Home რუბრიკები ისტორია როგორ ჩაფლავდა ფაშისტების მიერ სტალინის ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია

როგორ ჩაფლავდა ფაშისტების მიერ სტალინის ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია

ფაშისტების აგენტები: პეტრე შილო და მისი ცოლი

დასასრული. დასაწყისი იხ. #20, 2020წ.

საქართველო და მსოფლიოსმიმდინარე წლის მე-19 ნომერში გამოქვეყნებულ მასლასტერაქტები სტალინის წინააღმდეგდავურთეთ ანონსი, რომ გაზეთის მომდევნო ნომერში რუბრიკითოცდამეხუთე გვერდიმკითხველებს დაწვრილებით მოვუთხრობდით გერმანული დაზვერვის მიერ იოსებ სტალინის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის ჩაფუშვის ამბავს. გაზეთის წინა ნომერში დავიწყეთ დაპირების შესრულება.

დღეს ვამთავრებთ.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბერლინში გრეიფმა ტავრინს გაანდო საიდუმლო:

_ ახლა თქვენ უკვე გაქვთ უფლება, იცოდეთ, რომ თქვენი მთავარი მიზანი მოსკოვში იოსებ სტალინის ლიკვიდაციაა.

სწორედ ამ მომენტში იგრძნო ტავრინმა, რომ მისი დღეები დათვლილია.

1944 წლის 5 სექტემბერს თვითმფრინავი Arado 232 B05 კვლავ გადაკვეთს ფრონტის ხაზს. იგი სამჯერ აღმოჩნდება საბჭოთა საზენიტო არტილერიის ცეცხლის ზონაში. თვითმფრინავი კვლავ უკან ბრუნდება, რიგის სამხედრო აეროდრომისკენ იღებს კურსს, მაგრამ ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდება და პილოტი იძულებული ხდება, ავარიული დაფრენა განახორციელოს.

შილოადამჩუკის დაკითხვის ოქმიდან:

“_ დავფრინდით დაახლოებით ღამის პირველი საათის ფარგლებში. დაზიანებული ძრავით ერთი წრე დავარტყით და დაშვება დავიწყეთ. პილოტმა, ეტყობა, კარგად ვერ გათვალა დასაფრენი მოედნის პარამეტრები და თვითმფრინავმა ხეების კენწეროების მოცელვა დაიწყო. მფრინავმა სცადა აფრენა, მაგრამ დაგვიანებული იყო. დიდი მტვრევის ხმა გავიგონეთ და თვითმფრინავი, ბოლოს და ბოლოს, გაჩერდა.

_ შემდეგ რა მოხდა?

_ გავიდა რამდენიმე წამი. ხმა არავის გაუღია. შემდეგ გავიგონე _ გადახტი! და მეც გავვარდი. ქმარი და ეკიპაჟის წევრებიც გადმოხტნენ. ყველა ელოდა აფეთქებას, მაგრამ ბენზინის ავზი თვითმფრინავს მოსწყდა და შორს გადავარდა. ამან გადაგვარჩინა”.

გერმანელი მფრინავები ეხმარებიან დივერსანტებს, გამოათრიონ თვითმფრინავიდან მოტოციკლეტი, წვავენ თავიანთ საბუთებს და ფრონტის ხაზისკენ ბრუნდებიან.

მეზობელი სოფლის გლეხებმა დაინახეს, თვითმფრინავიდან გადმოსული ორი ადამიანი მოტოციკლეტზე რომ დასხდნენ და მოსკოვისკენ წავიდნენ. დაუყოვნებლივ შეატყობინეს, სადაც ჯერ არს. სახალხო კომისარიატის ძალებით მყისიერად შეიქმნა სამძებრო ჯგუფები, გადაიკეტა მოსკოვისკენ მიმავალი ყველა გზა.

დილის 5 საათზე სმოლენსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ კარმანოვოსთან შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის რაიონული განყოფილების უფროსი ლეიტენანტი ვეტროვი შენიშნავს მოსკოვის მიმართულებით მიმავალ მოტოციკლეტს. საჭესთან კაცი ზის, ეტლში _ ქალი. ვეტროვი შეაჩერებს მათ და საბუთების წარმოდგენას სთხოვს. მამაკაცი პირადობის დამადასტურებელ მოწმობას წარუდგენს. უფროსი ლეიტენანტი ხედავს, რომ მაიორს მკერდი ორდენებითა და მედლებით აქვს დამშვენებული; მათ შორისაა საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავიც. პირადობის მოწმობაში მითითებულია, რომ მის წინაშე დგას მაიორი ტავრინი, მთელი იმ ტიტულატურით აღჭურვილი, რომელიც ამ წერილში გვქონდა მოხსენიებული და გამეორება არ სჭირდება.

