Home რუბრიკები ისტორია როგორ დაიცვეს სტალინმა და ბერიამ კავკასიონი

როგორ დაიცვეს სტალინმა და ბერიამ კავკასიონი

მოლოტოვი, ვოროშილოვი, ბერია და სტალინი

მიმდინარე წლის 6 მარტს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომლის სცენარის ავტორია მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი _ შალვა შენგელი, კონსულტანტი _ ომარ თუშურაშვილი. სცენარის ავტორი სიფრთხილით გადმოგვცემს ფაქტებს, რომლებიც ეხება დიდი სამამულო ომის წლებს. საწყენია, რომ სცენარის ავტორი, მიუხედავად თავისი მრწამსისა და სიმართლისა, შეფარვით ცდილობს, ხარკი გადაუხადოს და სამუშაო შეუსრულოს დამკვეთს, რითაც თავს უხერხულობაში იგდებს. რაც შეეხება სცენარისთვის ხორცშესხმას, ამას უმაღლეს დონეზე ასრულებსკონსულტანტიომარ თუშურაშვილი, რომელიც არამხოლოდ კონსულტანტია, არამედ ამ ფილმის ფუძეც, რომელზეც შემდგომ აშენდა რეჟისორარქიტექტორის მიერ შესანიშნავად დაპროექტებული შუქსავსე შენობა, რომლის არც ერთ კუთხეში ჩრდილი არ არის.

ფილმის ერთ ეპიზოდში ჩეკისტების მიერ სარებზე წამოცმული ორი პატრიოტის თავს შორი რაკურსით გვაჩვენებს რეჟისორი და მაყურებელს სიბრალულის განცდა ეუფლება, მაგრამ საკმარისია, ფილმის შესანიშნავმა წამყვანმა სცენარის ავტორის სიტყვები სხვა ტონალობით წარმოსთქვას, რომ მოჭრილი თავები მოღალატეების მოჭრილ თავებად წარუდგეს მაყურებელს და სიბრალულიც გაქრეს.

ეს საშინელი სანახაობა _ მოჭრილი თავები _ თბილისის უნივერსიტეტის წარჩინებული აღზრდილების, ასპირანტების თავებია. მათ ნუთუ არ იცოდნენ, რომ თავიანთი 50-კაციანი რაზმით წითელ არმიას ვერაფერს დააკლებდნენ? ფაქტია: ისინი დეზერტირობდნენ, ომს ემალებოდნენ, უღრან ხეობებში სოფლის ხარჯზე თავს ირჩენდნენ და სიცოცხლეს ინარჩუნებდნენ. ეს მაშინ, როდესაც 210 ქალიშვილი და 300-ზე მეტი ვაჟკაცი სტუდენტი უნივერსიტეტის მერხებს მოსწყდა და, როგორც მოხალისე, ფრონტს მიაშურა. ხუთი უნივერსიტეტელი გმირის ვარსკვლავით დაუბრუნდა თავის სასწავლებელსა და სამშობლოს, მათგან ერთი მოგვიანებით უნივერსიტეტის რექტორიც გახდა. იმ თორმეტი ადამიანიდან, რომლებიც ფილმში უნივერსიტეტის ფაშისტური ორგანიზაციის წევრობისთვის დახვრეტეს, ერთერთი ჩემი უახლოესი მეგობრის დედის ძმა იყო, მაგრამ ძმის ღალატს სამშობლოსადმი მისი პარტიული კარიერისთვის ხელი არ შეუშლია. მან, 75 წლისამ, საიუბილეო ყვავილებში ჩაფლულმა, დატოვა პოსტი.

შეიმჩნევა, რომ ფილმში ასახული მოვლენების თანმიმდევრობა და სიზუსტე ომარ თუშურაშვილის შემოქმედებაა, მაგრამ მიჩნდება კითხვა _ ვისთვისაა საჭირო ეს მეტად რთული გათვლები და ამოცანები? ბოლოს და ბოლოს, ყველასთვის ხომ ნათელი იქნება, ვის ვებრძოდით, ვინ დავამარცხეთ და რა საფრთხე ავაცილეთ არამხოლოდ ჩვენს დიად სახელმწიფოს, არამედ კაცობრიობას?! ვშიშობდი, ეს მასალები და სიმართლე, რომელიც ამ ფილმშია ნათქვამი და დანახული, უკვე აღარ იარსებებდა, როგორც მტკიცებულება და იქნებოდა გამქარლი ისე, როგორც სხვა ბევრი რამ.

