უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას, ქართველი კომენტატორების უმრავლესობა მნიშვნელოვან შეცდომას უშვებს _ მათ მიხეილ სააკაშვილი მთავარი მოქმედი პირი ჰგონიათ და მის გეგმებსა თუ სურვილებზე საუბრობენ, მაშინ, როდესაც დღეს ის მხოლოდ საჭადრაკო ფიგურაა სხვა მოთამაშის ხელში და ამ გარემოებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
ნაციონალების დარწმუნება ამაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათ ახსოვთ ძველი სააკაშვილი, რომელიც ბევრ რამეს თვითონ წყვეტდა (თუმცა ყველაფერს ნამდვილად არა), და სურთ, მასში გმირი, ლამის ღვთაება დაინახონ. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ მათი ოპონენტების უმავლესობაც საკითხს სწორედ ასე უდგება და სააკაშვილს დამოუკიდებელ ფიგურად თვლის, რაც სინამდვილე არ არის.
და მაინც, რა აზრი ჰქონდა მთელ ამ “მიშისძვრას” (როგორც უწოდებენ ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელებში)? საჭადრაკო პარტიას, რომელშიც ჩართულია სააკაშვილი, ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ათამაშებს და “ნაცმოძრაობის” ბელადი დაფაზე მთავარი ფიგურა ნამდვილად არაა. გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ლვოვის მოქმედ მერს, პარტია “სამოპომიჩის” ლიდერ ანდრეი სადოვოის, რომლისგანაც კოლომოისკი პრეზიდენტ პოროშენკოს ალტერნატივის შექმნას ცდილობს. უფრო მნიშვნელოვანია იულია ტიმოშენკოს ფაქტორი, რომლის ინტერესები ამ ეტაპზე კოლომოისკისა და სადოვოის ინტერესებს ემთხვევა. სააკაშვილს, ისევე, როგორც ბატალიონ “დონბასის” სკანდალურად ცნობილ მეთაურ სემენჩენკოს (მისი ბოევიკები საზღვრის “გარღვევას” უზრუნველყოფდნენ), ისინი უყურებენ როგორც ინსტრუმენტს, რომლის დანიშნულება პრეზიდენტ პოროშენკოსთვის პრობლემების შექმნაა.
ქართველი კომენტატორების უმრავლესობას კიდევ ერთი უცნაური თვისება ახასიათებს: თუ ერთი პირი მეორეზე ცუდს ამბობს, ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებულები ჰგონიათ და მათ შორის ალიანსის არსებობას ავტომატურად გამორიცხავენ. ამ დროს არ ითვალისწინებენ იმას, რომ პოლიტიკა არსებითად არა ემოციებსა თუ რეპლიკებს, არამედ ინტერესების თანხვედრას ეფუძნება; მეტიც _ იქ ყველა ერთმანეთის მტერია, მაგრამ ეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა თქვა თავის დროზე სააკაშვილმა კოლომოისკიზე, ამ უკანასკნელმა _ სემენჩენკოზე და ტიმოშენკომ _ ყველა დანარჩენზე. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შოუ და რეალური პოლიტიკა. სხვათა შორის, გამოცდილმა გამომძიებლებმა კარგად იციან, რომ დანაშაულებრივი კავშირის დაფარვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება დემონსტრაციული მტრობაა.
გამორიცხული არაა, რომ ახლო წარსულში პრეზიდენტი პოროშენკო სწორედ იმიტომ განრისხდა, რომ აღმოაჩინა, ოდესის გუბერნატორმა მას კოლომოისკისთან “უღალატა” და გადაწყვიტა, დაესაჯა _ მოქალაქეობა ჩამოართვა. პოროშენკოს აქვს ერთი თვისება, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანია _ ის ყოველთვის, წლების შემდეგაც კი, ცდილობს, შური იძიოს მასზე, ვინც, მისი აზრით, აწყენინა (უღალატა და ა.შ.) და ამ დროს შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვას. როგორც ჩანს, კოლომოისკიმ სწორედ ამ თვისების გამოყენება სცადა.
