Home რუბრიკები ისტორია რა შეიძლება იყოს შინაური ბრძოლისა და პოლიტიკური მთლიანობის დაშლის შედეგები

რა შეიძლება იყოს შინაური ბრძოლისა და პოლიტიკური მთლიანობის დაშლის შედეგები

დაიშლება თუ არა “ქართული ოცნება”?

“ქართული ოცნება”

აი ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც, ეს დღეებია, მოსვენებას უკარგავდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია და, საერთოდ, გონებრივი შესაძლებლობები, ამიტომ ათასი რამ შეიძლება ივარაუდოს კაცმა: რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირებანაცმოძრაობისწისქვილზე დაასხამს წყალს; რომ ეს ყველაფერი ბლეფია და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, “ოცნებიდანგასული თავისი ხალხით ალტერნატიული პარტია შექმნას, ეკა ბესელიასაც ხომ ერთი აუგი არ დასცდენია ოლიგარქზე; რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას წყალი შეუდგა და ეს ყველაფერი პოლიტიკური ველიდან მისი გაქრობის დასაწყისიაასეა თუ ისე, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ახლა ბევრი შეეცდება და საზოგადოებასაც პოლიტიკოსებისგან საინტერესო სიურპრიზები ელოდება წინ. ერთადერთი კი, რასაც წყალი არ გაუვა და უდავოდ ჭეშმარიტებაა, არის ის, რომ, დიდი ხმაურისა და აურზაურის შემდეგ, 9 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჩავარდა, რომელსაც რამდენიმე დეპუტატის მიეროცნებისრიგების დატოვება მოჰყვა. უმრავლესობა ჯერ ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა, შემდეგ მას უკან მიჰყვნენ ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე. ის, რომქართული ოცნებაპარლამენტში აღარ წარმოადგენს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ბექა ნაცვლიშვილის დამსახურებაა, რომელმაც საპენსიო საკითხთან შეუთანხმებლობის გამო პროტესტის ნიშნად ზურგი აქციაოცნებას”.

პარლამენტის თავჯდომარემ კი სხდომა მიატოვა

ერთი სიტყვით, “ოცნებისუმრავლესობა იშლება და ამბობენ, “ქართული ოცნებისნაცვლად პარლამენტში სამი ფრაქცია შეიქმნებაო. ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა, რომ იქნება ერთი მთავარი ფრაქციაქართული ოცნებადა კიდევ ორი ფრაქცია დამატებით. უკვე მათ ჩამოყალიბებასა და მათ შესაძლო თავმჯდომარეებზეც საუბრობენ, მაგრამ ჩვენ აქ დავსვამთ წერტილს და იმასღა გეტყვით, ჩვენო მკითხველო, რომქვეყანას ფასი დაედო კიტრისხელიდან მიდის, მიდის და მიდის!”, რადგან, ისევ ოტია იოსელიანს დავესესხები, “კაცი არა ჩანს ამღები მიდის”, ანუ ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივარი და ჭირისუფალი

საქართველოსთვის გარეშე მტერს იმდენი არ დაუკლია, რამდენი ვნებაც მთავრებისა და დიდგვარიან აზნაურების თავგასულობამ, უგუნურმა ქცევამა და ქვეყნისა და ხალხის ღალატმა მიაყენა. ყოველი დიდი თემის მმართველი გამთავრების დაუშრეტელი პატივმოყვარეობის სენითა და ბორგნეულობით (მანიით) აღმოჩნდა შეპყრობილი. თითოეულს მათგანს საქართველოში გაბატონების იმედი ჰქონდა და დაუცხრომელი წადილი უღვიოდა გულში”, _ ეს უკვდავი ფრაზა ივანე ჯავახიშვილმა XV საუკუნის ისტორიული საკითხების შესწავლისას დაწერა; უკვდავი, რადგან, თუ მთავრებისა და აზნაურების თავგასულობას პოლიტიკური პარტიების თავგასულობით ჩავანაცვლებთ, დღევანდელობის ნათელ სურათს მივიღებთ. ვფიქრობთ, ნაწყვეტი დიდი მამულიშვილის ნარკვევიდანბრძოლა საქართველოს განმაახლებელსა და დამაქვეითებელს ძალას შორისჩვენს მკითხველებს დააინტერესებთ, რადგანშინაური ბრძოლა”, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ნამდვილად აფერხებს ქვეყნის აღმშენებლობასა და განახლებას.

