Home რუბრიკები საზოგადოება როგორი პიროვნება იყო გენერალი ვლადიმერ ზარელუა

როგორი პიროვნება იყო გენერალი ვლადიმერ ზარელუა

ვლადიმერ ზარელუა

საქართველო და მსოფლიოგანაგრძობს ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ მაღალჩინოსანთან, გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე ვახტანგ გვარამიასთან საუბარს. ბატონი ვახტანგი ამჯერად 1937 წლებისა და სამამულო ომისდროინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელზე, სახელმწიფო უშიშროების გენერალმაიორზე, ღირსეულ ქართველზე, ფოთის მკვიდრ ვლადიმერ ზარელუაზე მოგვითხრობს:

_ შსს-ს ფოთის განყოფილების გამომძიებლად ვმუშაობდი, 1966 წელს კი თბილისში, ცენტრალურ აპარატში გადმომიყვანეს. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი კოსტავას (იმხანად _ ლენინის) ქუჩაზე.

მამაჩემი ჩამოვიდა, ერთმანეთს რომ მოვესიყვარულეთ, მითხრა: ჩემი მეგობარი უნდა მოვინახულოო. ვკითხე, ლევ ნიკალაევიჩ (ასე მივმართავდი ხოლმე მამას), ვინ არის შენი მეგობარი-მეთქი? გენერალი ვლადიმერ ზარელუაო, _ მიპასუხა და დასძინა: ის რომ არა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი და არც შენ მოევლინებოდი ამ ქვეყანასო. დამაინტერესა, რა სიკეთე გაუკეთა მამაჩემს ზარელუამ და მამამაც მიამბო.

1937 წელს დაუხვრეტიათ მამაჩემის 2 ბიძაშვილი _ ვიქტორი და ბაგრატი, ხოლო მელიტონისა და მაქსიმესთვის ათ-ათი წელი მიუსჯიათ და ციმბირში გადაუსახლებიათ. ხალხში შიში მეფობდა.

მამა განათლებული კაცი გახლდათ, ფოთის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, იცოდა რამდენიმე ენა და ფოთის სავაჭრო სისტემაში საკმაოდ კარგ თანამდებობებზეც მუშაობდა. მამაჩემის ბიძაშვილები რომ დაიჭირეს, ძალიან მალე თბილისიდან ფოთში ტელეფონოგრამა მიუღიათ ქობულოვის ხელმოწერით: დააკავეთ ლეონტი გვარამია და ეტაპით გამოგზავნეთ თბილისში, როგორც ხალხის მტრების ნათესავი”. მამა შუაღამისას დაუპატიმრებიათ და სამორიგეოში გაუჩერებიათ. დილის 9 საათზე ვლადიმერ ზარელუა, უშიშროების განყოფილების უფროსი, შესულა და გაოცებულს უკითხავს: ლეო, შენ აქ რა გინდაო? ზარელუა იმ დღეს ფოთში არ ყოფილა, საღამოს გვიან დაბრუნებულა თბილისიდან, ამიტომ არ სცოდნია მამაჩემის დაკავების ამბავი.

ვლადიმერს, მამაჩემის ნაცვლად, თურმე მორიგე მილიციელმა უპასუხა, _ მისი დაკავება თბილისიდან იყო ნაბრძანებიო. ჩაფიქრებულა ვლადიმერ ზარელუა და უცებ მამაჩემისთვის უკითხავს: _ ლეო, პასპორტი თან გაქვს? მამას პასპორტი მიუწოდებია, ვლადიმერს გადაუშლია საბუთი და წაუკითხავს მამას სახელი _ ლევანი. მამას პასპორტში სახელი ლევანი ეწერა, ლეონტის ახლობლები ეძახდნენ, თბილისიდან ჩამოსულ ტელეფონოგრამაშიც ლეონტი ეწერა. ზარელუა მიუბრუნდა თურმე მილიციელებს და გაბრაზებულს ხმამაღლა უთქვამს: თქვენ წერა-კითხვა არ იცით? აქ ლევანი წერია, ხოლო ტელეფონოგრამაში ვინმე ლეონტიზე წერენ. ახლავე გაათავისუფლეთ ეს კაცი, ჩასვით ფაეტონში და გაუშვით სახლშიო. გახარებული წამოსულა მამა, არც ფაეტონით უსარგებლია…

შინ დაბრუნებულს დახვედრია ცხენოსანი კურიერი, რომელსაც წერილი მიუტანია ასეთი შინაარსით: “ლეო, შენთვის მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. სასწრაფოდ დაიმალე. შენი ადგილსამყოფელი მხოლოდ მე გამაგებინე, სხვას არავის, არც ოჯახის წევრებს უთხრა, სად იქნები…”

მამა მაშინვე წასულა ოდესაში და იქ იმალებოდა. ოთხი თვის შემდეგ ზარელუასგან მიუღია შეტყობინება: “დასრულდა ყველაფერი, ჩამოდი”. მას შემდეგ მამას არავინ შეხებია.

