Home რუბრიკები ისტორია ნიკო ნიკოლაძე: ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო...

ნიკო ნიკოლაძე: ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს ან მარტო მავნებელი… მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია

ნიკო ნიკოლაძე

პუბლიკაციამამულის სიყვარული და მსახურება”, რომელსაც ახალი წლის პირველ ნომერში ვთავაზობთ ჩვენს ერთგულ მკითხველს, 1880 წელს დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის მიერ შედგენილ ალმანახშისაახალწლო”. და რატომ მაინცდამაინც ამ პუბლიკაციით ვიწყებთ ჩვენც ახალ წელს? იმიტომ, რომ 2019 წელს მაინც გავიაზროთ, რა იგულისხმება მამულის სიყვარულსა და მსახურებაში; პირად ამბიციებს, ურთიერთქიშპობას, ქილიკსა და შეურაცხყოფას კი თავი დავანებოთ.

სწორედ ამის ახსნას ცდილობს ნიკო ნიკოლაძე თანამემამულეებისთვის, როდესაც ამბობს, რომამ ნაწერის მიზანიცთუ დარი დამიდგა – ეს გამოკვლევა იქნებაო”.

თვით ნიკო ნიკოლაძის მიერ განვლილი ცხოვრების გზა ხომ თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, როგორ უნდა იღვაწოს სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა ადამიანმა. “ჩინებული რამ არის ქვეყნისთვის წვიმამაგრამ, თუ მაისის წვიმა ნიაღვრად იქცა, ყანებს ერთიანად წალეკს და თესლს გადარეცხსო”. სამშობლოს სიყვარული მართლაც ჩინებული რამ არის, მაგრამ ზომიერება, სიფრთხილე და დაკვირვება გმართებს, შენი ქმედებით მამულს სიკეთის ნაცვლად ზიანი რომ არ მიაყენო: თუ მდინარეს კაცმა უადგილო ადგილს წვალება დაუწყო, თუ სარწყავი ღელეების ან საწისქვილე ტოტების თავი ცუდ ადგილს გაუკეთა, მდინარე რომ მოდიდდება, მთელ ყანებსა და მინდვრებს გადიარს, წალეკს, დააქცევს”. ბრძენკაცის ამ სიტყვებს გულისფიცარზე უნდა იწერდეს ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც რატომღაც დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყნის ნამდვილი გულშემატკივრები სწორედ ისინი არიან, რომ მხოლოდ მათ შესწევთ ძალა და აქვთ უნარი ქვეყნის გაძღოლისა და აღმშენებლობის. “მდინარეს კაცმა უადგილო ადგილას წვალება არ უნდა დაუწყოსო” _ არადა, სწორედუადგილო ადგილას წვალებამშაგრენის ტყავივით დაპატარავა საქართველო, მტრად გვიქცია მოკეთე

მაგრამ “ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს ან მარტო მავნებელი. ყოველი ძალა, როგორც ყოველი საგანი, ზოგჯერ სასარგებლოა კაცისთვის და ზოგჯერ მავნებელი. მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი კურნალობს, და უტვინო ბავშვი რძის საჭამადშიაც კი დაიხრჩობა”. ნურავინ გვიწყენს, მაგრამ ჩვენს ერს რომ არ ეღირსა ქვეყნის სათავეში მცოდნე და მოხერხებული კაცები, ფაქტია. მავანი ერეკლე II-ს ამუნათებს: აქაოდა, რუსებს შეაჭმევინა ჩვენი თავიო; რუსეთში განათლებამიღებულნი კი რუსეთუმეებად მონათლა: რუსებს გუნდრუკს უკმევენ და ელაქუცებიანო. არადა, სწორედ მათ _ თერგდალეულებმა და მათმა შთამომავლებმა _ რუსეთში ყოფნისას თუ იქიდან დაბრუნების შემდეგ უდიდესი ქართული საქმეები გააკეთეს.

როგორ?

სწორედ ისე, როგორც ნიკო ნიკოლაძე ამბობს: “გონიერმა ხალხმა კარგად უნდა შეისწავლოს წყლისა და მდინარის თვისება, კარგად უნდა მოიხმაროს ის ღონე, რომელიც ამ სტიქიისთვის ბუნებას მიუცია, თუ სურს, რომ ამ ძალამ ახეიროს”.

