Home რუბრიკები პოლიტიკა მიშავ წამებულო!

მიშავ წამებულო!

მიხეილ სააკაშვილი

ხანმოკლე პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კვლავ გააქტიურდა და მხარდამჭერებს საქართველოსა და უკრაინაში ამჟამად უკვე ჰოლანდიიდან მიმართა. მისი გავლენა შემოდგომაზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სავარაუდოდ, უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტოზე, მაგრამ გარკვეულ როლს ის მაინც შეასრულებს.

კიევიდან გაძევების შემდეგ სააკაშვილი ცდილობს, აუდიტორიის ინტერესი შეინარჩუნოს. მას უკრაინაში შესვლა აუკრძალეს, ხოლო მისი მხარდამჭერების მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია პოროშენკოს ხელისუფლებამ ისე დაშალა, რომ არ გამოუწვევია ანგარიშგასაწევი ძალების გაღიზიანება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მთლიანობაში, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პოროშენკოს ცნობილი “მონანიების წერილი” მისწერა, გართულდა _ ე.წ. მიხომაიდანი ჩაიფუშა, რადგან მას სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდნენ, ხოლო თვით სააკაშვილის რეიტინგი დაეცა. როდესაც ინტერნეტგამოცემა “მედუზას” კორესპონდენტი, რომელსაც სააკაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა, ამ თემას შეეხო, სააკაშვილმა უპასუხა: “უკრაინულ პოლიტიკაში რეიტინგი არაფერს ნიშნავს”, ხოლო როდესაც ჟურნალისტმა თქვა: “თქვენ ამბობდით, რომ ქუჩაში ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვაო, საბოლოო ჯამში, რამდენიმე ათასი გამოვიდა”, რესპონდენტმა ყველა ვიდეოჩანაწერისა და ფოტოს საპირისპიროდ იმის მტკიცება დაიწყო, რომ ქუჩაში “მინიმუმ 50 ათასი” გამოვიდა და ეს მხოლოდ კიევში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით _ 100 ათასი.

ამ სახალისო არითმეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნებოდა, რომ არა ერთი გარემოება _ კომიკური ჰიპერბოლიზაცია ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომლის მეშვეობით სააკაშვილი აუდიტორიის დაინტერესებას ცდილობს. მშვიდად, ლოგიკის ფარგლებში რომ ისაუბროს, ინტერესი მის მიმართ, ალბათ, საერთოდ გაქრება, რადგან არსებითად ის გაკოტრებული პოლიტიკოსია, რომელსაც, ხმაურის გარდა, აღარაფერი შეუძლია. უკრაინული ოდისეის ბოლო მონაკვეთმა ეს ნათლად დაადასტურა. სავარაუდოდ, ამიტომ ის თანახმაა, კლოუნის როლი შეასრულოს, ოღონდაც საზოგადოებამ მის მიმართ ინტერესი საბოლოოდ არ დაკარგოს.

“მედუზასთვის” მიცემული ინტერვიუს მონაკვეთი, რომელიც ქართულ სოცქსელებში ყველაზე სასაცილოდ ჩათვალეს, ასე ჟღერდა: “მინდა, იცოდეთ, რომ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცემერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო. კიდევ ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი აშშ-ში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის საქართველოში დარჩა, შიმშილით ხომ არ მოკვდებოდა? თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრ ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს _ აფრიკაში, ალბანეთში. მას ხელფასს ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში უხდიან”.

