Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი: ამ “უახლოეს თანაგუნდელს” არასდროს შევხვედრივარ

მიხეილ სააკაშვილი: ამ “უახლოეს თანაგუნდელს” არასდროს შევხვედრივარ

სააკაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა, უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას მყისვე გამოეხმაურა: “მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ “უახლოეს თანაგუნდელს” მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი”, _ დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექსპრეზიდენტის “უახლოესი თანაგუნდელის” დაკავებაზე წერს. სააკაშვილმა ქარდავას დაკავების ოფიციალურად დადასტურებამდე უარყო ყოფილი თანაგუნდელი და მეტი დამაჯერებლობისთვის ისიც დასძინა, რომ მის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის. სააკაშვილი ამ შემთხვევაშიც რომ ცრუობს, ადასტურებს ის, რომ ექსპრეზიდენტმა სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას 2010 და 2012 წლებში ორდენები გადასცა: 2010 წელს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 2012-ში _ ღირსების ორდენით. თუ არ იცნობდა ქარდავას და ისე გადასცა ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენები, ეს კიდევ უფრო ტრაგიკომიკურს ხდის “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს.

სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა გიგი უგულავა. მისი თქმით, არ მოეწონა ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ ის საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას არ იცნობდა. რთულია იმის თქმა, რატომ შეაშფოთა სააკაშვილი მედიაში გამოქვეყნებულმა ფრაზამ “უახლოესი თანაგუნდელი”. თუ მოვლენების განვითარებას გავაანალიზებთ, გამორიცხული არ არის, რომ ამ “უახლოესი თანაგუნდელის” დაკავება სააკაშვილისთვის მესიჯი იყოს მისი შესაძლო დაკავების შესახებ, არც ის არის გამორიცხული, რომ ქარდავამ აღიარებითი ჩვენება მისცეს და სააკაშვილმა თავი დაიზღვია…

ასეა თუ ისე, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სკანდალური შემსრულებელი დაკავებულია. “მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუთხოვია, ის სახლში აიყვანეს და იარაღი არ არის ამოღებული”, _ განაცხადა მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა. მიხეილ ლატოცკის თქმით, მეგის ქარდავამ მიმალვა ვერ მოასწრო. რაც შეეხება საექსტრადიციო მასალებს, როგორც ცნობილია, პირველი ინსტანციის სასამართლო ქარდავას საქმეს 40 დღის ვადაში განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლატოცკის განცხადებით, ქარდავას უკრაინაში დანაშაული არ აქვს ჩადენილი და ის მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნით და ინტერპოლის ძებნილის სტატუსით დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, კერძოდ: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მისჯილი აქვს სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა; პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე) მისჯილი აქვს შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა; ე.წ კასრების საქმეზე მისჯილი აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე მისჯილი აქვს სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა; პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მისჯილი აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამჟამად კი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე; ელდარ ქობალიას, კობა მატკავასა და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე; საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობისას მალხაზ არქანიას წამების საქმე და ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მეგის ქარდავას ექსტრადიციისთვის სამართლებრივი პროცედურები დაიწყო, თუმცა, როდის მოხდება ან მოხდება თუ არა მისი საქართველოსთვის გადმოცემა, უცნობია. საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული და წითელი ცირკულარით ძებნილი სამხედრო, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას ელის.

გვერდები მოამზადა

ნიკა გელაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here