ეს ამბავი რომ მოვისმინე, ჩვენი ოჯახის კეთილისმსურველის გასაცნობად მამას მეც გავყევი. ასე ვეახლეთ ვალოდია ზარელუას მამა-შვილი. იმხანად ის კოოპერატიული მშენებლობების სამმართველოში მუშაობდა. შევხვდი ვლადიმერ ზარელუას და მოვინუსხე _ საოცრად წარმოსადეგი კაცი იყო. დიდი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს ძველი მეგობრები. დავსხედით, ვსაუბრობთ. ვალოდია თითქოს მიმიხვდა, მისგან საინტერესო ისტორიებისა და თავგადასავლების მოსმენას რომ ველოდი, და მითხრა: “იცი, მე სტალინს რომ შევხვდი?” და დაიწყო მოყოლა:

“1943 წლის დასაწყისი იყო. კრემლში გამომიძახეს. იმხანად არმიის სარდალს, არმიის სამხედრო საბჭოს წევრსა და საგანგებო ნაწილის უფროსს სტალინთან გასაუბრებაზე იბარებდნენგამომიძახეს, მეც. წარვდექი სტალინის წინაშე ჩემი ტიტულებით. სტალინმა შემომხედა და რუსულად მკითხა: “ზარელუა, იცით, რა არის ნოვოროსიისკი?” ვუპასუხე, ნოვოროსიისკში პორტი და ცემენტი არისმეთქი. “არ ხარ სწორი, ნოვოროსიისკი კავკასიის კარიბჭეა”, _ მითხრა სტალინმა”.

ვლადიმერ ზარელუა დიდი სამამულო ომის პერიოდში არმიის განსაკუთრებული ნაწილის უფროსი იყო. საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი თავის მოგონებებში ზარელუას ძალიან თბილად იგონებს.

ომის შემდეგ ვალოდია ზარელუა აჭარის უშიშროების მინისტრად დანიშნეს, ლავრენტი ბერიას მოხსნის შემდეგ კი უმუშევარი დარჩენილა და ბინაც ჩამოურთმევიათ. იმხანად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ახალდანიშნული ბრეჟნევი საქართველოში ჩამოსულა. ბუნებრივია, აქ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან ვასილ მჟავანაძეს შეხვედრია. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრეჟნევს მჟავანაძისთვის უკითხავს: აქ მეგობარი მყავს, გენერალი ზარელუა და სად არისო. მჟავანაძეს ზარელუას გვარი არ ჰქონია გაგონილი, სასწრაფოდ მისი მოძებნა უბრძანებია და რამდენიმე საათში ბათუმიდან თბილისში ჩამოუყვანიათ კიდეც. ბრეჟნევს მისთვის ძალოვან სტრუქტურაში დაბრუნება შეუთავაზებია, მაგრამ ვალოდიას უარი უთქვამს: დროც შეიცვალა და ხალხიც, ძალოვან სტრუქტურაში არ დავბრუნდები, მაგრამ თბილიში ბინა მქონდა, რომელიც წამართვეს, და, თუ იმ ბინას დამიბრუნებენ, მადლობელი დაგრჩებითო.

ზუსტად სამ დღეში ვალოდიას ცეკადან დაკავშირებიან, _ თქვენს ბინაში აკადემიკოსი ცხოვრობს. ამა და ამ ადგილას ახალ ბინას მოგცემთ, თუ ჩვენი შემოთავაზებული ბინა მოგეწონებათ, იცხოვრეთ, თუ არა, მაშინ აკადემიკოსს გამოვასახლებთ და თქვენს ბინაში შეგიშვებთო. ახალი ბინა მოსწონებია ვალოდია ზარელუას და მიუღია მთავრობის საჩუქარი.

წლების შემდეგ, როდესაც თბილისის საგამოძიები განყოფილების უფროსად ვმუშაობდი, მამასთან ერთად კვლავ ვესტუმრე ბატონ ვალოდიას. ცუდი ამბავი შევიტყვეთ _ მისი ქალიშვილის ქმარი მოუკლავს ვინმე ბაინდუროვს, სულ უმიზეზოდ, შელაპარაკებისას. მკვლელის მამა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი ყოფილა, პატივსაცემი პიროვნება, რის გამოც მის შვილს მფარველობდნენ. მოკლედ, საქმე ისე მიდიოდა, მკვლელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენს არ გამოიტანდნენ, მაგრამ…

1973 წელი იყო, ნოვოროსიისკში მცირე მიწაზე (“მალაია ზემლია”) საბჭოთა მეომრების გმირული ბრძოლების შედეგად ფაშისტების განადგურების სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობდა და მე-18 არმიის გადარჩენილი მეომრებიც მიუწვევიათ. ამ არმიას 1943-1944 წლებში გენერალი კონსტანტინე ლესელიძე მეთაურობდა, ხოლო არმიის პოლიტიკურ განყოფილებას ბრეჟნევი ხელმძღვანელობდა. მიწვეულ სტუმრებს შორის ვალოდია ზარელუაც ყოფილა და ის და ბრეჟნევი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით შეხვედრიან ერთმანეთს. ვალოდიას თავისი გაჭირვება უთქვამს: სიძე მომიკლა ვიღაც ხულიგანმა და სასჯელს არიდებენო. ბრეჟნევი შეწუხებულა, ჩაფიქრებულა, შემდეგ ოდნავ შეტრიალებულა და თანმხლები პირების გასაგონად, კბილებში გამოუცრია: “დახვრიტეთ ნაძირალა”. მაშინვე ჩაუწერიათ სახელი, გვარი და… ვალოდიას სიძის მკვლელი დახვრიტეს.

ვალოდია ზარელუა 1979 წლის ივნისში გარდაიცვალა. ის საბურთალოს პანთეონშია დაკრძალული.

ჩაიწერა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here