბნება:

_ ჩვენთან ისვენებს სტალინი. ვვარაუდობთ, რომ თქვენთანაც ჩამოვა. როგორც კი გაირკვევა, როდის იქნება თქვენთან, ტელეფონით გაცნობებთ: “გაგრაში გამოემგზავრა სტეფანე, დახვდით!”

ორი დღეც არ იყო გასული, რომ დამირეკეს და ეს პაროლი გადმომცეს. ნესტორ ლაკობა საქმის კურსში იყო. სასწრაფოდ გავვარდი შესატყობინებლად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სადღაც სათევზაოდ წასულიყო.

გაგრაში ჩამოსულ სტალინს არავინ დახვედრია. იგი გაემგზავრა ქალაქგარეთ. გადმოვიდა მანქანიდან და ჩრდილს შეაფარა თავი. წარვუდექი და მარცხენა ხელი ჩამოსართმევად გავუწოდე, რადგან მარჯვენაში დაჭრილი ვიყავი და დაბინტული მქონდა.

_ რა დაგემართა? _ შემეკითხა.

მოვახსენე:

_ ამხანაგო კობა, მსუბუქად ვარ დაჭრილი.

_ იოლად გადარჩენილხარ. სადაა ლაკობა?

მოვახსენე, რომ ლაკობა სადღაც იყო წასული სათევზაოდ.

ჩაეღიმა.

ნათელი, მშვიდი, მზიანი დღე იყო. სტალინი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ეცვა თეთრი ჭილობის კიტელი, ჩექმებში ჩატანებული შარვალი. გრუზა თმას იშვიათი ჭაღარა ულამაზებდა.

მანქანაში შოფერი, ქალი და კაცი ისხდნენ.

გასეირნება კატარღით
გასეირნება კატარღით

ლაკობას მოსაძებნად წასვლის ნებართვა ვთხოვე. ნება დამრთო ჩაჯდა მანქანაში, რომელმაც გეზი სოხუმისკენ აიღო. კვალდაკვალ სხვა მანქანა მიჰყვა, რომელშიც სამი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი იჯდა. უთუოდ მისი დაცვა იყო, რომელიც გზაში ჩამორჩა და ახლაღა დაეწია.

ჩემს თანამშრომელს დავავალე, ეპოვნა ლაკობა, თავად კი ჩემი “გაზიკით” სტუმრებს გავყევი.

სოხუმის მახლობლად ორჯონიკიძის სახელობის დასასვენებელ სახლში შეუხვია.

ჩვენ _ მე და აფხაზეთის პოლიტსამმართველოს უფროსი მიქელაძე რომ დავეწიეთ, ასეთი სურათი დაგვხვდა: სტალინსა და მის თანამგზავრებს დასასვენებელი სახლის ეზოში, დიდი ხის ჩრდილში გაუშლიათ ხალიჩა, სხედან და საუზმობენ. დასასვენებელი სახლის დირექტორს, რომელიც არავის გაუფრთხილებია, არ შეუშვია შენობაში, ვიღაცას უთქვამს, ცეკას რომელიღაც მდივანი ჩამოვიდაო (სტალინს თანამგზავრებისთვის აუკრძალია თავიანთი ვინაობის გამხელა).

_ ვიღაც “მდივნუშკები” ჩამოდიან, მე მათი მიღების უფლება არ მაქვს, _ უპასუხია დიასახლისს.

მიქელაძემ ეს რომ გაიგო, ისე შეშინდა, რომ კინაღამ ცხოვრება გაათავა. როცა დირექტორს უთხრეს, ვინ არ შეუშვა სახლში, ქალს გული წაუვიდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

სტალინმა თავისთან მიიწვია გონზე მოსული დირექტორი, გაამხნევა, უთხრა, რომ სწორად მოიქცა და ირონიულად შეეკითხა:

_ მითხარით, გეთაყვა, თქვენთან ისე ხშირად ჩამოდიან ცეკას “მდივნუშკები”, რომ თავი მოგაბეზრეს?

ნესტორ ლაკობას დავალებით დაუყოვნებლივ გავემგზავრე ზუგდიდში, სადაც თბილისიდან უნდა ჩასულიყვნენ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის (“ზაკრაიკომის”) მდივანი ქართველიშვილი და ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე ლავრენტი ბერია. ჩასვლისთანავე შევხვდი მათ და დაწვრილებით მოვუყევი გაგრაში სტალინის ჩამოსვლის ამბავი. ბერიამ თქვა, რომ ქალი, რომელიც მასთან (სტალინთან) ერთად ჩამოვიდა, მისი ცოლი ნადეჟდა ალილუევაა, კაცი კი _ დაცვის უფროსი ვლასიკი.

