Home რუბრიკები საზოგადოება ოთარ ფაცაციაც წავიდა

ოთარ ფაცაციაც წავიდა

201

თვალსაჩინო პიროვნება, მამულიშვილი, სახელმწიფო მოღვაწე, ვაჟკაცი, შესახედად და ცხოვრების წესით რაინდი!

_ ის იყო დიდი ქართველი და დიდი კოლხი. ასეთად რჩებოდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც და მეგობრებთან ურთიერთობის ჟამსაც, _ იტყვის აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე, _ და ასეთად გადაეცემა თაობიდან თაობას ამ საოცარი პიროვნების სახელი, მისივე საქმეებით დადასტურებული. მასშტაბური ხელმძღვანელის ნიჭიერებითა და უნარით იყო დაჯილდოებული ოთარ ფაცაცია, მისთვის სრულიად უცხო და მიუღებელი იყო ამპარტავნობა, თავდაჯერებულობა, თვითგანდიდების სურვილზე მინიშნებაც კი. იდეალური პიროვნება იყო.

_ უნიკალური პიროვნება გახლდათ ბატონი ოთარი, _ დიდი გულისტკივილით ამბობს ბონდო ჯიქია, რომელიც შორეული ახალგაზრდობიდან მოყოლებული წლების განმავლობაში განსაკუთრებული მონდომებითა და საქმის ცოდნით ზრუნავდა მშობლიურ კუთხეზე და საერთოდ ქვეყანაზე, როგორც პარტიული, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, _ მქონდა პატივი ბატონ ოთარის ხანგრძლივი მეგობარი ვყოფილიყავი. ვიმეორებ, იგი უნიკალური პიროვნება იყო, როგორც საზოგადო, ისე სახელმწიფო მოღვაწე, ასევე ადამიანურ ურთიერთობაში. უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა მას ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში მოუწია. მან შეძლო ყველა სიძნელის გადალახვა და ხელი შეუწყო სახელმწიფო მმართველობის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას.

ყოველთვის ვიამაყებ მასთან მეგობრობით.

უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

ბაკურ გულუამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გამოთქმული აზრის დახვეწილობით, ტევადობითა და ქვეტექსტებით კონკრეტულობისა და განზოგადების სხარტი შერწყმით დაადასტურა, რომ გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა უმჯობესია და ამად კარგი.

რაც ფრიად იშვიათია მაღალ თანამდებობებზე ნამუშევარი სახელმწიფო მოღვაწეების ელიტური წრის წარმომადგენლებისთვის.

მან თქვა:

_ ოთარ ფაცაციას საქართველოს პრემიერმინისტრის მაღალ თანამდებობაზე მოგვიანებით დანიშვნისა (სიტყვა “მოგვიანებითს” განსაკუთრებული მინიშნებით გაუსვა ხაზი _ ა.ს.) და მოღვაწეობის მოკლე დროის მიუხედავად, თავის პიროვნებას (“ბიოგრაფიასო” თქვა. _ ა.ს.) ასობით მოყვარული და გულშემატკივარი შესძინა, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან დიდი კაცის მაქებარი საქართველოში იშვიათობაა.

_ ოთარ ფაცაცია იყო უკეთილშობილესი ადამიანი, ნამდვილი კოლხი, კაცთმოყვარე, მონადირე _ დაიწყო ფრიდონ ინჯიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, და ისე, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის რეგლამენტის გაგრძელება არ უთხოვია, განაგრძო (ან რატომ უნდა ეთხოვა?! ან ვისთვის?! ან რომელ პლენარულ სხდომას ვესწრებოდით, მკაცრად დადგენილი რეგლამენტი რომ დაეცვა?!).

_ მაშინ ედუარდ შევარდნაძე, სახელმწიფოს მეთაური, ყოფილი იმელის შენობაში იჯდა. ცენტრალური სადარბაზოს ფართო კიბეზე შემხვდა ჩაფიქრებული (მომეჩვენა, რომ ცოტა დაბნეულიც იყო) ოთარ ფაცაცია. იმ დროს მას საკმაოდ აფორიაქებული სამეგრელო ებარა და ასეთ ვითარებაში იქაურობის მიტოვება თუნდაც ერთი დღით, ცოტა მოულოდნელი იყო.