ბატონო ომარ თუშურაშვილო!

იქნებ ასევე გვანახვოთ ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ევგენი მიქელაძისთეთრი ძაფით ნაკერი საქმეები”. მსურდა, რამდენიმე საქმეს გავცნობოდი, მაგრამ, როცა მოგმართეთ, მითხარით, ეს საქმეები იზა ორჯონიკიძემ ინსტიტუტში გადაიტანაო. ბატონო ომარ, სრულიად საიდუმლო სისხლის სამართლის საქმეებს როდის იყო, ლიტერატურის ინსტიტუტში ინახავდნენ?! საჯაროდ გთხოვთ, შექმენით ასეთივე ფილმი ამ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრებაც ბობღიაშვილებსა და მისნაირებზე არანაკლებ აიტერესებს საზოგადოებას. თუ თქვენი ფილმი ჩრდილოკავკასიელი ხალხების მსჯელობის საგანი შეიქნა, მაშინ ნამდვილად აეხდება ფარდა სტალინის ღრმა კუთხურობას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. რასაც ისიც დაადასტურებს, რომ, თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დადგენილებით, სრულიად საიდუმლოდ დაევალა საქართველოს სამხედრო კომისარიატს, ყველა რკინიგზის სადგურზე, სადაც სამხედრო ეშელონები ჩერდებოდა, პატრულირება განეხორციელებინათ, რათა მოხალისე ქალიშვილები ვაგონებში არ ასულიყვნენ ფრონტზე წასასვლელად. 1944 წელს 5 000 ჯარისკაცი, რომლებიც ფრონტზე უნდა გადაესროლათ, დონბასში ჩამოსვეს ვაგონებიდან და მეტალურგიულ ქარხანაში გადაანაწილეს სამუშაოდ, ამ დროს კი 500 000 ჩრდილოკავკასიელი სამშობლოს ღალატისთვის ფერგანის სტეპებში იყო გადასახლებული.

თბილისის უნივერსიტეტის ფაშისტური ორგანიზაციის განადგურების შემდეგ ამ ორგანიზაციის გადარჩენილმა წევრებმა თავი ზემო ალვანს შეაფარეს, როგორც ფილმიდან ჩანს, საიდანაც თუშეთის მოსახლეობას ამხედრებდნენ საბჭოთა წყობის წინააღმდეგ.

ვარლამ ქაქუჩაია
ვარლამ ქაქუჩაია

ომის შემდგომ სწორედ ზემო ალვანი იყო საქართველოში მეურნეობა, რომლის ხვავმა და ბარაქამ შირაქის ველების მოსავალსაც კი გადააჭარბა. ზემო ალვანელთა სასახელოდ უნდა ითქვა, რომ ყველაზე მედგრად და სიყვარულით სტალინის სახელსა და ქანდაკებას, რომელიც ზემო ალვანის ცენტრშია აღმართული, ზემო ალვანელები იცავენ და აფასებენ. ისინი სტალინის სახით ჩასული მზის კვლავ ამოსვლას ელოდებიან.

ამჟამად, როდესაც ელექტრონული თუ ბეჭდვითი მედიით ახლაგაზრდობას ბობღიაშვილსა და მისი რაზმის _ “სამანის” წევრებს ვაცნობთ, როგორც გმირებს, და ნამდვილ გმირებს ჩინ-მედლების ტარებას ვუკრძალავთ და ვაკის პარკში 9 მაისს, გამარჯვების დღეს, კვერცხებს ვესვრით, ეს არის სწორედ ერის დაკნინებისა და გათახსირების პირველი ნიშანი.

