Home რუბრიკები ისტორია მეფეთმეფე თამარი

მეფეთმეფე თამარი

მეფეთმეფე თამარი

დავით აღმაშენებლის მიერ დაწყებული საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის დიადი საქმე თამარ მეფემ (1184-1213) დააგვირგვინა. სრულიად საქართველოს ბრძნული საჭეთმპყრობელობითა და შორსგამჭვრეტელი პოლიტიკით თამარმა თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ მართა ქვეყანა, რომელიც დავითის დაუღალავი მკლავით, დიდი ჭკუით, მხნეობითა და სამაგალითო მამაცობით იყო შექმნილი და ეს ხელთუქმნელი ნაგებობა ქალის სიბრძნითა და ნებისყოფით დაასრულა. ეკლესიამ თამარის ცხოვრება მენელსაცხებლე დედათა ღვაწლს გაუტოლა და წმინდანთა დასში კანონიზირებისას სწორედ მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს დააწესა მისი ხსენება (აღდგომიდან მესამე კვირას) და ასევე, მაისის პირველ დღეს _ ახალი სტილით 14 მაისს.

ამ ხანის პოლიტიკურ და სოციალურ მოძრაობაზე, საქართველოს სახელმწიფო წესწყობილების შეცვლაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკასა და საქართველოს მახლობელი აღმოსავლეთის მოწინავე სახელმწიფოდ ქცევაზე მოგვითხრობს ივანე ჯავახიშვილის ნაშრომიმეფეთმეფე თამარი”, რომლის შემოკლებულ ვარიანტს აქვე ვთავაზობთ მკითხველს.

დავით აღმაშენებლის მეფობითგან მოყოლებული საქართველო ისეთი სისწრაფით გაიზარდა და იმდენად დიდ სახელმწიფოდ იქცა, რომ მისი მესაჭეობა კარგად გამოცდილსა და გამობრძმედილი სახელმწიფო მოღვაწისათვისაც-კი ძნელი განსაგებელი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს ძნელი იქნებოდა ნორჩი ქალისათვის, რომელსაც მხოლოდ ექვსი წლის გამოცდილება ჰქონდა…

ეტყობა, თვით დარბაზის წევრთა შორისაც-კი საცილობლად იყო ქცეული თამარის საქართველოს ერთადერთ მეფედ დასმის მიზანშეწონილობა.

სახელმწიფო დარბაზის დასტურის მიღების უმალ, თამარი საქართველოს მეფეთმეფედ იქნა კურთხეული და როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მესაჭე სამეფო ტახტზე ავიდა.

ეხლაკი, როდესაც სამეფო ტახტზე მამაკაცის მაგიერ უკვე ნორჩი ქალიშვილი იჯდა, როცა იმავე დროს კათალიკოსპატრიარქთან შებრძოლების დროს მას მარცხიც მოუვიდა, დიდგვარიან აზნაურ ხელისუფლებმა გადასწყვიტეს, რომ მათ უკვე დრო დაუდგათ და წინანდელი უპირატესობის დასაბრუნებლად სრული საშუალება მიეცათ. ეს მოხელეები გაიფიცნენ და თამარ მეფეს კოლექტიური განცხადება წარუდგინეს, რომელშიც აღნიშნული ჰქონდათ, რომ ამიერითგან ისინი უგვარო და უხამსი ხელისუფლების ბრძანებასა და განკარგულებას, რომელთა ხელქვეშეთაც ეს მსახურეული და ძველი საგვარეულობის წარმომადგენლების შვილები იმყოფებიან, აღარ დაემორჩილებოდნენ.

ყუთლუარსლანის პოლიტიკური დასის მონათხოვნი, მოკლედ რომ გამოისახოს, იმაში მდგომარეობდა, რომ მეფეს კანონმდებლობითი ხელისუფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ დაწესებულებას უნდა გადასცემოდა. მეფეს ისინი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებდნენ.