რამ ჩამოგიყვანა-მეთქი, რომ ვკითხე, მხრები აიჩეჩა _ არ ვიციო, _ სასწრაფოდ გამომიძახა შევარდნაძემ. ძლივს მოვასწარი.

ასე დავცილდით ერთმანეთს.

გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი. ვმუშაობ სამინისტროს საქმეებზე (ფრიდონ ინჯია იმ დროს კავშირგაბმულობის მინისტრი იყო. _ ა.ს.). იღება კარი და შემოდის ოთარი. არ გამკვირვებია: სამეგრელოს მაშინ ძალიან უჭირდა და ხან ტექნიკას მთხოვდა, ხან სპეციალისტების მივლინებას. მეც ვეხმარებოდი. ხშირი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

შევეგებე.

ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ხან ეღიმებოდა, ხან ჩაფიქრდებოდა წამიერად, აჭრილივით იყო.

ხომ მშვიდობაა-მეთქი, დავინტერესდი.

_ ედუარდმა შემომთავაზა პრემიერმინისტრობა და შენ რას მეტყვიო…

მივულოცე და წარმატება ვუსურვე ახალ ამპლუაში. ძალიან გამეხარდა.

მეორე დღეს პრემიერის სამუშაო ოთახში რომ შევიდა, დამირეკა და მითხრა: _ აქ იმდენი ტელეფონი და იმდენი ღილაკია, რომელიმე ისეთს არ დავაჭირო და საქმე არ გავაფუჭო. თუ ძმა ხარ, ამოდი და გამარკვიე, რომელი რისთვის არსებობსო.

ალალი კაცი იყო, _ დაასკვნა ფრიდონ ინჯიამ.

მართალი თქვა: ყველაფრის მცოდნეობას არ იბრალებდა. პრობლემის გადასაჭრელად, როგორც წესი, პროფესიონალებს ეთათბირებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სამრეწველო მეურნეობის გაძღოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა და მმართველობის საქმის დიდოსტატი იყო.

სხვა თუ არაფერი, ენგურის ცელულოზისა და ქაღალდის კომბინატის საბჭოთა კავშირში თითით საჩვენებელი, თანამედროვე საწარმოდ ჩამოყალიბება პირადად მისი დამსახურება იყო. მუშებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფა, მათი ოჯახების დასვენების ორგანიზება ანაკლიის სანაპიროზე კომბინატის მიერ აგებულ კოტეჯებსა და სპეციალურად მოწყობილ საკუკრორტო ზონაში მისი ინიციატივა იყო.

მაგრამ უპირველესი, რა თქმა უნდა, დეფიციტური პროდუქციის წარმოება იყო, ქაღალდის, რასაც წარმატებით ართმევდნენ თავს და მაინც დეფიციტად რჩებოდა. მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო.

ერთხელ თბილისიდან პირადად მასთან ჩავიდა დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, რომლის ტომეულები ვერ იბეჭდებოდა ქაღალდის მარაგის ამოწურვის გამო. ჩავიდა და კომბინატის ახალგაზრდა დირექტორს დახმარება სთხოვა.

_ წელებზე ფეხი დავიდგით და თხოვნა შევუსრულეთო, _ იხსენებდა უკვე პრემიერმინისტრად ყოფნის დროს ოთარ ფაცაცია.

და ეამაყებოდა.

ძალიან მგრძნობიარე იყო, განსაკუთრებით, ყოფითი ეთიკის დაცვის საკითხში. ქვეყნის მმართველობის უმაღლეს საფეხურზე ასვლა საპატიო საქმედ მიაჩნდა, მოვალეობად, ხოლო ამ დონეზე მყოფთა მიერ წესიერების ნორმების დაცვა ურყევ მოთხოვნად და უპირობო კანონად წარმოედგინა.