ჩამსვეს თავიანთ მანქანაში და დავიძარით სოხუმისკენ, ორჯონიკიძის დასასვენებელი სახლისკენ, სადაც გაიმართა ბანკეტი აფხაზეთის ასსრ-ის საბჭოთა და პარტიული ორგანოების ხელმძღვანელობის მონაწილეობით. საღამოს 10 საათზე კი გავაცილეთ სტალინი გაგრის რკინიგზის სადგურამდე, საიდანაც ქართველიშვილთან, ბერიასთან, ლაკობასთან და სხვებთან ერთად მატარებლით გაემგზავრა წყალტუბოში. იმ დროს სოჭიდან სოხუმამდე რკინიგზა გაყვანილი არ იყო.

* * *

1931 წლის სექტემბრის ბოლოს სტალინი ბერიას, ლაკობასა და სხვების თანხლებით წყალტუბოდან დაბრუნდა და გაგრაში დაბინავდა.

საღამოს 6 საათი იყო.

სტალინის პატივსაცემად მცირე ბანკეტი გაიმართა. ესწრებოდნენ: სტალინი მეუღლითურთ, ბერია, ლაკობა მეუღლითურთ, პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი ლადარია, გაგრის კურორტების სამმართველოს დირექტორი მიხეილ ლაკობა, პარტიის გაგრის რაიკომის მდივანი კიუტი და აფხაზეთის ასსრ-ის ორი სახალხო კომისარი.

იმ დროს ჩემს განკარგულებაში დაცვის სამი თანამშრომელი მყავდა. დამატებით მომამაგრეს სასაზღვრო დაცვის კავალერისტების ოცეული, რომელიც განაწილებული იყო სტრატეგიულ პუნქტებზე, უმთავრესად, ღამ-ღამობით სანაპირო ზოლზე საეჭვო პირების გადმოსხმის აღსაკვეთად.

ვახშმის დაწყებამდე ბერიამ მიხმო და მკითხა, შევძლებდით თუ არა შემოწმებული ოფიციანტი ქალის მონახვას, რომელიც მოემსახურებოდა სტუმრებს. ვუპასუხე, უკვე გვიანაა და ასეთი ქალის მონახვა გაგვიჭირდებოდა. სამაგიეროდ შეგვეძლო ყოველმხრივ შემოწმებული, კვალიფიციური ოფიციანტი მამაკაცის მიწვევა, რომელიც გაგრის სასტუმროს რესტორანში მუშაობდა. გვარად იყო მეტრეველი. ბერია დამეთანხმა.

ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა საბანკეტო დარბაზში შევიხედე. ბერიამ დამიძახა და მეუბნება:

_ მაგიდის ბოლოში დაჯექი, იქ არის თავისუფალი ადგილი. აიღე ჭიქა და სტალინის სადღეგრძელო დალიე. გაითვალისწინე, რომ მისი სადღეგრძელო უკვე შევსვით, და თუ შეგეკითხება, რატომ მაშინ არ თქვი, როცა ყველამ შესვა ჩემი სადღეგრძელოო, უპასუხე: “ბოდიშს გიხდით, ამხანაგო კობა, დავიგვიანე, აქ არ ვიყავი”.

იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი.

მაგიდის ბოლოში თავისუფალი ადგილი ვიპოვე და დავდექი, რადგან ყველანი ფეხზე იდგნენ. ქალები დასასვენებლად იყვნენ წასულები, გვიანი იყო.

სტალინის მარჯვნივ ისხდნენ ნესტორ ლაკობა, შემდეგ _ ორი სახალხო კომისარი სოხუმიდან და კიუტი; სტალინის მარცხნივ _ ბერია, ლადარია, მიხეილ ლაკობა და ადამია. ყველა მხიარულ ხასიათზე იყო. იქაურობას რომ შევეჩვიე, ჭიქა ავიღე და მივმართე სტალინს:

_ ამხანაგო კობა, ნება მომეცით, შევსვა თქვენი სადღეგრძელო.

მაგიდასთან აბსოლუტური სიჩუმე ჩამოვარდა.

_ რატომ მაშინ არ დალიე ჩემი სადღეგრძელო, როცა ყველამ შესვა? _ მეკითხება სტალინი.

