ირანში ომის დაწყებისთანავე გადაცემა „სპეციალური გამოშვების” ეთერში განვაცხადე, რომ აშშ-მა თავი მარყუჟში გაჰყო. ამას იმიტომ კი არ ვიხსენებ, რომ ჩემი პროგნოზების სისწორით ვიტრაბახო. არა, ყოველთვის ვცდილობ პროგნოზისგან თავის შეკავებას, მაგრამ გააჩნია პროგნოზს. არის კონკრეტული საკითხების შესახებ პროგნოზები, რომლებიც მკითხაობას უფრო ჰგავს (ამას მოკლავენ; იმას დაამხობენ; ის დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს და ა.შ.), არის ზოგადი ხასიათის პროგნოზები (გლობალიზაცია საფუძვლებს შეურყევს ეროვნულ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოებს; ნატოს გაფართოება გამოიწვევს მსოფლიო ბალანსის რღვევას; ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა სახის კრიზისთა გამწვავება გადაიზრდება სისტემურ კრიზისში; აშშ-ს არ გააჩნია მსოფლიო ჰეგემონობისთვის საკმარისი რესურსები, რომლის გამოც მსოფლიოში ჩამოყალიბდება მრავალპოლუსიანი სისტემა და ა.შ.).
პირველი ტიპის პროგნოზების კეთება ძლიერი სპეცსამსახურების მეთაურებს, ალბათ, შეუძლიათ კიდეც, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი წინასწარმეტყველებას არ ეწევიან. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ მიმართულების პროგნოზს შეეხება, შარლატანობაა და სხვა არაფერი. მეორე ტიპის პროგნოზის კეთება პოლიტიკის სფეროში მომუშავე ფილოსოფოსთა, სოციოლოგთა, ისტორიკოსთა თუ პოლიტოლოგთა პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა აქაც, როგორც ყველა დანარჩენ სპეციალობებში, ბევრი რამ დამოკიდებულია ფაქტების ცოდნაზე, სიზუსტეზე, მიხვედრაზე, მიზეზ-შედეგობივი ანალიზის უნარზე, ლოგიკასა და სხვა ფაქტორებზე. ვიღაცას წარმოუდგენია, რომ აშშ ირანს, რაკი მასზე დიდია ტერიტორიითა და მოსახლეობით, ძლიერია ეკონომიკით, სამხედრო პოტენციალით და ა.შ., ადვილად დაამარცხებს. ეს მცდარი თვალსაზრისია. აშშ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, რა თქმა უნდა, ირანს გაანადგურებს, მაგრამ ეს ომის სხვა განზომილებაში გადატანაა, რაც, ირანის დამარცხება კი არა, მსოფლიო ბირთვული კატასტროფა იქნება. რაც შეეხება ჩვეულებრივი შეიარაღებით ირანის დამარცხებას, ეს უნდა განხორციელდეს ძალიან მოკლე დროში, პრაქტიკულად რამდენიმე დღეში. ავიამზიდების საშუალებით მიტანილი ბომბდამშენებით განხორციელებული ფორსირებული შეტევის შედეგად თეორიულად არ არის გამორიცხული კაპიტულაცია, როდესაც მთავრობა წინააღმდეგობას შეწყვეტს და მზად იქნება, მიიღოს მომხვდურის მიერ შეთავაზებული პირობები ან გაიქცევა და მის ადგილას მტრის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანების ჯგუფი მოვა. კი, თეორიულად ასეც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ იმ პროგნოზის გაკეთება, რომ ირანის შემთხვევაში განსხვავებული ვითარება იქნებოდა, ძნელი არ იყო რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:
ა) ირანი არის უზარმაზარი სახელმწიფო თითქმის ასმილიონიანი მოსახლეობით;
ბ) მენტალიტეტი. ირანელებს ბრძოლის უნარი და გამარჯვების ჟინი საუკუნეებმა ჩამოუყალიბა. მტერთან ურთიერთობისას მათ შიში კი არ იპყრობთ და პანიკაში კი არ ვარდებიან, წინააღმდეგობის განცდა აერთიანებთ და შურისძიებით იმსჭვალებიან (რამდენიმე დღის წინათ ჟურნალისტის მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვას, ამერიკელების მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების ხომ არ გეშინიათო, საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ასე უპასუხა: „მოუთმენლად ველით”);
გ) ირანს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც კონფლიქტში პირდაპირ არ ჩაერთვებიან, მაგრამ დახმარებას აუცილებლად გაუწევენ;
დ) ირანს აქვს ბერკეტები, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში ვითარება მხოლოდ მათი ქვეყნით არ შემოიფარგლება და საერთაშორისო მდგომარეობაზე აისახება. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ორმუზის გასასვლელი, რომლის ჩაკეტვამ ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილის გადაადგილების პარალიზება და ფასების შოკისმომგვრელი მატება გამოიწვია;
ე) აშშ-ის შიგნით (როგორც სახელისუფლებო სტრუქტურებში, ასევე მოსახლეობაში) ჩნდება და იზრდება პრეზიდენტის მოქმედებებით გამოწვეული უკმაყოფილება, რომელიც პოლიტიკურ ელიტას აიძულებს, ალტერნატიული გზების ძიება დაიწყოს.
