Home რუბრიკები საზოგადოება რძის მწარმოებელთა პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები

რძის მწარმოებელთა პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები

1644
ძროხა

საქართველო და მსოფლიოდღევანდელი ნომრიდან აგრძელებს რუბრიკისფერმერის სკოლისპუბლიკაციას. რუბრიკას უძღვებიან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები გოგოლა მარგველაშვილი და ელგუჯა გუგუშვილი.

წერილი პირველი

სოფლად მცხოვრები 587 ათასზე მეტი ოჯახი ემზადება საზაფხულო სამუშაოებისთვის, მათ შორის, ის ფერმერებიც, რომლებიც ძროხების მოშენებას მიზდევენ, და ისინიც, ვისაც ოჯახში ერთი “მარჩენალი” ფური ან ფურკამეჩი მაინც ჰყავს. ასეთი კი საქართველოში 240 ათასი კომლია.

წვრილ ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებში ძროხის შენახვა ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხოველების, განსაკუთრებით, მეწველი ფურების, სწორად და უმტკივნეულოდ გადაყვანას ბაგურიდან საძოვრულ კვებაზე.

ცნობილია, რომ ფერმერულ და სოფლად მცხოვრებთა საოჯახო მეურნეობებში ფურები მასობრივად იგებენ ხბოს თებერვლის ბოლოს-მარტში, ანუ საძოვარზე გაშვებისას ისინი იმყოფებიან ლაქტაციის საწყის სტადიაში. სუფთა ჰაერი, აქტიური მოძრაობის შესაძლებლობა და მზის სხივები დადებითად მოქმედებს ცხოველის ორგანიზმზე, ასტიმულირებს მის ყველა ფუნქციას, მაგრამ, თუ ბაგურიდან საძოვრულ კვებაზე გადასვლა გეგმაზომიერად, საქმის ცოდნით არ მოხდა, შესაძლოა, ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.

ტრადიციულად, საძოვარზე ძროხა გაჰყავთ თბილი დღეების დადგომისთანავე, ანუ ბალახის ვეგეტაციის საწყის სტადიაში. ცნობილია, რომ ქორფა ბალახი მდიდარია ადვილად მოსანელებელი პროტეინით. საკმაო რაოდენობითაა მასში დაბალმოლეკულური ნახშირწყლები და ზოგიერთი მინერალური ნივთიერება. ამან, ერთი შეხედვით, დადებითად უნდა იმოქმედოს რძეზე, განაყოფიერების უნარზე, მიღებული ნამატის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლისუნარიანობასა და სხვ.

მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება.

საქმე ის არის, რომ ზამთრის უხეში საკვებიდან საძოვრის ბალახზე (“ახალ საკვებზე”) გადასვლა, ანუ ულუფაში ყუათიანი ნივთიერებების სტრუქტურისა და შემადგენილობის მკვეთრად შეცვლა საჭიროებს ფაშვის მიკროფლორის სახეობრივი შედგენილობის შესაბამის ცვლილებას. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება და, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება, ცხოველის ორგანიზმი განიცდის დისკომფორტს, რაც ვლინდება კუჭის აშლილობითა (დიარეით) და ხშირი დეფეკაციით.

მიუხედავად ამისა, ვისაც ჰყავს მეწველი ფური კარგად იცის, რომ საძოვარზე გაყვანიდან რამდენიმე დღეში მონაწველი მოიმატებს. ეს საყურადღებო ფაქტია, მაგრამ, ასევე საგულისხმოა ის, რომ ამ პერიოდში ფური, როგორც წესი, შეჭმული საკვების ენერგიის შესაბამის სარძეო პროდუქტიულობას ვერ ავლენს, რაც იწვევს საკვების გადახარჯვას.

აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, გარდამავალ პერიოდში, ფერმერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ცხოველების ბაგური კვების ულუფიდან ზაფხულის ულუფაზე გადაყვანაზე, რასაც, სულ მცირე, 8-10 დღე მაინც სჭირდება. პრაქტიკულად ეს შემდეგნაირად უნდა გაკეთდეს:

დილით, საძოვარზე გარეკვამდე, ცხოველებს მცირე რაოდენობით (1,5-2,0 კგ) უნდა მივცეთ ის მოცულობიანი საკვები (თივა, ნამჯა, ჩალა, სენაჟი, ან სხვ.), რომლითაც იკვებებოდა ზამთრის პერიოდში. ყოველ მომდევნო დღეს მოცულობიანი საკვების რაოდენობას 10-15%- ით ამცირებენ, ანუ 8-10 დღის შემდეგ უკვე საჭრო არ იქნება მოცულობიანი საკვების მიცემა.

ეს პერიოდი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ფაშვში მომრავლდეს ულუფის ახალი შედგენილობის შესაბამისი მიკროფლორა, საჭმლის მომნელებელი სისტემა გადაერთოს საძოვრის წვნიანი ბალახის მონელებაზე და თავიდან აგვაცილოს გართულებები, მათ შორის, გაბერვის ან დიარეის (ან ორივეს ერთად) შემთხვევები.

გარდამავალი პერიოდის გართულებების თავიდან ასაცილებლად და რძის მოსამატებლად მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დილით, საძოვარზე გარეკვამდე, ფურს მივცეთ კონცენტრირებული საკვების (კომბინირებული საკვების ან მარცვალნარევის) დღიური ნორმის ნახევარი, ხოლო საძოვრიდან დაბრუნების შემდეგ, მოწველის წინ _ მეორე ნახევარი. კონცენტრირებული საკვების დღიური ნორმა კი გაიანგარიშება შემდეგნაირად: დღეში 10 ლ-მდე მეწველი ფურისთვის ყოველ 1 ლ მოწველილ რძეზე განსაზღვრულია 100 გ კონცენტრატი, 11-15 კგ-მდე დღიური წველადობისას _ 130-150 გ/1 ლ რძეზე, 16-20 ლ მეწველისთვის კი _ 200-250 გ/1 ლ რძეზე. ეს პროცედურა არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვების მონელებას და ავსებს ფურის ორგანიზმის დეფიციტს, არამედ დადებითად მოქმედებს რძის გაცემის პროცესზე.

გაცილებით უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი იმ ცხოველების საძოვრულ კვებაზე გადაყვანა, რომლებსაც ბაგურად კვებისას ულუფაში ეძლეოდათ სილოსი, ძირხვენები, სენაჟი და სხვ. ასეთ შემთხვევაში დილით უხეში საკვების მიცემის ზემოთ აღწერილი პროცედურა აუცილებელი არ არის.

საქართველოს ბარში, როგორც წესი, ცხოველები საძოვარზე გაჰყავთ გაცილებით ადრე (მარტის მეორე ნახევრიდან), ვიდრე ბალახი “მომწიფდება”. ამის აუცილებლობას ფერმერები გამოსაზამთრებლად დამზადებული საკვების სიმცირით ხსნიან. ასეთი მიდგომა მრავალი გარემოების გამო მიუღებელია. მათ შორის მთავარი არის ის, რომ ნორჩი ბალახის ძოვა უარყოფითად მოქმედებს ცენოზის სახეობრივ შედგენილობაზე და, შესაბამისად, მცირდება, როგორც მოსავლიანობა, ასევე ყუათიანობა.

