Home რუბრიკები საზოგადოება “ოქროს ბუცი” _ ეუსებიოდან მესიმდე

“ოქროს ბუცი” _ ეუსებიოდან მესიმდე

არგენტინელი გენიოსის საოცარი შედეგი

1531

ოქროს ბუცითპირველად დააჯილდოვეს ფეხბურთელი, რომელმაც 1967-1968 წლების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა. ჯილდო დააწესა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe და კომპანიაადიდასმა”. წესები მარტივი იყო _ ვინც ყველაზე მეტ ბურთს გაიტანდა, პრიზს მას გადასცემდნენ.

ასეთ ფორმატში “ოქროს ბუცმა” 1991 წლამდე იარსება. შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჯილდო არავისთვის გადაუციათ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პროტესტის გამო, თუმცა “ადიდასი” მაინც განაგრძობდა ლაურეატების დასახელებასა და დაჯილდოებას არაოფიციალურად. 1997 წლიდან “ოქროს ბუცმა” თანამედროვე სახე მიიღო: ინდივიდუალურ ჯილდოს მიიღებს ფეხბურთელი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. უეფას რეიტინგის მიხედვით, ევროპის 5 უძლიერეს ჩემპიონატში გოლი 2 ქულად ითვლება. სარეიტინგო სიაში 6-დან 21-მდე ადგილზე მყოფი ქვეყნების პირველობაში გატანილი ბურთი 1,5 ქულად ფასობს, დანარჩენში კი _ 1 ქულად.

 

ეუსებიო
ეუსებიო

1967-1968. ეუსებიო (“ბენფიკა”, ლისაბონი) _ 42 გოლი. ევროპის პირველი ბომბარდირის ტიტული მოიპოვა ეუსებიომ, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატში 4 ათეულზე მეტი ბურთი შეაგდო მეტოქეთა კარში.

1968-1969. პეტარ ჟეკოვი (ცსკა სოფია) _ 36 გოლი. ეს იყო პეტარის სადებიუტო სეზონი სოფიელი არმიელების შემადგენლობაში.

1969-1970. გერდ მიულერი (“ბაიერნი” მიუნხენი) _ 38 გოლი. XX საუკუნის გერმანელ სუპერფორვარდს დიდი წარდგენა არ სჭირდება.

1970-1971. იოსიფ სკობლარი (“მარსელი”) _ 44 გოლი. შესანიშნავი სეზონი იუგოსლავიელი ფეხბურთელისა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა საფრანგეთის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, იმ სეზონში კი ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა ევროპაში.

1971-1972. გერდ მიულერი (“ბაიერნი”, 2). მიულერის მეორე “ოქროს ბურთი”.

1972-1973. ეუსებიო (“ბენფიკა”, 2). გერდ მიულერის კვალდაკვალ ეუსებიომაც მეორედ მოიგო “ოქროს ბუცი”.

1973-1974. ეკტორ იასალდე (“სპორტინგი”) _ 46 გოლი. კიდევ ერთი ბომბარდირი პორტუგალიიდან შესანიშნავი მაჩვენებლით, იასალდემ “სპორტინგის” შემადგენლობაში სულ 126 ბურთი გაიტანა 131 მატჩში.

1974-1975. დუდუ ჯორჯესკუ (“დინამო” ბუქარესტი) _ 33 გოლი. რუმინელ ფეხბურთელს 33 გოლი ეყო ტიტულის მოსაპოვებლად. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი “ოქროს ბურთის” არსებობის პირველი 14 წლის განმავლობაში.

1975-1976. სოტირის კაიაფასი (“ომონია”) _ 39 გოლი. თანასწორუფლებიანობის პერიოდში “ოქროს ბუცის” ტიტულის მოპოვება ნებისმიერს შეეძლო, არც ისე ძლიერი კვიპროსული კლუბის წარმომადგენელსაც კი.

1976-1977. დუდუ ჯორჯესკუ (“დინამო” ბუქარესტი, 2) _ 47 გოლი. ამ სეზონში ჯორჯესკუმ შედეგიანობის მხრივ რეკორდი დაამყარა ევროპელი ფეხბურთელებისთვის _ 47 გოლი. მისი რეკორდის მოხსნა შეძლეს მხოლოდ მესიმ და რონალდუმ.

1980-1981. გიორგი სლავკოვი (“თრაკია”) _ 31 გოლი. ბულგარელი ფეხბურთელის შედეგმა ეჭვები გააჩინა, მაგრამ მაინც ჩაუთვალეს. კლუბ “თრაკიას” კი დღეს “ბოტევი” ჰქვია.