თუნდაც გავიხსენოთ, რას ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძის საქმიანობა რუსეთის დუმაში.

ის, რომ პატრიოტი ქართველები ფიანდაზად ფეხქვეშ არავის ეგებოდნენ, ამის დასტურად მოვიყვან ნაწყვეტს დიმიტრი ყიფიანის მიერ პეტერბურგში გასაგზავნად რუსულ ენაზე შედგენილი განმარტებითი ბარათიდან:

“…ახლა კი დავსვათ კითხვა: რა ხალხია ქართველები? ქართველები ახალგაზრდა ხალხი არაა. მათ დამოუკიდებლად იცხოვრეს უძველესი დროიდან ჩვენი ასწლეულის დამდეგამდე. სახელმწიფოებრივი არსებობა კი ქრისტეს დაბადებამდე 300 წლის წინათ დაიწყეს.

უკანასკნელი ექვსი საუკუნე ქართველების ცხოვრებაში იყო მრავალტანჯული, მოწამეობრივი. მიიღეს რა პირველივე საუკუნეებში ქრისტიანობა, მათ მთელი თავიანთი შესაძლებლობები მტერთაგან ეროვნული მეობისა და მართლმადიდებლობის დაცვას მოახმარეს. მტერი კი ყოველი მხრიდან აწყდებოდათ: თურქები, სპარსელები, (ჩრდილოკავკასიელი) მთიელები. აღმოსავლეთიდანაც გამძვინვარებით ესხმოდნენ თავს: ჩინგიზ-ყაენის ურდოები, მაგალითად, ჯალალედინი, მურვან ყრუ, თემურლენგი, რომელიც უთვალავი ლაშქარით ექვსჯერ შემოესია ერთ მუჭა ქრისტიან ხალხს. საქართველომ კაცობრიობის ამ მტარვალთა მრავალი დარტყმა მიიღო საკუთარ თავზე და ამით საფრთხე ააცილა დასავლეთის ცივილიზაციას. არაერთ ქრისტიან ხელისუფალს უღიარებია ქართველი ხალხის დამსახურება მსოფლიოს წინაშე. ხალხისა, რომელმაც თავგანწირული ბრძოლის ქარცეცხლში გამოატარა სხივმოსილი სიწმინდე სამოციქულო ეკლესიისა.

მაგრამ ექვსსაუკუნოვანმა ბრძოლამ მოქანცა საქართველო, სისხლისგან დაცალა იგი. ბოლოს მან ძლიერ და ერთმორწმუნე ჩრდილოელ მეზობელს მიაპყრო მზერაშეგნებულად, ნებაყოფლობით შევიდა მართლმადიდებელი რუსეთის ერთმმართველობაში. ასე გადაიქცა საქართველო რუსეთის საქართველოდ და ამის შემდეგ თითოეული ქართველი, _ ისევე, როგორც თითოეული ჭეშმარიტი რუსი, – არ ზოგავდა და დღესაც არ ზოგავს არც სიცოცხლეს, არც ავლადიდებას საერთო რუსული სახელმწიფოს ინტერესებისთვის.

60 წლის მანძილზე იღვრებოდა კავკასიაში რუსების სისხლი, მაგრამ ქართველთა სისხლიც იღვრებოდა! ბოლოს და ბოლოს, რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველომ მიაღწია იმას, რაც XIII საუკუნიდან არ ღირსებია.

ქართველები ახალგაზრდა ხალხი არაა-მეთქი, _ ზემოთ აღვნიშნე, _ და მათ იციან, ვისი დამსახურებაა ეს ყოველივე. მაგრამ როგორია, როცა ვეება კასრით თაფლს მოგიძღვნიან, მადლობის სათქმელად გაღებულ პირში კი კუპრს ჩაგასხამენ.