პოროშენკოსა და კოლომოისკის კონფლიქტს უფრო სერიოზული მიზეზები აქვს, ვიდრე ერთი ოლიგარქის მიერ მეორესთვის აქტივების წართმევა ან მისი ერთგული ჩინოვნიკების შევიწროებაა. შედარებით სუსტი ოლიგარქის, პოროშენკოს, პრეზიდენტად არჩევის (იქნებ დანიშვნის?) პერიოდში კოლომოისკი და სხვა “პირველი რანგის” ოლიგარქები უყურებდნენ მას, როგორც “კომპრომისის ფიგურას”, სუსტ პრეზიდენტს, რომელიც მათ ინტერესებს მოემსახურებოდა. თავიდან პოროშენკო ამ როლის ჩარჩოებს არ გასცდენია, თუმცა შემდგომ გავლენის სფეროს გაფართოება და ძალაუფლების კონსოლიდაცია დაიწყო. ამან ბუნებრივად გამოიწვია უმწვავესი დაპირისპირება კოლომოისკისთან, რომელიც პრეზიდენტის ჩამოშორებაზე დაფიქრდა.
ანდრეი სადოვოი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მერია, მას ლვოვში დიდი გავლენა აქვს, მაგრამ ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის ამომრჩევლებისთვის ის, პრაქტიკულად, უცხო ფიგურაა. მისი საპრეზიდენტო რეიტინგი 5%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მისი პარტიის, “სამოპომიჩის” რეიტინგი 5-7%-ის ფარგლებშია. იულია ტიმოშენკო რამდენიმე პროცენტით უსწრებს პოროშენკოს საპრეზიდენტო რეიტინგში (ხოლო მისი პარტია _ პოროშენკოს ბლოკს), მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ამომრჩეველთა 12, მაქსიმუმ 15 პროცენტის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. საუკეთესო შემთხვევაში, კოლომოისკის პარტნიორები ამომრჩეველთა დაახლოებით მეოთხედს მოიზიდავენ, რაც ცოტაა არჩევნების მოსაგებად, თუმცა “მაიდანის” ასაგორებლად სავსებით საკმარისია.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს უნდა გაიმართოს _ ხელისუფლებაც და მისი ამერიკელი პარტნიორებიც ვადამდელი არჩევნების გამართვას ეწინააღმდეგებიან. დარჩენილი დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პოროშენკომ კოლომოისკის გავლენა მნიშვნელოვნად შეზღუდოს. ამასთანავე, ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში ის რეიტინგის ვარდნასთან დაკავშირებული სიტუაციის სტაბილიზაციას შეძლებს (ეს ტენდენცია უკვე გამოიკვეთა), ხოლო კოლომოისკის პარტნიორების მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება. განაწყენებული ამომრჩევლების მობილიზების საქმეში მათ სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდებიან _ ყოფილი “რეგიონალები” “ოპოზიციური ბლოკიდან”, ვადიმ რაბინოვიჩის პარტია “ზა ჟიტია” და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგი სიტუაცია პოროშენკოს პოზიციებზე იერიშის მისატანად კოლომოისკის სწორედ ახლა აქვს, შემდგომ მისი ორგანიზება შედარებით რთული გახდება.
როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადალახა, მისი მომხრეები საქართველოში ლამის ექსტაზში ჩავარდნენ, რადგან ეს საქციელი ბელადს სიმამაცედ ჩაუთვალეს. ეს აქტი მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სააკაშვილის მეტსახელი “კურდღელია” და ის საქართველოში ლაჩრობის განსახიერებად ითვლება. მათ გაიხსენეს 2003 წლის შევარდნა პარლამენტში, სპექტაკლი განმუხურში და ა.შ. მათ არ მიაქციეს ყურადღება იმ უცნაურ პაუზებს, მარშრუტის შეცვლას, რომელსაც ადგილი “გარღვევამდე” ჰქონდა, როდესაც კოლომოისკის ბოევიკებმა მათი ბელადი უკრაინის ტერიტორიაზე ლამის “შეიტანეს”. არადა, სწორედ იმ უცნაურ ზიგზაგებში, სავარაუდოდ, გამოვლინდა სააკაშვილის შიში, თუმცა მის გვერდით იყო იულია ტიმოშენკო (მისი ჩართვა ოპერაციაში საკმაოდ წინდახედული ნაბიჯი იყო), რომელმაც, სავარაუდოდ, არ მისცა ფიგურანტს შესაძლებლობა, იგორ კოლომოისკის წინაშე აღებულ ვალდებულებებზე უარი ეთქვა და, წესისამებრ, გაქცეულიყო.