საძოვრის საკვების ეფექტიანად გამოყენებისა და მოსავლიანობის შენარჩუნების, აგრეთვე, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, საძოვარზე გაყვანის პერიოდის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით, გაზაფხულზე საძოვრის ექსპლუატაციის დაწყების მაჩვენებლად უნდა ავიღოთ ბალახის სიმაღლე. სხვადასხვა ტიპის საძოვრისთვის ნორმა ასეთია: მშრალი ადგილების ბუნებრივი საძოვრებისთვის _ 10-12 სმ, ტენიანი დაბლობის ბუნებრივი საძოვრებისთვის _ 12-15 სმ, დაბლობის ბუნებრივი ან კიდევ ურწყავი მრავალწლიანი ნათესბალახოვანი საძოვრებისთვის _ 15-18 სმ და სარწყავი მრავალწლიანი ნათესბალახოვანი საძოვრებისთვის _ 18-20 სმ. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ პარამეტრების დაცვა უზრუნველყოფს ცენოზის შედგენილობისა და საძოვრების მოსავლიანობის სტაბილურობას მრავალი წლის განმავლობაში.

ძროხის საძოვარზე შენახვისას გასათვალისწინებელია ის, რომ მწვანე ბალახი მცირე რაოდენობით შეიცავდეს ზოგიერთ მინერალური ნივთიერებას, მაგ., კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმს, სპილენძს, კობალტსა და ზოგიერთ სხვა ნივთიერებას, რის გამო აუცილებელია ცხოველს, მით უფრო მეწველ ფურს, დამატებით მივცეთ მინერალური საკვებდანამატი.

ამის აუცილებლობა არის ის, რომ მინერალური ნივთიერებების დეფიციტი, არა მხოლოდ არღვევს ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედების რეჟიმს, არამედ ამცირებს საკვების საყუათო ნივთიერებების მონელებას. ეს კი, თავის მხრივ, ფურებში იწვევს რძის შემცირებას, სქესობრივი ციკლის მოშლას და სერვის-პერიოდის გახანგრძლივებას, ხბოებში კი _ ზრდაში ჩამორჩენას.

ფერმერები მეწველ ფურს იშვიათად აძლევენ სუფრის მარილს. არადა, ეს ნივთიერება ცხოველის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ყოველ 100 კგ ცოცხალ მასაზე ფურს სჭირდება 5-7 გ და დამატებით, ყოველ 1 ლ მოწველილ რძეზე _ 3-5 გ სუფრის მარილი. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, საკვებურში ცხოველს მუდმივად ჰქონდეს სხვადასხვა საკვებდანამატით გამდიდრებული მარილის დაწნეხილი ბრიკეტები ან ქვამარილი.

მაგრამ მხოლოდ სუფრის მარილის მიცემა ვერ ხსნის ულუფაში მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პრობლემას. ცნობილია, რომ რძე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორსა და სხვა მიკრო და მაკროელემენტებს. ორგანიზმში მათ შესავსებად კი ცხოველსბაგაზე მუდმივად უნდა ჰქონდეს, ასევე, მონოკალცი ან დიკალციფოსფატის სურვილისამებრ მიღების შესაძლებლობა.

საძოვარზე გაყვანის წინ აუცილებელია ფურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, რაც თავიდან აგვაცილებს ინფექციური თუ ინვაზიური დაავადებების გავრცელებას. ამისათვის ფერმერმა უნდა მიმართოს ვეტერინარს, რომელიც, ცხოველის გამოკვლევასთან ერთად, ჩაატარებს ყველა იმ პროცედურას, რომლებიც ამ პერიოდისთვის აუცილებელია, მათ შორის, გეგმურ ვაქცინაციას ჯილეხზე, ემკარსა და თურქულზე; გამოიკვლევს ცხოველს ტუბერკულოზსა და ბრუცელოზზე; მისცემს მას ჰელმინთების საწინააღმდეგო პრეპარარტებს და სხვ. მხოლოდ ასეთი პროცედურები უზრუნველყოფს ძროხის საძოვარძე შენახვის მაღალეფექტიანობას.

ცალკე თემაა ნახირის ძოვების სწორად ორგანიზაციისა და საძოვრების მოვლა-გაუმჯობესების საკითხი. ამაზე შემდეგ წერილში ვისაუბროთ.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრის კონსულტანტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here