ბობღიაშვილის რაზმი რომ დეზერტირების რაზმი იყო და არა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, ამის დასამტკიცებლად რამდენიმე ეპიზოდს ქვემოთ მოგახსენებთ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით. ალიოშა კვაშალის გმირული თავგანწირვა, 12 ჩეკისტის მიერ მიუვალ ჭიუხებში ჩასაფრებული შეიარაღებული ბანდიტების გაუვნებელყოფა, იმ გმირობის ტოლფასია, რომელიც არაერთ საბჭოთა პატრიოტს ჩაუდენია ომის მძიმე დღეებში. ახლა კი გავეცნოთ მასალებს, როგორი თავგანწირვით იბრძოდა ქართველი ხალხი დიდ სამამულო ომში და რა პირობებში ჩაწვა 300 000 ახალგაზრდა ქართველი ბრძოლის ველზე. ფაშისტური ორგანიზაცია “სამანელთა” ნარჩენები კი, რახით გაბრუებულნი, მღეროდნენ “რა ლამაზია თუშეთი”.

ჰიტლერის უშუალო ბრძანებით, კავკასიონის უმაღლესი მწვერვალის _ იალბუზის დაპყრობა და ქედის გადალახვა დაევალა ვერმახტის 49-ე მსროლელ კორპუსს გენერალ კონრადის მეთაურობით. საბრძოლო დავალება ასეთი იყო: პირველი _ საქართველოს სამხედრო გზით თბილისისთვის უნდა დაერტყათ; მეორე _ ოსეთის სამხედრო გზით იერიში უნდა მიეტანათ ქუთაისზე; მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთი უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას. ამ ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო ედელვაისი”.

გერმანელთა მაღალხარისხიანი შეიარაღებისა და უდიდესი გამოცდილების მქონე 97-ე და მე-4 სამთო დივიზიები კავკასიონს მოადგნენ. პირველს გენერალ-ლეიტენანტი ჰუბერტ ლანცი მეთაურობდა, მეორეს კი, რომელიც ტიროლელებისგან შედგებოდა, _ გენერალ-მაიორი კარლ ეგლზეერი.

გენერალი რუდოლფ კონრადი ფიქრობდა, რომ ამ საბრძოლო დავალებას ადვილად შეასრულებდა, და იახლა ჰიტლერის მიერ ამიერკავკასიის გაერთიანებული რაიხკომისარიატის მბრძანებლად დანიშნული პირი, რომელიც ემზადებოდა თბილისში შესასვლელად. ჰიტლერელები კავკასიონამდე კი მოვიდნენ, მაგრამ უღელტეხილზე ასვლა ძალზე გაუჭირდათ. ნერვებდაწყვეტილმა “კავკასიის მბრძანებელმა” დეპეშა აფრინა ჰიტლერთან: ჩვენი ჯარები კავკასიის 4-5 დღეში აღების ნაცვლად ერთ ადგილს ტკეპნიან, ეშმაკმა იცის, რას აკეთებენ. თქვენს ბრძანებას არ ასრულებენ და დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავთ”. ჰიტლერი ცოფებს ყრიდა, დირექტივას დირექტივაზე იძლეოდა და თავისი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ათასნაირი ბოდვით აყრუებდა მსოფლიოს: კავკასიონის უმაღლეს მწვერვალ იალბუზს ფეხი დავადგით!”

კრემლში კი კავკასიის შვილი სწორედ კავკასიონის რუკას დაჰყურებდა და მისი დაცვის სტრატეგიას ამუშავებდა. მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა; ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი _ სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.

_ მდგომარეობა კავკასიაში, _ წარმოთქვა სტალინმა, _ სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად ფრონტის ხელმძღვანელობამ და ქვედანაყოფებმა საშუალება მისცეს ჰიტლერელებს, დაეკავებინათ ცენტრალური კავკასიონის გარკვეული ნაწილი, რითაც საშუალება მიეცა ჰიტლერს, მთელი მსოფლიო გააყრუოს კავკასიონის დაძლევაზე ტრაბახით. ეს შორს მიმავალი პოლიტიკა და იდიოლოგიაა. მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. შევინარჩუნებთ თუ არა კავკასიონს, ომის მიმდინარეობა დაგვანახვებს. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი. შეკრიბეთ ოცკაციანი ჯგუფი, რომელიც წამოგყვებათ. ჯგუფის თითოეული წევრი მე შემახვედრეთ. გისურვებთ წარმატებებს!”