ერთხელ, დსთ წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტზე, რომელიც მინსკში გაიმართა, შევარდნაძეს, რომელიც თბილისში შექმნილი დაძაბულობის გამო ვერ გაემგზავრა, ჩაენაცვლა ოთარ ფაცაცია.

საქმიანი ნაწილის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, მაღალ სტუმრებს სადილი გაუმართეს, პირველ პირებს ცალკე _ გამოჩენილი არტისტების ხელოვნებით შეკმაზული კულინარულ-პროტოკოლური მიღება.

პრემიერის ორიოდ თანმხლები იქვე პარკში გამოვედით და ხანგრძლივი მოლოდინისთვის გავემზადეთ.

ბანკეტი დაწყებულიც არ გვეგონა, როცა აღელვებული ჩვენი პრემიერი სასწრაფოდ მოგვეახლა და წავედითო, გამოგვიცხადა.

წავედით და მხოლოდ გზაში აგვიხსნა, რა იყო ასე სასწრაფოდ ჩვენი აყრის მიზეზი:

_ მე იმ სუფრაზე ვერ დავჯდები, სადაც ქვეყნის მთვრალი პრეზიდენტი ბორშჩში ჩაარწყევს.

ლაპარაკობდა ლოთობით ცნობილ პრეზიდენტზე, რომელიც იმ დროს ყოფილი სუპერდერჟავის ლიდერად იყო აღზევებული დაინტერესებული უცხო ძალების მიერ.

ფაცაციას ამ არადიპლომატიურ ნაბიჯს სკანდალი არ მოჰყოლია, რადგან მისი ქცევა ყოველმხრივ გამართლებული იყო.

მიაფუჩეჩეს.

თუმცა ისიც იყო, რომ სხვას არავის მიუბაძავს ჩვენი წარმომადგენლისთვის.

პრინციპულობა არ ეყოთ?

გამბედაობა?

გამბედაობა საქართველოს პრემიერისკენ მოგეკითხათ, როცა იგი, თოვლსა და ყინვაში ჭუბერის უღელტეხილზე აფხაზეთიდან დაძრული ლტოლვილების მოზღვავებული ნაკადის უსაფრთხო გადასვლას დღე და ღამ, 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად აგვარებდა და ათასობით ჩვენი თანამემამულე სიკვდილის კლანჭებს გამოსტაცა _ ბავშვები, ქალები, მოხუცები. უსასოოდ შთენილნი.

ურთულეს ვითარებაში, როცა არავინ იძლეოდა გარანტიას, რომ აფხაზეთში, სადღაც სოხუმთან სეპარატისტების ალყაში მოხვედრილი ქვეყნის მეთაური, მისი მცირერიცხოვანი პირადი დაცვა და თანმხლები პირები ცოცხლად გამოაღწევდნენ (ჟიული შარტავა უკვე მოკლული იყო), სწორედ ოთარ ფაცაციამ დააყენა ფეხზე რუსეთის ხელისუფლება ქართველების გადასარჩენად.

ყველაფერი სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო _ პრაქტიკულად ერთდროულად უნდა დაგვერეკა რუსეთის პრეზიდენტთანაც, გენერალურ შტაბშიც, მთავრობაშიც და ა.შ. და გადაგვეცა, პირობითად ვიტყვი, განგაშის სიგნალი SOS! რაც ფიზიკურად წარმოუდგენელი იყო.

სწრაფად, რაც შეიძლება უფრო სწრაფად და ერთდროულად!

ამ ყველაფრის მოწმე და მონაწილე იყო პრემიერის სამდივნოს ხელმძღვანელი გივი მაისურაძე. სხვა არავინ.

ბატონმა ოთარმა დამავალა, ამ სტრიქონების ავტორს, მისი სახელით ВЧ ტელეფონის მეშვეობით დაკავშირება რუსეთის პრეზიდენტის მისაღებთან, არმიის გენერალური შტაბის მორიგესთან, რუსეთის მთავრობაში საქართველოს კურატორთან, სხვა ყველასთან თვითონ დაიწყო რეკვა. პასუხები თანაგრძნობის გამომხატველი კი იყო, მაგრამ ერთმანეთთან გადამისამართებით მთავრდებოდა უფრო ხშირად, მაინც გამოიღო შედეგი ამ “მასობრივმა საინფორმაციო შეტევამ”: ჩვენი საავიაციო პარკის ერთმა ТУ-მ, რომელსაც ტყვიით გახვრეტილი რეზერვუარიდან შეუჩერებლად ეღვრებოდა საავიაციო საწვავი, მოახერხა ბაბუშერას აეროდრომიდან აფრენა და ღვთის წყალობით ბათუმში მშვიდობით დაშვება.

