Home რუბრიკები საზოგადოება სანამ კორონავირუსს ლოკდაუნით ვებრძვით, ნარკომანიამ მხრები გაშალა

სანამ კორონავირუსს ლოკდაუნით ვებრძვით, ნარკომანიამ მხრები გაშალა

გაეროს 2020 წლის ნარკოანგარიში საქართველოს რაკურსით

1099
გელა ლეჟავა

_ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლმა ოფისმა 2020 წლის მსოფლიოს ნარკოანგარიში გამოაქვეყნა. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში თავმოყრილია ინფორმაცია გაეროს წევრი ქვეყნების ნარკოპოლიტიკის შედეგიანობის შესახებ, გაანალიზებულია წევრი სახელმწიფოების ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და გაცემულია რეკომენდაციები ახალი COVID-19-ის ფონზე მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ასათიანის სახელობის ფსიქიატრიისა და ნარკომანიის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გელა ლეჟავამ.

წარმოდგენილია ოპიატების, კოკაინის, ამფეტამინის ტიპის სტიმულატორების, კანაბისის _ მარიხუანის _ და ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნების ვითარება, რომელიც ხასიათდება უმძიმესი შედეგებით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედებით. ლაპარაკია ნარკოტიკების პრობლემის მდგრად განვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ურთიერთდამოკიდებულებაზე.

ასეთია მთავარი აქცენტები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანების, საზოგადოებისა და სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამწუხაროდ, მჭიდროდ უკავშირდება ნარკოტიკების პრობლემას. არაკეთილსაიმედო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი ხელს უწყობს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული პრობლემების ზრდას, მათ შორის, სოციალური პირობების გაუარესებას, გაუნათლებლობას, დაუსაქმებლობას და ა.შ. გაეროს ყოველწლიურ ანგარიშებში მეორდება, რომ ნარკომანიის მანკიერი წრის გასარღვევად, მარგინალიზაციისა და სოციალურეკონომიკური არასახარბიელო პერსპექტივის დასაძლევად საჭიროა ამოქმედება სახელმწიფო პროგრამებისა, რომლებიც დააკავშირებს ანტინარკოტიკულ ღონისძიებებს ეფექტიან მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარკომანიის პრევენციის ღონისძიებებს და მიმართული იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისა და სოციალურეკონომიკური უთანასწორობის შემცირებისკენ.

წლევანდელ ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მსოფლიოში ნარკოტიკების მოხმარების ზრდის ტენდენცია გრძელდება, რომელიც ბევრი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, ურბანიზაციით, ნარკომან მოზარდთა რაოდენობის კატასტროფული მატებით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესებით და ამჯერად პანდემიის ფაქტორითაც. ამ მავნე წრის გასარღვევად, გაეროს დასკვნის მიხედვით, არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: ნარკომანიის პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფუძნება ჭეშმარიტი, სტატისტიკური მონაცემების მეცნიერულ ანალიზზე. მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, ეს ღონისძიებები, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს.

ნარკომანიის პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, დანაშაულის შემცირებას, სოციალური უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებასა და, საერთოდ, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას.

ასეთია გაეროს მთავარი მესიჯი, რომელსაც დავუმატებ, რომ დღეს საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის გასაღები, როგორც არასდროს, საზოგადოების ხელშია. სწორედ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნარკომანიაც ერთგვარი პანდემიაა ქვეყნისთვის და მის გადასალახად ისეთი ერთსულოვნება გვჭირდება, როგორც ბოლო პერიოდში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გამოვიჩინეთ. მე ამას ბრძოლას არც დავარქმევდი, ესაა საზოგადოებრივი შეგნების, განწყობის, სამოქალაქო ძალის წარმართვა ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების მოხმარების აღსაკვეთად.

_ ანგარიშში, როგორც ვიცით, დიდი ადგილი დაეთმო COVID-19-ის უკიდურესად უარყოფით გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე.

_ დიახ, ასეა. COVID-19-ის დასაძლევად განხორციელებულმა ლოკდაუნებმა, წერტილოვანმა, თუნდაც დროებითი ხასიათის სხვა შეზღუდვებმა შეიძლება გაამწვავოს მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

ანტინარკოტიკული პროგრამების კავშირი განვითარების სფეროს ღონისძიებებთან ერთად, რომელთაც ჩვენი მთავრობა გეგმავს კრიზისის ნეგატიური ეფექტის შემცირების მიზნით, იმედია, ხელს შეუწყობს COVID-19 პანდემიით გამოწვეული, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით დარღვევების მქონე პირების რაოდენობის შემდგომი ზრდის პრევენციას, მაგრამ საამისოდ დღეს, როდესაც გვიახლოვდება COVID-19 პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, შემცირებული სახელმწიფოებრივი რესურსები მაქსიმალურად მივმართოთ ეფექტიანი ზომების დასაფინანსებლად და არ დავხარჯოთ ისეთი ღონისძიებების მხარდასაჭერად, რომლებსაც არ გააჩნია სამეცნიერო საფუძველი ან დაბალი შედეგიანობით ხასიათდება.

ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ნაწილია და გახსნილი საზღვრების პირობებში, ნებისმიერი ძვრა ეხება სამყაროს იმ ნაწილსაც, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ მეტი ან ნაკლები დოზით. ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობის დონის მკვეთრი დაცემა და ამის გამო ადამიანების მატერიალური მდგომარეობის გაუარესება, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც წაახალისებს ადამიანებს ნარკობიზნესისკენ საარსებო საშუალებების მოსაპოვებლად. ეპიდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა კი ხელს შეუწყობს ნარკოტიკების მოხმარების მატებას, ისევე როგორც ხდებოდა წარსულში. სწორედ ასეთი შედეგების თავიდან ასაცილებლად გასცემს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გაერო, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამ.