ეს ყველაფერი იმის წანამძღვრებს ქმნის, რომ დასკვნა გაკეთდეს: ბირთვული შეიარაღების გამოყენების გარეშე ირანის დაჩოქება შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში, როგორი მასშტაბური და ფორსირებულიც უნდა იყოს შეტევა, ომი ნებისმიერ შემთხვევაში გაჭიანურებულ ფაზაში გადასვლას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად ამოქმედდება სხვა გარეშე ფაქტორები, რომელთა ერთობლიობა აშშ-ის საწინააღმდეგოდ და ირანის სასარგებლოდ იმუშავებს. ირანს ბუნებრივი მოკავშირეები (სტრატეგიული პარტნიორები) რომ არც ჰყავდეს, ამ კონკრეტულ გარემოებაში ყალიბდება ძლიერ სახელმწიფოთა მთელი ჯგუფი, რომლის ინტერესებშიც ირანის გამარჯვება და აშშ-ის დამარცხება შედის. ეს სახელმწიფოები ომის დაწყების პირველსავე დღეებში თუ არ ერთვებიან პროცესებში, მას შემდეგ, რაც ცხადი იქნება, რომ ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადადის, ღიად თუ ფარულად მოქმედებას დაიწყებენ. იკვეთება სურათი, რომ არც აშშ და არც ისრაელი ხანგრძლივი ომისთვის მზად არ არიან, ირანი კი -პირიქით, სწრაფი შეტევის დროს თითქოს ნაკლებად ეფექტიანი ჩანდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვითარება დროში გაიწელა, გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება. ეს კი აშშ-ის იმპერიული ზრახვების ხერხემალში გადატეხვის წინაპირობაა.
ახლა დავუბრუნდები ზემოთ ნათქვამს – აშშ-მა თავი ირანულ მარყუჟში გაყო-მეთქი. ეს სწორედ ახლა ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით ვთქვი და არა მისტიკური წინასწარმეტყველებით. იყო ამ ფაქტორების გათვალისწინება შესაძლებელი თუ არა? იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ მე აქ, თბილისში, ამის გაანალიზება თუ შევძელი, აშშ-ის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებში ამ გათვლებს ვერ აკეთებენ? დასაფიქრებელი შეკითხვაა. ვერ დავუშვებ იმას, რომ მათ ამგვარი მარტივი ანალიზი არ შეუძლიათ. მაშ, რაშია საქმე? რატომ გაებნენ იქ, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ არ გაბმულიყვნენ?
