პენსია (პენსიო) ლათინური ტერმინია და სახელმწიფოს მხრიდან თავისი ხანდაზმული ან უძლური მოქალაქისადმი დამსახურების მიხედვით რეგულარულ მატერიალურ (ფულად) ანაზღაურებას ნიშნავს. სახელმწიფოსა თუ კერძო პირების, კომპანიების მხრიდან პენსიების, კომპენსაციების, სტიპენდიების, პრემიების, ნაირნაირი ჯილდოებისა და დახმარებების გაცემას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. იგი საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ჩამოყალიბდა იმ ინსტიტუტად, რომელიც, უძლურების ან დათქმული ასაკის შესრულების შემთხვევაში, მოქალაქის ღირსეული ცხოვრების გარანტიაა.
ასეა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში _ მე, ამერიკელმა (კანადელმა, ინგლისელმა, შვედმა, ფრანგმა, გერმანელმა…) მუშამ, ფერმერმა, მასწავლებელმა, ჯარისკაცმა, მოხელემ ვიცი, რომ მაქვს გარანტირებული სიბერე _ შემიძლია ხვავიანად ვსვა და ვჭამო, მეგობარსაც გავუმასპინძლდე, ჩავიცვა და დავიხურო, ნორმალურ ბინაში ვიცხოვრო, მეუღლესთან (მეგობართან) ერთად მსოფლიოში ვიმოგზაურო; თუ დამჭირდება, ბანკიდან შეღავათიანი (წელიწადში 1 ან 2 პროცენტიანი) კრედიტით ვისარგებლო… ამიტომ სიბერისა და ინვალიდობის არ მეშინია. არც მარტოობისა.
ისიც ვიცი, რომ პენსია არ არის სახელმწიფოს ან ვინმე კეთილშობილი კერძო პირის კეთილი ნების შედეგი _ იგი ჩემი შრომითა და მოღვაწეობით დავიმსახურე. სახელმწიფო ან კერძო საპენსიო სადაზღვევო კომპანია, ან ორივე ერთად ჩემ მიერ თავის დროზე გამომუშავებული თანხის დაგროვებაში დამეხმარა, მრავალი წლის განმავლობაში თავადაც ისარგებლა და მეც ფინანსურად გარანტირებული სიბერე შემიქმნა.
კოსმონავტი, ომის ვეტერანი, მეცნიერი ან დეპუტატი, შესაძლოა, ჩემზე მეტ პენსიას იღებს, მაგრამ არ მშურს და არც რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია _ მას ჰქონდა ჩემზე მეტი ხელფასი და ჩემზე მეტი დამსახურება ქვეყნის წინაშე.
სამართლიანობისთვის იმასაც ვიტყვი, რომ პენსიების პრობლემა მოწესრიგებული იყო საბჭოთა კავშირში _ მართალია, უცხოეთში სამოგზაუროდ არ გეყოფოდა (ან უცხოეთში ვინ გაგიშვებდა!), მაგრამ ნორმალური კვებისა და გადასახადებისთვის სავსებით საკმარისი იყო. საბჭოთა პენსიონერის შემოსავალი რაოდენობრივად შორს იდგა საშუალო ევროპელის საპენსიო შემოსავლისგან, მაგრამ პრინციპი არ განსხვავდებოდა _ პენსია განისაზღვრებოდა ხელფასისა და დამსახურების მიხედვით. და საბჭოთა პენსიონერისთვის წამალი და კომუნალური გადასახადი მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, იმდენად იაფი ღირდა.
დღევანდელ საქართველოში პენსიებისა და სტიპენდია-კომპენსაცია-დანამატების პრობლემებს, ძირითადად, ორი კანონი აწესრიგებს: “საქართველოს კანონი პენსიის შესახებ” და “საქართველოს კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”.
ორივე ამ კანონში მითითებულია (მუხლი 3. კანონის ძირითადი პრინციპები), რომ “კანონის ძირითადი პრინციპებია: სამართლიანობა, კანონის წინაშე თანასწორობა, მუდმივობა, საყოველთაოობა, თაობათა შორის სოლიდარობა…”
სანამ სამართლიანობასა და თანასწორობაზე მოგახსენებდეთ, ბარემ გეტყვით, რომ აქვე (მუხლი 4. ტერმინთა განმარტება) განმარტებულია ტერმინი “შრომისუუნარო _ პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ან არის 65 წლის ან მეტი ასაკის”.
არ ვკამათობ, ტერმინის ამგვარი განმარტება სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაძლოა, სავსებით გამართული იყოს, მაგრამ აქ გაიგივებულია “მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების” მქონე და “65 წლის ან მეტი ასაკის” ადამიანი, რაც შინაარსობრივად, რადიკალურად განსხვავებული ცნებებია: 65 წლის ადამიანების უმრავლესობა, ჩვეულებრივ, შრომისუნარიანი და ხშირად, განუსაზღვრელი გონებრივი შესაძლებლობებისაა. მეტიც, მე თუ მკითხავთ, მაღალ არჩევით ან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე სასურველია არა 30-35 წლის ახალგაზრდების, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებით დამძიმებული პირების არჩევა და დანიშვნა. მით უფრო, როცა კარგად ვიცით, რაც ბიბლიური “ბიჭბუჭების” მმართველობამ მოგვიტანა.