ჩემს პასუხს: _ ბოდიშს ვიხდი, დავიგვიანე, აქ არ ვიყავი, მისი შეკითხვა მოჰყვა:

_ ხომ იცი, რომ დაგვიანებულებს ურტყამენ?

ამ რეპლიკამ მოკლე სიტყვა შემაწყვეტინა, მაგრამ უცებვე მოვეგე გონს და დავასრულე:

_ გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კიდევ და კიდევ ჯანმრთელობას!

სტალინი ბევრს ეწეოდა. ჩიბუხში თამბაქო რომ ჩაიფერფლებოდა, პაპიროსს ჩაანაცვლებდა.

ეს ბანკეტი ჩვეულ ვახშამს არ ჰგავდა, უფრო საქმიანი თათბირი იყო, სადაც ფრიად საინტერესო და აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემატიკას განიხილავდნენ.

თუ რომელიმე მონაწილე ბელადის სადღეგრძელოდ წარმოთქმულ სიტყვაში პოლიტიკურ ლაფსუსს დაუშვებდა ან წაუქლესავებდა, სტალინი მას დაუნდობლად აკრიტიკებდა.

სწორედ ამ ისტორიულ, ჭკუის სასწავლებელ მომენტებზე მინდა შევჩერდე. ისინი მეხსიერებაში ისე ჩამეჭედა, რომ არასოდეს დამავიწყდება.

* * *

ვახშმის თამადა ნესტორ ლაკობა ხელმეორედ წარმოთქვამს იოსებ სტალინის სადღეგრძელოს. ჩამოთვლის მის დამსახურებას პარტიისა და სახელმწიფოს წინაშე. ეშხში შესულს სტალინი შეაწყვეტინებს სიტყვას და სთხოვს, გააგრძელოს მას შემდეგ, რაც ჩემთან საუბარს დაამთავრებს.

_ რა გვარის კაცია და რა ჰქვია ოფიციანტს? _ მეკითხება სტალინი.

ვუპასუხე:

_ მეტრეველი ვასო.

მცირე ყოვნის შემდეგ სტალინი ოფიციანტს ქართულად მიმართავს:

_ ეტყობა, რაჭველი ხარ.

მეტრეველი აღელვებულია და სიხარულით უპასუხებს:

_ დიახ!

სტალინი ყვება:

_ 1927 წელს მე და სერგო ორჯონიკიძე რაჭის მაზრაში ჩავედით. მთელი დღე საქმით ვიყავით დაკავებული. ლუკმა პირში არ ჩაგვსვლია. როცა იქ მივედით, სადაც ვახშამი უნდა დაეხვედრებინათ, გაირკვა, რომ ჩვენს გასამასპინძლებლად არაფერი ჰქონდათ მომზადებული. სერგო განაწყენდა, ანერვიულდა. ვეუბნები: “მოითმინე, კაზაკო, ატამანი გახდები”. დატრიალდნენ მასპინძლები. შუა ღამეს გადასცდა. მთელი დღის დაღლილებს ერთი სული გვქონდა, დაგვესვენა. ვივახშმეთ და წასვლა დავაპირეთ. რაჭველები გვეუბნებიან: “თქვენთან დაჯდომა და საუბარი რომ მოვისურვეთ, დგებით და მიდიხართო?” ვუპასუხე, რომ თავს ცუდად ვგრძნობ და დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ, იძულებული ვარ დაგტოვოთ და წავიდე-მეთქი. წავედი დასაძინებლად. რაჭველები ძალიან ზანტები არიან, მაგრამ, თუ აიშვეს, ადვილად ვერ გააჩერებ.

სტალინი კვლავ დაყოვნდა და განაგრძო:

_ თქვენ ჩემი სადღეგრძელო დალიეთ. არ დავიწყებ გამოკვლევას, ვინ იყო ეს კაცი უწინ (მეტრეველზე მიგვითითა), ამჯერად მუშაა, გვემსახურება. მისი სადღეგრძელო არ დაგვილევია, ამიტომ გთავაზობთ, შევსვათ მეტრეველის სადღეგრძელო.

შემდეგ მიუბრუნდება ნესტორ ლაკობას:

_ ლაკობა, შეგიძლიათ განაგრძოთ თქვენი სიტყვა.

ლაკობა ცოტა შეწუხდა, მაგრამ შეძლო ემოციის მოთოკვა და დალია კობასა და მეტრეველის სადღეგრძელო.

კობას და მეტრეველის სადღეგრძელო წარმოთქვა ბერიამაც _ მოკლედ და გასაგებად ილაპარაკა.