აღმშენებლობითი მოღვაწეობისა და განახლების შეჩერება შინაური ბრძოლის გამწვავების გამო

XV საუკუნის უკვე ორმოციან-ორმოცდაათიან წლებიდან მოყოლებული შინაურობაში მეფე-მთავართა შორის ამტყდარმა ბრძოლამ არამცთუ საქართველოს გამოკეთება შეაჩერა, არამედ თანდათანობით მას პოლიტიკური მთლიანობაც კი მოუსპო და სამ სამეფოდა და სამთავროებად აქცია. საქართველოსთვის გარეშე მტერს იმდენი არ დაუკლია, რამდენი ვნებაც მთავრებისა და დიდგვარიან აზნაურების თავგასულობამ, უგუნურმა ქცევამა და ქვეყნისა და ხალხის ღალატმა მიაყენა. ყოველი დიდი თემის მმართველი გამთავრების დაუშრეტელი პატივმოყვარეობის სენითა და ბორგნეულობით (მანიით) აღმოჩნდა შეპყრობილი. თითოეულს მათგანს საქართველოში გაბატონების იმედი ჰქონდა და დაუცხრომელი წადილი უღვიოდა გულში.

საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის მოსპობის ეკონომიური შედეგი

განკერძოება-გაბატონების გზაზე დამდგარი ყოველი მთავარი ცდილობდა, თავისი კარი საქართველოს სამეფო კარის მსგავსად მოეწყო: სათანადო მოხელეები გაეჩინა და გარეგნული ბრწყინვალება მოეპოვა. ამრიგად, წინანდელი გაერთიანებული სრულიადი საქართველოს ერთი სახელმწიფო დარბაზის და სამეფო სასახლის და დარბაზის კარსა მყოფი მოხელეების განსაზღვრული რიცხვის მაგიერ, ეხლა ქართველ ხალხს სამი სამეფო და ამდენივე კარ-დარბაზი მრავალრიცხოვან მოხელეებითურთ უნდა შეენახა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენად მძიმე ტვირთად უნდა დასწოლოდა მას მთავრებისა და დიდებულ აზნაურების ქვეყნის დამღუპველი ეს პოლიტიკა.

საქართველოს გაღარიბება

ეკონომიურად განადგურებისა და მოსახლეობის ძალზე შემცირების გამო, საქართველო ქონებრივადაც გაღარიბდა. ეს გაღარიბების პროცესი XV საუკუნეში ამტყდარი შინაური ბრძოლისა და პოლიტიკური მთლიანობის დაშლის შედეგად უფრო გაძლიერდა. რამდენიმე ათეული წლების მანძილზეც კი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ, თუ გიორგი მეფე, ალექსანდრეს ძე, მარტო თავის ასულს, რომელიც ბიზანტიის კეისარს უნდა მისთხოვებოდა, ყოველწლიურად 3 000 ოქროს ფულის ძლევას ჰპირდებოდა, ბაგრატ VI-ის დროს მთელ სამეფო ხაზინასაც 16 000 დუკატის გამოღება უკვე ეძნელებოდა.

საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის დარღვევასა და სამ სამეფოსა და სამთავროების შექმნის შედეგად ხარჯები გადიდდა. სამ სამეფოდ და სამთავროებად დაყოფილსა და ქცეულს საქართველოს მესვეურთ ხარჯები თავიანთი სასახლე დარბაზებისა და კარის მოხელეთა შესანახავად არამცთუ არ შეჰმცირებიათ, არამედ უფრო მოემატათ კიდეც.