ჩვენ ვინც გვიცნობს _ ან ვუყვარვართ ან პატივს მაინც გვცემენ; ხოლო ვინც არ გვიცნობს, _ როგორებიც არიან, მაგალითად, ჩვენი ბედუკუღმართობის გამო დასავლეთის გუბერნიებიდან პირდაპირ აქ მოხვედრილი ადმინისტრატორები, _ იმათ პოლონელებში ვეშლებით და ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, როგორმე გაგვაბოროტონ და მოთმინებიდან გამოგვიყვანონ. მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მეომარი ხალხი ვართ და, მაშასადამე, პატიოსანიც. ამასთანავე, ქართველები ახალგაზრდა ხალხი არაა და ვერც ვერავინ წამოგვაგებს ანკესზე. კიდევ ერთი საკითხიც და წერტილი: თავადი დონდუკოვი (ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი, კავკასიის მთავარმართებელი, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი _ რედ.) უცნაურ დანაშაულსა მდებს ბრალად. ჩემზე ამბობს _ ქართველი პატრიოტის როლს თამაშობსო. არის თუ არა ამაში რაიმე ნიშანი დანაშაულისა? ერთნი მოსკოველი პატრიოტის როლს თამაშობენ, მეორენი _ ვოლოგდის პატრიოტის როლს, მესამენი _ რიაზანელი პატრიოტისას… არა, თავადო! მე როლს არ ვთამაშობ – ჭეშმარიტად ქართველი პატრიოტი ვარ! ოღონდ ეგაა, არა თქვენებური, არამედ ჩემებური გაგებით. პატრიოტის მოვალეობაა თავისი სამშობლოს მიმართ შთანერგვა სიყვარულისა და არა განხეთქილებისა!” (14 ნოემბერი, 1886, სტავროპოლი).

თქვენც გაიგონეთ და ღრმად ჩაიბეჭდეთ თავში, ვისაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მართვის პრეტენზია გაქვთ და პატრიოტობას იჩემებთ: თქვენი უპირველესი მოვალეობაა “სამშობლოს მიმართ შთანერგვა სიყვარულისა და არა განხეთქილებისა!”, არავის სათამაშოდ და მარიონეტად არ უნდა ვიქცეთ. ჩვენ ვინც გვიცნობს – სხვა თუ არაფერი, პატივს მაინც გვცემენ; ისინი კი, ვინც არ გვიცნობს – ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, როგორმე გაგვაბოროტონ და მოთმინებიდან გამოგვიყვანონ _ ვერავინ ვერ უნდა წამოგვაგოს ანკესზე!

“საქართველო და მსოფლიო” გისურვებთ, რომ 2019 წელი ქართველობის გამოფხიზლების, ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლის წელიწადი ყოფილიყოს. ამას იქით ღმერთმა ნუ მოასწროს ჩვენს მამულს ის დრო, კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარ ამბიციებს ქვეყნის ინტერესები რომ ანაცვალონ.

მამულის სიყვარული და მსახურება

შესავალი

ღვთის მადლით ფხიზლდება და იღვიძებს ნელ-ნელა ჩვენი ქართველობა, მოძრაობას იწყებს ცოტ-ცოტად ჩვენი ქვეყანა. როგორც იქნა, იმ დღესაც მოვესწარით, როცა ქართველ კაცსაც საზოგადოებრივი გრძნობა გაუჯდა ტანში, ის გრძნობა, რომელიც გვაგებინებს, რომ ბევრი რამ ჰკლებია ჩვენს ქვეყანას, ბევრი საერთო საჭიროება გვქონია… ამ ოცი, თუთხმეტი წლის წინათ ჩვენში ამგვარი გრძნობისა ან გაგების ხსენებაც არ ყოფილა. მოვიგონოთ ის წყეული და ბნელითმოსილი დრო, რომელიც, ამას იქით ღმერთმა ნუ მოასწროს ჩვენს მამულს! გახსოვთ, ხომ, თითოეული კაცი რომ მარტო თავისთავად და თავისთვის მოქმედებდა. მას მეტი რამე მიზანი როდი ჰქონია _ ჩინი ვიშოვნო, სამსახურში დავწინაურდე, შეძლება შევიძინოო. მისი კეთილის-მყოფელი მარტო ის იყო, ვინც ამ ჩინის შოვნას უადვილებდა, ვინც ამ დაწინაურებაში ეხმარებოდა ან ამ შეძენაში ხელს უწყობდა… ვაბეზღებდით ამ მეზობელს, ვდევნიდით, ვაწვალებდით… იმის მოსაზრება ჩვენ როდი გვქონდა, იქნება ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდეს, და ხვალ საკუთრად ჩვენ დაგვიწყონ დევნა ან წვალება ისე, როგორც დღეს ჩვენს მეზობელს ეპყრობიან ჩვენის შემწეობით… კი არ გვეშინოდა ქართულად ხმის ამოღების, გვრცხვენოდა, გვეთაკილებოდა, გვეგონა, გლეხკაცად, “მუჟიკად” ჩაგვთვლიან, თუ რუსულად არ ვისაუბრეთო… ვის ჰქონდა მაშინ იმის გაგება, და ვინ იტყოდა, რომ ჩვენის პირადი კეთილდღეობისთვისაც საჭირო არისო დედა-ენის ცოდნა, თანამემამულეების ძმობა, მათი დახმარება… გახსოვთ, კიდევ, ოთხიოდე ახალგაზრდა კაცი გამოგვეზარდა, ამ ოცი წლის წინათ, რომელთაც ქადაგება დაიწყეს, წერით თუ სიტყვით, ქართველები ვართო, ქართულ ენას ნუ დავივიწყებთო, ქართული მწერლობა აღვადგინოთო, ერთობა და ძმობა ვიქონიოთო, ერთმანეთს ხელი გავუწყოთ და დავეხმაროთო, ამითი, მხოლოდ ამითი შეიძლებაო ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესება… რა ხარხარი დააყარა მათს ქადაგებას ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც იმ დროს მარტო ჩინოვნიკებისა და აფიცრებისაგან შედგებოდა!