_ რას ურჩევთ თქვენ, როგორც დარგის ექსპერტი, საქართველოს ხელისუფლებას?

_ COVID-19-ის პანდემიამ თვისობრივად შეცვალა ნარკოპრობლემის ხასიათი. ეს თავისთავად ცხადია. ჩვენს მთავრობას კი ვურჩევ იმას, რასაც გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში საჯაროდ აცხადებს: შექმნილ სიტუაციაში მეცნიერული ანალიზის ნდობა და სამეცნიერო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა პანდემიის დამარცხების ძირითადი იარაღია. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის პრევენციის ოფისი იმეორებს, რომ, როგორც ყოველთვის, ანალოგიური იარაღი უნდა იქნეს გამოყენებული მსოფლიო ნარკოპრობლემების აღსაკვეთად.

ასეთი მიდგომა დღეს უკიდურესად აუცილებელია, რადგან პანდემიამ მნიშვნელოვნად გაამძაფრა ნარკომანიის პრობლემა მსოფლიოში.

ნარკოსიტუაციის გაუარესება მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. მიზეზი მარტივია: ქართველი ერი გერმანელების, იტალიელების, ფრანგების, თუნდაც პორტუგალიელების, ჩეხებისა და სხვა ერებისგან განსხვავებით მეტად მცირერიცხოვანნი ვართ. მათგან განსხვავებით ჩვენში ნებისმიერი მცირე პროცენტის დანაკარგი შეუქცევად პროცესებს, ანუ რაოდენობრივ კლებას გამოიწვევს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ჯანდაცვაზე და, მათ შორის, ნარკომანიის პრობლემების პრევენციაზე მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე ჩვენზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს, ნათელი გახდება, რომ ქართველებს ამ პრობლემის მიმართ გამძაფრებული ყურადღება გვმართებს. ზიანის მომტანია იმ დილეტანტი ვაიექსპერტების მოსაზრებები, რომელთა დასასაბუთებლად უცხოეთის მაგალითებს ასახელებენ. შეიძლება შევადაროთ, ვთქვათ, ნიდერლანდების ნარკოკანონმდებლობა ქართულ ნარკოკანონმდებლობას? ნიდერლანდების მთავრობა ერთ მოქალაქეზე მხოლოდ ნარკოპრობლემებზე 120 დოლარს ხარჯავას წელიწადში; სხვები _ 90, 80, სულ ცოტა 50-40 დოლარს; ჩვენ _ მიზერულ ლარებს.

ნარკოტიკებისა და დანაშაულის გაეროს ოფისის წლიურ ანგარიშში მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან სტატისტიკურ კვლევებზე დაყრდნობით მოყვანილი დასკვნები, ფაქტობრივად, მოუწოდებს მთავრობებს, მეცნიერული კვლევების საფუძველზე მიიღონ შესაბამისი ზომები, თავიანთ ქვეყნებში შექმნილი რეალური სიტუაციის გათვალისწინებით, არ დაიშურონ ფული ამ პრობლემების მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს მოიმკიან.

ესაუბრა ეკა ნონიაშვილი

რედაქციისგან: გასულ შაბათს, 30 იანვარს, ტელეარხმა ОРТ-მ გადასცა დოკუმენტური ფილმების ციკლი ვლადიმერ ვისოცკის, უნიკალური რუსი ბარდის, შესახებ, რომელიც ნარკოდამოკიდებულებამ დაღუპა: 1980 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა.

ეს ის დრო იყოო (ათქმევინეს ვისოცკის ერთ-ერთ ახლობელს ფილმის ავტორებმა), როცა საბჭოთა კავშირში არაფერი იცოდნენ ნარკომანიის შესახებ.

დასაზუსტებელია: არ იცოდნენ კი არა, აკრძალული იყო ლაპარაკიც კი ნარკომანიაზე, ალკოჰოლიზმსა და პროსტიტუციაზე.

ეს ერთი.

მეორე: ჯერ კიდევ 1960 წლის 30 ივნისს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა საგანგებო ბრძანებულება, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად იყო მიმართული. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც სახელმწიფო სექტორის მოხელეებთან ერთად ახალგაზრდა მეცნიერები, სამეცნიერო ხარისხების მფლობელები _ გელა ლეჟავა და ანზორ გაბიანი (ღმერთმა ნათელში ამყოფოს!) შევიდნენ.

მაშასადამე, იმხანად, რომელზეც ზემოთ მიგანიშნეთ, საქართველოში არა მხოლოდ იცოდნენ, რას ნიშნავდათეთრი სიკვდილი”, არამედ მასთან ბრძოლის 20-წლიანი გამოცდილებაც იყო დაგროვებული.

ამიტომ თავს უფლებას ვაძლევთ, მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს ბატონ გელა ლეჟავას რჩევებსა და რეკომენდაციებს, მით უფრო, რომ, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, კოვიდპანდემიისას მოიმატა დეპრესიულმა განწყობილებამ განსაკუთრებით 19-27 წლის ახალგაზრდებს შორის, რაც ხელს უწყობს ნარკომანიის გავრცელებას საზოგადოების ამ ფენაში და, საზოგადოდაც, მომავალი თაობის დეგრადაციის წინაპირობაა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ნარკომანიით ყველაზე უფრო დაბინძურებულთა შორის არის მოხსენიებული.

ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის კომიტეტების დონეზე უკვე განიხილეს კანონპროექტი “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი არჩეული დეპუტატები არ დააყოვნებენ ამ პროექტის კანონად დამტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here