სათაურად გამოტანილი შეკითხვა ორ მოვლენას ეხება – 2009 წლის 9 აპრილის ტრაგედიასა და ირანში შეჩერებულ თუ ვერშეჩერებულ ომს. პირველი აქტუალურია იმიტომ, რომ წინამდებარე სტატია სწორედ 9 აპრილს, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის 37-ე წლისთავზე ქვეყნდება; მეორე კი ახლა (აწმყო დროში) მიმდინარეობს…
37 წელიწადი დიდი დროა იმისთვის, რომ 9 აპრილის ტრაგედიის პერიპეტიები ერთხელ და სამუდამოდ გაგვერკვია, მაგრამ, სამწუხაროდ, სიკვდილის, სისხლისა და ცრემლის მიღმა რჩება საიდუმლო, რომელსაც ფარდა ვერაფრით აეხადა. არადა, სინამდვილეში ამ ტრაგედიას არანაირი ფარდა არ ეფარება – ყველაფერი ბროლივით გამჭვირვალეა: ტრაგედია დაატრიალეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მასში შემავალ რესპუბლიკებს შორის შუღლის ჩამოგდებით იყვნენ დაინტერესებულნი და ხალხთა შორის მტრობას აღვივებდნენ. ამ ბინძურ საქმიანობას ამერიკული სპეცსამსახურები ახორციელებდნენ, ოღონდ რუსეთის უმაღლესი დონის ხელმძღვანელების, პირადად მიხეილ გორბაჩოვის, მისი პოლიტბიუროსა და არმიის ხელით. ამის დანახვა იმხანადაც არ იყო ძნელი, მაგრამ ახლა დაუნახაობა იმგვარი სიბეცეა, ოფთალმოლოგიის უიშვიათეს შემთხვევებშიც რომ არ იქნება აღწერილი. ოფთალმოლოგიის რა გითხრათ, მაგრამ ფსიქიატრიაში ქართველებს ილია ჭავჭავაძემ ზუსტი დიაგნოზი დაგვისვა: „მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი”.
ამერიკულმა პოლიტიკამ 9 აპრილის ტრაგედია მოგვიწყო, შემდეგ თითქმის ოთხი ათეული წელი გვატყუა ნატოში მიღებითა და ვითომ სტრატეგიული პარტნიორობით; ბოლოს ღონიერი პანღურიც გვითავაზა, მაგრამ ქართველთა დიდი ნაწილი დღემდე ეთაყვანება ამ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც მსოფლიოში ომისა და სისხლისღვრის მუდმივი ინიციატორია. აშშ მართლა მოყვარე რომ იყოს, ჩვენ („მოყვრის მგმობი” ხალხი) აქამდე შევიძულებდით, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება, ვინაიდან მოქმედებს ილიას მიერ გაცემული დახასიათება – „მტრის არ მცნობი”.
ამერიკულმა პოლიტიკამ მოგვიწყო 9 აპრილის ტრაგედია, ამერიკულმა პოლიტიკამ მიზანმიმართულად დაგვაკარგვინა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუ კიდევ დავრჩებით საღათას ძილის მდგომარეობაში და გაღვიძება დაგვეზარება (კვლავ ილია მოგვდევს და მოგვძახის: „ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!”), კატასტროფული შედეგები არ დააყოვნებს.
ოცდაჩვიდმეტი წელიწადი გავატარეთ ძილ-ბურანში და ჯერაც თვალებს ვიფშვნეტთ, ჯერაც კრემლს ვუღერებთ მუშტებს, ჯერაც რუსეთისგან ვქმნით მტრის ხატს, ნამდვილ მტერს კი ვუკმევთ და ვუკმევთ გუნდრუკს, რადგან საკუთარ ხასიათს ვერ ვმკურნალობთ და ვერ ვშველით.
დღესაც მივლენ 9 აპრილის ტრაგედიის ადგილზე და ერთმანეთის გვერდიგვერდ გამწკრივდებიან ერთანეთთან დაპირისპირებული ფარისეველნი, რომლებიც ქართველთა დასანახავად ისევე დაღვრიან ნიანგის ცრემლებს, როგორც მთელი ამ ხნის განმავლობაში ღვრიდნენ. დაბნეული ხალხი კი გულგრილი მდუმარებით, ოცდამეჩვიდმეტედ შეავლებს თვალს ტელეეკრანებს, საიდანაც გლოვისა და მწუხარების ყალბი პათეტიკა ერთხელ კიდევ გადმოიღვრება „მტრის არ ცნობისა და მოყვრის გმობის” უტყუარ დასტურად.
ამ თემაზე იმდენი ვწერე და ვილაპარაკე, რომ აღარ მსურს ამაზე შორს წასვლა.
რაც შეეხება ომს ირანში, რა ხდება იქ?
ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს და შეერთებული შტატები აიძულეს, ათპუნქტიანი გეგმა მიეღო. CNN-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის განცხადება ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა. საბჭოს მტკიცებით, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ ყველა სანქციის მოხსნას და რეგიონში არსებული ყველა ბაზიდან აშშ-ის საბრძოლო ძალების გაყვანას. შეერთებული შტატები ასევე დათანხმდა ურანის გამდიდრებისა და ორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარებას. კერძოდ, ორმუზის სრუტეზე გავლა მხოლოდ ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით მოხდება. „მტერმა ირანელი ერის წინააღმდეგ უსამართლო, უკანონო და დანაშაულებრივ ომში უდავო, ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ხელები ისევ სასხლეტზე გვაქვს და მტრის მიერ დაშვებული უმცირესი აგრესიის შემთხვევაში სრული ძალით გავცემთ პასუხს“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ტრამპის განცხადება გაცილებით მოკრძალებულია: „ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ გავანადგურეთ მათი ფლოტი, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები, მწყობრიდან გამოვიყვანეთ მათი საჰაერო თავდაცვა, ყველაფერი გავანადგურეთ. ჩვენ სრულიად თავისუფლად გადავაადგილდებით. ირანი კვლავ განაგრძობს ორმუზის სრუტის ბლოკირებას, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათი ამბავი მორჩა “.
ტრამპის განცხადებაში არამხოლოდ მოკრძალებული ტონია თვალშისაცემი, არამედ სირცხვილის, უმწეობისა და დანაშაულის ინტონაციებიც.
სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გამარჯვების არგუმენტად რომ იტყვის, „ჩვენ გავანადგურეთ მათი ფლოტი, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები, მწყობრიდან გამოვიყვანეთ მათი საჰაერო თავდაცვა, ყველაფერი გავანადგურეთ”, სინამდვილეში, გამარჯვებას კი არა, დანაშაულს აღიარებს. „ყველაფრის განადგურების” გარდა, სხვა მიზანი თუკი არ არსებობდა, ეს სამხედრო დანაშაულია. რომელ მიზანს მიაღწია ტრამპმა, თუკი ირანის ხელისუფლება არ ჩამოინგრა, ბირთვული პროგრამა დარჩა და ორმუზის სრუტესაც ირანი აკონტროლებს? ტრამპმა მის მიერ ადრე დასახელებულ ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. ირანმა კი მიაღწია უმთავრესს – გაუძლო აშშ-ის ბარბაროსულ-ტერორისტულ აგრესიას. ეს უკვე თავისთავად გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ირანმა ბირთვული პროგრამაც გადაარჩინა და ორმუზის სრუტის კონტროლზეც ამერიკული აღიარება მიიღო. ეს უდიდესი და უბრწყინვალესი გამარჯვებაა. ირანელი ხალხის თავგანწირულმა ერთიანობამ აშშ-ის აგრესორი პრეზიდენტი უკუაქცია. ახლა აშშ მის ერთ-ერთ რეგიონული მასშტაბის ომში დამარცხებული სახელმწიფოა, პრეზიდენტი ტრამპი კი გალახულივით გამოიყურება. იგი სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა და დემენციის საშინელი სენით დაავადებულთათვის დამახასიათებელი გაოგნებით ლუღლუღებს: „მგონი, ჩვენ გავიმარჯვეთ”. ეს რაღაც თანამედროვე ფორმაა დამარცხებული უმაღლესი მთავარსარდლების მიერ დამარცხების აღიარებისა თუ არაღიარებისა. 2008 წელს სააკაშვილიც ტრამპივით ამტკიცებდა, გავიმარჯვეო. ზელენსკი, რომელმაც რამდენიმე რეგიონი დაკარგა, მეხუთე წელიწადია, გაიძახის, რუსეთს ვამარცხებო.
აშშ-ისთვის ირანში დამარცხება კიდევ ერთი ფაქტი კი არ არის, რომლის მსგავსი ბევრი უწვნევია, არა, ეს უკვე საბედისწერო მოვლენაა, სისტემური კრახია, ლოგიკური კოლაფსია, საბოლოო დაცემა. ეს დაჩოქებაა, არა იმდენად ძლიერ და ღირსეულ მოწინააღმდეგესთან შერკინებაში, რამდენადაც საკუთარ კრიზისებთან, პოლიტიკურ უგუნურებასთან, უსაფუძვლო ამბიციებთან, ტერორისტულ სულისკვეთებასთან და ისტორიულ ყავლგასულობასთან მომქანცველ ჭიდილში. გარე სამყაროსთან გაუთავებელი ომი მალე საშინაო ომის ბუმერანგად მიუბრუნდება ქვეყანას, რომლის თავზეხელაღებული პრეზიდენტი ახლა ნამდვილად იმსახურებს ნობელის პრემიას ირანში დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული „მშვიდობის” გამო, რომელიც, ტრამპს თუ სათვალავი არ არევია, მეორე ვადით არჩევის შემდეგ რიგით მეცხრე უნდა იყოს. ნობელის პრემიის კომიტეტს მოუწევს ამ ფაქტის გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ბერიკაცებს რომ მიადგეს ავიამზიდებით და უთხრას, მომანიჭეთ პრემია თორემ ისევე წაგართმევთ, როგორც ირანელებს ვართმევდი ბირთვულ პროგრამას, ორმუზის სრუტის კონტროლსა და ნავთობსო, რას უპასუხებენ, ნეტავი, დადგებიან ირანელებივით მტკიცედ თუ გამოუცუნცულებენ მედალს ისევე ტენდენციურად და მიკერძოებულად, როგორც სოლჟენიცინს, გორბაჩოვს, ობამას, მურატოვსა და სხვა ათას ოხერს გამოუცუნცულეს სხვადასხვა დროს?! აბა, რას იზამენ! შუბლის ძარღვის გაწყვეტაა ძნელი, თორემ მერე, როგორც ამბობენ, მიდის და მიდის თურმე ლიწინ-ლიწინით…
ვალერი კვარაცხელია