_ ქართულმა ენამ რა უნდა მარგოსო, _ ფიქრობდენ და ბრძანებდენ მაშინ ჩვენი ტუზები, ჩვენი ჩინიანი და გავლენიანი ქოსები. მე თქვენ მოგახსენებ, ჩინს მომცემენ ან ჯამაგირს მომიმატებენ ქართული ენის ცოდნისთვის! რა საჭიროა ეს ქართული ლექსები ან ჟურნალები? უსაქმოობის გამო სჯღაბნიანო ეს ჩვენი თერგდალეულები…

გავიდა ოცი წელიწადი. რაღას ვხედავთ დღეს? ვხედავთ, რომ თვითონ ეს ქოსებიც კი გრძნობენ ქართული მწერლობის საჭიროებას. გამოუგდეს რომელსამე მათგანს შვილი გიმნაზიიდან, ან უსამართლოდ გადუწყვიტეს საქმე სამსაჯულოში, ან გზა აღარ მისცეს სამსახურში თუ სასწავლებელში, მაშინ თვითონ ეს ქოსები ხელში კალამს აიღებენ და “დროებაში” სწერენ: “ვიღუპებით, ბატონო, გზა შეკრული აქვს ჩვენებურ კაცს, დამშევასა და დაბრმავებას გვიპირებენო”. მარტო კალმით და წერით კი არ ქადაგობს ამას, იგი თავის მეზობელს უახლოვდება და ხედავს, რომ ორნივე ერთ ტაფაზე იწვიან თურმე… ჩინიან ქოსებს უწინდელ დროში მაინც, დედობრივი სიყვარულით ეპყრობოდენ… იმათ ძველი ამაგიდგანაც დარჩენილი აქვთ ხსოვნა მაინც… ახალთაობათა კი თავიდგანვე დედინაცვალი ერგოთ ბედათ, კაპასი, უმოწყალო, ძუნწი და მძულვარე დედინაცვალი… ძველ ქოსებს უკეთესი მაგალითები მაინც არ ენახათ, რომ თავიანთი ბედი მათთან შეედარებიათ. ახალთაობათა კი ბევრი სხვისი ოჯახი ენახათ, ისეთი ოჯახი, საცა დედამთილი, კი არ კაპასობს, ნაზად, როგორც მოსიყვარულე დედა, საყვარელ შვილებს ალერსით აბედნიერებს… რაღა გასაკვირველია, მაშასადამე, რომ ახალგაზრდებს ათასჯერ უფრო მწვავედ უნდა ეგრძნოთ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლულევანება, ჩვენი დაფანტულობა და უთავობა… ამასთან დრომაც იმოქმედა, ცოტათი არ იყოს. რაკი რუსეთის მთავრობამ, საკუთარი მიზნის მისაღწევად, საჭიროდ დაინახა, გამოეფხიზლებია სხვადასხვა სლავიანური ხალხების თვისტომობა, და რაკი მათი მაგალითის წახედვით ჩვენს საზღვარზედაც შეიძრა სომხობა, – ჩვენ ქვის გული და თიხის ტვინი ხომ არა გვქონდა, რომ ჩვენც არ გვეგრძნო თვისტომობის ღირსება ან პატივი? ჩვენს საკუთარ თვალწინ, ორიოდ-სამი წლის განმავლობაში, სომეხს ერთი მტკაველი ტანი მოემატა. გუშინ რომ წელმოხრილი იყო ეს კაცი, გუშინ რომ მის ხმის გაცემას არავინ კადრულობდა, დღეს ჩვენს თვალწინ ის გაიმართა, გამაგრდა, გაამაყდა. მან დღეს თავისპატივი იგრძნო, თავისი ფასი შეიტყო. დღეს მას ყველა ერიდება, ყველა პატივს-სცემს, ყველა თავაზიანად ეპყრობა და ფართო გზას აძლევს… რამ მიანიჭა მას ეს ბედნიერება? “სომხობამ”, “მთელი სომხობის ძალამ”. ჩვენც მივხვდით, ამის გამო… რომ “ქართველობაც” რომ სადმე იყოს, “მთელი ქართველობის ძალაც” რომ სადმე არსებობდეს, იქნება ჩვენც გაგვიადვილდეს ცხოვრება, იქნება სხვისი სათრევი აღარ ვიყოთ, იქნება სხვის პატივისცემას ვეღირსოთ… სხვათა შორის ამანაც თვალი აგვიხილა, ამანაც გამოგვაფხიზლა და გვაგრძნობინა ჩვენი საკუთარი თვისტომობა… იქნება ყველა ეს საფუძვლები ჩვენგანს არავის ჰქონდეს კარგად გამოკვლეული, ნათლად ახსნილი, მაგრამ მათს ძალას ყველა ვემონებით, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებ… დრომ მოიტანა, გარემოებამ გააძლიერა… ყოველის სტიქიური მოძრაობა ღირსშესასწავლია, თუკი კაცს სურს, რომ ეს მოძრაობა მისი საზოგადოებისთვის სასიკეთოდ გამოდგეს და არა დამღუპველად. სჯობს, მაგალითით ვილაპარაკოთ. წყალიც სტიქიური ძალაა. ჩინებული რამ არის ქვეყნისთვის წვიმა… მაგრამ თუ მაისის წვიმა ნიაღვრად იქცა, ყანებს ერთიანად წალეკს და თესლს გადარეცხს… თუ მდინარეს კაცმა უადგილო ადგილს წვალება დაუწყო, თუ სარწყავი ღელეების ან საწისქვილე ტოტების თავი ცუდ ადგილს გაუკეთა, მდინარე რომ მოდიდდება, მთელ ყანებსა და მინდვრებს გადიარს, წალეკს, დააქცევს. გონიერმა ხალხმა კარგად უნდა შეისწავლოს წყლისა და მდინარის თვისება, კარგად უნდა მოიხმაროს ის ღონე, რომელიც ამ სტიქიისთვის ბუნებას მიუცია, თუ სურს, რომ ამ ძალამ ახეიროს… ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ, მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი. ყოველი ძალა, როგორც ყოველი საგანი, ზოგჯერ სასარგებლოა კაცისთვის და ზოგჯერ მავნებელი. მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი კურნალობს, და უტვინო ბავში რძის საჭამადშიაც კი დაიხრჩობა… ამ ნაწერის მიზანიც _ თუ დარი დამიდგა _ ეს გამოკვლევა იქნება.