ეჭვს არ იწვევს არც მისი თანმხლები ქალის საბუთები _ უმცროსი ლეიტენანტის, შილოს, დოკუმენტები.

ვეტროვი სთხოვს ტავრინსა და მის თანამგზავრს, გაჰყვნენ მილიციის რაიონულ განყოფილებაში. ტავრინს ეტყობა, რომ ღელავს, აცხადებს, რომ ეჩქარება, რადგან მოსკოვში განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეზე ელოდებიან. ვეტროვი ავტომატებით შეიარაღებულ თანამშრომლებზე მიუთითებს და ტავრინიც იძულებულია, დაემორჩილოს.

შეეკითხნენ 39-ე არმიას, საიდანაც უპასუხეს, რომ ასეთი გვარის მაიორი მათთან არ ირიცხებოდა. ტავრინსა და მის ცოლს დააკავებენ და გულდასმით გაჩხრეკენ. სამხილების სიმრავლე და უტყუარობა ტავრინს აიძულებს, აღიაროს, რომ გადმოსროლილია საბჭოთა ტერიტორიაზე დივერსიის განსახორციელებლად. მილიციელები დივერსანტებს უპოვიან შეიარაღების მდიდარ არსენალს: პისტოლეტებს (მათ შორის, ერთს, რომელიც სპეციალური ტყვიებით არის დატენილი), ყუმბარებს, რადიონაღმს, სასროლ მოწყობილობას, რომელიც ავტომატური საწერი კალმისტრის ფორმის სახით იყო დამზადებული, და ტყვიაწამალს; ასევე, ორდენის წიგნაკებს, უამრავ დოკუმენტს ტავრინის სახელზე, 330 ათას საბჭოთა მანეთს, საბჭოთა დაწესებულებების 100-ზე მეტ ბეჭედს. ტავრინი მოითხოვს მოსკოვში გაგზავნას _ საინტერესო ამბები აქვს ჩეკისტებისთვის მოსაყოლი. ამაოდ წუხს, რადგან მოსკოვიდან უკვე გაცემულია დაკავებულთა დედაქალაქში სასწრაფოდ ეტაპირების განკარგულება.

არადო-232”-ის ეკიპაჟის მოსაძებნად შეიქმნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლების, გამანადგურებელი ბატალიონისა და სხვა ქვედანაყოფების რამდენიმე ჯგუფი (სულ 150 კაცი).

გერმანელი ავიატორები თვითმფრინავის ავარიული დაშვების ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით დააპატიმრეს. გამაფრთხილებელ სროლებსა და დანებების წინადადებას მათ სროლითვე უპასუხეს. ამ მომენტში დაიღუპა ბორტმექანიკოსი ბრაუნი, ხოლო რადისტი ჰობერეხტი, აგრეთვე, მსროლელები _შნეიდერი და ჰეტერიხი დააკავეს. ეკიპაჟის მეთაურმა ფირუსმა და შტურმანმა ტიდტუმ მიმალვა შეძლეს, მაგრამ ისინი 13 ნოემბერს იპოვეს და დაატყვევეს. ყველა დაკავებულმა აღიარა, რომ არიან გერმანიის დაზვერვის თანამშრომლები.

1945 წლის აგვისტოში ეკიპაჟის ყველა წევრი დახვრიტეს.

შილოტავრინის დაკითხვის ოქმიდან:

“_ დაწვრილებით მოგვიყევით, როგორ უნდა განგეხორციელებინათ ტერორისტული აქტი.

_ მოსკოვში რომ მოვეწყობოდი, უნდა გამეფართოებინა ჩემი ნაცნობობის წრე, უნდა დამემყარებინა პირადი ურთიერთობა კრემლის ტექნიკურ თანამშრომლებთან, რომლებიც ემსახურებოდნენ საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელებს. კრაუსი მირჩევდა, გამეცნო ქალები. კერძოდ, იმ კატეგორიის ქალები, როგორებიც არიან სტენოგრაფისტები, მბეჭდავები, ტელეფონისტები.