მოსახლეობის სოციალური განშრეების პროცესი

ამავე ხანში დიდგვარიან აზნაურთა სოციალურს მდგომარეობაში, მათ წიაღშიც თანდათანობით დიდი ცვლილება მოხდა. აზნაურთა წოდება ამ ხანაში უმაღლეს წოდებრივ ფენას აღარ წარმოადგენდა, არამედ უკვე დიდებულნი ჩანან. ისინი დიდგვარიან აზნაურთა საგვარეულოების უფროს შტოს ეკუთვნოდნენ, “დიდგვართ თავადნი” იყვნენ. მათი უფროსობა მარტო ხსენებაზე კი აღარ იყო დამოკიდებული, არამედ დიდს მოხელეობაზე, დიდებულებაზედაც. როდესაც ამ დიდგვარიან აზნაურთა საგვარეულოების თავადთ თავიანთი აღზევების მემკვიდრეობით კუთვნილებად გადაქცევა შესძლეს, ამ დროითგან მოყოლებული თავადობა უკვე წოდებრიობად იქცა და თავადობამ აზნაურთა წოდებაზე უპირატესი მდგომარეობა მოიპოვა. ამრიგად, ტერმინი თავადი მოსახლეობის სოციალური განშრეების (სოციალურ ფენებად დაყოფის პროცესი _ რედ.) უმაღლესი წოდების წარმომადგენელის სახელად და ტერმინად გახდა. აზნაურთა წოდების წიაღიდან თავადობის წარმოშობის პროცესი XV საუკუნეში მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ XVI საუკუნეში დამთავრდა.

ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი

შემოსავლის გადიდების ორგვარი შესაძლებლობა

ცხადია, რომ ამ ახალ სოციალურ ფენასაცა და აზნაურთა წოდებასაც, ისევე, როგორც მეფე-მთავრებს, თავიანთი ძალზე შეთხელებული სახსრების გადიდებაზე უნდა ეზრუნათ იმიტომ, რომ ახალ-აღზევებულ უფლებრივსა და სოციალურ მდგომარეობასაც მეტი ქონებრივი დონის ძიება სჭირდებოდა. მაშინდელ ვითარებაში მმართველსა და ზემდგომ წრეებს ამ მიზნის მისაღწევად უპირველესად მშრომელი, გადასახადების გამომღები მოსახლეობის გამოყენების აზრი და წადილი გაუჩნდათ.

სამეფო-სამთავროებისა და კერძო მესაკუთრეთა შეთხელებული ქონებრივი ავლა-დიდების გაძლიერება ან მეურნეობის გაინტენსივებით შეიძლებოდა, ანდა გადასახადების გადიდებით. ორივე ამ პირობის შესრულება უფლებრივი იძულების გარეშე შეუძლებელი იყო, რათგან, ცხადია, თვითონაც, გაჭირვებული მშრომელი ხალხი ზედმეტ ტვირთს ნებაყოფლობით არ იკისრებდა. მეურნეობის გაინტენსივებისათვის მშვიდობიანი სამოქალაქო ყოფაცხოვრების პირობები და მოსახლეობის გამრავლება იყო საჭირო, რაც ამ ხანაში არც არსებობდა და არც იყო შესაძლებელი, ამიტომაც მეორე საშუალება იქმნა გამოყენებული.

მშრომელი ხალხის მდგომარეობის გაუარესება

იძულებითი უფლების გასაძლიერებლად სოციალური ურთიერთობის შეცვლა იყო აუცილებლივ საჭირო. ამიტომაც სოციალურს ურთიერთობაში XV საუკუნის განმავლობაში საქართველოში, წინანდელთან შედარებით, ახალი მოვლენა ჩნდება. X საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული XVI საუკუნემდე საქართველოში პატრონყმობა გვხვდება მხოლოდ: სოციალური ურთიერთობის ამ მოვლენის ერთს წარმომადგენელს პატრონი ეწოდებოდა, მეორეს _ ყმა. ხოლო ბატონის სახელი მთელი იმ ხუთი საუკუნის განმავლობაში წერილობითს ძეგლებში არსად გვხვდება. ბატონი მხოლოდ XVI საუკუნიდან ჩნდება, ამიტომაც ამ წინა საუკუნეების განმავლობაში ბატონყმობის სახელიც არ მოგვეპოვება და ეს გარემოება ცხადჰყოფს, რომ ბატონყმობაზე დამყარებული ურთიერთობა მაშინ ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული.