1

მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არ მომხდარა, რომ ხალხს დიდ-ხნობით დავიწყებული ჰქონოდეს თავისი თვისტომობა და შემდეგ აღძრულიყოს მასში, შემდეგ გაძლიერებულიყოს საზოგადოებრივი გრძნობა, მამულის სიყვარული, მამულის მსახურება. დედამიწაზე ერთი ძლიერი ხალხი არ არის ისეთი, ერთი კაკალი, რომელსაც ეს მდგომარეობა არ გამოევლოს, რომლისამე სხვა ხალხის გონებითს გავლენის ქვეშ არ ეცხოვროს და ბოლოს თავისი თვისტომობა არ გაეხსენებინოს. ზოგმა დიდი ხანია რაც მოიპოვა ეს თავისი თვისტომობა, ზოგმა გუშინ შეიძინა ის, ზოგი კი დღესაც მისი შოვნისთვის იბრძვის, ან მის მოპოებაზე შრომობს და ზრუნავს. მაგრამ ყოველგან და ყოველთვის ერთნაირი გზა გამოუვლიათ ყველა იმ ხალხთა, რომელთაც ეს ბედი ღირსებიათ. მათი გაზრდა, გაძლიერება და განვითარება ერთგვარის გზით მიდის წინ, ერთგვარის კიბით ადის უმაღლეს განვითარების წერტილამდი. თითოეულ საფეხურს ამ კიბისას თავისი სწორი და მსგავსი საფეხური აქვს, როგორც ყველა სხვა ხალხების აღსამაღლებელ კიბეებს. ნაბიჯ-ნაბიჯად იდგამს ფეხს კაცობრიობა და წინ მიდის. რა გზაც ხუთს, ექვსს ან ოცს ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერც ერთი სხვა ხალხი ერთის გადახტომით ვერ გაივლის. მართალია, ზოგი ხალხი ადვილად ან უცფად გაირბენს ამ ნაბიჯებს, ზოგი კი ლოკოკინასავით ფორთხვით გადაჩოჩდება ამ გზაზე… ავიღოთ, მაგალითად, თუნდ რუსეთი, და ვნახოთ, რა სტადიები გამოუვლია რუსების საზოგადოებას მისი თვისტომობის შეგნებისა და შეთვისებისათვის. მოგეხსენებათ, რუსეთი ჯერ სწორედ ისე განკერძოებულად ცხოვრობდა და უცხო ქვეყნელებს ისე ერიდებოდა, როგორც უწინდელ საუკუნოებში საქართველო იქცეოდა. პეტრე პირველამდი რუსეთი მარტო თავის თავს იცნობდა და მარტო თავის ჭკუით ცხოვრობდა. ერთობ უკან ჩამორჩა ის ამის გამო, ერთობ დასუსტდა, ერთობ დაგლახაკდა. ეს მიძინებული და დაუძლურებული ხალხი პეტრე პირველმა აიყვანა და ევროპის განათლებულ ცხოვრებაში შეაგდო. ბევრი რუსთაგანი წაფორხილდა მაშინ, ბევრმა უარი თქვა, ბევრმა თვალი დახუჭა, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო, იმისი არ იყოს, დრომ თავისი ჰქმნა… შემდეგ გამეფდა ეკატერინე დიდი, რომელმაც პეტრესავით ძალადობა კი არ იხმარა, უფრო ოსტატურად შეუდგა საქმეს. ის იშვიათად ხმარობდა ძალდატანებას. დიდკაცობაში ევროპიულ ცეკვასა, მორთვასა და მოკაზმვას ავრცელებდა, ევროპიულად ცხოვრობდა და თავის საზოგადოებას ევროპიულად მდიდრულ ცხოვრებას აჩვევდა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ის სწორედ ისე ეპყრობოდა რუსის საზოგადოებას, როგორც ვორონცოვი ჩვენს ქვეყანას… და რასაც პეტრე პირველმა _ გენიოსმა _ რუსეთი ძალით ვერ შეაჩვია, რაც ჩვენში ერმოლოვმა _ დიდმა და ჭკუიანმა ერმოლოვმა _ ვერ მოახერხა, ის რუსებს ეკატერინემ და ქართველებს ვორონცოვმა ალერსით თუ ოსტატობით შეაპარა. შეაპარა ბრმა, მაიმუნური, გარეგანი წაბაძვა უცხო ქვეყნელების ზნისა და ცხოვრების… ცდილობდენ, რომ რუსის ხალხი გაენემეცებიათ ან გაეფრანცუზებიათ, და ქართველები _ გაერუსებიათ. ის ავიწყდებოდათ, რომ ყოველ ხალხს თავისი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერაკაცი გაარუსებს; შესაძლებელია, ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ _ წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება… და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს, ან