რაც ბოლო წუთამდე საეჭვო იყო.

ასეთ ექსტრემალურ გარემოში უხდებოდა პრემიერს მთავრობის მეთაურის უშუალო მოვალეობის შესრულება, თუნდაც ორიგინალური მეთოდით. მაგალითად, იმ მიზეზების გასარკვევად, თუ რატომ გამოდიოდა ასე ხშირად მწყობრიდან თბილისის თბოელექტროსადგური, ადგილზე არაერთხელ ჩასულა და პირადად შეუმოწმებია, ობიექტურად არსებობდა თუ არა ის სიძნელეები, რომლებსაც მოიმიზეზებდნენ სპეციალისტები და მათი ხელმძღვანელები ელექტროენერგიის გამორთვის სისტემატურობის გასამართლებლად.

წლების შემდეგ გაირკვევა, რომ საეჭვოდ სისტემატური ავარიები ახალგაზრდა რეფორმატორების მოწყობილი მასშტაბური საბოტაჟი იყო: ემზადებოდნენ “ფერადი” რევოლუციისთვის, ასე იკვალავდნენ გზას ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად.

* * *

…კინოკადრებივით მიჰყვა ერთმანეთს ოთარ ფაცაციას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები და მოვლენები. სანიმუშოდ მხოლოდ რამდენიმე ამოვკრიფე მეხსიერების ფირზე აღბეჭდილი სიმრავლიდან.

მაგრამ პორტრეტის სრულყოფილად წარმოსაჩენად ორიოდ შტრიხს დავუმატებ, ნეკროლოგის სტილისტიკისთვის უცხოსა და მიუღებელს.

დიდი იუმორის პატრონი იყო, რომლითაც განმუხტავდა ხოლმე ურთულეს სიტუაციებს და ამშვიდებდა ვითარებას. ხშირად იმეორებდა ერთ, ცოტა მოხულიგნო ფრთიან წინადადებას:

“Для чего попу гармонь, когда есть колокола”.

უყვარდა სერგეი ესენინის ციტირება:

Вы помните,

Вы все, конечно, помните,

Как я стоял

Приблизившись к стене,

Взволновано ходили вы по комнате

И что-то резкое

В лицо блосали мне.

ალექსანდრე ბლოკის პოეზია უყვარდა მოწიწებამდე:

Ночь, улица, фонарь, аптека,

Бессмысленный и тусклый свет.

Живи еще хоть четверть века,

Все будет так. Исхода нет.

Умрешь – начнешь опятьсначала

И повторится все, как встарь.

Ночь, ледянная рябь канала,

Аптека, улица, фонарь.

* * *

ოთარ ფაცაცია თავისი მემუარების წიგნში ერთ საოცარ ფაქტს აღწერს, რომლის მოწმეც ბიჭობაში გახდა: როგორ შეუდგა ფრთა ერთმა თეთრმა გედმა მეორეს, ბრაკონიერის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილს, და სანამ ძალა შესწევდა და ღონე ეყო, გადააფრინა ლაქაშებს. მოაცილა იქ ჩასაფრებულ სიკვდილს.

ასევე შეუდგა ბატონი ოთარი გედის სითეთრესავით სუფთა სულისკვეთებითა და თავგანწირვით სატანისტური ძალების მიერ მხარში დაჭრილ სამშობლოს და მოარიდა იმ უდროობას, რომელიც მაშინ მეფობდა.

მადლიერმა ხალხმა გუშინ ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე მშობლიურ მიწას მიაბარა ღვაწლმოსილი მამულიშვილი.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here