Home რუბრიკები ისტორია რა არის თავისუფლება?

რა არის თავისუფლება?

ილია ჭავჭავაძე

წერილშირა არის თავისუფლება?” ილია დამაჯერებლად გვიხსნის და გვისაბუთებს თავისუფლების არსს. ის, როგორც დიდი მოაზროვნე და, ასევე, მოსამართლე, თვლის, რომ ადამიანის თავისუფლებას დემოკრატიული და სამართლიანი წესრიგი იცავს _ მას სწორედ ასეთი წესების დაცვა აძლიერებს და არა თავგასული უწესრიგობაო. ილიას სურს, რომ ყოველი ქართველი სამართლიანობისთვის მებრძოლი იყოს, რომ მანხელი არავის ახლებინოსკანონსა და სამართალზე, როგორცსაკუთარი თავისუფლების ციხესიმაგრეზე”.

თავისუფლება _ ეს არის კანონისა და სამართლისაგან შედუღაბებული ციხესიმაგრე, რომლის გამძლეობა და ხარისხი მისი მშენებლების კეთილსინდისიერებასა და ოსტატობაზეა დამოკიდებული. და დღეს ჩვენ როგორი კანონი და სამართალიც გვაქვს, როგორადაცაა დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები და თავისუფლება, იმაზე მეტყველებს, რამდენად არიან ხელისუფალნი ერის მოძმენიჭმუნვასა და სიხარულში”, რამდენად აჩნიათერის წყლულიწყლულად და რამდენადუდაგავთ გულსმისი ბედი და უბედობა

საკითხავია: შეუძლიათ ან სურთ კი საერთოდ, რომ მშობელ ერსტანჯვის ცრემლიმოსწმინდონ?

როგორ ესადაგება დღევანდელობას ილიას ეს ფრაზა: “ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს, ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ”.

გვაბოტებენოკეანის გაღმიდანაც და ახლო სამეზობლოდანაც; გვკარნახობენ და გვიდგენენ ცხოვრების წესს. შედეგად გაიყიდა საქართველოს მიწაწყალი მწვანე დოლარებზე, ქართველები უცხოეთში გადაიხვეწნენ ლუკმაპურის საშოვნელად, მათ სამკვიდრებელში კი უცხოელებმა დაიდეს ბინა.

ვიღას ახსოვს, რომჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება _ ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილი”? ვიღას ახსოვს, რომუმიწაწყლოდ ერი იგივეა, რაც უფრთოდ ფრინველი, უწყლოდ თევზი და უჰაეროდ სიცოცხლე”?

ჩვენდა სამწუხაროდ, თათქარიძეობა, ბერბიჭაშვილობა, შადიმანობა, კუჭატნელობა _ ეს საშინელი სნეულებანი, არც დღეს აკლია ქვეყანას, კვლავაც ჩვენი, ყველას, საერთო ტკივილია, ამიტომაცაა საზოგადოებრივი პროცესების კვლევის ილიასეული მეთოდოლოგია დღემდე აქტუალური.

ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვადასხვა საერო თუ სასულიერო საქმეში თუ ვინმეს ღვაწლი ფასობს, მისი პიროვნული თავისუფლების დამსახურებაა. შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ თავისუფალი მაშინ იქნება, თუ მკერდს მოიშიშვლებს ან შარვალს ჩაიხდის სხვათა თვალწინ, ან უცენზურო სიტყვების კორიანტელს დააყენებს საჯაროდ შთაბეჭდილების მოსახდენად და .., მაგრამ პიროვნული თავისუფლება პიროვნული აღვირახსნილობა ნამდვილად არ არის!

თავისუფლება თავის არ შეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშია” _ ეს პიროვნული თავისუფლების დოსტოევსკისეული განმარტებაა.

 “თავისუფლება არის მსახურება” _ ეს გოეთეს აზრია, დიდი გერმანელი მოაზროვნის. მაგრამ, თუ მსახური ხარ, მაშინ როგორ ხარ თავისუფალი? _ თავისუფლების მსახური ხარ და იმიტომო.

 არც მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრებაა თავისუფლება… “თავისუფლება ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი” _ ასეთია ილიას დასკვნა, რომელიც გამოაქვს წერილის ბოლოს, რომელსაც აქვე ვთავაზობთ მკითხველს.

თავისუფლება იგი ყოფამდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვაგლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია, იმიტომ, რომ თვითვეულის სვე-ბედი თვითვეულის ფარხმლით საგერი და სატევია და არა საერთო მფარველობისა და შემწეობისაგან ნათავდებები და დაკუთვნებული. ამ ყოფით ცხოვრება ცნობიერს და ჭკვათამყოფელს სულიერს არ შეუძლიან და თვით იმ კრებულს ჭკვათა-მყოფელს სულიერთა, რომელსაც ჩვენ კაცთა საზოგადოებას ვეძახით, მიზეზი არსებობისა და ყოველივე მნიშვნელობა ეკარგება და უბათილდება.

ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვის თავმოსაწონი თავისუფალება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლის მიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ, თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარ-ხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალის ფასადაც არა ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს.

სწორედ ესეც არის ყველგან, საცა კი ერთი ამ მხრით საზოგადოებურ ცხოვრებაში წარმატებულია. აი, თუნდა ამისი მაგალითი, რომელიც ჩვენებურს კაცს იქმება სასაცილოდაც არ ეყოს და რომელსაც კი, ჩვენის აზრით, დიდძალი მნიშვნელობა აქვს, იმოდენად დიდძალი, რომ უამისოდ ყოველივე კანონი, რაც უნდა კარგი იყოს, უქმი თამასუქია. ბრესლავში (რუსიის ქალაქია) ერთი მდიდარი სოვდაგარია თურმე. მას ეხლახან ჯვარი დაუწერია, პატარძალი შინ მიუყვანია და პოლიციისათვის კი არ შეუტყობინებია, რომ სახლში ახალი ადამიანი დაუბინავებია. პრუსიის კანონებით კი ყოველი პატრონი სახლისა მოვალეა, აცნობოს პოლიციას სამის დღის განმავლობაში, თუ ვინმე უცხო კაცი თავის ბინაში დააბინავა. პოლიციამ ამ კანონის დარღვევისათვის მანათზედ ცოტა მეტი ჯარიმა დააწერა სოვდაგარსა. სოვდაგარმა ჯარიმის გადახდევინება უსამართლოდ იცნა და პოლიციას უჩივლა. სასამართლოში სოვდაგარი ამტკიცებდა, რომ პოლიციას ამ შემთხვევაში ხელი არა ჰქონდა, ჯარიმა გადაეხდევინებინა ჩემთვისაო, იმიტომ, რომ კანონში მოხსენებულია, რომ თუ უცხო კაცი დავაბინავე ჩემს სახლში და პოლიციას არ შევატყობინე, მაშინ უნდა გადამხდეს ჯარიმაო; ცოლი კი, არც კანონით და არც საღვთო წერილის ძალით, უცხო კაცად არ ჩაითვლება ქმრისთვისაო. არც სასამართლომ, არც სასამართლოს პალატამ არ შეიწყნარა სოვდაგარის საბუთი და ზემოხსენებული ჯარიმა, სულ ერთი მანათი და ერთი შაური, მჯავრად განუჩინა. სოვდაგარმა მაინც თავისი არ დაიშალა და გადიტანა საჩივარი დიდს სახელმწიფო სამართალში, რომელსაც რეიჰსგერიხტი ჰქვიან.

სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათის გულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაცი მაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდა პოლიციას. მაგრამ აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატივისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხე-სამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია. კაცმა, მისის აზრით, უსამართლოდ მოაწვდინა მასზედ კანონის ხმალი და იგი იმავ კანონსა თავის კაცურის კაცობის ფასად წინ უყენებს და განკითხვას სამართლისაგან ელის. კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზაგახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.

P.S. თავისუფლების გაგების მეტად საგულისხმო ნიმუშებია ვაჟაფშაველას ესეები: “რას ჰქვიან თავისუფლება?” დარა არის თავისუფლება?”. დიდი ქართველი პოეტი ამ მცირე მოცულობის წერილებში თავისუფლების . ჭავჭავაძისეულ გაგებას ერთგვარად განავრცობს და თავისუფლებასა და ბედნიერებას ერთმანეთს უთანაბრებს.

ამაზე _ შემდეგ ნომერში.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here