…მეფეცა და მისი მრჩევლები განცვიფრდნენ, როდესაც გაიგეს, რასაც ეს დასი თხოულობდა. თამარი უმალ მიხვდა, რომ მისი ასრულება მეფის ხელისუფლების თითქმის მოსპობას უდრიდა. სახელმწიფოს იმდროინდელ მესვეურთა რჩევით, თამარმა განკარგულება გასცა, რომ ამ პოლიტიკური დასის მეთაური დაეჭირათ. …ყუთლუ-არსლანის დაჭერის უმალ, მისი თანამოაზრენი კვლავ შეიკრიბნენ და ხელმეორედ ფიცის წიგნი დასდეს, რომ მათ მეფეს გადაჭრით თავიანთი მეთაურის, ყუთლუ-არსლანის, უვნებლობა და განთავისუფლებაც მოსთხოვონ და იმ პოლიტიკური მონათხოვნის ასრულებაც, რომელიც წინათ ჰქონდათ წარდგენილი. …ამგვარად, ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ საქმე სამხედრო ძალას უნდა გადაეწყვიტა. ესოდენ პასუხსაგებ დროს თამარმა ბრძნული წინდახედულობა გამოიჩინა და თავის ჩვეულებრივ მრჩევლებს ორი გამოჩენილი ქართველი მანდილოსანი ამჯობინა, რომელნიც სიბრძნითა და გავლენიანობით იყვნენ ცნობილნი მაშინდელ საქართველოში: ამ უთანხმოებისა და განხეთქილების მშვიდობიანად მოგვარება მათ დაავალა. ყუთლუ-არსლანის აჯანყებულ პოლიტიკურ დასს მოსალაპარაკებლად თამარმა კრავაი ჯაყელი. დედა სამძივართა, და ხვაშაქ ცოქალი, დედა ქართლის ერისთავთ-ერისთავის რატისა, მიუგზავნა. ამ ორმა მანდილოსანმა უაღრესად პასუხსაგები პოლიტიკური დავალებისა და კონფლიქტის მოგვარება მოახერხეს. შეთანხმება ურთიერთ დათმობით გახდა შესაძლებელი.

…ამგვარად, თამარ მეფემ დარბაზის თანადგომის, ე.ი. სახელმწიფოს საქმეების განხილვა-გადაწყვეტის მონაწილეობის უფლება აღიარა, მაგრამ სამაგიეროდ უარყო, რომ მეფეს ამ დადგენილების ასრულების გარდა სხვა აღარვითარი ხელისუფლება არ ჰქონოდა: თავისთვის მან დამტკიცების უფლება შეინარჩუნა. მართლაც, ამ დროითგან მოყოლებული, ქართულ საისტორიო წყაროებში ყოველ ცნობას დიდი თანამდებობის პირთა დანიშვნის შესახებ ისეთი გამონათქვამები ახლავს, რომელთა კვალი წინანდელ საისტორიო ძეგლებში არსად ჩანს: ასეთ შემთხვევაში უკვე ნათქვამია ხოლმეთანადგომითა და ერთნებობითა დიდებულთა შვიდთავე სამეფოთათამარმა დაამტკიცაო ესა და ეს პირიო.

…უეჭველია, აქ იმავე მოძღვრებისა და იმავე პროგრამის ანარეკლი გვაქვს, რომელთაც XI საუკუნეში ქართული მონასტრების მონარქიული წესწყობილება რესპუბლიკურ წესწყობილებად შეცვალეს.

ამგვარად, ამიერიდან საქართველოს მეფეთ-მეფის ხელისუფლება სახელმწიფო დარბაზის თანდგომითა და ერთნებობით იყო შეზღუდვილი.

ამ შეთანხმებამ საქართველოს ხანგრძლივი პოლიტიკური მყუდროება მიანიჭა. …შეთანხმების შემდეგ, ახლად შემოღებული წესის თანახმად, თამარ მეფემ ისეთი პირები დაამტკიცა ვაზირებად და მათ თანაშემწეებად, რომელნიც თამარის მამის, გიორგი III-ის, გაზრდილნი ანდა შეზრდილნი იყვნენ…

ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან სახელმწიფო პრობლემის მოგვარების შემდგომ, საქართველოს სახელმწიფოს მესვეურთა საზრუნავს თამარისათვის ქმრის მოძებნა წარმოადგენდა, რადგანაც მას, როგორც ქალს, არ შეეძლო საქართველოს ჯარის მთავარსარდლობა ეკისრა, როგორც ამას, ჩვეულებრივ, მეფეები ასრულებდნენ.

იმ დროს მეფის პირად მონაწილეობას ომში ფრიად დიდი გამამხნევებელი მნიშვნელობა ჰქონდა. 1185-86 წლებში, სახელმწიფო დარბაზის წევრთა გადაწყვეტილებით, რუსეთიდან ჩამოყვანილი იყო უფლისწული გიორგი რუსი, რომელთანაც ქორწინება მოხდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც უარყოფითი მხარეები გამომჟღავნდა, ის საქართველოთგან გააძევეს. …1189 წელს თამარისათვის საქმროდ ოსთა მეფის შთამომავალი, დედით ქართველ მეფეთა, ბაგრატიონთა ასულის შვილი დავით უფლისწული იყო დასახელებული. …1190-91 წლებში გიორგი რუსმა, უეჭველია, დიდგვარიან აზნაურებთან წინასწარ შეთანხმებით, დაკარგული ხელისუფლებისა და საქართველოს მეფეთ-მეფის ქმრობის კვლავ დაბრუნება სცადა. …გიორგი რუსი ჯერ მესხეთის თემში შემოიჭრა, შემდეგ-კი იქითგან დასავლეთ საქართველოში გადაიყვანეს და გეგუთში მეფედ დასვეს. …თამარმა გიორგი რუსი კვლავ გააძევა, აჯანყებაში გარეულ ყველა მომხრეებს-კი თანამდებობა ჩამოართვა.