1981-1982. ვიმ კიფტი (“აიაქსი”) _ 32 გოლი. 19 წლის იყო, “ოქროს ბუცი” რომ მოიპოვა. 1988 წელს კი ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

1982-1983. ფერნანდუ გომეში (“პორტუ”) _ 36 გოლი. “პორტუს” ლეგენდარულ ფეხბურთელს უყვარდა თქმა: “ბურთის გატანა ორგაზმის განცდას ჰგავს”.

1983-1984. იენ რაში (“ლივერპული”) _ 32 გოლი. ინგლისის ჩემპიონატის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ეს ინდივიდუალური პრიზი დაიმსახურა.

1984-1985. ფერნანდუ გომეში (“პორტუ”, 2) _ 39 გოლი. გერდ მიულერისა და ეუსებიოს შემდეგ მესამე ფეხბურთელია, ვინც 2-ჯერ მოიგო “ოქროს ბუცი”.

1985-1986. მარკო ვან ბასტენი (“აიაქსი”) _ 37 გოლი. ყველა დროის ერთ-ერთი შესანიშნავი ბომბარდირი.

1986-1987. ტონი პოლსტერი (“აუსტრია” ვენა) _ 39 გოლი. პრიზი თავდაპირველად გადასცეს რუმინელ კემეტარუს, მაგრამ შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ უპატიოსნო გზით მიაღწია შედეგს, “ოქროს ბურთი” ავსტრიელ პოლსტერს გადაეცა.

1987-1988. ტანჯუ ჩოლაკი (“გალათასარაი”) _ 39 გოლი. ამ თურქი ფეხბურთელის მეტსახელი არის “ბატონი გოლი”. თურქეთის ჩემპიონატში 12 სეზონის განმავლობაში 306 ბურთი შეაგდო მეტოქეთა კარში.

1988-1989. დორინ მატეუდი (“დინამო” ბუქარესტი) _ 43 გოლი. თავისი კარიერის დანარჩენ წლებში (14) სულ 75 ბურთი გაიტანა.

1989-1990. ხრისტო სტოიჩკოვი (ცსკა სოფია) და უგო სანჩესი (“რეალი”) _ 38-38 გოლი. სანჩესი ესპანური კლუბების პირველი წარმომადგენელია, ვინც “ოქროს ბუცი” მოიპოვა. უკვე შემდეგი სეზონიდან სტოიჩკოვი და სანჩესი ელ კლასიკოში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

1990-1991. დარკო პანჩევი (“ცრვენა ზვეზდა” ბელგრადი) _ 34 გოლი. იუგოსლაველ ფეხბურთს, რომელმაც 1991 წელს “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ეს ინდივიდუალური პრიზი მხოლოდ 2008 წელს გადაეცა.

1991-1992. ალი მაკოისტი (“გლაზგო რეინჯერსი”) _ 34 გოლი. იმ პერიოდში პრიზს ოფციალურად არ გადასცემდნენ, მაგრამ, ძველი წესების მიხედვით, ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული დაიმსახურა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამინდელი თაობისთვის ცნობილია როგორც EA Sports-ის ფეხბურთის კომპიუტერული სიმულატორის კომენტატორი.

1992-1993. დევიდ ტეილორი (“პორტმადოგი”, უელსი) _ 43 გოლი. არაფერი გსმენიათ ამ ფეხბურთელის შესახებ? _ არც არის საჭირო.

1993-1994. არსენ ავეტისიანი (აოსს პიუნიკი) _ 39 გოლი. ფეხბურთის მოყვარულებმა იციან, რომ ავეტისიანი სოჭის “ჟემჩუჟინას” ღირსებასაც იცავდა.

1995-1996. ზვიად ენდელაძე (“მარგვეთი” ზესტაფონი) _ 40. ეს არის ვირტუალური “ოქროს ბუცის” ქართველი გამარჯვებული. რადგან, როგორც აღვნიშნეთ, 1991-დან 1997 წლამდე ამ პრიზის გადაცემა შეჩერებული იყო.

1997-1997. რონალდო (“ბარსელონა”) _ 68 ქულა (34 გოლი). ამ სეზონში, როგორც იქნა, მოხდა “ოქროს ბუცის” “გადატვირთვა” და ახალი წესებით (რომლებიც დღესაც მოქმედებს) დაიწყო პრიზის გათამაშება. “ოქროს ბუცი” მოიპოვა ბრაზილიელმა ფენომენმა, მეტსახელად “კიჭა”.

1997-1998. ნიკოს მახლასი (“ვიტესი”) _ 68 ქულა (34 გოლი). იმხანად ჰოლანდიის ჩემპიონატი, დიდწილად “აიაქსის” დამსახურებით, ევროპის საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატის ხუთეულში შედიოდა. სწორედ ამით ისარგებლა ბერძენმა მახლასმა.