1942 წლის 17 აგვისტოს ვარლამ ქაქუჩაია, შინაგან საქმეთა კომისარიატის #4 სპეციალური სამმართველოს უფროს პავლე სუდოპლატოვის მოადგილე, მოსკოვის ახლოს ერთ-ერთ საკომანდო პუნქტში იპოვეს და მაღალი სიხშირის ტელეფონით კომისარიატის ადმინისტრაციის უფროს მამულოვს დააკავშირეს. “სასწრაფოდ გამოცხადდით სამუშაო ადგილზე!” _ მიიღო ბრძანება. ქაქუჩაია სასწრაფოდ მოსკოვისკენ გაეშურა.

“ღამის 12 საათი იყო, როდესაც ბერიას კაბინეტში შევედი, _ ყვება ვარლამ ქაქუჩაია, ამათვალიერ-ჩამათვალიერა, შეამოწმა, ნორმალურად თუ ვიყავი ჩაცმული და მითხრა: “სასწრაფოდ კრემლში _ სტალინთან”. რამდენიმე წუთში სტალინის კაბინეტის კარი პირველად შევაღე და იქვე გავჩერდი. სტალინი გამომეგება და ხელით მანიშნა: “პოდოიდიტე ბლიჟე”. შემდეგ მკითხა: “სად იყავით დღეს, რას აკეთებდით, რა ნახეთ?” დაწვრილებით მოვუყევი იმ ნაწილების საფრონტო განწყობის შესახებ, რაც ჩემი თვალით ვნახე.

_ თუ იცით, რატომ გამოგიძახეთ? _ მკითხა სტალინმა.

_ არა, _ ვუპასუხე მე.

_ კავკასიონზე მდგომარეობა კატასტროფულია, კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია. შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა.

მივხვდი, რომ სტალინი ჯგუფის ყველა მონაწილეს შეხვდა და შესაბამისი დავალებაც მისცა.

_ მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა.

_ უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ, _ ღიმილით შემისწორა და განაგრძო, _ ხვალ, დილის 5 საათზე, ჩემი თვითმფრინავით გაფრინდებით თბილისში, თქვენი ხელმძღვანელი იქნება ბერია. შემდეგ ხელი ჩამომართვა და გამომემშვიდობა”.

ხუთ საათზე სტალინის თვითმფრინავმა 18 კაცით კურსი თბილისისკენ აიღო, მათ შორის იყო ლავრენტი ბერია ვაჟთან, სერგოსთან, ერთად. თვითმფრინავში, გარდა გენერალლეიტენანტ ბოდინისა, რომელიც კავკასიის ფრონტის შტაბის უფროსად იყო დანიშნული, ყველა ქართველი იყო. საღამოს 11 საათზე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ტრაპთან სამხედრო სალმით გაჭიმული იდგა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი ტიულენევი, იქვე იყვნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნები _ ჩარკვიანი, ბაგიროვი, არუთინოვი.

მოკლე მისალმების შემდეგ, როცა დამხვდურთა დაღვრემილი სახეები შენიშნა, ბერიამ მკაცრად მიმართა მათ: “რა მოხდა? რა სახეები ჩამოგტირით? თქვენი გარეგნობითა და საქციელით ხალხს პანიკაში ჩააგდებთ. ჩვენამდე მოვიდა ხმა, რომ ქალაქი იცლება, არ არის წყალი, არ დადის ტრამვაი, ნუთუ ტრამვაიც ომში წავიდა?”

შტაბში გამართულ თათბირზე, რომელიც უშუალოდ ბერიას მიჰყავდა, განისაზღვრა კავკასიონის დაცვის ძირითადი მიმართულებები. პირველი, ვისაც საბრძოლო დავალება მიეცა, იყო ბერიას მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი სეროვი, რომელიც ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა კომისარიატის სპეციალურ შენაერთებს. მას დაევალა სოხუმის მიმართულებით გამგზავრება და ქლუხორის უღელტეხილზე საომარი მოქმედებების წარმოება.

მეორე დავალება ვარლამ ქაქუჩაიამ მიიღო. მას სახელმძღვანელოდ, სხვა შენაერთებითან ერთად, გადაეცა თბილისის წითელდროშოვანი პოლკი. ეს შენაერთები უნდა გამგზავრებულიყვნენ ზემო სვანეთში _ ბეჩოში. თათბირი გამთენიისას დასრულდა და ფრონტზე წამსვლელი მეთაურებიც თავიანთი ვაგონებისკენ გაემართნენ (თორმეტიდან დილის ხუთ საათამდე ახალგაზრდა სერგო ბერია შტაბის დერეფნებში დასეირნობდა, რათა ხალხს დაენახა, თბილისში რომ იმყოფებოდა). გერმანელებისთვის მოულოდნელად კავკასიონზე სულ სხვა დილა თენდებოდა. ქართველ მებრძოლთა ყიჟინა აყრუებდა ჭიუხებს, მათ უკვე შეიტყვეს მაშველი ძალისა და კავკასიის დასაცავად ბერიას ჩამოსვლის ამბავი.