საინტერესოა, რომ საზღვრის გადალახვის შემდეგ ლვოვში სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ზოგადად და ერთობ დაბნეულად ისაუბრა. მისი მომხრეები კი ამ დროს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ. მომდევნო კვირამ ნათლად აჩვენა _ სააკაშვილის გვარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება უკრაინულ ტოპ–ნიუსებში, თუ ხელისუფლებასთან უკომპრომისო დაპირისპირებაზე წავა.
ერთჯერადი გამოყენების ნივთების განმეორებითი გამოყენება არასასურველია, ზოგიერთის კი _ დაუშვებელი (და შეუძლებელიც), თუმცა მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს, საპირისპირო დაამტკიცოს. რევოლუციურ სცენარს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ უცხოელი პარტნიორები მხარს ცალსახად დაუჭერენ, ხოლო რეგიონების ხელმძღვანელები და კიეველი ჩინოვნიკების ნაწილი (უპირველესად, პოროშენკოს მიერ შევიწროებული კადრები) მასში ღია თუ ფარული მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. ასევე მნიშვნელოვანია ძალოვანების ფაქტორი; გუბერნატორები, პოლიცია და არმია ხელისუფლების მიერ, ასე თუ ისე, კონტროლდება. ცალკეული ფიგურები თუ კოლომოისკის ირიბი კონტროლის ქვეშ მყოფ მოხალისეთა ბატალიონები არასაკმარისი რესურსია იმისთვის, რომ ტიმოშენკომ და სადოვოიმ ხვალვე რევოლუცია დაიწყონ.
როდესაც ხელისუფლების იმიჯისთვის აშკარად საზიანო “გარღვევა” მოხდა, კოლომოისკის გავლენის ქვეშ მყოფი კომენტატორები მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ცდილობდნენ, პოროშენკოს პროვოცირება მოეხდინათ, მთავრობის იმპოტენციაზე საუბრობდნენ და ღიად თუ ქვეტექსტში ხისტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ამისგან თავი შეიკავა და პოლიტიკური სივრცის ახალი “ცხელი წერტილის” ეტაპობრივი ლოკალიზების ტაქტიკა აირჩია. ეს იყო ძალიან სიმპტომატური ეპიზოდი, რომელიც მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, რომ სააკაშვილი მის პარტნიორებს შეიძლება დასჭირდეს, როგორც მსხვერპლი ციხის საკანში ან საფლავში, რათა ის პოროშენკოს ხელისუფლების გასანადგურებლად გამოიყენონ. ამ კონტექსტში, შეგვიძლია გავიხსენოთ, რა როლი შეასრულა უკრაინის უახლეს ისტორიაში გიორგი ღონღაძის საქმემ.
მოვლენები უკრაინაში საკმაოდ უცნაურად ვითარდება. ბოლო კვირებში ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციას განიხილავდნენ. ეს ივანიშვილის ხელისუფლებას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა კატასტროფული რყევები, სავარაუდოდ, არ მოხდება _ სააკაშვილი, დიდი ალბათობით, ჩაჯდება ციხეში, რომლის გარშემო მისი აღტკინებული მომხრეები ირბენენ, თუმცა აქ არის სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსიც – ეს ქართულ პოლიტიკას უკან დახევს, მისი მთავარი საკითხი ისევ გახდება ივანიშვილის, სააკაშვილისა და მათი პარტიების დაპირისპირება, რაც, არსებითად, უნაყოფოა. მის უკან არ დგას არანაირი პოზიტიური იდეა, არამედ მხოლოდ გაქანებული ბელადიზმი, რომლის ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამების ადგილს ლიდერების გადაადგილება (გადალახა საზღვარი, არ გადალახა და ა.შ.), მათ მიერ გაჟღერებული ლოზუნგები და სხვა მსგავსი სისულელეები იკავებს. ეს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას შეაფერხებს. თუმცა, მეორე მხრივ, კანონის უზენაესობის პრინციპი არ შეიძლება პოლიტიკურ კონიუნქტურას დავუქვემდებაროთ და, თუ ნებისმიერ პიროვნებას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, ბრალი დანაშაულის ჩადენაში ედება, ის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ ძნელია იმის თქმა, წაადგება თუ არა სააკაშვილის ექსტრადიცია ქართული დემოკრატიის, სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარებას.
დიმიტრი მონიავა
კარგია დიმიტრი!