“ჰიბრიდული ომი” _ ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხმარობენ ანალიტიკოსები ამ ტერმინს მსოფლიოში ჩამოყალიბებული მდგომარეობის დახასიათებისადმი მიძღვნილ პუბლიკაციებში. ყური კი შეეჩვია, მაგრამ, რას გულისხმობს, ბოლომდე გარკვეული არ ვართ. ენციკლოპედიურ ლიტერატურაში განმარტებულია, რომ ჰიბრიდული ომი მტრული დაპირისპირების მრავალსახეობაა, რომლის დროსაც ერთი მხარე არ განახორციელებს კლასიკურ სამხედრო თავდასხმას და თავისი ოპონენტის წინააღმდეგ გამოიყენებს ფარულ ოპერაციებს, დივერსიებს, კიბერომებს, მხარს უჭერს ამბოხებულებს, რომლებიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მოქმედებენ.
არის ამ ომის სხვა ფორმებიც და მათგან ერთ–ერთია სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელის ორგანიზება მოწინააღმდეგე მხარის მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ამ “სამეცნიერო–კვლევით” დაწესებულებებს განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს პენტაგონი, რომლის ბიუჯეტიდან მასობრივი განადგურების ეს “იარაღი” გულუხვად ფინანსდება. დღევანდელ პუბლიკაციაში უკრაინის მაგალითზე ნაჩვენებია, თუ რა საშიშროების შემცველია ეს დაყოვნებული მოქმედების ბომბები თანამედროვე მსოფლიოსთვის და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც. ჩვენი მკითხველი ბევრ საინტერესო პარალელს გაავლებს საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ ამბებთან. Fondsk.ru–ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის ავტორია არინა ცუკანოვა.
რუსეთის ფედერაციის გარშემო შექმნილ აშშ-ის სამხედრო ბიოლაბორატორიების სარტყელზე ათობით სტატია დაიწერა. ჟურნალისტებისა და სპეციალისტების მიერ შეკრებილი ინფორმაცია მეტყველებს, რომ ამ “სარტყლის” მიზეზით იქმნება აშკარა საფრთხე როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომლებშიც ეს ლაბორატორიებია განლაგებული, ასევე _ რუსეთისთვისაც.
ბიოლოგიური იარაღი მასობრივი განადგურების ისეთივე იარაღია, როგორიც ბირთვული ან ქიმიური, მაგრამ მისი გამოყენება, სპეციალისტების აზრით, ყველაზე ეფექტიანია: შეუძლია ადამიანების, ცხოველებისა და სასოფლო-სამეურნეო ნარგავების მოსპობა; ახასიათებს მოქნილობა, უდიდესი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, დაუბრკოლებელი შეღწევა, ბიოლოგიური აგენტების სიმრავლე, საინკუბაციო პერიოდის არსებობა, რომელიც დასნებოვნების წყაროს დაფარვის საშუალებას ქმნის, თვითგავრცელების უნარი, მაღალი შედეგიანობა, სიიაფე.
“ბევრს ახსოვს 2001 წლის შემოდგომის მოვლენები, როცა აშშ-ში ავრცელებდნენ წერილებს ე.წ. თეთრი ფხვნილით. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ტერორისტული აქტი ორგანიზებული იყო აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ ცენტრებთან დაკავშირებული ადამიანების მიერ. როცა ეს ფხვნილი გამოიკვლიეს სპეციალიზებულ ლაბორატორიებში, ძალიან საინტერესო რამ დადგინდა: თეთრი ფხვნილი აღმოჩნდა რეცეპტურა, რომლითაც აღჭურვავენ კასეტურ საბრძოლო მასალებს. მათ შესწევს უნარი, ღრმად შეაღწიოს ფილტვებში და დააავადოს ადამიანი, მაგრამ, 1972 წლის კონვენციის თანახმად, რომლითაც აკრძალულია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის დამუშავება, წარმოება და მარაგის დაგროვება, ასეთი რეცეპტურები და საბრძოლო მასალა აშშ-ში არ უნდა იყოს”, _ განაცხადა რამდენიმე წლის წინათ ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სპეციალისტმა, მიკრობიოლოგმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, თადარიგის პოლკოვნიკმა მიხეილ სუპოტნიცკიმ. მისი სიტყვებით, “ბიოლოგიური სამხედრო აქტივობა აშშ-ში არასოდეს შეწყვეტილა”.