ბატონყმობის წარმომშობი საფუძველი

ამ ორი სოციალური ურთიერთობის გამომხატველი ტერმინის _ პატრონყმობისა და ბატონყმობის ერთმანეთთან შედარება ცხადჰყოფს, რომ ურთიერთობაში მომხდარი ცვლილების უმთავრესი წარმომადგენელი ამ ურთიერთობის პირველი მონაწილე პატრონი უნდა ყოფილიყო: წინანდელი პატრონი ყმას პატრონად კი აღარ მოევლინა, არამედ ბატონად. ხოლო, რაკი პატრონი ძირითადად მზრუნველისა და მხოლოდ შემდეგში მესაკუთრის აღმნიშვნელი იყო და ასეთივე მნიშვნელობა ამ ტერმინს შემდეგშიც შეჰრჩა, ბატონი კი უმთავრესად მბრძანებლობის ცნების გამომხატველად იქცა, ეს გარემოება ამჟღავნებს, რომ პატრონყმობისაგან წარმომდგარი ბატონყმობა სწორედ პატრონისაგან ყმის უფლების შეზღუდვითა და მასზე მბრძანებლობის უფლების ხელში ჩაგდებით წარმოიშვა. XIV საუკუნის სოციალურს ვითარებაში მომხდარმა ცვლილებამ, როგორც თავის ადგილას აღნიშნული იყო, გლეხთა და ყმების უფლებრივი მდგომარეობა ძალზე გააუარესა. ეს პროცესი XV საუკუნეში არც შეჩერებულა და არც შენელებულა, არამედ თანდათან უფრო გამწვავდა და ბოლოს ბატონყმობით დამთავრდა.

გადასახადგამოსაღებების გადიდება და მშრომელი ხალხის და ყმათა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა

ყმების მარტო უფლების შეზღუდვა ვერც სამეფო სამთავროებისა და ვერც კერძო მესაკუთრე “ბატრონების” ქონებრივ მდგომარეობას, რასაკვირველია, ვერ გააუმჯობესებდა: შემოსავალს საგრძნობლად მაინც ვერ გაუდიდებდა. ამიტომ მეტი შემოსავლის მისაღებად რაიმე სხვა საშუალება იყო საჭირო. ჩვეულებრივ ასეთ საშუალებად ან ახალი გადასახადების შემოღება, ანდა ძველის გადიდება იყო და არის ხოლმე მიღებული. ქართულ საფინანსო პოლიტიკის იმდროინდელს არც მესვეურებსა და არც ყმათა მფლობელ კერძო მემამულეებს ამ ორი გზით დასახული მიზნის მიღწევა არ უცდიათ, არამედ სულ სხვა გამოუნახავთ: ამის მაგიერ მათ საზომ-საწყაოები გაუდიდებიათ. რაკი სულადი გადასახადები, მარცვლეულისა და ღვინის მოსავალზე, კაბიწითა (=კოდს) და კოკით იყო განსაზღვრული, თუნდაც რომ გადასახადების ნორმები პურისა, ქრთილისა და ქერის ისევე როგორც ღვინის გამოსაღებზე ძველებურად უცვლელი დარჩენილიყო, რაკი საზომ-საწყაო გადიდებული იყო, გადასახადები სამეფო და სამთავრო სალაროებსაცა და ყმათა მფლობელ კერძო მემამულეებსაც, ცხადია, წინანდელზე მეტი შეუვიდოდათ.