სანამ უშუალოდ ამ შეკითხვას ვუპასუხებ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ირანთან უაზრო ომში გაბმით ტრამპი სხვაგანაც გაება. იგი კარგავს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეებს – დიდ ბრიტანეთსა და ევროპას. ეს კი თითქმის ავტომატურ რეჟიმში მიაქანებს დაშლისკენ კოლექტიური დასავლეთის ორ უმთავრეს ბურჯს – ნატოსა და ევროკავშირს. უფრო მეტიც: დასავლეთის იდეოლოგიური ბუტაფორია დაინგრა. ტრამპის წინამორბედები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ადრეც ცეცხლითა და მახვილით შედიოდნენ (ერაყი, ლიბია, ეგვიპტე, სირია და სხვ.), მაგრამ მოტივი ყოველთვის ადამიანის უფლების დაცვა და დემოკრატიის შეტანა იყო. იმ ვითარებაშიც კი, როდესაც საბაბად მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა იყო გამოყენებული, ეს ორი იდეოლოგიური ანკესი (დემოკრატიის შეტანა და ადამიანთა უფლებების დაცვა) მაინც წინა პლანზე ჰქონდათ წამოწეული. ახლა კი ეს ცნებები აღარავის ახსოვს.

დუჟმორეული ტრამპი გაჰკივის: „მათი ნავთი ჩვენ უნდა ვმართოთ!”, „მათი ნავთობი ჩვენს ხელში უნდა გადმოვიდეს!”; ტრამპმა ჯერ ვენესუელის, ახლა კი ირანის ოპერაციით აშშ-ის უამისოდაც შიშველი იდეოლოგია მთლიანად გააშიშვლა. ტრამპმა ფასადი ჩამოჰგლიჯა და შორს მოისროლა იმ იდეოლოგას, რომელსაც დემოკრატიის საბურველი ჰქონდა ჩამოფარებული, მაგრამ მის უკან ერთპიროვნული ჰეგემონიისკენ აღვირახნილი სწრაფვა იმალებოდა, რომელსაც ხელისუფლებათა მოსყიდვით ან მათზე ძალადობით (დამხობით, მკვლელობით, მოტაცებით) აღწევდნენ. ამ თვალსაზრისით აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი უდავოდ პროგრესის გზას დაადგა: ახლა ყველაფერს მისი სახელი დაერქვა:
* რასაც ადრე დემოკრატიის გავრცელება ერქვა, ახლა ომი ჰქვია;
* რასაც ადრე სახელმწიფოებისთვის გაწეული დახმარება ერქვა, ახლა მსოფლიო ნავთობზე კონტროლის დაწესება ჰქვია;
* რასაც ადრე ადამიანის უფლებების დაცვა ერქვა, ახლა მათზე ძალადობა, ომი და მიწასთან გასწორება ჰქვია.
ამ წუთს, როცა ეს სტატია იწერება, ჯერ კიდევ ძალაშია ტრამპის ულტიმატუმი, რომელიც მან ირანს წაუყენა: „გახსოვთ, როდესაც ირანს ათი დღე მივეცი შეთანხმების გასაფორმებლად ან ორმუზის სრუტის გასახსნელად. დრო იწურება – 48 საათი, სანამ სრულ ჯოჯოხეთში არ აღმოჩნდებიან. დიდება ღმერთს!“
თავის მხრივ, ირანსაც აქვს ბერკეტები, ვთქვათ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში წყლის სისტემების განადგურება. ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქერ ყალიბაფმა თქვა, რომ „ახლო აღმოსავლეთში წყლის სისტემებსა და ენერგოინფრასტრუქტურას აბსოლუტურად განადგურებენ, მათ ელექტროსადგურებს თუ დაარტყამენ”. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიაში (IRGC) კი ამბობენ: “ჰორმუზის სრუტე სრულად დაიხურება და არ გავხსნით, სანამ ჩვენი განადგურებული ელექტროსადგურები არ იქნება აღდგენილი”.
აშშ-ისთვის მთელი უბედურება ისაა, რომ ტრამპის მუქარაზე რეალური ირანის მუქარაა.
