Home რუბრიკები სამართალი რატომ აჭიანურებს ქვემო ქართლის პროკურატურა წალკის პოლიციელების საქმეს?

რატომ აჭიანურებს ქვემო ქართლის პროკურატურა წალკის პოლიციელების საქმეს?

სასამართლო

საქართველო და მსოფლიოშიგამოქვეყნებული წერილებიდან მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2016 წლის 30 ივლისს წალკის საკრებულოს წევრმა და საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სამსონ თამარიანმა მანქანა დააჯახა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის _ აიკ მელტონიანის შვილს, არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილის შესახებ თამარიანმა მობილურით აცნობა სოფლის რწმუნებულს _ ანტარამ მელტონიანს, რომელმაც ეს ამბავი შეატყობინა შსს წალკის რაიონის ავრანლოს განყოფილებას. გარდა სოფლის რწმუნებულისა, დაზარალებულის მამამ _ აიკ მელტონიანმა მის შვილზე თავდასხმის შესახებ აცნობა წალკის მთავარი სამმართველოს ოპერატიულ მორიგეს _ მემედ აბდულაევს და არაერთხელ დაუკავშირდა 112-.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მისულმა სამართალდამცველთა ჯგუფმა, ავრანლოს განყოფილების უფროს ედვარდ ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით, არაჯეროვნად მიიღო სავალდებულო ოპერატიული ზომები. შედეგად, განადგურდა სამსონ თამარიანის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებები და, მიუხედავად აიკ და მორლენ მელტონიანების მუდარისა, დაეცვათ თამარიანების მორიგი თავდასხმისგან, ჯგუფმა დატოვა შემთხვევის ადგილი, სადაც ორიოდე წუთის შემდეგ მისულმა ანდრანიკ თამარიანმა და მისმა ბიძამ სამველ თამარიანმა მორლენ მელტონიანს თვალწინ მოუკლეს შვილი, ახალგაზრდა სპორტსმენი ანდრანიკ მელტონიანი. საქმის მასალებიდან ასევე იკვეთება, რომ ოდნავ მოგვიანებით სამველ თამარიანი ცდილობდა აიკ მელტონიანის მეორე შვილის, არასრულწლოვანი ამბარცუმის სიცოცხლის მოსპობას, რასაც ხელი შეუშალა ტაბელური იარაღიდან აიკ მელტონიანის გასროლამ.

სამსონ თამარიანის მიერ მერგელისთვის მანქანით დაჯახების, მისი შვილის _ ანდრანიკის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და სამველ თამარიანის მიერ არასრულწლოვანი ამბარცუმის მკვლელობის მცდელობის შესახებ აიკ მელტონიანმა შეატყობინა წალკის რაიონის პოლიციის უფროს ნიკოლოზ გადელიას მისივე კაბინეტში. აიკ მელტონიანის წარდგენილი მტკიცებულებები ისეთი თვალსაჩინო იყო, რომ სამსონ თამარიანი თავისი შვილის, ძმისა და, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის გადასარჩენად “ოპერატიულად” ამოქმედდა. შედეგად, წალკის პოლიციის უფროსის _ ნიკოლოზ გადელიას, მისი მეგობრების, ადვოკატების: მუხრან ღურწკაიასა და თამარ სადრაძის, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურორის _ ლევან გეგეჭკორისა და რუსთავის სასამართლოს მოსამართლის _ ეკატერინე პართენიშვილის სინქრონულმა ქმედებებმა 2017 წლის 25 აპრილს გამოიწვია იურიდიული კაზუსი: სასამართლოს განაჩენით, მკვლელსა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს მიუსაჯეს ერთნაირი სასჯელი _ რვა-რვა წლით პატიმრობა. ლევან გეგეჭკორის უმოქმედობის შედეგად შეიქმნა გარემოება, რომელიც იურისპრუდენციაში ჩაუხედავ ადამიანსაც უამრავ შეკითხვას აღუძრავს და გაუჩენს საფუძვლიან ეჭვს _ გადაცდომები ამ საქმეში მოხდა კონკრეტული პირების დაბალი კვალიფიკაციის შედეგად თუ საქმე გვაქვს სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსის განზრახ დარღვევებთან? გამოთქმული ეჭვების საფუძვლიანობის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვან: მოკლული ანდრანიკ მელტონიანის მამამ, მორლენ მელტონიანმა, მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა საჩივარი მთავარ პროკურატურაში ავრანლოს განყოფილების უფროსის, ედვარდ ხაჩატრიანის, და მისი რამდენიმე თანამშრომლის მიერ გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის თაობაზე, რომელსაც მოჰყვა თამარიანების მხრიდან ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობა და ამბარცუმ მელტონიანის მკვლელობის მცდელობა. აღნიშნულ საჩივარზე რამდენიმე თვის დაგვიანებით ქვემო ქართლის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ, გაუგებარი მიზეზების გამო, მისი დასრულება _ დამნაშავეებისთვის ბრალის წარდგენა, დღემდე ვერ მოხერხდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ დამნაშავეებისთვის ბრალის წაყენება მიზანმიმართულად ჭიანურდება.

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here