განსაკუთრებით საშიშია ბიოლაბორატორიები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა ბოლო 12 წლის განმავლობაში გახსნა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. მათი მუშაობა გასაიდუმლოებულია, მათ საქმიანობაში უშუალოდ მონაწილეობენ ამერიკელები, ლაბორატორიები ამერიკული ფულით აშენდა და მათ აშშ–ის თავდაცვის სამინისტრო კურატორობს. სახელმწიფო გადატრიალებამდე უკრაინაში 15 ასეთი ობიექტი იყო შექმნილი, მათგან 14 _ საოლქო ცენტრებში.
* ოდესა, 2009 წელი (ცენტრალური რეფერენს-ლაბორატორია (CRL) მეჩნიკოვის სახელობის უკრაინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შავი ჭირის ლაბორატორიის ბაზაზე). სპეციალიზაცია _ ადამიანის პათოგენების შესწავლა; აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ პროექტში 3,5 მილიონ დოლარამდე დახარჯა.
* ვინიცა, 2010 წელი (დიაგნოსტიკური ლაბორატორია, ღირებულება 1,5 მილიონი დოლარი. დაფინანსების წყარო _ იგივე);
* 2011 წელს ბიოლაბორატორიები გაიხსნა უჟგოროდსა (იმიერკარპატების დიაგნოსტიკური ლაბორატორია, 1,5 მილიონი დოლარი) და დნეპროპეტროვსკში (დიაგნოსტიკური ლაბორატორია, 1,9 მილიონი დოლარი, და ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო რეგიონული ლაბორატორია, 1,8 მილიონი დოლარი), სიმფეროპოლში (ყირიმის რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორია შავი ჭირის ლაბორატორიის ბაზაზე, დაახლოებით 1,9 მილიონი დოლარი), დონორი, როგორც სხვა შემთხვევებში, პენტაგონია;
* 2012 წელს ორი ლაბორატორია გაიხსნა ლვოვში (1,9 მილიონი და 1,7 მილიონი დოლარი), თითო-თითო _ ხარკოვში (1,6 მილიონ დოლარზე მეტი), კიევში (2,1 მილიონ დოლარზე მეტი), ლუგანსკში (დაახლოებით 1,75 მილიონი დოლარი), ხერსონში (1,7 მილიონ დოლარზე მეტი), ტერნოპოლში (1,75 მილიონი დოლარი). ყველა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებულია;
* 2013 წელს მესამე ბიოლაბორატორია მიიღო ლვოვმა (ლვოვის ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, 1,5 მილიონ დოლარზე მეტი);
* უცნობია მერეფის ლაბორატორიის ბედი (ხარკოვის ექსპერიმენტული და კლინიკური სავეტერინარო მედიცინის ბაზაზე), რომელიც 2013 წელს უნდა გაეხსნათ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო გადაიდო. ამერიკელები აპირებდნენ, ხარკოვის 30-კილომეტრიან ზონაში გამოეკვლიათ ციმბირის წყლულის, შავი ჭირის, ქათმის გრიპის, თურქულისა და სხვა ვირუსების შტამები, დაეხვეწათ და უფრო პათოგენური გაეხადათ ისინი. მშენებლობის ზონა საცხოვრებელ კვარტალს ეკვროდა, ამან ძალიან დააფრთხო მოქალაქეები. ისინი ვერ დააწყნარეს ვერც მოხელეთა მტკიცებამ, რომ ლაბორატორია სრულიად უსაფრთხოა და რომ აშშ მზად არის, 15 მილიონი ჩადოს ამ საქმეში. შედეგად ხარკოვის ხელისუფლებამ პროექტი დახურა (უფრო სარწმუნოა, რომ ეს პროექტი იმავე ოლქში სხვა ადგილზე გადაიტანეს).