ამნაირი ოსტატურად მოფიქრებული საშუალებით ახალი საზომები გაჩნდა XV საუკუნეში. ძეგლებშიც ძველ საზომ-საწყაოთა გარდა, ახლებიც არის მოხსენებული. თავდაპირველს საზომებს საბუთებში ერთი მხრით პირველი საწყაო, ანუ საზომი ეწოდებოდა, ანდა მეორე მხრით ცოტა (ე.ი. პატარა) საწყაო; ახალ საზომ-საწყაოებს კი დიდი ლიტრა, კოკა და კაბიწი (=კოდს) ერქვა. საზომ-საწყაოების გადიდებაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ მეფე-მთავრებსა და მებატონეებს ერთბაშად გაებედნათ, არამედ, ცხოვრების გაძვირებასა და ფასების ზრდასთან დაკავშირებით, საზომებიც თანდათანობით დიდდებოდა. ამასთანავე საწყაოებისა და საწონის ყველა საზომების გადიდება არც იყო საჭირო: საკმარისი იქნებოდა, თუ მათი ძირითადი ერთეული გადიდდებოდა, რაკი კაბიწისა და კოკის სიდიდე მათი ლიტრიანობის რაოდენობით იყო ხოლმე განსაზღვრული, ლიტრის გადიდება თავისდათავად კაბიწსაცა და კოკასაც გაადიდებდა, ასეც მოქცეულან.

საზომების გადიდება უკვე XII-XIII საუკუნეებშივე დაუწყიათ, მაგრამ შემდეგში, რაც უფრო მეტად და სწრაფად უარესდებოდა ეკონომიური მდგომარეობა, საზომების შეუჩერებელ გადიდებას მიჰყვეს ხელი, XVI საუკუნის დამდეგისათვის კი ლიტრა, ამ საზომის თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით, უკვე ექვსჯერ იყო გადიდებული. მაშასადამე, მშრომელ ხალხსაც ამ დროს სულადი გადასახადები წინანდელთან შედარებით ექვსჯერ უფრო მეტი უნდა გადაეხადა. მარტო ეს გარემოებაც საკმარისია, სხვას ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ, იმის გასათვალისწინებლად, თუ რამდენად მძიმე იყო ის ტვირთი, რომელიც მაშინ ყმებსა და მიწის დამმუშავებელ მოსახლეობას ჰქონდათ საზიდი, და რა საშინელს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ ისინი ამის გამო ჩაცვივნულნი.

რასაკვირველია, წინააღმდეგობის გაუწევლივ, ყმები თავიანთ ასეთს დატვირთულობას ვერ შეურიგდებოდნენ და ბრძოლაც, უეჭველია, იქნებოდა, მაგრამ, იმდროინდელი გადარჩენილი ძეგლების სიმცირის გამო, ცნობები ამის შესახებ არ მოგვეპოვება. მაინც ზოგიერითი მაშინდელი საბუთებიდანაც ჩანს, რომ მომავალში საზომების მებატონეთაგან თვითნებურად გადიდების საშიშროების თავიდან ასაცილებლად ყმებს მათთვის წერილობითი ვალდებულება ჩამოურთმევიათ საზომების გამოუცვლელობისა და გაუდიდებლობის შესახებ. ეს მაინც, უეჭველია, ამ ნიადაგზე ამტყდარი უკმაყოფილებისა და წინააღმდეგობის ანარეკლია.

საქართველოს ეკონომიური დაქვეითება: ფულის გავრცელებისა და აღებმიცემობის შემცირება

ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გამო, ცხადია, რომ მაშინდელს საქართველოში მოსახლეობის ქონებრივკულტურულ დაქვეითებასთან დაკავშირებით მისი ნაყოფიერებაც და მყიდველობითი ძალაც საგრძნობლად შემცირებულიყო. ამის გამო, რასაკვირველია, აღებმიცემობაც უნდა დაქვეითებული ყოფილიყო. საგარეო ვაჭრობა, როგორც მოსალოდნელიც იყო, ძალზე დაკნინდა. როცა აოხრებულდაზარალებულ ქვეყანას თავისთვისაც კი ყველაფერი სამყოფი აღარ ჰქონდა და კულტურაც დაქვეითებული იყო, უცხოეთში გასატანს ბევრსა და კარგს ვერაფერსღა დაამზადებდა. შინაგანი აღებმიცემობაც სახარბიელოს ცოტასღა შეიცავდა.