იხარე, მუშავ წამებულო!.. მშენებლობაზე დასაქმებულო… ორ ხსენებულ თანამდებობას სააკაშვილის მმართველობის წლებში კობა სუბელიანი იკავებდა. შემდეგ ფრაზაში მისი (აგრეთვე, იმ კრიპტო-მძღოლის) მდგომარეობის აღსაწერად “ნაცმოძრაობის” ბელადმა გამოიყენა რუსული ზმნა “პერებივაიუტსია”, რომელიც, ჩვეულებრივ, გაჭირვებულ ცხოვრებასა და დროებით შემოსავალზე მიუთითებს. ყოფილი მინისტრები, როგორც წესი, გადადგომის შემდეგ კარიერას კონსალტინგის სფეროში აგრძელებენ. ზოგიერთი ბიზნესმენი ასეთ პირებს ასაქმებს იმისთვის, რომ საკუთარ ფირმას მეტი სოლიდურობა შესძინოს, ნაწილი ძველ საქმიანობას უბრუნდება (იურისტი, ექიმი და ა.შ.), ნაწილი ლექციებს კითხულობს და წიგნებს წერს, თუმცა, როგორც ჩანს (თუ წამით დავუშვებთ, რომ სააკაშვილი სიმართლეს ამბობს), ამ მინისტრებს ამისთვის კომპეტენცია არ ეყოთ.

რაც შეეხება ქალბატონ ვერა ქობალიას, მისი წარმატებების შესახებ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ბევრი რამ გვსმენია, მაგრამ მხოლოდ მისგან. არანაირი საბუთი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ის ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მრჩეველია, არ მოიპოვება. თავის დროზე, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრად დანიშნეს, ოპოზიციამ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აშკარა შეუსაბამობებზე მიუთითა და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის წარდგენა მოითხოვა. ამის გამო მცირე სკანდალიც კი დაიწყო, მაგრამ ქობალიას დიპლომის ასლი მაინც არ გამოუქვეყნებია. საბოლოო ჯამში, თავად ვერა ქობალიას პრობლემაა, აქვს თუ არა მას უმაღლესი განათლება, უბრალოდ, როდესაც ის ან მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია, ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ჯაკარტას კლუბებში მაგიდებზე ცეკვავს, რაც ცნობილი ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად ეხერხება.

საკუთარ თავზე საუბრისას სააკაშვილმა თქვა: “ბოსტონში ტაფტის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ვასწავლიდი. ჩემთვის იქ სპეციალურად გამოიგონეს სტატუსი “მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე”. ჩემს შემდეგ, მგონი, კოფი ანანი ჩამოიყვანეს ასეთივე თანამდებობაზე”. დოკუმენტი, რომელშიც ნახსენებია “მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე”, სააკაშვილს, ალბათ, არ აქვს (თორემ დაუყონებლივ გამოაქვეყნებდა). სამაგიეროდ, არსებობს იმ პერიოდის სააკაშვილის ამერიკული ვიზის ფოტო _ 2015-ში თავის “ფეისბუქში” გამოაქვეყნა. ის ნათლად მიუთითებს იმაზე, რა სტატუსით იმყოფებოდა შტატებში სააკაშვილი. ეს ვიზა “რ-1” ტიპისაა, რომელიც, აშშ-ის “იმიგრაციის და მოქალაქეობის კანონის” 110(ა)(15)(რ) პარაგრაფის თანახმად, რელიგიურ ორგანიზაციებში დროებით საფუძველზე მუშაობისთვის გაიცემა. ის, ვინც ამ ვიზას იღებს, აშშ-ის კანონმდებლობით შემდეგ კრიტერიუმებს უნდა პასუხობდეს: “ეკუთვნოდეს კონფესიას, რომელიც აღიარებულია აშშ-ში, როგორც კეთილსინდისიერი არაკომერციული რელიგიური ორგანიზაცია”, აგრეთვე, იყოს ამ კონფესიის წევრი, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში და აშშ-ის ტერიტორიაზე კვირაში არანაკლებ 20 საათისა რელიგიური საქმიანობით იყოს დაკავებული. მოკლედ, სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როგორც რელიგიური მოღვაწე _ მღვდელმსახური, ქურუმი ან კიდევ შამანი… მის მხარდამჭერებს კი სწყინთ, როდესაც “სექტას” ეძახიან.

ძნელი სათქმელია, სად ატარებდა სააკაშვილი წირვებს, თუმცა, დიდი ალბათობით, რომელიმე ძველმა პარტნიორმა ვაშინგტონში ეს ვიზა, უბრალოდ, “გაუჩალიჩა”, რადგან სხვას, მისი სტატუსისთვის უფრო შესაფერისს, არ აძლევდნენ, და ტაფტის უნივერსიტეტშიც მოაწყო. შემდეგ კი ხელი შეუწყო მის გადასვლას უკრაინაში, სადაც სააკაშვილმა ჩააფლავა ყველაფერი, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა.