ვრცელი ციტატისთვის დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ კანონის ეს ნაწილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ალბათ, ძალზე საინტერესოა:
მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
2.ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: საქართველოს პარლამენტის წევრებს; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს; საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს; გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს; სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს; “საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე–მაშველის/მაშველის ოჯახის წევრებს.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ საქართველოს სინამდვილეში აქ ნახსენები კომპენსაციები გაიცემა არა ამ ადამიანების მიერ ხანგრძლივი შრომის შედეგად დაგროვილი თანხებიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ საქართველოს ყველა მოქალაქის მიერ ერთობლივად შექმნილი დოვლათიდან. ამ სინამდვილიდან გამომდინარე, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეს ეს პრივილეგიები საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს…
პენსიების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის პენსია თვეში 560 ლარს შეადგენს; არსებული ხელფასიდან გამოიანგარიშება და დაახლოებით ამდენივეა მინისტრების, მათი მოადგილეების, სხვა მაღალი თანამდებობის პირების საპენსიო ანაზღაურებაც.
არ მენანება, ღმერთმა შეარგოთ. არც თვეში 560 ლარი და არც ამაზე ხუთჯერ მეტი ღირსეულად ცხოვრებისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ რა დააშავა იმ 700 000-მდე ადამიანმა, რომლებიც ყოველთვიურად სასოებით ელიან მარჩენალ პენსიას _ 180 ლარს? რატომ იხარშებიან ერთ ქვაბში ის, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქვეყნის სამსახურს შეალია და ის, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უსაქმურობასა და ქურდბაცაცობაში გაატარა?! რატომ აქვს ღვაწლმოსილ, მშრომელ, პატიოსან კაცს ვინმე ავანტურისტ, არაფრის მაქნისი პარტიის წევრ პარლამენტარზე 300 პროცენტით ნაკლები პენსია?!
სამწუხაროდ, ეს არ არის რიტორიკული შეკითხვები _ ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს და რაც შეიძლება მალე, ვიდრე ის 700 000-ზე მეტი ადამიანი თავისი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსულა.
საქართველოში მოქმედი ასეულობით NGO-დან, მაწანწალა ძაღლებს, ქუჩის მეძავებს, პედერასტებს, მოღალატე ცოლებს, თუ კოღო ანოფელესს რომ მფარველობენ, ერთიც არ არის, პენსიონერების პრობლემები რომ აღელვებდეს.
არც ფინანსთა სამინისტროს, არც ეროვნულ ბანკს, არც მინისტრთა კაბინეტს არ აინტერესებს (ან თქმას ვერ ბედავს!), რა ცოდვა-ბრალი ტრიალებს “ლიბერთი ბანკში” პენსიონერთა სესხებთან დაკავშირებით (სწორედ ის ემსახურება პენსიონერებს): ნებისმიერი ოდენობის სესხი პენსიონერზე გაიცემა წელიწადში 50 პროცენტად! ანუ თუ მე 1000 ლარს ვისესხებ, ერთი წლის განმავლობაში 1500 ლარი უნდა ჩავასესხო, რომელსაც დაემატება კიდევ 60 ლარი და დაახლოებით 30 ლარამდე ბანკის მომსახურების თანხა! თანაც, გადახდის ვადად განისაზღვრება არა 12, არამედ 24-36 თვე, რაც გადასახდელ თანხას კიდევ 25-35 პროცენტით გაზრდის!
ეს არის ყოვლად ჩვეულებრივი ბანდიტიზმი, რასაც უკვე მრავალი წელიწადია ფილოსოფიური დუმილით შესცქერის ხელისუფლება.
სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ პენსიების შესახებ კანონში მოკეკლუცე მუხლი სამართლიანობისა და თანასწორობის შესახებ მეტისმეტად შეურაცხმყოფელია.
დაბოლოს, ერთი მოკრძალებული თხოვნა _ იქნებ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებიდან ვინმემ აუხსნას ომის ვეტერანებს, ვინ და რა მონაცემებზე დაყრდნობით გამოიანგარიშა 22 ლარი _ ვეტერანებისთვის ყოველთვიური დანამატის სახით დასარიგებლად.
თეიმურაზ ქორიძე
რედაქციისაგან:
“ახალგაზრდა რეფორმატორები” ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად რომ ემზადებოდნენ, ცხონებული ზურაბ ჟვანია, ლეპტოპით აღჭურვილი, ტელეეკრანზე გამოჩნდებოდა და თავის ნაანგარიშევ პენსიის გაზრდილ ოდენობას, იმ ლეპტოპით “დადასტურებულ” ციფრებს წაგვიკითხავდა. დაგვაიმედებდა: 250 დოლარის ეკვივალენტურ პენსიას დაგინიშნავთო.
დაპირება არც 2012 წელს მოსული ხელისუფლებისგან გვაკლდა.
ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძეც იმ გზაზე დგას _ გაგიზრდით პენსიებსო.
მაგრამ მისი წინამორბედი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლამის ნიანგის ცრემლებით რომ ტიროდა, მოგიმატებდით, მაგრამ ჩვენ ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ აქვს და ნუ დაგვძრახავთო, ამას რა ვუყოთ? ამ ორ წელიწადში ჩვენი გაჭირვებული ბიუჯეტი შემოსავლების რა ისეთმა წყაროებმა შეავსო, რომ პენსიების გაზრდის შესაძლებლობა მიეცა?
დაგიჯეროთ, ბატონო მამუკა?