იმ დროს, როდესაც აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები ახლოვდება, ადმინისტრაციის მთელი მიმართულებები ჩამოიშალა. ტრამპისთვის ირანი ნამდვილი ხაფანგი აღმოჩნდა:
* კანადისა და გრენლანდიის მიერთების აგრესიული პროექტი ჩავარდა;
* სრულიად გაუაზრებელმა სატარიფო პოლიტიკამ ვერ გაამართლა;
* ირანის ომით (განსაკუთრებით ორმუზის სრუტის ჩაკეტვით) გამოწვეულმა შოკისებურმა მატებამ ენერგომატარებლების ფასებზე აშშ-ის შიგნითაც შეაღწია, ანუ ბაზრის უხილავმა ხელმა ენერგომატარებლებზე შიდა ფასების საერთაშორისო ფასებთან კორელაცია მოახდინა, რომელიც ტრამპის პოლიტიკურ რეიტინგზე (წამის სიზუსტით) აისახა, რა თქმა უნდა, უარყოფითად.
* უკრაინის ომის დასრულების ქადილი ქიმერა აღმოჩნდა, რომელიც დასავლეთის სრული კრახით დასრულდება;
* აშშ-მა ისტორიული მოკავშირეები დაკარგა, ნატო და ევროკავშირი კი დაშლის პირამდე მიიყვანა.
აი, ამ კატასტროფული ვითარების ფონზე რუსეთს არამხოლოდ ამოსუნთქვის, არამედ ეკონომიკის წამოწევის საშუალება გაუჩნდა. ენერგომატარებლებზე ფასების ნახტომისებურმა ზრდამ რუსეთის ეკონომიკაზე პირდაპირპროპორციული ასახვა ჰპოვა. ტრამპი ცალი ფეხით უკრაინაში, მეორე ფეხით კი ირანში გაება და, უმწეობისგან ფართხალის, შლეგური მუქარისა და საკუთარი თავისთვის ზიანის მომტან ქმედებათა განხორციელების გარდა, გზა აღარ დარჩა. ტრამპი, რომელიც თავს მშვიდობისმყოფელად ასაღებდა და ნობელის პრემიას ეპოტინებოდა, უკრაინასა და ირანის ომებს მიეჯაჭვა. ამ თვალსაზრისით იგი ევროპული პრომეთესა და ქართული ამირანის შორეული ექოა, მათი ლიტერატურული რემინისცენცია და პოლიტიკური გამოძახილია.
ეს ყველაფერი ტრამპის სულიად არათანმიმდევრულ, არაწინდახედულ, არამეცნიერულ და სტიქიურ პოლიტიკას შეიძლება დავაბრალოთ, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის. საკადრო შეუსაბამობები იმ დროს იჩენს თავს, როდესაც სისტემური კრიზისის პერიოდი დგება, როდესაც ორგანიზმი შიგნიდან იხრწნება და ლპება. გავიხსენოთ რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, დიდი ბრიტანეთის იმპერია ან, საერთოდ, ნებისმიერი კლასიკური იმპერიის დაშლის პერიოდები, როცა გადაგვარების ნიშნები, უპირველეს ყოვლისა, მმართველ ელიტაში ვლინდებოდა. ტრამპი დასავლური იმპერიალიზმისა და ჰეგემონიის რღვევის მიზეზი კი არ არის, შედეგია. ტრამპი ისეთივე ინდიკატორია დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-იდეოლოგიური მზის ჩასვენებისა, როგორიც გორბაჩოვი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირი გორბაჩოვმა კი არ დაანგრია, იმ რეალობამ დაანგრია, რომელმაც ხელისუფლებაში გორბაჩოვი მოიყვანა. აშშ-ს, ნატოს, ევროკავშირს დონალდ ტრამპი, მარკ რიუტე, ფონ დერ ლაიენი, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი, ფრიდრიხ მერცი და მათი ძმანი კი არ ანგრევენ, ის რეალობა ანგრევს, რომელმაც ამ პიროვნებათა ხელისუფლებაში მოყვანის შესაძლებლობა გააჩინა.
დასავლეთის იმპერიისა და ჰეგემონიზმის ეპოქა მიდის, ის სერიოზული კატაკლიზმების გარეშე ვერ ჩაივლის, მაგრამ გააჩნია, რა მასშტაბს მიაღწევს რყევა და ტორტმანი, რომელშიც ამ პროცესის გამო მთელი დედამიწაა მოყოლილი.
ვალერი კვარაცხელია