“პირველივე კურსზე ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის უკრაინის სუკ-მა ჩამსვა”, _ განაცხადა სააკაშვილმა. ცხადია, არც ამ ფაქტის დოკუმენტური მტკიცებულება არსებობს, თუმცა, აკრეფილი ტემპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შემდეგ ინტერვიუში ის მოყვება, როგორ გააციმბირეს. ის, აგრეთვე, შეეხო მოღვაწეობას ოდესაში და “მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს” (ქართული “იუსტიციის სახლის” ანალოგი) წარმატებული პროექტი უწოდა. სინამდვილეში, ის საბიუჯეტო თანხების მითვისების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა _ სააკაშვილი ფართობის ერთ კვადრატულ მეტრს დაახლოებით 100 დოლარად ქირაობდა (პლუს ამას _ დაახლოებით 6 ათასი საბიუჯეტო დოლარი იხარჯებოდა ერთი თანამშრომლის აღჭურვაზე ტანსაცმლითა და ავეჯით), რაც ოდესისთვის წარმოუდგენლად მაღალი ფასია. ფართობის მეპატრონეები სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები იყვნენ, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ფონდთან “ოდესის საკეთილდღეოდ”. ის, დონბასის ომის ვეტერანებზე ზრუნვის საბაბით, ფულს აგროვებდა, სააკაშვილის სარეკლამო კამპანიასა და მისი გარემოცვის წევრების “გადაფრენებს” აფინანსებდა და სარგებლობაში ძვირად ღირებული ავტომობილები გადასცა, რომელიც თითქოს სამართალდამცველებისთვის შეიძინა (ვრცლად ამ თემაზე, კონკრეტულ დოკუმენტებზე მითითებით, წერდა ინტერნეტგამოცემა დუმსკაია.ნეტ). ასე რომ, სააკაშვილის საქმიანობა ოდესაში ერთი დიდი ბინძური კორუფციული საქმეა, რომლის ცალკეულ ეპიზოდებს სამართალდამცავები იძიებენ. აქ ყველაფერი ცხადია და ამ თემაში ჩაღრმავება, ალბათ, არ ღირს.

ბოლო ინტერვიუებში სააკაშვილი გამუდმებით იმეორებს, რომ ძალიან უჭირს. ამავე დროს, მხარდამჭერებს გამამხნევებელი “რეჩებით” მიმართავს: “უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს? _ ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ამის ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა”. გამორიცხული არაა, რომ ამ ორ თემას შორის ურთიერთკავშირი არსებობს და სააკაშვილი მიანიშნებს ბიძინა ივანიშვილს, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მზადაა, გააკეთოს იგივე, რაც 2016-ში, საპარლამენტო არჩევნების წინ, დაბუასროლი შეასრულოს, ეს კიქართულ ოცნებასშესაძლებლობას მისცემს, საპრეზიდენტო არჩევნები იოლად მოიგოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი ამას არ იკადრებს, უნდა გაიხსენოს, რომ ის, როგორც ჩანს, აპირებდა, ფული უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქისგან, სერგეი კურჩენკოსგან აეღო (ექსპერტიზამ მათი სატელეფონო საუბრის ავთენტურობა დაადასტურა). თუ სააკაშვილი თავის იმიჯს გაუფრთხილდებოდა, ამას, სავარაუდოდ, არ გააკეთებდა. ამასთანავე, არ “ამოქაჩავდა” ოდესის ბიუჯეტიდან ამდენ ფულს ესოდენ პრიმიტიული სქემების გამოყენებით და დაკმაყოფილდებოდა იმით, რაც საქართველოში “იშოვა”. ფულის მიმართ მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით არც ეს ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ და ის, ალბათ, “ქართული ოცნებისთვისაც” საინტერესო იქნება. რაღაცაში ხომ უნდა გამოადგეს ეს “ნაცმოძრაობა”?!

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here