შემდეგი ლადარია გამოვიდა. მაღალფარდოვანი სიტყვით მიმართა სტალინს, ჩამოთვალა მისი მიღწევები პარტიისა და სახელმწიფოს წინაშე. აშკარად ჩანდა, რომ სტალინს არ სიამოვნებდა მისი მოსმენა, და როცა ლადარიამ თქვა _ “ამხანაგო კობა, თუ საჭირო გახდა პარტიის საქმისათვის, მზად ვარ თავი მოვიკლა”, სტალინმა შეაჩერა:

_ ბაქოელი ბუნიათზადე ამბობდა, რომ პარტიის საქმისთვის მზად იყო ნებისმიერ დროს თავი მოეკლა _ თუ საჭირო გახდა, შემიძლია მესამე სართულიდან მეოთხეზე ავიდე და ქიდან ქვაფენილს დავენარცხოო. ეს სისულელე და უჭკუობაა. დადგება დრო და ყველა ჩვენგანი მოვკვდებით. ეს პარტიის მოთხოვნის გარეშეც მოხდება.

ყველა სულგანაბული უსმენდა.

_ აი, რას მოვითხოვ აფხაზეთის ყველა ახალი თუ ძველი ორგანიზაციისგან _ მომავალში არ გაიმეოროთ ის, რაც თქვენთან, გუდაუთის რაიონში მოხდა. გლეხობის ძირითად მასას გაგებით უნდა მოეკიდოთ, დანარჩენებს _ ნაკლებად.

მას მხედველობაში ჰქონდა კოლმეურნეობების წინააღმდეგ კულაკების გამოსვლა. ასეთი მწვავე კრიტიკის შემდეგ აღარავის დარჩა სიტყვის წარმოთქმის განსაკუთრებული სურვილი.

ცოტა ხნის შემდეგ მიხეილ ლაკობა იტყვის კობას და მეტრეველის სადღეგრძელოს. მას სიტყვას გააწყვეტინებს ნესტორ ლაკობა (მისი ძმა), უთუოდ იმ მიზნით, რომ გაეფანტა შექმნილი მძიმე განწყობილება და გაეხალისებინა სუფრა. მიმართავს სტალინს და უყვება:

_ ამხანაგო კობა, როცა 1924 წელს აქ იყო ტროცკი, მიხეილ ლაკობამ იხვებზე სანადიროდ წაიყვა, მოემსახურა მეძებარი ძაღლივით: ტროცკი იხვს რომ მოახვედრებდა და ნანადირევი ლაქაშებში ჩავარდებოდა, ლაკობა მოურბენინებდა.

ყველა ყურადღებით უსმენდა.

სტალინმა სერიოზულად შენიშნა:

_ თქვენ ტროცკის მოემსახურეთ, თან როგორც მეძებარი ძაღლი. ეს კომუნისტისთვის უღირსი საქციელია.

მიხეილ ლაკობა ანერვიულდა, თავის მართლება დაიწყო, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო _ ნესტორ ლაკობამ ამგვარი გახუმრებით თავის ძმას კომბალი ჩაარტყა თავში.

სტალინმა განაგრძო:

_ თქვენ იცით, როცა ტროცკი იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი, წინასწარ თურქეთში გააგზავნა ასეთი დეპეშა: “ანკარა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ქემალ ფაშას. ნება დამრთეთ შემოვიდე თქვენს ტერიტორიაზე საბჭოეთის ძალდატანების გამო”. პასუხი ასეთი მიიღო: “მოსკოვი, კრემლი, ტროცკის. თუ თქვენ ჩემი ტერიტორია საბჭოთა ტერიტორიაზე უფრო მოგწონთ, ამ შემთხვევაში წინააღმდეგი არ ვარ. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქემალ ფაშა”. ტროცკიმ უპასუხა _ კიო. გაემგზავრა იქ, საიდანაც ჩამოვიდა. გზაც იქით ჰქონია!

ამის შემდეგ ნესტორ ლაკობა სერგო ორჯონიკიძის სადღეგრძელოს წარმოთქვამს. სტალინმა აიღო პატარა ჭიქა და თქვა:

_ სერგოს გაუმარჯოს! ღირსია შევსვათ მისი სადღეგრძელო.

წამიც არ იყო გასული, რომ სტალინი აიღებს ცარიელ ჭიქას, ვითომ ვერ შენიშნავს, რომ სასმისში ღვინო არ ასხია და იტყვის:

_ გაუმარჯოს მამულიას.

მამულია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.

ყველა სახტად დარჩა. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here