…1192-93 წ. თამარის პირმშო ვაჟიშვილი გიორგილაშა დაიბადა. ამის აღსანიშნავად ლაშქრობა იყო მოწყობილი ერთი მხრით არზრუმის, კარნუ-ქალაქის მიმართულებით და მეორე მხრით საქართველოს არეზის სანაპიროებისაკენ.

…როდესაც გიორგი III გარდაიცვალა და სამეფო ტახტზე ნორჩი ქალიშვილი თამარი ავიდა, ყველა მეზობელს ეგონა, რომ ეხლა-კი სამაგიეროს გადახდის დრო დაუდგათ, მაგრამ ეს იმედი არ გაუმართლდათ; საქართველოს სამხედრო ძლიერება ოდნავადაც არ შესუსტებულა… თამარს ხასიათის დიდი სიმტკიცე და მამაცური ნებისყოფა ჰქონდა; ქვეყნის მესაჭეობასაც კარგად ახერხებდა, იმისდა მიუხედავად, რომ მას მაინცდამაინც საშუალება არ ჰქონდა სახელმწიფო მართვაგამგეობის საქმეებში ხანგრძლივი გამოცდილება მოეპოვა

ერანის აზერბაიჯანის ამირთ-ამირას ყიზილ-არსლანის ათაბაგის შვილი აბუ-ბაქრ ათაბაგი 1192 წელს შირვანს შეესია… 1195 წელს შანქორთან დიდი და სისხლისმღვრელი ბრძოლა მოხდა, რომლის დროსაც მტერი საშინლად დამარცხდა… მერმე ქართულმა მხედრობამ განძაზედაც გაილაშქრა… მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად, განძის მმართველის სასახლეში დიდი დარბაზობა გადაიხადა.

…საქართველოს სამხედრო ძლიერება ამ დროითგან მოყოლებული თანდათან სულ უფრო და უფრო მატულობს. მისი სამხედრო მოქმედების ასპარეზად საქართველოს სამხრეთით და დასავლეთით მდებარე სანაპიროები იქცნენ. 1196 წ. გელაქუნი და ამბერდი იყო აღებული. 1201 წელს ბიჯნისი იქნა შემოერთებული. რაკი აბუბექრ ათაბაგი მაინც წინანდებურად არ ისვენებდა, მის დასასჯელად კვლავ იყო ლაშქარი გაგზავნილი და 1203-1204 წ. სამხედრო მოქმედება დვინამდის და მის სანახებამდის წარმოებდა.

ამავე ხანაში დასავლეთის თურქობამაც დაიწყო იერიშის მოტანა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის თემების წინააღმდეგ. ამიტომ მათ ასალაგმავად და გასანადგურებლადაც საქართველოთგან გაგზავნილი იყო ჯარი, რომელმაც გაიარა პალაკაციო, არტაანი და სხვა თემები, დაიპყრო ხახული, ოშკი და ბანა.

1204 წელს თამარი იძულებული გახდა საქართველოს სამხედრო მოქმედება უფრო შორეულ მანძილზედაცკი გადაეტანა. უცხოეთითგან ჩამოსულ ქართული სავანეების წარმომადგენლებს თამარ მეფემ 1204 წელს დიდი ქონებრივი შეწირულობა გადასცა, მაგრამ უკან დაბრუნებისას ამ მონასტრების წარმომადგენლებს ბიზანტიის კეისარმა ეს ფული ჩამოართვა და დაისაკუთრა. ასეთი გაუგონარი საქციელისა და კადნიერების დასასჯელად თამარმა საქართველოს მხედრობა წარგზავნა და ბიზანტიის სახელმწიფოს იმ სანაპიროს შეუსია, რომელიც საქართველოს მოსაზღვრე იყო და რომელშიც ქართველთა მონათესავე ლაზებისა და ჭანების ტომები ცხოვრობდნენ.