გაურკვეველია, გაიხსნა თუ არა ასეთი ახალი ლაბორატორიები 2014 წლიდან დღემდე. სარწმუნო მონაცემები არ არსებობს. მწყობრში ჩამდგარი ლაბორატორიების მუშაობის შესახებ უკრაინის მედია არაფერს წერს. უკრაინაში არსებული შემაშფოთებელი ფაქტორების გათვალისწინებით (მეოთხე წელია, გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, მნიშვნელოვნად მოიმატა დანაშაულის რაოდენობამ, პოლიტიკური ვითარება არასტაბილურია), ძნელი არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, როგორი საშიშროების წყაროა უკრაინის სახელმწიფო, რომელიც სავსეა ბიოლოგიური ლაბორატორიებით, ბელარუსისთვის, რუსეთისთვის, მოლდოვისთვის, დნესტრისპირეთისთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის.
* 2009 წლიდან უკრაინაში ეპიდემიები რეგულარულად წარმოიქმნება. ყველა ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ ბრძოლისას ჯიბეების ფულით გავსების შესაძლებლობა ეძლეოდა. საკმარისია, გავიხსენოთ “ღორის გრიპის,” A H1N1-ის გამო ატეხილი ისტერიკის პერიოდში ქარს გატანებული 40 მილიონამდე დოლარი.
* 2017 წელს უცებ “იფეთქა” ბოტულიზმმა, კიევსა და ხერსონში ადამიანები დაიღუპნენ იმის გამო, რომ სამედიცინო დაწესებულებებს არ აღმოაჩნდათ შესაბამისი შრატი.
* 2012 წელს უკრაინის მოქალაქენი “მოულოდნელად” დაავადდნენ წითელათი (დარეგისტრირდა 13 000-ზე მეტი შემთხვევა). წლეულს ეს დაავადება კვლავ “დაბრუნდა” და შუა ივნისში ოდესის ოლქსა და გალიცინაში უკვე ასობით ადამიანს შეეყარა.
* 2016 წლის სექტემბერში იზმაილში (კვლავ ოდესის ოლქში) იფეთქა უცნობმა ნაწლავურმა ინფექციამ, რომელმაც განსაკუთრებით ბავშვები შეაწუხა. მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებს ასობით ადამიანმა მიმართა. ორი დღის შემდეგ მათმა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. მიზეზი ვერ იპოვეს: ადგილობრივი ხელისუფლება, თავდაპირველად, ირწმუნებოდა, რომ წყლის სისუფთავე სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებდა, რასაც სინჯების ანალიზიც ადასტურებდა. შემდეგ ეს განსაკუთრებული სიტუაცია ვირუსებს დააბრალეს, რომლებიც უამინდობის გამო წყალში შემთხვევით მოხვდა. ამის დამტკიცებას ცდილობდა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და “მაიდნის მთავარი ექიმი ოლგა ბოგომოლეცი. 2016 წელს უკრაინაში “დაბრუნდა” ღორის გრიპი, დაავადება, რომელსაც ატიპური პნევმონიის უსწრაფესი განვითარება ახასიათებს.
* 2012 წელს უკრაინას მოედო ღორის აფრიკული შავი ჭირი. უდიდესმა აგროკომბინატმა “კალიტამ” 2015 წელს ამ დაავადების გამო სრულად გაწყვიტა ღორები (60 000-ზე მეტი სული); უკრაინაში “მოულოდნელად” ფეხმოკიდებული ღორის ჭირის წინააღმდეგ გაშლილ ბრძოლაში ქვეყანაში 100 000 ცხოველის უტილიზაცია მოახდინეს. არავითარი ვაქცინა ან შრატი ამ დაავადების წინააღმდეგ არ არსებობს, მოკვდავობა 100 პროცენტია, დაავადებულ ცხოველთან ნებისმიერი კონტაქტი დასნებოვნებას იწვევს. დაავადების წყაროს გარკვევა პრაქტიკულად შეუძლებელია: აღნიშნული ვირუსი მიწაში დაახლოებით 8 თვეს ძლებს, შებოლილ ძეხვში, ხორცსა და ღორის ქონში 5 თვეს “ცოცხლობს”, ნაკელში _ 3 თვეზე მეტხანს. დასნებოვნებული ცხოველების კრემაციიდან 6 თვის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს კარანტინი, ღორების თავიდან მოშენება შეიძლება ეპიდემიის დამთავრებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ. ვირუსს შეუძლია სრულად გაანადგუროს ბიზნესი არა მხოლოდ ღორების მცირე ფერმის ფარგლებში, არამედ მსხვილი აგრომეურნეობის მასშტაბით. უკრაინაში აღნიშნული დაავადების რუკა გვიჩვენებს, რომ აქაური “ღორის საშიშროება” ბელარუსის, რუსეთისა და დნესტრისპირეთის საზღვრებს მჭიდროდ ეკვრის.