ბერია, _ ყვებოდა დივიზიის მეთაური გიორგი ყურაშვილი, _ სვანი მონადირეებისა და ალპინისტების თანხლებით, მონადირის ტანსაცმელში გამოწყობილი, თითქმის ყველა ნაწილში მივიდა და ყველა ბატალიონი დაათვალიერა. დაწვრილებით შეისწავლა ფრონტის ყველა უბნის მზადყოფნა და მომარაგება, როგორც საბრძოლო მასალებით, ასევე სურსათით. ყველა წვრილმანის ცოდნა და მებრძოლთა სულიერი განწყობის ცოდნა ბერიას აძლევდა საშუალებას, დაესაბუთებინა თავისი დავალების სისწორე.

ბერიას მიერ გაცემულ ბრძანებაში ეწერა:

“1. სვან მებრძოლს, რომელიც მოკლავს გერმანელ ოკუპანტს, გადაეცეს ჯილდოდ 500 მანეთი და მოკლულის მთელი აღჭურვილობა იარაღის ჩათვლით;

2.თუ მოკლული უნტერ-ოფიცერია, ჯილდო გაორმაგდეს და მიეცეს მოკლულის იარაღი;

3.სვან მებრძოლს, რომელიც მოიტაცებს მოენეს და ტყვედ აიყვანს გერმანელ ოფიცერს, ჯილდო გაეზარდოს;

4.განსაკუთრებული მამაცობის გამოჩენისათვის სპეცდანიშნულების ბატალიონის წევრები წარდგენილნი იქნან სახელმწიფო ჯილდოებსა და ორდენებზე. ასევე დაჯილდოებულნი იქნან სამახსოვრო იარაღით წარწერით: “ლ. პ. ბერია”.

ბერიას წახალისებით სვანეთის მოსახლეობა აღდგა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოხუცები, ქალები და ბავშვები ხარებით, ცხენებითა და სახედრებით ჭიუხებში საბრძოლო მასალასა და სურსათს აწვდიდნენ გმირ სვან მებრძოლებს. სვანეთში გუგუნებდა სიმღერა ბერიაზე “დარიალს კარი შეაბი, კავკასიონი შეჰკარი”. სატელეფონო საუბარში სტალინმა უსაყვედურა ბერიას: “როდემდე უნდა ფრიალებდეს იალბუზზე გერმანული დროშა. გადაეცით სვან ალპინისტებს, რომ სხვა ვერავინ ჩამოაგდებს მას”. ამ საუბრიდან მალე, 1943 წლის 9 თებერვალს, ყინულის გიგანტურ სამყაროს გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა შეუტიეს. რამდენიმესაათიანი გააფთრებული ბრძოლის შემდეგ ვეფხის სადარი ბექნუ ხერგიანი ნახტომით მისწვდა დროშას, ჯერ ჩამოხია, შემდეგ კი ტარი ძირშივე გადატეხა.

როგორც მეორე მსოფლიო ომში უსტალინოდ ვერ გავიმარჯვებდით, ისე ლავრენტი ბერიას გარეშე კავკასიონს ვერ დავიცავდით.

გაბრიელ და ბექნუ ხერგიანები
გაბრიელ და ბექნუ ხერგიანები

ბრძოლა კავკასიისთვის

1942 წლის 27 აგვისტოს სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც 46-ე არმიის სარდალი სერგაცკოვი გაათავისუფლა თანამდებობიდან და მის ადგილას დაინიშნა გენერალ-მაიორი კონსტანტინე ლესელიძე. ამ პერიოდში გერმანელებს უკვე დაკავებული ჰქონდათ კავკასიონის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც მტერმა არცთუ დიდი წინააღმდეგობის შედეგად ჩაიგდო ხელში. არმიის სარდლად ლესელიძის დანიშვნასა და კავკასიის ფრონტის ბერიასათვის ჩაბარებას ფრონტზე სწრაფად უნდა შეეცვალა ვითარება. 242-ე და 392-ე შენაერთები გენერლების _ გიორგი ყურაშვილისა და ისიდორე სილაგაძის მეთაურობით ახალ საბრძოლო დავალებებს იღებდნენ უღელტეხილის დასაბრუნებლად და მტრის გასანადგურებლად.