1998-1999. მარიო ჟარდელი (“პორტუ”) _ 54 ქულა (36 გოლი). ეს იყო ბრაზილიელი ბომბარდირის შესანიშნავი სეზონი პორტუგალიურ კლუბში.

1999-2000. კევინ ფილიპსი (“სანდერლენდი”) _ 60 ქულა (30 გოლი). მოულოდნელად მოიპოვა ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული და მასთან ერთად “ოქროს ბუციც”.

2000-2001. ჰენრიკ ლარსონი (“სელტიკი” გლაზგო) _ 52,5 ქულა (35 გოლი). შვედმა ფეხბურთელმა თავისი კარიერის საუკეთესო წლები შოტლანდიურ კლუბში გაატარა და ყველა ტურნირზე 53 ბურთი გაიტანა.

2001-2002. მარიო ჟარდელი (“სპორტინგი”, 2) _ 63 ქულა (42 გოლი). მარიო პირველი ფეხბურთელია, ვინც “ოქროს ბუცი” სხვადასხვა კლუბში თამაშისას მოიპოვა.

2002-2003. როი მაკაი (“დეპორტიკო”) _ 58 ქულა (29 გოლი). ჰოლანდიელი შესანიშნავად თამაშობდა ჯერ “დეპორტივოში”, შემდეგ _ “ბაიერნში”.

2003-2004. ტიერი ანრი (“არსენალი) _ 60 ქულა (30 გოლი). “არსენალის” ფრანგი ლეგენდა 2000-იანი წლების შუა პერიოდში შეუჩერებელი იყო.

2004-2005. ტიერი ანრი (“არსენალი”, 2) და დიეგო ფორლანი (“ვილიარეალი”) _ 50 ქულა (25 გოლი). ანრი ამ წელსაც მოწოდების სიმაღლეზე იყო, ოღონდ ურუგვაელ ფორლანთან ერთად.

2005-2006. ლუკა ტონი (“ფიორენტინა”) _ 62 ქულა (31 გოლი). ტონიმ 2006 წელს “ოქროს ბუცის” გარდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.

2006-2007. ფრანჩესკო ტოტი (“რომა”) _ 52 ქულა (26 გოლი). კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი იტალიიდან, რომელმაც ბომბარდირის თვისებები გამოავლინა.

2007-2008. კრიშტიანუ რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”) _ 62 ქულა (31 გოლი). ეს იყო პორტუგალიის პირველი “ოქროს ბუცი”.

2008-2009. დიეგო ფორლანი (“ატლეტიკო”, 2) _ 64 ქულა (32 გოლი). ურუგვაელი შეუერთდა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც 2-ჯერ მოიგეს “ოქროს ბუცი”.

ლიონელ მესი
ლიონელ მესი

2009-2010. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) _ 68 ქულა (34 გოლი). პირველი ჯილდო მომავალი რეკორდსმენისა მოგებული პრიზების რაოდენობით.

2010-2011. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, 2) _ 80 ქულა (40 გოლი). კრიშტიანუმ გაიმეორა ჟარდელის ტრუკი და ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით მოიპოვა “ოქროს ბუცი”.

2011-2012. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 2) _ 100 ქულა (50 გოლი). ეს რეკორდია. იმ წლებშიც კი, როცა არანაირი კოეფიციენტი არ მოქმედებდა, ვერავინ შეძლო 50 ბურთის გატანა.

2012-2013. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 3) _ 92 ქულა (46 გოლი). მესი პირველია, ვინც ეს პრიზი სამჯერ მოიგო.

2013-2014. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, 3) და ლუის სუარესი (“ლივერპული”) _ 62 ქულა (31 გოლი). ამ სეზონში “ოქროს ბუცი” შუაზე გაიყვეს პორტუგალიელმა და ურუგვაელმა.

2014-2015. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, 4) _ 96 ქულა (48 გოლი). რონალდუ პირველი იყო, ვინც 4-ჯერ მოიპოვა ეს საპატიო პრიზი, მაგრამ შემდეგ წლებში მას დაეწია მესი და გადაასწრო კიდეც.

2015-2016. ლუის სუარესი (“ბარსელონა”, 2) _ 80 ქულა (40 გოლი). სუარესმა მეორედ მოიგო “ოქროს ბუცი”, თანაც ორ სხვადასხვა კლუბში.

2016-2017. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 4) _ 74 ქულა (37 გოლი). მესის მეოთხე ჯილდო.

2017-2018. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 5). გასულ სეზონში მესიმ მეხუთედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.

2018-2019. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, 6). 72 ქულა (36 გოლი). არგენტინელი გენიოსი მეექვსედ დაეუფლა “ოქროს ბუცს” და ამით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here