_ რა მიზნით?

_ ასეთი ნაცნობების დახმარებით უნდა დამედგინა მთავრობის ხელმძღვანელების ადგილსამყოფელი, სამთავრობო მანქანების მარშრუტები, ასევე, სად და როდის უნდა გაიმართოს საზეიმო სხდომები ან კრებები საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების მონაწილეობით.

კრაუსმა გამაფრთხილა, რომ ასეთი ცნობების მიღება იოლი არ არის, ამიტომ მირჩია, ამ კატეგორიის ქალებთან დამემყარებინა ინტიმური ურთიერთობა. მომამარაგა სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც, სასმელში თუ ჩავუყრიდი, გამოიწვევდა ქალის ძლიერ სექსუალურ აღგზნებას. ეს წამლები უნდა გამომეყენებინა ჩემთვის დავალებული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე

საზეიმო სხდომაზე შეღწევის შემთხვევაში, უნდა მივახლოვებოდი იოსებ ბესარიონის ძე სტალინს და დამეცხრილა მოწამლული და ფეთქებადი ტყვიებით”.

ლუბიანკაზე დაკითხვისას ტავრინი ისე პასუხობს, თითქოს ამაყობს კიდეც ტერაქტით, რომელიც არ ჩაუდენია, მაგრამ შემდეგ თანდათან ცვლის თავის ჩვენებებს, ცდილობს, დააბნიოს გამოძიება დროის მოგების მიზნით.

მას დაჰპირდებიან, რომ შეუნარჩუნებენ სიცოცხლეს, თუ ჩაებმება რადიოთამაშში გერმანიის დაზვერვასთან. შილო დათანხმდა და ბერლინში გაგზავნა ყალბი შიფროგრამები, თითქოს სადაცაა შეასრულებს დავალებას. მხოლოდ 1945 წლის დასაწყისში მიხვდებიან გერმანელები, რომ საბჭოთა კონტრდაზვერვა აბითურებდა მათ. საბჭოთა სპეცსამსახურებში ეს რადიოთამაში ჩაიწერება სახელწოდებით “ნისლი”.

ასე ჩაფლავდა აბვერის უკანასკნელი მცდელობა სტალინის ლიკვიდაციისა.

შილოტავრინის დაკითხვის ოქმიდან:

“_ ამხანაგო მაიორო, გადაეცით თქვენს ხელმძღვანელობას, რომ კვლავაც გამოვადგები კონტრდაზვერვას. მე მსურს, ჩემი შეცდომების გამოსწორება, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა”.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ტავრინის მოქმედება თავიდან ბოლომდე შიშით იყო ნაკარნახევი. მას ყველასი ეშინოდა. ცდილობდა, რეაბილიტირებული ყოფილიყო ყველა იმ ადამიანის თვალში, რომლებიც სძულდა.

ტავრინს, რა თქმა უნდა, სძულდა საბჭოთა ხელისუფლება, სძულდა გერმანელები, სურდა, ეცხოვრა იზოლირებულ სივრცეში საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ ყოველთვის, როცა ამისკენ ილტვოდა, ირჩევდა საშუალებებს, რომლებიც მას ადამიანური მორალის მიღმა და გაურკვეველი პერსპექტივის წინაშე აყენებდა.

საშიში ტერორისტების წარმატებით გაუვნებლობისთვის “სმერშის” უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი აბაკუმოვი კუტუზოვის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ამ ხარისხის ორდენებით აჯილდოებდნენ მხედართმთავრებს ფრონტული მასშტაბის ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის.

ტერორისტების ფინალი ტრადიციული იყო: მას შემდეგ, რაც ორივენი საჭირონი აღარ იყვნენ, 1952 წლის 1 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის დახურულ სხდომაზე, რომელსაც ადვოკატები არ ესწრებოდნენ, პეტრე შილოს და მის ცოლს, ლიდიას, მიესაჯათ დახვრეტა. ლიდია დახვრიტეს 1952 წლის აპრილში, მისი ქმარი ოდნავ ადრე _ იმავე წლის 28 მარტს.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here