ომის დამთავრების შემდეგ გენერალი გიორგი ყურაშვილი საქართველოს სამხედრო კომისრად დაინიშნა. სხვადასხვა გარემოებათა გამო დასვენების დღეებს ყველა რანგის მოხელე ადგილობრივ კურორტებზე ატარებდა. გიორგი ყურაშვილიც ჩვენს სოფელში არსებული საუცხოო წყლითა და ჰაერით დაჯილდოებულ აგარაკმუაშისრეგულარული სტუმარი გახლდათ. ის სვანეთის ახალგაზრდებს გვიყვებოდა ბრძოლის ეპიზოდებს. მე ბევრი რამ მახსოვს მისი მონათხრობიდან, რომლის ფრაგმენტები ჩაწერილიც კი მაქვს თორმეტფურცლიან სასკოლო რვეულში. ჩემი მონათხრობის დიდი ნაწილი გენერალ ყურაშვილის მონათხრობზეა აგებული, თუმცა გენერლის მონაყოლი შემდგომ ბევრ ბეჭდურ და მემორიალურ ლიტერატურაშიც გამოჩნდა.

ახალდანიშნულ სარდალს მაღალი სიხშირის ტელეფონთან უხმეს, _ თქვენ სტალინი დაგელაპარაკებათ. ცოტა ხანიც და სტალინი კონსტანტინე ლესელიძეს ახალ თანამდებობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

_ იცით, ამხანაგო ლესელიძევ, როგორ იბრძოდა ნაპოლეონი ალპებში? მან პირველმა გამოიყენა მიუვალ მთებში არტილერია. უღელტეხილები გადალახა და ზურგში დაარტყა ავსტრიულ არმიას. თქვენც უნდა აიტანოთ დაშლილი ზარბაზნები მწვერვალებზე, იქ ააწყოთ და იქიდან დაარტყათ მტერს. ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით.

ჰიტლერის მიერ კავკასიის დაპყრობის გეგმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა, შემაშფოთებელი იყო. ფაშისტებთან ერთად კავკასიონს უტევდა ჰიტლერის მიერ შეკოწიწებული და მსოფლიო პროპაგანდისთვის ესოდენ საჭიროქართული ლეგიონი”, რომელიც მდინარე ბაქსანის ნაპირზე იყო გამაგრებული.

უსასტიკეს მტერთან საბრძოლველად მომზადება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კავკასიის მწვერვალებზე მოსალოდნელი დიდთოვლობა ძალზე ართულებდა დაცვის პოზიციებს. სპეცბატალიონი, რომელიც სვანი ალპინისტებითა და მონადირეებით იყო დაკომპლექტებული, განლაგებული იყო უკიდურეს სიმაღლეებზე, საიდანაც ზღუდავდა მტრის წინ წამოწევას. სვანების სპეცბატალიონს შეუერთდა ბერიას მიერ მოსკოვიდან ჩამოყვანილი 150 სნაიპერი მაყუჩიანი იარაღით. ისინი მამაც სვან მონადირეებთან ერთად ფხიზლად იცავდნენ ყველა ბილიკს კავკასიონზე. მთავარი ბანაკიდან კავკასიონზე დაშიფრული ტელეგრამა მოვიდა, მოითხოვდნენ, რომ ბატალიონი და სხვა სამხედრო ნაწილები სასწრაფოდ დაშვებულიყვნენ ბარში და ზამთარი ბეჩოში გაეტარებინათ. მებრძოლებმა და მათმა მეთაურებმა გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ დირექტივას და დაშიფრული ტალეგრამითვე უპასუხეს ფრონტის სამხედრო საბჭოს, რომ ისინი დაკავებულ სიმაღლეებს არ დატოვებდნენ, როგორი პირობებიც უნდა შექმნილიყო. ეს წინააღმდეგობა სამხედრო საბჭოსთვის გამაოგნებელი იყო. პასუხად იმავე დღეს დაშიფრული ტელეგრამა მიიღეს: “გამოგზავნილ დირექტივას არ ვამტკიცებთ. თქვენთან ჩამოვლენ არმიის სარდალი ლესელიძე და . ბაქრაძე, ადგილზე შეთანხმდით და გადაწყვიტეთ ჯარების გამოზამთრების საკითხი. ბერია”.