ქართველმა რუსსავით გეყმოს, მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ… ამნაირ გარეგან წაბაძვას გამოეკიდა ყველა; ამგვარ მაიმუნურ ან მასკარადულ “გადასხვაფერებას” მიალიეს ხალხის უმჯობესი დრო და თითქმის მთელი საუკუნე… მაინცა და მაინც სრულიად უმნიშვნელო ან უნაყოფო როდი დარჩენილა ეს გარეგანი წაბაძვაც. ბევრი სიკეთეც მოუტანა მან ხალხს. მაგალითად, თუნდ თეატრი ან მწერლობა… ასე ხშირად, მარტო წაბაძვით იწყებს ბალებში სიარულს ჩვენებური ვაჭარი, მარტო იმ განზრახვით, რომ სხვებს უკან არ ჩამოვრჩეო… მაგრამ რამდენისამე წლის შემდეგ ის ხედავს, რომ სუფთად ჩაცმასაც შეუნიშვნელად შეეჩვია, თავაზიან და პოლიტიკურ ლაპარაკსაც და, ამას გარდა, ბევრ საკვირველს, გონების განმავითარებელს აზრებს და ფიქრებს გაეცნო, საზოგადოებაში ბაასობის დროს… უსარგებლო არ ყოფილა მეთქი თვით მაიმუნური წაბაძვაც. მართლაც, ქვეყანაზე ყველაფერი ახირებულად ბრუნავს… ასე დახეტიალობს ქვეყანაზე კაცობრიობა, ერთი შეცთომიდგან მეორისკენ და ვინ იცის, როდის ეღირსება მას იმნაირ გზაზე დადგომა, რომელზედაც უხიფათოდ ან დაუბრკოლებლად წაგოგიალდება მისი საქმე… ამ ბედნიერებისგან ჯერ-ჯერობით კი მეტის მეტად შორსა ვართ. ჩვენ დროს, ორმოცი, სამოცი წლის განმავლობაში ადგია ხალხი ბრმა-წაბაძვის გზაზე, ცდილობს, გადაკეთდეს, გადასხვაფერდეს უცხოეთის კალაპოტზე. შუბლს რომ გაიხეთქს ამისთანა ცდაში და მიხვდება, ამდენიხანი უხეირო მიზნისთვის შემილევიაო, ის მობრუნდება და მეორე გზას ადგება: ცდილობს, მაშინ საკუთარი წინაპრების წარსული დრო მოიბრუნოს, მათი მივიწყებული ჩვეულებანი გაიხსენოს… ხალხიც სწორედ ისე იზრდება, როგორც ბავში. მართალია, როცა ის აკვანში ჩაწვენილია, როცა მას ხელ-ფეხი შეკრული აქვს და თვალები ახვეული, ის ვერც შუბლს მიახლის კედელს, ვერც ფეხს მოიტეხს ღრეში. მაგრამ, რომ წამოიზრდება, კარგი მომვლელი სჭირია, და რაგინდ დახელოვნებული ან გულმტკივნეული იყოს ძიძა, ხომ ვეღარ მოერევა წვერ-ულვაშიან გაზრდილს, აკვანში ხომ ვერ ჩააწვენს, ხომ ვერ მოუვლის? როცა ბავში ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე სიარულს, განა შესაძლოა მისი ფეხის ადგმა და გაზრდა ისე, თუ ბევრჯერ ხან კედელას არ მიეხალა, ხან იატაკზე არ დაეცა, ხან კიბეზე არ გადავარდა?… დასაწყისში თითოეული ხალხი უძლური და უსუსურია, მალე მას ძიძა, ან მომვლელი უჩნდება, რომელიც აკვანში აწვენს და ხელ-ფეხს მაგარი არტაშანებით უკრავს… მთელი საუკუნოებით რჩება ხალხი ამ უბედურ მდგომარეობაში. მერე კბილები ამოდის, ღონე ეძლევა, გონება მოეწიფება. მაშინ ის ჯერ ფორთხვას იწყებს, მერე ხეტიალს, და ბოლოს ადამიანურ სიარულსაც. თავდაპირველად, როგორც კი გონებაზე მოდის, მას მარტო მიბაძვა შეუძლია: რა საქმის კეთებასაც სხვას შეამჩნევს, მის გადაღებას მოინდომებს… ბოლოს, როცა დიდძალ გამოცდილებას ან ჭკუას შეიძენს, როცა დავაჟკაცდება, ცხოვრებას გაეჩვევა, გაგონიერდება, ის თავის საკუთარ ჭკუას მიენდობა, მის ხელმძღვანელობით მოქმედებას იწყებს, და ისე ცხოვრობს, რომ სხვისი გამოცდილებაც გამოიყენოს და თავისი საკუთარიც; კარგი თავისიც დაიცვას და სხვებისაგანაც შეიძინოს; ავს სხვებისასაც ასცილდეს და თავისასაც. თუ კაცმა ამ სტადიების სისტემებრივ გამოსახვა და დაწყობა მოინდომა, ვნახავთ, რომ ყოველი ხალხის ცხოვრებაში შემდეგი განვითარების ოთხი პერიოდი მოიძებნება.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here