“ბიოუსაფრთხოების” ამერიკული პროექტი, რომლის ნაწილი ფართოდაა გაშლილი უკრაინაში, სხვა არაფერია, თუ არა მანევრი, რომლის მიზანია, გვერდი აუქციოს 1972 წლის კონვენციას. ლეგენდის მიხედვით, სამხედრო–ბიოლოგიური ლაბორატორიები თითქოს მოწოდებულია, “შეამციროს ბიოლოგიური საფრთხე” ამა თუ იმ სახელმწიფოში, სინამდვილეში კი არის პენტაგონის კონტროლს დაქვემდებარებული ვირუსებისა და ბაქტერიების კონკრეტულ გენოფონდზე ზემოქმედების შემსწავლელი ქსელი, იქნება ეს ადამიანები, ცხოველები თუ მცენარეები. პენტაგონი ფლობს უფართოეს ასპარეზს: პათოგენების საშუალებით შეუძლია იმოქმედოს მეცხოველეობასა და მემცენარეობაზე, მართოს ლოკალური და ტოტალური ეპიდემიები.
2016 წლის ბოლოს ევროკავშირმა უკრაინას აუკრძალა ხორცის ექსპორტი იმის გამო, რომ ხერსონის ოლქში “უცებ” იფეთქა “ქათმის გრიპმა”; აკრძალვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. ფრინველის ექსპორტი (ძირითადად, ქათმების) უკრაინის მეფრინველეობას ყოველწლიურად 4 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს აძლევდა. თუ დაავადება კვლავ თავს იჩენს, მეფრინველეობაში უკრაინის უდიდესი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთი (უკრაინული ქათმის ხორცის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 27 პროცენტი, კვერცხის _ 35 პროცენტი) გაწყვეტს კონტრაქტს უკრაინასთან. ეს იქნება ადგილობრივი მეფრინველეობისთვის რთულად დასაძლევი კრიზისის დასაწყისი.
მასმედიისა და ექსპერტთა მეშვეობით ჩამოყალიბებულია აზრი, რომ ინფექციის გამავრცელებლები გარეული ცხოველები არიან, რომ სადღაც ვირუსების მუტაცია ხდება და ისინიც, ახალი თვისებებით აღჭურვილი, რომლებიც აძლიერებს და აჩქარებს ლეტალურ შედეგს, უკან ბრუნდება. რაც შეეხება ადამიანებს, აქ საკმარისია საზოგადოებაში ინფორმაციის შეგდება მოწამლული წყლის, დაჟანგული მილების, ვადაგასული ძეხვის ან შორეული ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტის შესახებ, რომელიც ვირუსით დასნებოვნებული აღმოჩნდა.
ბიოლოგიური ბომბის უპირატესობაც ის არის, რომ იგი უხილავია და წყაროს დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი.
არ იმალება მხოლოდ ერთი ფაქტორი: მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ბიოლაბორატორიების ქსელში უკრაინის გახვევა დაიწყეს, ბიოლოგიური საფრთხეების რაოდენობამ არნახულად იმატა და გავრცელების არეალი უფრო მასშტაბური გახდა.
ამჟამად უკრაინა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბიოლოგიური ბომბი რუსეთის, ბელარუსისა და დნესტრისპირეთის ასაფეთქებლად გამზადებული.
(გაგრძელება იქნება)