სამი დღის შემდეგ კონსტანტინე ლესელიძე და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ბაქრაძე (რომელიც ფრონტის საბჭოს წევრიც გახლდათ) ბეჩოს მიადგნენ. გიორგი ყურაშვილმა (დივიზიის მეთაურმა) დეტალურად ილაპარაკა უღელტეხილზე მიმდინარე ბრძოლაზე, რომელიც კარგად ჩანდა ოპერატიულ რუკებზე.

_ ქაღალდზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ უნდა ვნახოთ ადგილზე, _ განაცხადა ლესელიძემ. ბაქრაძემ გზის გაგრძელება ვერ შეძლო, რადგან კენჭის გავლის გამო ძლიერი ტკივილები სტანჯავდა და ხანდახან გონებასაც კი კარგავდა. ლესელიძე და ყურაშვილი ორი დღის განმავლობაში გულდასმით ათვალიერებდნენ საოცარ გამოქვაბულებს და ერთმანეთთან დაკავშირებულ მიწისქვეშა გასასვლელებს, რომლებიც სვან ალპინისტებსა და მონადირეებს შეექმნათ ამ ურთულეს პირობებში. კლდის ღრმა ჯურღმულებში განთავსებულ ჯარისკაცთა საცხოვრებელს, იარაღისა და სურსათის შესანახ საწყობებს რომ ათვალიერებდა, სარდალი ლესელიძე აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თუ როგორ და რა ძალამ შეძლო ამ სამუშაოს შესრულება ჭიუხების სიღმეებში. ერთობ კმაყოფილმა და ამაყმა სარდალმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეს უნიკალური თავშესაფარი შექმნა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ხალხი მალე გაათავისუფლებდა კავკასიას ჰიტლერელებისაგან.

1943 წლის 7 მარტს ლავრენტი ბერია კვლავ ჩავიდა კავკასიონზე და მარტის ბოლომდე დარჩა ფრონტზე. მისივე ინიციატივით, სტალინმა ხელი მოაწერა დირექტივას მე-18 არმიის სარდლად კონსტანტინე ლესელიძის დანიშვნის თაობაზე.

ჰიტლერი კავკასიონის დატოვებას არ აპირებდა. “ბლაუ III” ზესაიდუმლო ოპერაციად ითვლებოდა, სადაც ეწერა, _ რადაც უნდა დაჯდომოდათ, გადაელახათ კავკასიონი და გაჭრილიყვნენ ბაქოს მიმართულებით. “კავკასიის ნავთობის გარეშე ომს ვერ მოვიგებთ!” _ ისტერიკულად გაჰკიოდა ფიურერი. კავკასიისკენ დაიძრა სიკვდილის მანქანა. კავკასიისთვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო. 5 დღის შემდეგ კი, 1942 წლის 28 ივლისს, სტალინმა გამოსცა ბრძანება # 227, რომლის ანალოგი არ მოიძებნება მსოფლიო ომების ისტორიაში. სტალინმა ბრძანებაში მიუთითა: “ჩვენ არ გვაქვს უსაზღვრო რესურსი ჯარისა და ხალხის გამოკვებისა, ჩვენ არ გვაქვს ტერიტორია, რომელსაც საზღვარი არ აქვს, ჩვენი ჯარები პოზიციურად იხევდნენ უკან, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი _ არც ერთი ნაბიჯი უკან!”

  1. 1941 წლის 7 ნოემბრის სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე.
  2. 1942 წლის 28 ივლისის სტალინის ბრძანება # 227.
  3. 1943 წლის სტალინგრადის ბრძოლა.
  4. 1945 წლის ბერლინის ოპერაცია.

ზემოაღნიშნული მოვლენები სტალინური გენიის ნაყოფია, რომლებიც შესულია მსოფლიო ომების ისტორიაში, როგორც ომის კლასიკური ნიმუში, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here