მართალია, როგორც უკანასკნელი ათეულის წლების მონაპოვარ განძებმა ცხადჰყო, ფულის მოჭრა საქართველოში, იმდროინდელი საშინელი ეკონომიური ვითარებისდა მიუხედავად, თურმე მაინც მთელი XV საუკუნის განმავლობაში არ შეჩერებულა. ეს გარემოება მაინც ფრიად საყურადღებო გარემოებაა, რათგან საქართველოს დაქვეითებული სახელმწიფოებრივობისა და ქართველი ხალხის მაინც ეკონომიური ბრძოლის უნარსა და კულტურულ ცხოვრების მონაპოვართა შენარჩუნების ნებისყოფას ცხადად ამჟღავნებს. მაგრამ მაშინდელი საბუთებიდან ჩანს, რომ ლითონის ფული უმთავრესად ბარად და ქალაქებსა თუ სხვა სავაჭრო ცენტრებსა და შარაგზების მახლობლად მდებარე ადგილებში ყოფილა გავრცელებული; სხვა მოშორებულ თემებში კი ფული იშვიათი იყო და იქ ვაჭრობა სულადობაზე, გაცვლა-გამოცვლის წესით უწარმოებიათ. ამასთანავე XV საუკუნეში მოჭრილი ვერცხლის ფული მეტად მდარე ღირსებისა და მცირე ზომისაც არის. მისი ეს თვისებებიც მაშინდელი საქართველოს გაღარიბება-დაქვეითებისთვის დამახასიათებელია.

კონსტანტინეპოლის ოსმალთაგან დაპყრობამ და დასავლეთის ზღვის სავაჭრო გზის შეკვრამ ევროპასთან აღმოსავლეთის ვაჭრობისა და მიმოსვლების გზების და ცენტრების შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროების ნავთსადგურებში გადატანამაც ხომ საქართველოს ისედაც სავალალო მდგომარეობა საბედისწერო გახადა…

საქართველოს კულტურული დაქვეითების ნიშნები

პოლიტიკურად დანაწილებული და სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული, ორს ძლიერს, მტრულად განწყობილ, მაჰმადიან სახელმწიფოს შუა მომწყვდეული საქართველო დამაღონებელს სანახაობას წარმოადგენდა: ქვეყნის მესვეურთ თითქოს გონიერება დაკარგეს და თავიანთ ქვეყნისა და პირადს კეთილდღეობასაც თავიანთივე მოქმედებით აცლიდნენ ნიადაგს.

ადამიანის ეგოისტურმა გრძნობამა და მხოლოდ პირად გადარჩენა-კეთილდღეობაზე ზრუნვამ სძლია და თემობრივმა განკერძოებამაც სახელმწიფოებრივისა და ეროვნული მთლიანობის შეგნებას აჯობა.

მაშინდელი საქართველოს კულტურული დაქვითების მთელი სიღრმე იმაშიც ნათლად მოჩანს, რომ XV საუკუნისა და უფრო ადრინდელი ხელნაწერების ანდერძებსა და მინაწერებში წერისაცა და მართლწერის დიდი უვიცობაა საგრძნობი: ზოგიერთს მაშინდელს უცხოეთში გამგზავრებულს პირსაც კი თავისი სახელისა და გვარის სწორად დაწერაც კი აღარ შესძლებია. რა გასაკვირველია, რომ ასეთ პირობებში ამ საერთო კულტურული დაქვითების წყალობით ქართველი მხატვრული და საისტორიო მწერლობაც დადუმებული იყო. ეს კი არ არის გასაკვირველი, არამედ უფრო ის გარემოება, რომ, ამ ჯოჯოხეთური პირობებისდა მიუხედავად, ქართველი ხალხი არ დაიღუპა და მაშინაც ცდილობდნენ დამტყდარი უბედურებისათვის თავი დაეღწიათ, რომ ქართული ხელოვნების ზოგიერთ დარგებში მაშინაც ყოფილან კიდევ ისეთი წარმომადგენლები, რომელთაც თავიანთი მაღალხარისხოვანი შემოქმედების ნიმუშები დაგვიტოვეს. ამის დასარწმუნებლად თუნდაც ულუმბოს ეკლესიის სარწმუნოებრივი და საერო შინაარსის იმდროინდელი კედლის მხატვრობისა და ალექსანდრე I დიდის ბრძანებით გაკეთებული ნაჭედი სურათებით შემკული დიდი ოქროს ჯვარის დასახელებაც კმარა, რომელნიც მათ შემქმნელ ხელოვანთა იშვიათ ნიჭსა და თავისი დარგის მაღალ ცოდნას უცილობლად ცხადყოფს.