ამ ლაშქრობის დროს საქართველოს ჯარმა ლაზიკა დაიპყრო, ტრაპიზონი, სამისონი, სინოპი, კერასუნი, კოტიორა აიღო და ერაკლიამდის მიაღწია. მთელი ეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო საქართველოს მთავრობამ ბიზანტიას ჩამოართვა და ცალკე საკეისრო შექმნა. ამ საკეისროში მან შთამომავლობით ბერძენი უფლისწული ალექსი კომნენოსი გაამეფა, რომელიც დედის მხრით ქართველ მეფეთა ბაგრატონიანთა მონათესავე და საქართველოში ნამყოფი იყო.

ამნაირად, საქართველოს მეზობლად ამ დროითგან მოყოლებული თვით საქართველოს წყალობითვე შექმნილი საკეისრო გაჩნდა, რომელიც ქართველთა მონათესავე ტომით იყო დასახლებული, პოლიტიკურადაც საქართველოს სახელმწიფოებრივობასთან იყო უმჭიდროესად დაკავშირებული.

…მომდევნო, 1204-05 წელს საქართველოს ჯარი ჯერ ხლათში და შემდეგ მანასკერტამდე და არჭეშამდე შლიდა თავის მოქმედებას. 1205 წელს საქართველოს მთავრობამ გადასწყვიტა, დაეპყრო ის ერთადერთი სამ უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქთაგანიც, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ შემოერთებული არ ჰქონდა და რომლის ფლობა მას სამხრეთითგან მომავალი გარეშე მტრის საშიშროებისაგან უზრუნველჰყოფდა. თამარმა თავისი ჯარი კარის ციხე-ქალაქის ასაღებად წარგზავნა. …ამრიგად, სამხედრო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონებელი ანისისა და დვინის შემდეგ უდიდეს ციხეთაგანი ეს ციხე-ქალაქი კარიც საქართველოს საზღვრებში მოექცა. …საქართველოს ამ გამარჯვებით ყველაზე მეტად რუმის სულტანი რუქნადინი იყო აღშფოთებული, რომელმაც კარის აღების უმალ მეზობელ ყველა მაჰმადიან სამფლობელოების უფროსებთან გააბა მოლაპარაკება, რომ შეერთებული ძალის საქართველოს წინააღმდეგ გამოელაშქრათ და, არამცთუ კარის ციხე-ქალაქი უკან დაებრუნებინათ, არამედ საქართველოც-კი გაენადგურებინათ.

მოკავშირეებმა რომ 400 ათასი ჯარისკაცისაგან შემდგარ ლაშქარს მოუყარეს თავი, რუქნადინმა თამარ მეფეს მუქარითა და უკმეხი გამონათქვამებით სავსე ეპისტოლე გამოუგზავნა, რომელშიც წინადადებას აძლევდა, უბრძოლველად დაჰმორჩილებოდა. ასეთი უკმეხი მომართვის მიღებისთანავე, თამარ მეფემ 1206 წელს ბრძანება გასცა, რომ საქართველოს მხედრობას თავი მოეყარა. საქართველოს მხედრობამ რუქნადინთან ბრძოლა მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო. …დამარცხებული, შორეულ თემში გახიზნული რუქნადინი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ საქართველოს სამაგიეროს გადაუხდიდა, მაგრამ ამისათვის მზადებაში გარდაიცვალა და განზრახვა აუსრულებელი დარჩა.

1207 წელს თამარის მეუღლე დავითი გარდაიცვალა და მის მაგიერ თამარმა სამეფო ტახტზე თანამოსაყდრედ თავისი თორმეტი წლის ვაჟიშვილი გიორგი ლაშა აიყვანა. დავითის სიკვდილის მიუხედავად, საქართველოს სამხედრო ძლიერება მომდევნო წლებში არამცთუ შესუსტებულა, არამედ გამარჯვებას გამარჯვება მოსდევდა.

1208 და 1209 წელს არჭეში იქნა აღებული. …1210 წელს საქართველოს ჯარის მხედართმთავარმა, ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა და სხვა მაღალმა ხელისუფლებმა თამარს გეგმა წარუდგინეს, რომ ერანში დიდი ლაშქრობა მოწყობილიყო.

ერანის აზერბაიჯანი საქართველოს ყმადნაფიცად იქცა და ყოველწლიური ხარკის ძლევა იკისრა. …ეს თამარის მეფობის უკანასკნელი დიდი ლაშქრობა იყო და ამის შემდგომ საქართველოს მშვიდობიანობა გარეშე მტრისაგან დარღვეული აღარ ყოფილა.

…1213 წელს, ავადმყოფობის შემდგომ, თამარ მეფე გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here