ქართველთა მდგომარეობა უცხო ქვეყნებში

იგივე უნდა ითქვას საქართველოს იმდროინდელს საგარეო მდგომარეობაზე. ყველა იმის შემდგომ, რაც საქართველოს გარეშე და შინაური მტრებისაგან XIII საუკუნიდან მოყოლებული გამოვლილი ჰქონდა, მისი სამხედრო ძლიერების შესუსტება და სახელმწიფოებრივობის დაკნინება ბუნებრივს შედეგს წარმოადგენს და ესეც, რასაკვირველია, განმაცვიფრებელი არ არის. პირიქით, გასაკვირველია, რომ ასე დაქუცმაცებულ-დაკნინებულმა საქართველომ შეინარჩუნა მაინც საერთაშორისო დამოკიდებულებაში ზოგი ის უპირატესობანი, რომელნიც მას წინა საუკუნეებში და ხანაში ჰქონდა მოპოვებული, თუ აღდგენილი დასავლეთ ევროპის იმდროინდელი მოგზაურების თხზულებებში. ქართველთა მაშინდელი მდგომარეობა უცხო ქვეყნებში კარგად არის აღბეჭდილი და იქითგან ირკვევა, რომ ამ ხანაშიცა და ისეთ შორეულ ქვეყნებშიც, როგორიც საქართველოსთვის ეგვიპტე და პალესტინა იყო, ქართველებს პატივისცემით ეპყრობოდნენ და ყველა ის უპირატესობანი, რომელნიც კი მათ წინათ ჰქონდათ, შეუნარჩუნებიათ. ბართლომე დე სალიანიაგო მოგვითხრობს: იერუსალემში სალოცავად მისვლის დროს ქართველები საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ ცხენებსა და აქლემებზე სხედან და გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით თავისუფლად შედიოდნენ ქალაქში და სხვებივით სულტანს ამისათვის დაწესებულს გადასახადს არ აძლევენო. სალიანიაგო ამასთანავე უმატებს, რომ ეგვიპტისა და ოსმალეთის სულტნებს ქართველებისა ეშინიათო.

დაცულია იმდროინდელი არაბული საბუთიც, რომლითაც ეგვიპტის მამლუკებს განკარგულება ჰქონდათ გაცემული და ქართველთა იერუსალემის ჯვარის მონასტრის უზრუნველსაყოფად საგანგებო არაბი მოხელე იყო დანიშნული. ის ვალდებული იყო, საქართველოდან მომავალ მლოცავებს ალაბშივე (ალეპოში) დაჰხვედროდა, იქიდან იერუსალემამდის მიეცილებინა და უკან გაბრუნებისას ისევ ნავთსადგურამდე გამოჰყოლოდა. XV საუკუნის მეორე, უკვე სომხური ცნობაც მოგვეპოვება, რომელშიც ქართველთა პოლიტიკური გავლენის მთელი ძალა, აგრეთვე, ნათლად მოჩანს. რა თქმა უნდა, ყველა ესეც უმთავრესად წარსული საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოებრიობის ანარეკლს წარმოადგენდა. თავის ადგილას, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, უკვე გვქონდა აღნიშნული, რომ საქართველოს საგარეო მდგომარეობა და წინანდელი უპირატესობანიც სწორედ მან აღადგინა. სახელმწიფოებრივი ძლიერების ძველი მარაგის მდიდარმა მემკვიდრეობამ და ქართველი ხალხის განთქმულმა მამაცობამ საქართველოს პოლიტიკური დაკნინების ხანაშიც მას საერთაშორისო ურთიერთობაში წინანდელი ადგილი და პატივისცემა შეუნარჩუნა.

ივანე ჯავახიშვილი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here